არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

აბრეშუმი — „ბოჭკოთა დედოფალი“

აბრეშუმი — „ბოჭკოთა დედოფალი“

აბრეშუმი — „ბოჭკოთა დედოფალი“

„გამოიღვიძეთ!“–ისთვის იაპონიიდან

მსოფლიოში ულამაზესი ტანსაცმელებიდან ზოგს — მათ შორის, იაპონურ კიმონოს, ინდურ სარისა და კორეულ ჰანბოკს — რაღაც საერთო აქვს. ხშირად ისინი დამზადებულია აბრეშუმისგან, ელვარე ქსოვილისგან, რომელსაც ბოჭკოთა დედოფალს უწოდებენ. ძველ დროში სამეფო კარის წარმომადგენლებსა თუ დღეს უბრალო ადამიანებს — მთელ მსოფლიოში ყველას — ხიბლავდა და ხიბლავს აბრეშუმის ელეგანტურობა. მაგრამ აბრეშუმი ყოველთვის როდი იყო ხელმისაწვდომი.

ძველ დროში აბრეშუმს მხოლოდ ჩინეთში აწარმოებდნენ. მათ გარდა არავინ იცოდა, თუ როგორ უნდა მიეღოთ აბრეშუმი; ჩინეთში ყველას, ვინც თუთის აბრეშუმხვევიას შესახებ საიდუმლოს გასცემდა, მოღალატედ მიიჩნევდნენ და სიკვდილით სჯიდნენ. გასაკვირი არ არის, რომ მის წარმოებაზე მონოპოლიის გამო, აბრეშუმი ძალიან ძვირად ფასობდა. მაგალითად, რომის მთელ იმპერიაში აბრეშუმს ოქროს ფასი ჰქონდა.

დროთა განმავლობაში ჩინეთიდან მომავალ აბრეშუმის ყველა გზას სპარსეთი აკონტროლებდა. მაგრამ აბრეშუმის ფასი კვლავაც მაღალი დარჩა და მცდელობა, სპარსეთის ვაჭრების გვერდის ავლით შეეძინათ აბრეშუმი, ამაო იყო. შემდეგ ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ გეგმა შეიმუშავა. დაახლოებით ახ. წ. 550 წელს მან ჩინეთში საიდუმლო მისიით ორი ბერი გაგზავნა. ორი წლის შემდეგ ისინი დაბრუნდნენ. ბამბუკის ხელჯოხში დამალული ჰქონდათ დიდი ხნის ნალოდინევი განძი — თუთის ამბრეშუმხვევიას კვერცხები. საიდუმლოს ფარდა აეხადა. აბრეშუმზე ჩინეთის მონოპოლია დასრულდა.

აბრეშუმის საიდუმლო

აბრეშუმს წარმოქმნის აბრეშუმის პეპლის მუხლუხი. არსებობს ასობით სახის აბრეშუმის პეპელა, მაგრამ იმ პეპლის მეცნიერული სახელწოდება, რომელიც საუკეთესო ხარისხის აბრეშუმს წარმოქმნის, არის თუთის აბრეშუმხვევია (Bombyx mori). აბრეშუმის ქსოვილის დასამზადებლად საჭიროა საჭიეში საკმაოდ ბევრი აბრეშუმის ჭიის მოშენება. გუმას პრეფექტურაში (იაპონია) მცხოვრები შოიჩი კავაჰარადას ოჯახი ამ ქვეყანაში ერთ–ერთია დაახლოებით 2 000 ოჯახიდან, რომლებიც დღემდე ეწევიან მეაბრეშუმეობის შრომატევად საქმიანობას. მისი ორსართულიანი სახლი, რომელიც იდეალურია ჭიების მოსაშენებლად, თუთის ხეების პლანტაციას გადაჰყურებს (1).

დედალი აბრეშუმის პეპელა დაახლოებით 500 კვერცხს დებს; თითოეული კვერცხი ქინძისთავის თავის ოდენაა (2). დაახლოებით 20 დღის შემდეგ კვერცხიდან ჭია იჩეკება. პატარა ჭიას კარგი მადა აქვს. დღე და ღამე ის თუთის და მხოლოდ თუთის ფოთლებს მიირთმევს (3, 4). გამოჩეკიდან თვრამეტიოდე დღეში ის წონაში 70–ჯერ იმატებს და ოთხჯერ იცვლის კანს.

მისტერ კავაჰარადა თავის ფერმაში დაახლოებით 120 000 აბრეშუმის ჭიას უვლის. მათი „ნადიმობის“ დროს ისეთი ხმაური დგას, თითქოს ფოთლებზე კოკისპირული წვიმა ასხამსო. ზრდის დასრულებისას ჭია წონაში 10 000–ჯერ მატულობს! ახლა ის უკვე მზად არის დაჭუპრებისთვის.

ჩუმი მრთველი

ზრდის დასრულების შემდეგ ჭიის სხეული გამჭვირვალე ხდება, რაც ნიშნავს, რომ დროა რთვას შეუდგეს. როდესაც ჭია მოუსვენარი ხდება და პარკის გასაკეთებლად ადგილს ეძებს, ის მზად არის, გადავიდეს სტელაჟებში, რომელსაც მრავალი პატარა ოთხკუთხედი თარო აქვს. აქ ის გამოყოფს შესანიშნავ თეთრ ძაფს (5) და სხეულის ირგვლივ იხვევს.

მისტერ კავაჰარადა ამ პერიოდში ძალიან არის დატვირთული, რადგან 120 000 ჭია დაახლოებით ერთდროულად იწყებს პარკის ახვევას. სტელაჟები ჩამწკრივებულია სახლის მეორე სართულზე, რომელიც გრილია და კარგად ნიავდება (6).

ამასობაში ჭიის სხეულში საოცარი გარდაქმნები ხდება. თუთის ფოთლების გადამუშავების შედეგად ჭია წარმოქმნის ფიბროინს, ცილას, რომელიც აბრეშუმის გამომყოფ ჯირკვლებში გროვდება; ეს ჯირკვლები ჭიას სხეულის მთელ სიგრძეზე გასდევს. ამ ჯირკვლებით გამოყოფილი ფიბროინი გარედან დაფარულია წებოვანი ნივთიერებით, რომელსაც სერიცინი ეწოდება. ჭიის ქვედა ტუჩზე მოთავსებული ხვრელიდან გამოყოფამდე ფიბროინის ორი ძაფი სერიცინით არის ერთმანეთთან მჭიდროდ შეწებებული. ჰაერთან კონტაქტის შემდეგ თხიერი აბრეშუმი მაგრდება და შედეგად წვრილი ძაფი წარმოიქმნება.

მას შემდეგ, რაც ჭია აბრეშუმის წარმოქმნას იწყებს, ის ბოლომდე განაგრძობს თავის საქმიანობას. ჭია წუთში 30—40 სანტიმეტრი სიგრძის ძაფს ართავს და ამ დროს თავს არ აჩერებს. ერთი გამოთვლის თანახმად, პარკის ბოლომდე ამოსახვევად ჭია დაახლოებით 150 000–ჯერ ატრიალებს თავს. ორი დღე-ღამის განმავლობაში მძიმე შრომის შედეგად ჭია დაახლოებით 1 500 მეტრი სიგრძის ძაფს ართავს. ეს კი ოთხჯერ აღემატება მაღალი ცათამბჯენის სიმაღლეს!

მისტერ კავაჰარადა მხოლოდ ერთ კვირაში აგროვებს თავის „მოსავალს“ — 120 000 პარკს, რომელსაც შემდგომი დამუშავებისთვის აგზავნის. კიმონოს დასამზადებლად დაახლოებით 9 000 პარკია საჭირო, ჰალსტუხისთვის — 140, ხოლო შარფის დამზადებას 100–ზე მეტი პარკი სჭირდება!

როგორ მზადდება აბრეშუმის ქსოვილი

პროცესს, რომლის დროსაც აბრეშუმის ძაფის პარკიდან კოჭაზე დახვევა ხდება, ამოხვევის პროცესი ეწოდება. როგორ დაიწყეს ადამიანებმა აბრეშუმის ამოხვევა? ამის თაობაზე მრავალი მითი და ლეგენდა არსებობს. ერთ–ერთი თქმულების თანახმად, ჩინეთის იმპერატორმა ში ლინგ–შიმ შენიშნა, რომ თუთის ხიდან პარკი ჩაის ჭიქაში ჩაუვარდა. პარკის ამოღებისას მის ხელს ნაზი აბრეშუმის ძაფი ამოჰყვა. ასე ჩაეყარა საფუძველი ძაფის ამოხვევის პროცესს, რომელიც დღეს უკვე მექანიზებულია.

პარკების გასაყიდად მოსამზადებლად საჭიროა, ჭუპრი ჩაიკლას პარკში, რომ მისგან პეპელა არ გამოფრინდეს. ამისათვის პარკი მაღალ ტემპერატურაზე უნდა დამუშავდეს. დეფექტიან პარკებს გადაარჩევენ, ხოლო კარგებს ამუშავებენ. პირველ ეტაპზე ხდება პარკების ცხელი წყლით ან ორთქლით დამუშავება, რათა სერიცინით შეწებებული ძაფები დააცალკევონ. შემდეგ იწყება ძაფების მბრუნავი ჯაგრისებით დაცალკევება (7). სასურველი სისქის ძაფის მისაღებად, ორი ან რამდენიმე პარკიდან ამოხვეულ წვრილ ძაფებს ერთ წვერად ახვევენ. კოჭაზე დახვევისას ძაფი შრება. შემდეგ დაუმუშავებელ აბრეშუმს ისევ ახვევენ, ამჯერად უფრო დიდ კოჭაზე, რათა მიიღონ სასურველი სიგრძისა და მასის ძაფი (8, 9).

აბრეშუმის ქსოვილი ისეთი გლუვი და რბილია, რომ ადამიანს სიამოვნებს მისი შეხება. რა განაპირობებს მის ასეთ თავისებურებას? ერთ–ერთი ფაქტორი არის ფიბროინის გარსის ზედა ფენაზე არსებული სერიცინის მოშორება. აბრეშუმი, რომელსაც სერიცინი არა აქვს მოშორებული უხეშია და მისი შეღებვა რთულია. შიფონის ქსოვილი შედარებით ხორკლიანია იმის გამო, რომ იგი გარკვეულწილად შეიცავს სერიცინს.

მეორე ფაქტორი ის არის, თუ როგორი გრეხით არის ქსოვილი მიღებული. იაპონური ჰაბუტაეს ქსოვილი რბილი და გლუვია. ამის მიზეზი ის არის, რომ ის დაბალი შეგრეხით არის მიღებული. კრეპი კი ნაოჭებიანი ქსოვილია. მის საწარმოებლად მაღალ გრეხას მიმართავენ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროცესი შეღებვაა. აბრეშუმი ადვილად იღებება. ფიბროინის სტრუქტურა ისეთია, რომ საღებავი ღრმად უჯდება ქსოვილს და ხასხასა ფერს ინარჩუნებს. გარდა ამისა, ხელოვნური ბოჭკოსგან განსხვავებით, აბრეშუმი შეიცავს როგორც დადებით, ისე უარყოფით იონებს, რის გამოც ნებისმიერი საღებავით კარგი შედეგი მიიღწევა. შეიძლება როგორც აბრეშუმის ძაფის (10), ისე მისგან დამზადებული ქსოვილის შეღებვა. ცნობილი საღებავით, იუზენით, კიმონოს შეღებვისას, მისი საუცხოოდ მოხატვა და შეღებვა ქსოვილის დამზადების შემდეგ ხელით ხდება.

დღეს უმეტესწილად აბრეშუმის პროდუქციის მომწოდებელი ქვეყნებია ჩინეთი და ინდოეთი, ხოლო მისგან მოდური ტანსაცმლის დამზადებაში წამყვანი ქვეყნები — საფრანგეთი და იტალია. რა თქმა უნდა, დღეს ისეთი ხელოვნური ბოჭკოებისგან დამზადებული ქსოვილები, როგორიცაა ხელოვნური აბრეშუმი და ნეილონი, მსოფლიო ბაზარს მრავალი არც თუ ისე ძვირი ქსოვილით უზრუნველყოფს. მაგრამ აბრეშუმი მაინც შეუდარებელია. „დღევანდელი მეცნიერული მიღწევების მიუხედავად, აბრეშუმის ხელოვნური გზით მიღება შეუძლებელია, — აღნიშნავს იოკოჰამას (იაპონია) აბრეშუმის მუზეუმის კურატორი. — მისი მოლეკულური ფორმულიდან დაწყებული და სტრუქტურით დამთავრებული, ჩვენ ყველაფერი ვიცით. მაგრამ არ შეგვიძლია მისი სინთეზირება. ამას მე აბრეშუმის საიდუმლოებას ვუწოდებდი“.

[ჩარჩო⁄სურათი 26 გვერდზე]

აბრეშუმის თვისებები

სიმაგრე: აბრეშუმის ძაფი ფოლადის ძაფივით მაგარია.

ელვარება: აბრეშუმი მარგალიტივით ელვარებს. ეს განპირობებულია ფიბროინის მრავალშრიანი, პრიზმული აგებულებით, რის შედეგადაც ის სინათლეს ირეკლავს.

სინაზე: აბრეშუმის აგებულებაში შემავალი ამინომჟავების გამო მისი ქსოვილი კანს სასიამოვნოდ ელამუნება. როგორც ამბობენ, აბრეშუმი ადამიანს კანის სხვადასხვა დაავადებისგან იცავს. აბრეშუმის პუდრს ზოგ კოსმეტიკურ საშუალებაში იყენებენ.

სინოტივის შეწოვა: ბოჭკოებში ამინომჟავებისა და პატარა ცარიელი სივრცეების არსებობის გამო აბრეშუმს სინოტივის შეწოვის უნარი აქვს და კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს, რის შედეგადაც ცხელ ამინდში კანი მშრალი და გრილი რჩება.

მაღალი ტემპერატურისადმი გამძლეობა: აბრეშუმი ადვილად არ აალდება და მისი წვის შემთხვევაში ტოქსიკური გაზი არ გამოიყოფა.

დამცავი: აბრეშუმი შთანთქავს ულტრაიისფერ სხივებს და ამგვარად იცავს კანს.

არ იმუხტება: ვინაიდან აბრეშუმი შეიცავს როგორც დადებით, ისე უარყოფით იონებს და სინოტივეს იწოვს, იგი სხვა ქსოვილებისგან განსხვავებით, არ ელექტროვდება.

აბრეშუმის მოვლა

რეცხვა: უმჯობესია აბრეშუმის ტანსაცმელი ქიმწმენდაში გააწმენდინოთ. თუ მას სახლში რეცხავთ, გამოიყენეთ ნეიტრალური სარეცხი საშუალება და თბილი წყალი (დაახლოებით 30°C). სათუთად გარეცხეთ ის და ნუ დაჭმუჭნით. ტანსაცმელი ჰაერზე უნდა გააშროთ.

დაუთოება: დაუთოებისას აბრეშუმს ზემოდან ნაჭერი გადააფარეთ. უთო ქსოვილზე ძაფების მიმართულებით ამოძრავეთ; უთოს ტემპერატურა დაახლოებით 130°C უნდა იყოს. ორთქლი ნაკლებად გამოიყენეთ ან საერთოდ არ გამოიყენოთ.

ლაქების ამოყვანა: სასწრაფო ზომების მიღების მიზნით აბრეშუმი რაიმე მშრალ ნაჭერზე სახით დაბლა დადეთ. ზემოდან დააფინეთ ნესტიანი ნაჭერი და დაარტყით ხელი, ისე რომ არ სრისოთ. შემდეგ კი ტანსაცმელი ქიმწმენდაში ჩააბარეთ.

შენახვა: ტანსაცმელი დაიცავით ნესტისგან, ჩრჩილისა და მზის პირდაპირი სხივებისგან. გამოიყენეთ ღრუბელგადაკრული საკიდები ან ტანსაცმელი ბრტყელ ზედაპირზე მოათავსეთ ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლები ნაოჭი გაუკეთდეს.

[სურათი 25 გვერდზე]

აბრეშუმის პარკები

[სურათის საავტორო უფლებები 26 გვერდზე]

Photos 7-9: Matsuida Machi, Annaka City, Gunma Prefecture, Japan; 10 and close-up pattern: Kiryu City, Gunma Prefecture, Japan