არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა სასიკეთო შედეგები მოაქვს მშვიდობისმყოფელობას?

რა სასიკეთო შედეგები მოაქვს მშვიდობისმყოფელობას?

ბიბლიის თვალსაზრისი

რა სასიკეთო შედეგები მოაქვს მშვიდობისმყოფელობას?

მთაზე ქადაგებისას იესომ თქვა: „ბედნიერნი არიან მშვიდობისმყოფელნი“. მან ასევე აღნიშნა: „ბედნიერნი არიან რბილი ხასიათისანი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას“ (მათე 5:5, 9). მშვიდობისმყოფელობა მშვიდობიან ურთიერთობასა და შინაგან სიმშვიდეზე მეტს გულისხმობს. მშვიდობისმყოფელი ადამიანი კეთილმოსურნეა და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს მშვიდობას.

რატომ არის დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი იესოს ზემოხსენებული სიტყვები? ზოგის აზრით, ცხოვრებაში წარმატებას რომ მიაღწიო, უნდა იყო პატივმოყვარე, აგრესიული და, თუ საჭიროა, ძალადობასაც უნდა მიმართო. განა გონივრულია აგრესიას აგრესიით ვუპასუხოთ? თუ მშვიდობისმყოფელები უნდა ვიყოთ? განვიხილოთ სამი მიზეზი, თუ რატომ უნდა დავფიქრდეთ იესოს სიტყვებზე — „ბედნიერნი არიან მშვიდობისმყოფელნი“.

▪ შინაგანი სიმშვიდე. „ხორცის სიცოცხლეა მშვიდი გული“, — ნათქვამია იგავების 14:30-ში. არაერთი სამედიცინო გამოკვლევა ცხადყოფს, რომ სიბრაზემ და მტრულმა განწყობამ შეიძლება ინფარქტი და დამბლა გამოიწვიოს. ახლახან ერთ სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნდა სტატია, რომელიც გულით დაავადებულებს ეხებოდა; ამ სტატიაში ბრაზის გადმონთხევა საწამლავთან იყო შედარებული. ჟურნალში ასევე ნათქვამი იყო, რომ „გაბრაზება ავად გახდომას ნიშნავს“. მათ, რომლებიც მშვიდობისკენ ისწრაფიან, შეუძლიათ განივითარონ „მშვიდი გული“, რაც სასიკეთო შედეგებს გამოიღებს.

ამის ერთ-ერთი მაგალითია 61 წლის ჯიმი, რომელიც ახლა ამერიკაში, ვიეტნამელთა დასახლებაში, ქადაგებს. ის იხსენებს: „ექვსი წელი სამხედრო ნაწილში ვმსახურობდი და სამ საომარ მოქმედებაში მივიღე მონაწილეობა ვიეტნამში. ჩემთვის ძალადობა, მრისხანება და წყობილებიდან გამოსვლა ჩვეული რამ იყო. წარსულმა თავისი კვალი დატოვა; უძილობა დამჩემდა. ამას ცოტა ხანში მუცლის ტკივილი, სტრესი და ნევროზი დაემატა“. როგორ გამოვიდა ჯიმი ამ მდგომარეობიდან? ის ამბობს: „იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლის წყალობით სიკვდილს გადავურჩი. სიმშვიდე დამეუფლა, როცა გავიგე, რომ ღმერთი მშვიდობიან ახალ ქვეყნიერებას გვპირდება და დღესვე შემიძლია ‘ახალ პიროვნებად შევიმოსო’. შედეგად ჯანმრთელობა საგრძნობლად გამიუმჯობესდა“ (ეფესოელები 4:22—24; ესაია 65:17; მიქა 4:1—4). მრავალმა საკუთარი გამოცდილებიდან დაინახა, რომ მშვიდი ხასიათი ხელს უწყობს სულიერ, ემოციურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას (იგავები 15:13).

▪ კარგი ურთიერთობის საწინდარი. მშვიდობისმყოფელები თუ ვიქნებით, სხვებთან კარგი ურთიერთობა გვექნება. ბიბლია მოგვიწოდებს: „მოიშორეთ. . . ბრაზი, რისხვა, ყვირილი და ლანძღვა ყოველგვარ ბოროტებასთან ერთად“ (ეფესოელები 4:31). აგრესიულ ადამიანებთან ურთიერთობას ხშირად თავს არიდებენ; ამიტომ ასეთები მარტო, სანდო მეგობრების გარეშე რჩებიან. იგავების 15:18-ში ნათქვამია: „ფიცხი კაცი აღვივებს განხეთქილებას, სულგრძელი კი აქრობს შუღლს“.

ანდი 42 წლის უხუცესია, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობს. ეს მამაკაცი ისეთ გარემოში გაიზარდა, სადაც აგრესიას ავლენდნენ. ანდი ჰყვება: „რვა წლის ასაკში კრივზე მიმიყვანეს. ჩემს მეტოქეს არაადამიანურად ვეპყრობოდი. თავში სულ ის აზრი მიტრიალებდა, რომ, თუ დარტყმას ვერ დავასწრებდი, აქეთ დამარტყამდა. ცოტა ხანში ერთ ბანდას შევუერთდი. ქუჩაში ჩვენ მუშტი-კრივს ვმართავდით. არაერთხელ დაუმიზნებიათ ჩემთვის შუბლში იარაღი და დანითაც არაერთხელ დამმუქრებიან. ჩემს სამეგობრო წრეში ერთმანეთს არავინ ენდობოდა“.

რამ უბიძგა ანდის, მშვიდობისმყოფელი გამხდარიყო? ის ამბობს: «ერთხელ იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზს ვეწვიე და მათ შეხვედრას დავესწარი. მაშინვე დავრწმუნდი, რომ მოწმეებს შორის სიყვარული არსებობდა. მას შემდეგ დავუახლოვდი ამ მშვიდობისმოყვარე ადამიანებს, რაც „მშვიდი გულის“ განვითარებაში დამეხმარა. საბოლოოდ, აზროვნება შევიცვალე. ახლა ნამდვილი მეგობრების გარემოცვაში ვარ».

▪ მომავლის იმედი. მიზეზი, რის გამოც მშვიდობისმყოფელები უნდა ვიყოთ, მარტივია: ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ შემოქმედის ნების მიმართ პატივისცემა გამოვავლინოთ. ბიბლია მოგვიწოდებს: „ეძიე მშვიდობა და მიჰყევი მას“ (ფსალმუნები 33:15). თუ ვაცნობიერებთ, რომ ღმერთი არსებობს, და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სწავლებებს ვემორჩილებით, ეს საშუალებას გვაძლევს, პირადი, ახლო ურთიერთობა გვქონდეს მასთან. ღმერთთან ასეთი ურთიერთობის შედეგად „ღვთის მშვიდობას“ ვიძენთ. ეს ‘აღმატებული’ მშვიდობაა, რადგან რა სირთულესაც უნდა შევხვდეთ ცხოვრებაში, სიმშვიდეს ვინარჩუნებთ (ფილიპელები 4:6, 7).

გარდა ამისა, თუ მშვიდობისმყოფელები ვართ, ამით იეჰოვას ვაჩვენებთ, როგორ პიროვნებად გვსურს ‘შემოსვა’. ჩვენ უკვე ახლავე შეგვიძლია დავუმტკიცოთ იეჰოვას, რომ მის მიერ დაპირებულ მშვიდობიან ახალ ქვეყნიერებაში მისი ნორმების თანახმად ვიცხოვრებთ. როდესაც ღმერთი გაანადგურებს ბოროტებს და, როგორც იესომ თქვა, საშუალებას მისცემს თავმდაბლებს, დაიმკვიდრონ დედამიწა, ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, ამ ყველაფრის მოწმენი გავხდეთ. რა კურთხევაა! (ფსალმუნები 36:10, 11; იგავები 2:20—22).

დიახ, იესოს სიტყვები „ბედნიერნი არიან მშვიდობისმყოფელნი“, მართლაც, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს შინაგანი სიმშვიდე, აზრით აღსავსე ურთიერთობები და მომავლის მტკიცე იმედი. ამ კურთხევებს იმ შემთხვევაში მივიღებთ, თუ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ‘ყველასთან მშვიდობიანად ვიყოთ’ (რომაელები 12:18).

[სურათები 28 გვერდზე]

„ჯანმრთელობა საგრძნობლად გამიუმჯობესდა“ (ჯიმი).

[სურათები 29 გვერდზე]

„ახლა ნამდვილი მეგობრების გარემოცვაში ვარ“ (ანდი).