არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სისხლით დაწერილი ისტორია

სისხლით დაწერილი ისტორია

სულ რამდენიმე წლის წინ ტერორისტული აქტები მხოლოდ ერთეული ადგილებისთვის იყო დამახასიათებელი, მაგალითად ჩრდილოეთ ირლანდიისთვის, ბასკების ქვეყნისთვის (ჩრდილოეთი ესპანეთი) და ახლო აღმოსავლეთისთვის. დღეს კი, განსაკუთრებით 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ–იორკში ცათამბჯენების ჩამონგრევის შემდეგ, ტერორიზმი მსოფლიო პრობლემად იქცა. ტერაქტებმა მოიცვა ბალის სამოთხისებური კუნძულები, მადრიდი (ესპანეთი), ლონდონი (ინგლისი), შრი–ლანკა, ტაილანდი და ნეპალიც კი. მიუხედავად ამისა, ტერორიზმი კაცობრიობისთვის სიახლე არ არის. რას ნიშნავს სიტყვა „ტერორიზმი?“

ტერორიზმი განიმარტება როგორც „ადამიანის ან ორგანიზებული ჯგუფის მიერ ძალის უკანონოდ გამოყენება ადამიანების ან საკუთრების წინააღმდეგ, საზოგადოების თუ მთავრობის დაშინების ან იძულების მიზნით, რასაც ხშირად იდეოლოგიური ან პოლიტიკური სარჩული აქვს“ (The American Heritage Dictionary of the English Language). თუმცა პუბლიცისტი ჯესიკა სტერნი აღნიშნავს: „ტერორიზმს მრავალი მნიშვნელობა აქვს . . . მაგრამ არსებობს ორი თავისებურება, რომლებიც მას რადიკალურად განასხვავებს ძალადობის სხვა ფორმებისგან“. რას გულისხმობს ის? „პირველი, ტერორიზმი მიმართულია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ . . . მეორე, ტერორისტები ძალადობას შიშის ჩასანერგად მიმართავენ, რაც ხშირად მათთვის ფიზიკური ზიანის მიყენებაზე მნიშვნელოვანია. სწორედ დამთრგუნველი შიშის ჩანერგვის მცდელობა განასხვავებს ტერორიზმს ჩვეულებრივი მკვლელობისა თუ თავდასხმისგან“.

ძალადობის ფესვები წარსულში

იუდეაში პირველ საუკუნეში არსებობდა მოძალადე ადამიანთა ჯგუფი. ისინი ზილოტების სახელით იყვნენ ცნობილნი და იუდეველთა თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. ამ ჯგუფის თავგამოდებულ წევრებს „სიკარიელებს“ ანუ „მახვილიან კაცებს“ უწოდებდნენ. ისინი მახვილებს ტანსაცმელში მალავდნენ. იერუსალიმში გამართული დღესასწაულების დროს სიკარიელები ხალხში ერეოდნენ, რათა თავიანთი მტრებისთვის ყელი გამოეჭრათ ან ზურგში მახვილი ჩაეცათ *.

ახ. წ. 66 წელს ზილოტებმა ხელში ჩაიგდეს მკვდარი ზღვის ახლოს მდებარე მასადის ციხესიმაგრე. მათ გაანადგურეს რომის გარნიზონი და ციხესიმაგრეში დაბანაკდნენ. იქიდან წლების განმავლობაში ახორციელებდნენ თავდასხმებს და მოსვენებას არ აძლევდნენ რომაელთა სამხედრო ძალებს. ახ. წ. 73 წელს რომის მეათე ლეგიონმა ფლავიუს სილვას მეთაურობით დაიბრუნა მასადა, თუმცა მათ ზილოტები ვერ დაიმორჩილეს. ერთი თანამედროვე ისტორიკოსის თქმით, ზილოტებმა რომაელთა ხელში ჩავარდნას სიკვდილი ამჯობინეს: 960–მა ზილოტმა — ყველამ ორი ქალისა და ხუთი ბავშვის გარდა — თავი მოიკლა.

ზოგი თვლის, რომ ტერორიზმის პირველი გამოვლინება ზილოტების თავდასხმები იყო. ასეა თუ ისე, ფაქტი ერთია: ტერორიზმმა ისტორიას თავისი დაღი დაასვა.

ტერორიზმი ქრისტიანულ სამყაროში

1095 წლიდან დაწყებული ორი საუკუნის განმავლობაში ჯვაროსნებმა არაერთი ლაშქრობა მოაწყვეს ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში. მათ წინააღმდეგ იბრძოდნენ აზიელი და ჩრდილოეთ აფრიკელი მუსლიმანები. ორივე მხარეს იერუსალიმის მართვის სადავეების ხელში ჩაგდება და უპირატესობის მოპოვება სურდა. „წმინდა მებრძოლები“ ერთმანეთს ჩეხდნენ. ისინი მათაც კი მახვილებითა და საომარი ნაჯახებით ხოცავდნენ, ვინც ბრძოლის ადგილას შემთხვევით აღმოჩნდებოდა. მე–12 საუკუნეში მოღვაწე სასულიერო პირი, უილიამ ტვიროსელი, 1099 წელს იერუსალიმში ჯვაროსნების შესვლას ასეთნაირად აღწერს:

„ისინი იერუსალიმის ქუჩებში მახვილებითა და შუბებით შევიდნენ. ვინც კი შეხვდებოდათ, არავის ინდობდნენ. კაცებს, ქალებსა და ბავშვებს — ყველას კლავდნენ . . . ქუჩებში იმდენი გვამი ეყარა, რომ შეუძლებელი იყო მათთვის გვერდის ავლა . . . ქუჩებში სისხლის ისეთი ნიაღვარი მოდიოდა, რომ არხები და თხრილები ივსებოდა. ქალაქის ქუჩები გვამებით იყო სავსე“ *.

ბოლო საუკუნეებში ტერორისტებმა დაიწყეს ფეთქებადი ნივთიერებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, რამაც უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მილიონობით მსხვერპლი

1914 წლის 28 ივნისს ევროპის ისტორიაში გარდამტეხ მომენტად მიიჩნევენ. ერთმა სერბმა ახალგაზრდამ, რომელსაც ბევრი გმირად აღიარებდა, მოკლა ავსტრიის ტახტის მემკვიდრე, ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი. ეს მკვლელობა გახდა პირველი მსოფლიო ომის დაწყების მიზეზი, რომელსაც მთლიანობაში 20 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

1914 წლის 28 ივნისს მთელი მსოფლიო ომში ჩაება.

პირველ მსოფლიო ომს მოჰყვა მეორე მსოფლიო ომი, რომელიც უფრო მეტი სისასტიკით გამოირჩეოდა. ხალხს საკონცენტრაციო ბანაკებში ყრიდნენ, მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავდნენ და უდანაშაულო ადამიანებს სასტიკად აწამებდნენ. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ადამიანთა ხოცვა–ჟლეტა კვლავ გრძელდებოდა. გასული საუკუნის 70–იან წლებში კამბოჯაში მილიონობით ადამიანი იქნა მოკლული. რუანდაში ხალხი დღესაც ვერ ივიწყებს ეთნიკურ შუღლს, რომელმაც 90–იან წლებში 800 000–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

1914 წლიდან ტერორისტთა საქმიანობამ ბევრ ქვეყანას მიაყენა ზიანი. მიუხედავად ამისა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ხალხისთვის წარსული არ არის კარგი გაკვეთილი. დღეს ტერორისტული თავდასხმების შედეგად ასობით ადამიანი იღუპება, ათასობით სახიჩრდება, მილიონებს კი მშვიდად ცხოვრების უფლება ერთმევა. ბაზრებში ბომბებს აფეთქებენ, სოფლებს წვავენ, ქალებს აუპატიურებენ, ბავშვებს იტაცებენ და ადამიანებს ხოცავენ. ამ სადისტურ ქმედებებს ვერც კანონები და ვერც მათი საყოველთაოდ დაგმობა აჩერებს. არსებობს რაიმე გზა ტერორიზმის დასამარცხებლად?

^ აბზ. 5 საქმეების 21:38–ის თანახმად, რომაელმა ათასისთავმა უსამართლოდ დაადანაშაულა მოციქული პავლე 4 000 „მეამბოხის“ ანუ „სიკარიელის“ მეთაურობაში.

^ აბზ. 10 იესო თავის მოწაფეებს მოუწოდებდა, ‘ყვარებოდათ თავიანთი მტრები’. ის არ ასწავლიდა მათ, რომ შეეძულებინათ და მოეკლათ ისინი (მათე 5:43—45).