არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ ვბერდებით?

რატომ ვბერდებით?

რატომ ვბერდებით?

„ადამიანი, ქალის ნაშობი, დღემოკლეა და სავსეა ურვით“ (იობი 14:1).

თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ ყველა ცოცხალი ქმნილება თანდათანობით კარგავს ნორმალურად ფუნქციონირების უნარს. ყოველდღიური გამოყენების გამო ავტომობილი თუ მტვერსასრუტი საბოლოოდ მწყობრიდან გამოდის. ცხადია, ცხოველებზეც მოქმედებს დრო — ისინი დროთა განმავლობაში ბერდებიან და კვდებიან. მაგრამ პროფესორი ზოოლოგიის დარგში სტივენ ოსტადი გვიხსნის, რომ „ცოცხალი არსებები ძალიან განსხვავდებიან უსიცოცხლო მექანიზმებისგან. ცოცხალი ორგანიზმების ძირითადი განმასხვავებელი თავისებურება ის არის, რომ მათ თვითგანახლების უნარი აქვთ“.

საოცარია, თუ როგორ ხდება სხეულის დაზიანებული ნაწილის თვითგანახლება, მაგრამ, გარკვეული თვალსაზრისით, უფრო საოცარია ჯანმრთელ ორგანიზმში მიმდინარე რეგულარული თვითგანახლების პროცესი. მაგალითად, განვიხილოთ ძვალი. ჟურნალ „საიენტიფიკ ამერიკენში“ ნათქვამია, რომ „ძვალი, რომელიც ერთი შეხედვით, უსიცოცხლო ჩანს, არის ცოცხალი ქსოვილი; ის მოზრდილი ადამიანის სიცოცხლის განმავლობაში უწყვეტად განიცდის დაშლისა და განახლების პროცესს. მთლიანი ჩონჩხი ყოველ 10 წელიწადში ერთხელ განიცდის განახლების პროცესს“. თქვენი სხეულის სხვა ნაწილების განახლება უფრო ხშირად ხდება. კანის, ღვიძლისა და ნაწლავების ზოგი უჯრედი თითქმის ყოველდღე შეიძლება განახლდეს. ყოველ წამს თქვენი სხეული წარმოქმნის 25 მილიონ ახალ უჯრედს ძველის შესაცვლელად. თუ ეს ასე არ მოხდებოდა და თქვენი სხეულის თითოეული ნაწილი არ განახლდებოდა მუდმივად, თქვენ ბავშვობიდანვე დაიწყებდით დაბერებას.

მას შემდეგ, რაც ბიოლოგებმა ცოცხალი უჯრედების მოლეკულების შესწავლა დაიწყეს, კიდევ უფრო საოცარი გახდა ის ფაქტი, რომ ჩვენი ორგანიზმის უჯრედები დიდი ხნის განმავლობაში ფუნქციონირების გამო არ გამოდის მწყობრიდან. რეგენერაციის შედეგად თითოეულ ახალ უჯრედში უნდა იყოს დნმ ანუ მოლეკულა, რომელიც ორგანიზმის ხელახლა წარმოსაქმნელად საჭირო ინფორმაციის მნიშვნელოვან ნაწილს შეიცავს. წარმოიდგინეთ, რამდენჯერ ხდება დნმ-ის ხელახლა წარმოქმნა არა მარტო თქვენი ორგანიზმის არსებობის განმავლობაში, არამედ კაცობრიობის არსებობის დასაწყისიდან! იმის დასანახად, თუ რამდენად საოცარია ეს პროცესი, დავფიქრდეთ, რა ხდება, როდესაც რაიმე დოკუმენტის ქსეროასლს ვაკეთებთ, შემდეგ კი ამ ასლიდან ვიღებთ ასლს. თუ ამას მრავალჯერ გაიმეორებთ, ასლის ხარისხი თანდათანობით გაუარესდება და ბოლოს დოკუმენტის შინაარსის წაკითხვა შეუძლებელი გახდება. საბედნიეროდ, ჩვენი დნმ დროთა განმავლობაში, უჯრედთა მრავალჯერ დაყოფის შედეგად, არ „ფუჭდება“. რატომ? ჩვენს უჯრედებს მრავალი სახით შესწევს უნარი, რომ შეასწოროს შეცდომები, რომლებიც დნმ-ის ხელახლა წარმოქმნის დროს შეიძლება მოხდეს. ეს რომ ასე არ იყოს, კაცობრიობა დიდი ხნის წინათ შეწყვეტდა არსებობას!

ჩვენი ორგანიზმის ნებისმიერი ნაწილი, იქნება ეს დიდი სტრუქტურები თუ პაწაწინა მოლეკულები, მუდმივად განიცდის განახლებას, რის გამოც დროთა განმავლობაში უჯრედის ფუნქციის დაკარგვის შესახებ იდეა ბოლომდე ვერ ხსნის დაბერების პროცესს. სხეულის მრავალ სისტემას შეუძლია ათწლეულების განმავლობაში საკუთარი თავის სხვადასხვა სახით და სისწრაფით „შეკეთება“ და განახლება. მაშ, რატომღა წყვეტს ყოველი მათგანი თითქმის ერთდროულად ფუნქციონირებას?

გენებშია ჩადებული დაბერება?

რატომ ცხოვრობს შინაური კატა 20 წელი, მაგრამ იმავე ზომის ჩანთოსანი ცხოველი, ოპოსუმი, კი მხოლოდ 3 წელი? * რატომ ცოცხლობს ღამურა 20-30 წელი, ხოლო თაგვი — მხოლოდ სამი წელი? რატომ აღწევს გიგანტური კუ 150 წელს, სპილო კი მხოლოდ — 70-ს? ისეთი ფაქტორები, როგორიცაა კვება, სხეულის მასა, ტვინის ზომა და ნივთიერებათა ცვლის სისწრაფე, ვერ ხსნის, თუ რატომ აქვს სხვადასხვა ცოცხალ ორგანიზმს ასე განსხვავებული სიცოცხლის ხანგრძლივობა. ენციკლოპედია „ბრიტანიკაში“ ნათქვამია: „გენეტიკურ მასალაში კოდირებული ინფორმაცია განაპირობებს, თუ რამდენ ხანს შეიძლება იცოცხლოს ამა თუ იმ სახეობამ“. სიცოცხლის ხანგრძლივობა გენებშია ჩადებული. მაგრამ ამ პერიოდის ამოწურვისას რა იწვევს მთელი სხეულის კვდომას?

მოლეკულური ბიოლოგიის დ-რი ჯონ მედინა წერს: «როგორც ჩანს, ერთ კონკრეტულ მომენტში რაღაც იდუმალებით მოცული სიგნალები უჯრედებს „ამცნობს“, შეწყვიტონ ნორმალურად ფუნქციონირება». დოქტორი აგრეთვე აღნიშნავს: „არსებობს გენები, რომლებსაც შეუძლიათ უჯრედებს და მთელ სხეულს „უბრძანონ“, რომ დაბერდეს და მოკვდეს“.

ჩვენი სხეული შეიძლება შევადაროთ კომპანიას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში წარმატებით უძღვება თავის საქმიანობას. უცებ ხელმძღვანელები წყვეტენ, რომ არ აიყვანონ მუშახელი და არ ასწავლონ ახლებს მუშაობა; აგრეთვე არ შეაკეთონ ან არ განაახლონ დანადგარები და შეწყვიტონ მათ მფლობელობაში არსებული შენობების მოვლა და შეკეთება. მალე მათი საქმიანობა უკან-უკან წავა. მაგრამ რატომ გადაწყვიტეს ხელმძღვანელებმა თავიანთი წარმატებული საქმიანობის შეწყვეტა? მსგავსი კითხვა წამოეჭრებათ ბიოლოგებსაც, რომლებიც დაბერების პროცესებს სწავლობენ. ხანდაზმულობასთან დაკავშირებული ერთ-ერთი წიგნი ამბობს: „დაბერების პროცესში ყველაზე გაუგებარი ის არის, თუ რატომ წყვეტს უჯრედი დაყოფას და რატომ იწყებს კვდომას“ (The Clock of Ages).

მოისპობა სიბერე?

მეცნიერებმა დაბერების პროცესს „ბიოლოგიურ პრობლემათა შორის ურთულესი“ უწოდეს. ათწლეულების განმავლობაში მცდელობის მიუხედავად, მათ ვერ აღმოაჩინეს, თუ რა არის დაბერების მიზეზი და, მით უმეტეს, ვერ შეაჩერეს ეს პროცესი. 2004 წელს ჟურნალ „საიენტიფიკ ამერიკენში“ 51 გერონტოლოგის სიტყვები იყო მოყვანილი. მასში აღინიშნა: „დღეს არსებულმა ვერც ერთმა წამალმა დაბერების პროცესი ვერ შეანელა, ვერ შეაჩერა ან მისი უკუპროცესი ვერ გამოიწვია“. ჯანსაღმა კვებამ და სათანადო ფიზიკურმა დატვირთვამ შეიძლება გააუმჯობესოს ადამიანის ჯანმრთელობა და შეამციროს ავადმყოფობით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილის რისკი, მაგრამ ვერაფერი აჩერებს დაბერების პროცესს. ეს ფაქტი შეგვახსენებს იესოს სიტყვებს, რომლებიც ბიბლიაშია ჩაწერილი: „რომელ თქვენგანს შეუძლია წუხილით სიცოცხლე ერთი წყრთით გაიხანგრძლივოს?“ (მათე 6:27).

ჯონ მედინა აჯამებს იმ შედეგებს, რომლებიც სიბერის პროცესთან საბრძოლველად მოხმარებულ მცდელობას მოჰყვა და აღნიშნავს: „ჩვენ არ ვიცით, პასუხი მნიშვნელოვან კითხვაზე, რატომ ვბერდებით. . . ათწლეულების წინ კიბოსთვის ომის გამოცხადების შემდეგ, ჩვენ ჯერაც ვერ გამოვნახეთ მისი განკურნების გზები. დაბერების პროცესი კი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე კიბოს განვითარების მექანიზმი“.

გამოკვლევებს მნიშვნელოვან დასკვნამდე მივყავართ

გამოკვლევებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ფუნქციონირებს ცოცხალი ორგანიზმი და რატომ ბერდება იგი, არ მოუსპია ყოველგვარი იმედი უფრო ხანგრძლივი სიცოცხლის შესახებ. ზოგი მეცნიერი გამოკვლევებმა შემდეგ დასკვნამდე მიიყვანა — დაბერების პროცესში წვდომა მნიშვნელოვანია. მოლეკულური ბიოქიმიის დარგის სპეციალისტი მაიკლ ბიჰი წერს: «გასული ოთხი ათეული წლის განმავლობაში ბიოქიმიის დარგში მომუშავე სპეციალისტებმა აღმოაჩინეს უჯრედის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული მრავალი ფაქტი . . . უჯრედის გამოკვლევის, ანუ სიცოცხლის მოლეკულურ დონეზე შესწავლის, ამ ერთობლივი ძალისხმევის შედეგები ხმამაღლა, ნათლად და პირდაპირ მეტყველებს „შემოქმედებაზე“». ვიღაც გონიერმა პიროვნებამ შექმნა ცოცხალი არსებები. ცხადია, ბიჰი არ არის პირველი, ვინც ამ დასკვნამდე მივიდა. ადამიანის ორგანიზმზე დაკვირვების შედეგად ძველი დროის ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „საოცრებით შემქმენი“ (ფსალმუნები 138:14).

თუ ყველა ცოცხალი ქმნილება შემოქმედების ნაყოფია, იბადება საინტერესო კითხვა: „შექმნა ღმერთმა, დიდებულმა შემოქმედმა, ადამიანები დაახლოებით სიცოცხლის ისეთივე ხანგრძლივობით, როგორიც მრავალ ცხოველს აქვს? თუ მას სურს, რომ ცხოველებზე დიდხანს ვიცოცხლოთ?“

[სქოლიოები]

^ აბზ. 8 ჩვეულებრივი ოპოსუმი ჩრდილოეთ ამერიკაში მობინადრე ჩანთოსანი ცხოველია.

[ჩანართი 6 გვერდზე]

‘საოცრებით ვართ შექმნილნი’.

[სურათი 4, 5 გვერდებზე]

არის სიბერე უჯრედების ხანგრძლივი ფუნქციონირების გამო მწყობრიდან გამოსვლის შედეგი?

[სურათის საავტორო უფლება 6 გვერდზე]

DNA: Photo: www.comstock.com