არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

წონის დაკლების მიზნით ამფეტამინის მომხმარებელთა რიცხვი ბრაზილიაში 500 პროცენტით გაიზარდა 1997—2004 წლებში („ფოლა ონლაინი“, ბრაზილია).

პილოტებში სამჯერ მეტია კატარაქტის განვითარების ალბათობა. შესაძლოა ამის მიზეზი მათზე კოსმოსური სხივების უფრო მეტი ზემოქმედებაა („უოლ-სტრიტ ჯორნელი“, აშშ).

მომდევნო ათწლეულში აზიაში 1, 27 მილიარდი ბავშვიდან თითქმის ნახევარი მოკლებული იქნება ისეთ აუცილებელ საჭიროებებს, როგორიცაა სუფთა წყალი, საკვები, მკურნალობა, განათლება და საცხოვრებელი („პლან ინტერნეშნლ“, აზიის რეგიონალური სამმართველო, ტაილანდი).

თამბაქოს პასიურ მწეველებს „ყველაზე მეტად ემუქრებათ საფრთხე“. პუებლოში (კოლორადოს შტატი, აშშ) ოფისებში, რესტორნებსა და სხვა დაწესებულებებში მოწევის აკრძალვიდან 18 თვეში მოსახლეობაში 27 პროცენტით იკლო გულის შეტევის შემთხვევებმა („ტაიმი“, აშშ).

ესპანეთში განქორწინებათა რიცხვი მატულობს

2000 წლისთვის ესპანეთში დაქორწინებულთა 50 პროცენტი ოფიციალურად ეყრებოდა ერთმანეთს ან ცალკე ცხოვრებას არჩევდა. 2004 წლისთვის კი სამიდან ორი ქორწინება მთავრდებოდა ასეთი შედეგით. მას შემდეგ, რაც 1981 წელს ძალაში შევიდა განქორწინებასთან დაკავშირებული კანონები, მილიონზე მეტი ბავშვი მშობლების გაყრის მოწმე გახდა. რით შეიძლება აიხსნას ოჯახების ნგრევის ზრდა? ფსიქოლოგ პატრისია მარტინესის აზრით, „ცოლქმრული ურთიერთობების არასტაბილურობა უმთავრესად გამოწვეულია კულტურული ცვლილებებით, რელიგიური და ზნეობრივი ღირებულებების დაცემით, ქალების უფრო მეტად დასაქმებით და ოჯახურ საქმეებში მამაკაცების პასიურობით“.

ჩინელები სუქდებიან

«მომდევნო ათ წელიწადში ჩინეთში 200 მილიონი ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე დაემუქრება უკიდურესი სიმსუქნის გამო, — ნათქვამია ინგლისში გამომავალ გაზეთ „გარდიანში“. — დიდ ქალაქებში საკმაოდ მომრავლდა სწრაფი კვების რესტორნები. მზარდი საშუალო ფენის წარმომადგენლები ნაკლებად ვარჯიშობენ, უფრო ხშირად მგზავრობენ მანქანით და მეტ დროს ატარებენ ტელევიზორისა თუ კომპიუტერის წინ». ყოველწლიურად 8 პროცენტით იზრდება მსუქანი ბავშვების რიცხვი. შანხაიში დაწყებითი სკოლის მოსწავლეთა 15 პროცენტზე მეტს უკვე ჭარბი წონა აქვს.

მდინარე ააშკარავებს ნარკომანიის ზრდას

მდინარე პოდან (იტალია) აღებულმა სინჯებმა გამოავლინა, რომ ამ მდინარის აუზის მოსახლეობა გაცილებით დიდი რაოდენობით კოკაინს მოიხმარს, ვიდრე ამას ოფიციალურად აცხადებენ, — აღნიშნულია ჟურნალ „გარემოს დაცვაში“. კოკაინის მომხმარებლების შარდში გამოიყოფა ბენზოილეგონინი. ორგანიზმში ამ ნივთიერების არსებობა სასამართლოსთვის ხშირად საკმარისი სამხილია კოკაინის მოხმარებაში ადამიანის დასადანაშაულებლად. მდინარე პოში კანალიზაციის მეშვეობით ჩასული ქიმიკატების შემცველობის დონე ცხადყოფს, რომ ამ ტერიტორიის მოსახლეობა ყოველდღიურად მოიხმარს დაახლოებით 4 კილოგრამ კოკაინს, ანუ 40 000 დოზას. ეს 80–ჯერ აღემატება წინა მონაცემებს.

სიკვდილიანობა, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელია

„ამ წლის განმავლობაში ხუთ წლამდე ასაკის 11 მილიონამდე ბავშვი დაიღუპება ისეთი დაავადებებით, რომლებიც, ჩვეულებრივ, იკურნება“, — ნათქვამია ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2005 წლის ანგარიშში. აქედან 90 პროცენტის სიკვდილი განპირობებული იქნება ნაადრევი მშობიარობით, ინფექციებით ან ასფიქსიით ახალშობილებში, სასუნთქი გზების დაავადებების მსუბუქი ფორმებით, პნევმონიით, დიარეით, მალარიით, წითელათი და აივ-ით/შიდს-ით. „სიკვდილის აცილება ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, შესაძლებელია მარტივი, ხელმისაწვდომი და ეფექტური მკურნალობით“, — ნათქვამია ანგარიშში. გარდა ამისა, ყოველწლიურად ნახევარ მილიონზე მეტი ქალი იღუპება ფეხმძიმობის ან მშობიარობის დროს, რისი მიზეზიც ძირითადად „კვალიფიცირებული მედპერსონალის ნაკლებობაა“.