არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რამდენი ხანი შეგიძლიათ იცოცხლოთ?

რამდენი ხანი შეგიძლიათ იცოცხლოთ?

რამდენი ხანი შეგიძლიათ იცოცხლოთ?

„მისი ხორცი სიჭაბუკის დროინდელზე მეტად განახლდება, თავისი სიყმაწვილის დღეებს დაუბრუნდება“ (იობი 33:25).

ძაღლს, როდესაც ის 10–20 წლისა კვდება, ალბათ, უკვე გაკეთებული აქვს თითქმის ყველაფერი, რის გაკეთებაც შეუძლია. მან, ალბათ, გაზარდა ლეკვები, დასდევდა კატებს, მარხავდა ძვლებს და იცავდა თავის პატრონს. მაგრამ, როდესაც ადამიანი 70–80 წლის ასაკში კვდება, მას თავისი პოტენციალის მხოლოდ მცირე ნაწილი აქვს გამოყენებული. თუ მას სპორტი იტაცებდა, ალბათ, მხოლოდ მის ერთ ან ორ სახეობაში დახელოვნდა. თუ მუსიკა უყვარდა, ალბათ, ერთ ან ორ ინსტრუმენტზე უკრავდა კარგად. თუ სხვა ეროვნების ადამიანებთან მათ მშობლიურ ენებზე ლაპარაკი უყვარდა, ალბათ, თავისუფლად ორ ან სამ ენას ფლობდა. უფრო დიდხანს რომ ეცოცხლა, მას შეეძლო ბევრი რამით გაეხარა — გაეცნო ხალხი, აღმოეჩინა მრავალი რამ და დაახლოებოდა ღმერთს.

შეიძლება დაგაინტერესოთ: „რატომ შექმნა ღმერთმა ადამიანი ისეთი ტვინით, რომელსაც ძალიან ბევრი სიამოვნების განცდის უნარი აქვს, შემდეგ კი იმედი გაუცრუა იმით, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა ადამიანს ამ სიამოვნებათაგან მხოლოდ ნაწილის განცდის შესაძლებლობას აძლევს?“ ადამიანის სიცოცხლე რომ ასე ხანმოკლეა, ვერ უთავსდება იმ ჩანაფიქრს, რომელიც ასე აშკარად ჩანს ქმნილებებში“. აგრეთვე შეიძლება გაინტერესებთ: „რატომ შექმნა ღმერთმა ადამიანი ისეთი უნიკალური თვისებებით, როგორიცაა სამართლიანობა და თანაგრძნობა და, ამავე დროს, მასში ცუდის კეთების მიდრეკილება ჩადო?“

როდესაც ხედავთ კარგ მანქანას, რომელიც შეჭეჭყილია, დაასკვნიდით, რომ ეს მისი დიზაინის ნაწილია? რა თქმა უნდა, არა! თქვენ, ალბათ, ფიქრობთ: „ეს მანქანა ასეთი სულაც არ უნდა ყოფილიყო. ის თავიდან კარგი იქნებოდა, მაგრამ შემდეგ ვიღაცამ დააზიანა“. მსგავსად ამისა, როდესაც ვხედავთ, თუ რა საოცრად ვართ შექმნილნი, მხოლოდ იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ჩვენი სხეული ახლა ისეთი არ არის, როგორიც უნდა ყოფილიყო. სიცოცხლის ხანმოკლეობა და ცუდისადმი მიდრეკილება ძალიან ჰგავს მანქანის შეჭეჭყილ ადგილს. აშკარაა, ვიღაცამ გამოიწვია ადამიანის გენეტიკური კოდის დაზიანება. ვინ? ბიბლიური მტკიცებები დამაჯერებლად მიუთითებს ერთ დამნაშავეზე.

თუ ადამიანები მარადიული სიცოცხლის უნარით იყვნენ შექმნილნი, ვის შეეძლო ადამიანთა მემკვიდრეობის დაზიანება? მხოლოდ მთელი კაცობრიობის წინაპარს. სხვა ადამიანს მხოლოდ კაცობრიობის ნაწილის, საკუთარი შთამომავლობის, გენების დაზიანება შეეძლო. ღვთის სიტყვა, ბიბლია, შეესაბამება ამ აშკარა ფაქტს, როდესაც ამბობს: „ერთი ადამიანის [პირველი კაცის, ადამის] მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად, სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე“ (რომაელები 5:12). ასე რომ, წმინდა წერილები ადამს სდებს ბრალს კაცობრიობის მემკვიდრეობის დაზიანებაში. თავდაპირველი განზრახვის თანახმად, როგორი სიცოცხლე უნდა ჰქონოდათ ადამიანებს?

როგორ ვიყავით შექმნილნი?

სიტყვებით ‘სიკვდილი შემოვიდა ქვეყნიერებაში’ ბიბლია ცხადყოფს, რომ ადამიანები არ უნდა მომკვდარიყვნენ. ადამიანების დაბერებისა და სიკვდილის მიზეზი პირველი ადამიანის ღვთის წინააღმდეგ წასვლა იყო. ცხოველები კი არ იყვნენ მარადიულად ცხოვრებისთვის შექმნილნი (დაბადება 3:21; 4:4; 9:3, 4).

ადამიანები და ცხოველები სხვადასხვაგვარად იყვნენ შექმნილნი. ჩვენ ცხოველებზე მაღლა ვდგავართ, ისევე როგორც ანგელოზები დგანან ადამიანებზე მაღლა (ებრაელები 2:7). ცხოველებისგან განსხვავებით, ადამიანი „ღვთის ხატად“ შეიქმნა (დაბადება 1:27). აგრეთვე ბიბლია ადამს „ღვთის ძეს“ უწოდებს (ლუკა 3:38). ამგვარად, საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს, გვჯეროდეს, რომ ადამიანი დაბერებისა და სიკვდილისთვის არ შექმნილა. ღმერთი არ კვდება და არც თავისი ძეები შეუქმნია იმისათვის, რომ მომკვდარიყვნენ (აბაკუმი 1:12; რომაელები 8:20, 21).

ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით ღვთის თავდაპირველი განზრახვის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის ადამიანთა პირველი მოდგმების შესახებ ჩანაწერებიც. იმ დროს ადამიანები საუკუნეები ცხოვრობდნენ და მხოლოდ შემდეგ ბერდებოდნენ. ადამმა 930 წელი იცოცხლა. რამდენიმე თაობის შემდეგ ნოეს ვაჟმა სემმა 600 წელი იცოცხლა, ხოლო ნოეს შვილიშვილმა არფაქშადმა — 438 წელი * (დაბადება 5:5; 11:10—13). მოგვიანებით კი აბრაამმა 175 წელი იცოცხლა (დაბადება 25:7). სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ცოდვის გავლენა უფრო და უფრო საგრძნობი ხდებოდა და, რაც უფრო შორდებოდა ადამიანი სრულყოფილებას, მით უფრო ხანმოკლე ხდებოდა მისი სიცოცხლე. მაგრამ თავიდან ადამიანი მარადიული სიცოცხლისთვის იყო შექმნილი. ამიტომ სრულიად ნორმალურია გვაინტერესებდეს: „სურს ღმერთს კვლავაც, რომ ადამიანებმა დედამიწაზე მარადიულად იცოცხლონ?“

სიბერისგან გათავისუფლება

იეჰოვა ღმერთმა განაცხადა, რომ ურჩობის საზღაური სიკვდილი იქნებოდა; ამიტომ ადამის ყველა შთამომავლი თითქოს უიმედო მდგომარეობაში აღმოჩნდა (დაბადება 2:17). მაგრამ ღვთის შთაგონებით დაწერილ წერილებში მოცემულია იმედი იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცა გაიღებდა საზღაურს და სიბერისგან გაგვათავისუფლებდა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „დაიფარე იგი საფლავში ჩასვლისაგან. მისთვის ნაპოვნი მაქვს გამოსასყიდი! მისი ხორცი სიჭაბუკის დროინდელზე მეტად განახლდება, თავისი სიყმაწვილის დღეებს დაუბრუნდება“ (იობი 33:24, 25; ესაია 53:4, 12). ამ სიტყვებით ბიბლიამ შესანიშნავი პერსპექტივა მოგვცა — ვიღაცა გადაიხდიდა გამოსასყიდს, რომელიც სიბერისგან გაგვათავისუფლებდა!

ვის შეეძლო ამ გამოსასყიდის გაღება? გამოსასყიდი იმაზე მეტი იყო, ვიდრე ყოველივე ის, რისი ყიდვაც ფულით შეიძლება. არასრულყოფილ ადამიანებზე ბიბლიაში ნათქვამია: „ძმა დახსნით ვერ დაიხსნის კაცს, ვერ მისცემს ღმერთს მის გამოსასყიდს . . . რომ ცოცხალი დარჩეს სამარადისოდ“ (ფსალმუნები 48:8—10). მაგრამ იესო ქრისტეს ჰქონდა რაღაც, რაც ფულზე ბევრად ღირებული იყო. დედამიწაზე ყოფნისას ის სრულყოფილ სიცოცხლეს ფლობდა, რადგან ღვთის ძე იყო და ღმერთმა ადამის ცოდვის მემკვიდრეობით მიღებისგან დაიცვა. იესოს სიტყვების თანახმად, ის იმიტომ მოვიდა, რომ „თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად“ გაეღო. სხვა შემთხვევაში მან თქვა: ‘მე იმისთვის მოვედი, რომ მათ სიცოცხლე ჰქონოდათ, თანაც უხვად’ (მათე 20:28; იოანე 10:10).

იესოს ქადაგებაში მარადიული სიცოცხლის იმედს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა. მისმა ერთგულმა მიმდევარმა, პეტრემ, ერთხელ იესოს უთხრა: „შენა გაქვს მარადიული სიცოცხლის სიტყვები“ (იოანე 6:68). რას გულისხმობს ბიბლია, როდესაც მარადიულ სიცოცხლეზე საუბრობს?

მარადიული სიცოცხლე

იესოს მოციქულები მოელოდნენ დროს, როდესაც მარადიულად იცხოვრებდნენ და იესოსთან ერთად ზეციერი სამეფოს მთავრობის ნაწილი გახდებოდნენ (ლუკა 22:29; იოანე 14:3). და მაინც, იესო ხშირად ლაპარაკობდა დედამიწასთან დაკავშირებით ღვთის განზრახვაზე (მათე 5:5; 6:10; ლუკა 23:43). ამიტომ იესოს სასწაულები და მარადიული სიცოცხლის შესახებ სწავლება ადასტურებს დანაპირებს, რომელიც ღმერთმა წინასწარმეტყველ ესიას მეშვეობით დიდი ხნის წინათ წარმოთქვა: „შთანთქავს სიკვდილს საუკუნოდ, და მოწმედს უფალი ღმერთი ცრემლს ყველა სახეზე“ (ესაია 25:8). ადამიანის სიცოცხლე აღარ შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ სწრაფად ჩაიქროლოს ახალგაზრდობის წლებმა, შემდეგ კი ნელ–ნელა დაუძლურდეს და დაჩაჩანაკდეს.

ღვთის ახალ ქვეყნიერებაში, როდესაც სრულყოფილებას მიაღწევენ, ერთგული ადამიანები გათავისუფლდებიან სიბერისგან. ბიბლიაში ნათქვამია: „თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნის მონობისგან და მიიღებს ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“ (რომაელები 8:21). წარმოიდგინეთ, ხალხი გამუდმებით შეიძენს სიბრძნესა და გამოცდილებას. საუკუნეების სვლა ვერაფერს დააკლებს მათ ახალგაზრდულ ენერგიას. იქნებით პირადად თქვენ ყოველივე ამის თვითმხილველი?

რამდენ ხანს იცოცხლებთ?

იესოს სიტყვების თანახმად, ღვთის სასამართლოს დღის შემდეგ დედამიწის მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდება (მათე 24:21, 22). იესომ თქვა: „განიერი და ფართოა გზა, რომელსაც დაღუპვამდე მიჰყავს, და მრავალი დადის ამ გზით; ვიწროა ჭიშკარი და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლემდე მიჰყავს, და ცოტანი ჰპოვებენ მას“ (მათე 7:13, 14).

მათ შორის რომ იყოთ, ვინც მარადიული სიცოცხლით გაიხარებს, საჭიროა ღვთის კეთილგანწყობა ეძიოთ. ამისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი ღმერთის გაცნობაა. იესომ თქვა: „მარადიული სიცოცხლე რომ მიიღონ, უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს“ (იოანე 17:3). მართალია, ადამიანმა ღმერთი რომ გაიცნოს, ამისათვის ძალისხმევაა საჭირო, მაგრამ ღირს ამგვარი ძალისხმევის გამოვლენა. მსგავსად ამისა, ყოველდღიური საკვების საყიდლად ფულის გამომუშავებასაც ძალისხმევა სჭირდება. იესომ ღვთის შესახებ ცოდნა საკვებს შეადარა და თქვა: „ისეთი საზრდოსთვის კი ნუ იშრომებთ, რომელიც ფუჭდება, არამედ ისეთისთვის, რომელიც მარადიული სიცოცხლისთვის რჩება“ (იოანე 6:27). განა ნებისმიერ ძალისხმევად არ ღირს ის, რომ მარადიულად იცხოვროთ? (მათე 16:26).

იესომ თქვა: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16). ამგვარად, თქვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ პასუხობთ ღვთის სიყვარულს.

[სქოლიოები]

^ აბზ. 10 ზოგიერთი აცხადებს, რომ ბიბლიაში მოხსენიებული წლები სინამდვილეში თვეებია. მაგრამ ამავე წიგნში ნათქვამია, რომ არფაქშადს შელახი 35 წლის ასაკში გაუჩნდა. თუ აქ წლების ნაცვლად თვეებს ვიგულისხმებთ, გამოვა, რომ არფაქშადს შვილი მანამ ეყოლა, სანამ 3 წელი შეუსრულდებოდა, რაც სრულიად შეუძლებელია. გარდა ამისა, დაბადების პირველი თავები განსხვავებას აკეთებს მზისა და მთვარის წელიწადებს შორის (დაბადება 1:14—16; 7:11).

[ჩანართი 7 გვერდზე]

80 წლის განმავლობაში ადამიანი თავისი პოტენციალის მხოლოდ მცირე ნაწილს იყენებს.

[ჩანართი 8 გვერდზე]

ადამიანები ცხოველებზე მაღლა დგანან.

[სურათი 7 გვერდზე]

თავიდანვე შეჭეჭყილი იყო ეს მანქანა?

[სურათი 8, 9 გვერდებზე]

ღვთის სიტყვაში ნათქვამია, რომ ადამიანები ‘სიყმაწვილის დღეებს დაუბრუნდებიან’.