არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ უნდა მიყვარდეს კითხვა?

რატომ უნდა მიყვარდეს კითხვა?

ახალგაზრდების შეკითხვები

რატომ უნდა მიყვარდეს კითხვა?

„კითხვას გულს ვერ ვუდებ. მირჩევნია ტელევიზორს ვუყურო“ (მარგარიტა, 13 წლის, რუსეთი).

„არჩევანი რომ მქონდეს, კითხვას ყოველთვის კალათბურთის თამაშს ვამჯობინებდი“ (ოსკარი, 19 წლის, შეერთებული შტატები).

თუ დაიწყე ამ სტატიის კითხვა, ალბათ, გესმის, რამდენად მნიშვნელოვანია კითხვის ჩვევის გამომუშავება. მიუხედავად ამისა, წიგნის ან თუნდაც ჟურნალის სტატიის კითხვა შენთვის შეიძლება წამლების მიღებას ჰგავდეს: იცი, რომ საჭიროა, მაგრამ გირჩევნია, არ დალიო.

ჟურნალმა „გამოიღვიძეთ!“ 11 ქვეყანაში მცხოვრები ახალგაზრდებისგან ინტერვიუ აიღო იმის გასარკვევად, თუ რა უშლით ხელს კითხვაში და რა სარგებლობა მოაქვს მათთვის კითხვას. გთავაზობთ მათ პასუხებს.

როგორც ამ ახალგაზრდების პასუხებიდან ჩანს, კითხვა დაგარწმუნებს საკუთარ შესაძლებლობებში და დაგეხმარება ცოდნის გაღრმავებაში. ბიბლიისა და ბიბლიური ლიტერატურის, მათ შორის ამ ჟურნალის კითხვა, აგრეთვე დაგეხმარება ღმერთთან დაახლოებაში (იაკობი 4:8). ასე რომ, იკითხე — მაშინაც კი, თუ არ გიყვარს კითხვა!

რა გიშლის ხელს კითხვაში?

„როგორც ჩანს, ამისთვის დროს იშვიათად ვნახულობ“ (სემსიხანი, 19 წლის, გერმანია).

„კითხვას ძალისხმევა სჭირდება, მე კი ზარმაცი ვარ“ (ეზეკიელი, 19 წლის, ფილიპინები).

„არ მიყვარს, როცა მაძალებენ უინტერესო მასალის კითხვას“ (კრისტიანი, 15 წლის, ინგლისი).

„თხელ წიგნებს შეიძლება მოვკიდო ხელი, მაგრამ სქელი წიგნები მაშინებს“ (ერიკო, 18 წლის, იაპონია).

„გონება ადვილად მეფანტება. მიჭირს ყურადღების მოკრება“ (ფრანცისკო, 13 წლის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა).

ქრისტიანი ახალგაზრდები უნდა კითხულობდნენ ბიბლიას (ფსალმუნები 1:1—3). გიშლის რამე ხელს ამაში? კერძოდ, რა?

„ბიბლია ძალიან დიდი წიგნია. ასე მგონია, მთელი ცხოვრება რომ ვიკითხო, მაინც ვერ დავამთავრებ“ (ანა, 13 წლის, რუსეთი).

„ბიბლიის ზოგი ნაწილი ძალიან რთული გასაგებია და არ არის სახალისო“ (ჯიზრელი, 11 წლის, ინდოეთი).

„არაორგანიზებული ვარ და ამიტომ მიჭირს ბიბლიის რეგულარულად კითხვა“ (ელზა, 19 წლის, ინგლისი).

„ხელს ის მიშლის, რომ სახლის საქმეებს და საშინაო დავალებებს მიაქვს მთელი ჩემი დრო“ (ზურისადი, 14 წლის, მექსიკა).

საყვარელი საქმეები იმდენ დროს მართმევს, რომ ბიბლიის კითხვისთვის ვეღარ ვიცლი“ (შო, 14 წლის, იაპონია).

კითხვა შეიძლება ნამდვილად არ იყოს ადვილი. მაგრამ როგორ ფიქრობ, ღირს ძალისხმევად? რა სარგებლობა მოაქვს შენთვის კითხვას?

„კითხვით ცოდნას ვიღრმავებ და სხვებს უფრო დამაჯერებლად ვესაუბრები“ (მონიშა, 14 წლის, ინდოეთი).

„კითხვა მამშვიდებს და პრობლემებს მავიწყებს“ (ალისონი, 17 წლის, ავსტრალია).

„კითხვის დროს ისეთ ადგილებში ვმოგზაურობ, სადაც სხვაგვარად ვერასოდეს მოვხვდებოდი“ (დუანა, 19 წლის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა).

„კითხვა იმაში მეხმარება, რომ თავად გამოვიკვლიო ესა თუ ის საკითხი და სხვებს ბრმად არ ვენდო“ (ებიუ, 16 წლის, მექსიკა).

რა დაგეხმარა იმაში, რომ კითხვა შეგეყვარებინა?

„მშობლები პატარაობიდანვე მეუბნებოდნენ, ხმამაღლა მეკითხა“ (ტანია, 18 წლის, ინდოეთი).

„მშობლები მასწავლიდნენ, წაკითხულზე მეფიქრა და წარმოსახვის უნარი გამომეყენებინა“ (დანიელი, 18 წლის, ინგლისი).

„მამაჩემი მირჩევდა, ბიბლიის კითხვა ჩემთვის უფრო საინტერესო წიგნებით, მაგალითად ფსალმუნებით ან იგავებით, დამეწყო. დღეს უკვე მთელ ბიბლიას ხალისით ვკითხულობ“ (ჩარინი, 16 წლის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა).

„ოთხი წლის ასაკში უკვე მქონდა საწერი მაგიდა და იმ წიგნებით სავსე კარადა, რომლებსაც მშობლები ჩემი დაბადებიდანვე მიგროვებდნენ“ (ეირი, 14 წლის, იაპონია).

შენი აზრით, რატომ არის მნიშვნელოვანი ბიბლიის კითხვა?

„ბიბლიის შესახებ ბევრს არასწორი წარმოდგენა აქვს. გაცილებით უკეთესია, თუ თავად გამოიკვლევ ბიბლიურ სწავლებებს“ (საქმეები 17:11) (მეთიუ, 15 წლის, შეერთებული შტატები).

„ბიბლია ისეთი წიგნია, რომ ბევრ ფიქრს მოითხოვს. თუმცა მისი კითხვა მეხმარება, ჩემი მრწამსის შესახებ სხვებს ნათლად და დამაჯერებლად ვესაუბრო“ (1 ტიმოთე 4:13) (ჯეინი, 19 წლის, ინგლისი).

„ბიბლიის კითხვისას ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს იეჰოვა მესაუბრება. ზოგჯერ წაკითხული პირდაპირ ჩემს გრძნობებს ეხება“ (ებრაელები 4:12) (ობადია, 15 წლის, ინდოეთი).

„ვცდილობ შევიყვარო ბიბლიის კითხვა, რადგან მასში კარგი რჩევებია და მისი მეშვეობით ვიგებ, რას ფიქრობს იეჰოვა ჩემზე“ (ესაია 48:17, 18) (ვიქტორია, 14 წლის, რუსეთი).

როდის ნახულობ დროს ბიბლიისა და ბიბლიური პუბლიკაციების წასაკითხად?

„გეგმა მაქვს შედგენილი. ყოველ დილით, ავდგები თუ არა, ერთ თავს ვკითხულობ ბიბლიიდან“ (ლისი, 17 წლის, ბრაზილია).

„ბიბლიას და ქრისტიანულ ლიტერატურას ტრანსპორტში ვკითხულობ, როცა სკოლაში მივდივარ. უკვე ოთხი წელია, რაც ასეთი ჩვევა მაქვს“ (ტაიჩი, 19 წლის, იაპონია).

„ბიბლიას ყოველ საღამოს ძილის წინ ვკითხულობ“ (მარია, 15 წლის, რუსეთი).

«ყოველ დღე ოთხ გვერდს ვკითხულობ „საგუშაგო კოშკიდან“ ან „გამოიღვიძეთ!“-იდან. ასეთნაირად, მთელი ჟურნალის წაკითხვას ვასწრებ ახალი ნომრის მოსვლამდე» (ერიკო, 18 წლის, იაპონია).

„ბიბლიას ყოველ დილით სკოლაში წასვლამდე ვკითხულობ“ (ჯეიმზი, 17 წლის, ინგლისი).

დაფიქრდი

▪ რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ იკითხო ღვთის სიტყვა?

▪ როგორ შეგიძლია ‘დროის გამოსყიდვა’ ბიბლიისა და ბიბლიური ლიტერატურის წასაკითხად? (ეფესოელები 5:15, 16).

[ჩარჩო 16 გვერდზე]

დაუკავშირე ტექსტი . . .

წაკითხული დაუკავშირე შენს ცხოვრებას და იმას, რაც შენ გარშემო ხდება. საკუთარ თავს დაუსვი ქვემოთ მოყვანილი კითხვები:

იმას, რაც უკვე წაგიკითხავს. შეესაბამება აქ აღწერილი მოვლენები და პრობლემები იმას, რაც ადრე სხვა წიგნებსა და ჟურნალებში წამიკითხავს? ავლენენ მოქმედი პირები ჩემთვის უკვე ნაცნობი პერსონაჟების თვისებებს?

საკუთარ  თავს. როგორ ეხება ეს ინფორმაცია ჩემს მდგომარეობას, ყოფა-ცხოვრებასა და პრობლემებს? დამეხმარება ეს მასალა სირთულეების გადალახვაში ან ცხოვრების გაუმჯობესებაში?

იმას, რაც შენ გარშემო ხდება. რას ვიგებ წაკითხულიდან ბუნების, გარემოს, სხვადასხვა კულტურის ან საზოგადოების პრობლემების შესახებ? რას ვსწავლობ აქედან შემოქმედის შესახებ?