ბრიტანეთის „დავიწყებული გენიოსი“
ბრიტანეთის „დავიწყებული გენიოსი“
„გამოიღვიძეთ!“–ისთვის დიდი ბრიტანეთიდან
რობერტ ჰუკს, რომელსაც მისმა თანამედროვეებმა „უდიდესი გამომგონებელი“ უწოდეს, დღეს ინგლისელები იტალიელ ლეონარდო და ვინჩს * უტოლებენ. რობერტ ჰუკი 1635 წელს დაიბადა. 1662 წელს ის ლონდონის სამეფო საზოგადოების ექსპერიმენტების კურატორად დაინიშნა, ხოლო 1677 წელს მდივნად გადაიყვანეს. რობერტ ჰუკი 1703 წელს გარდაიცვალა. უდიდესი მეცნიერული მიღწევების მიუხედავად, მისი საფლავის ადგილი დღემდე უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ის ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში უნდა იყოს დამარხული.
ბოლო წლებში მეცნიერები და ისტორიკოსები დიდ ძალისხმევას ახმარენ რობერტ ჰუკის სახელის აღდგენას. ბიოგრაფი სტეფან ინვუდი მას „დავიწყებულ გენიოსს“ უწოდებს. 2003 წელს ჰუკის გარდაცვალებიდან 300 წლისთავის აღსანიშნავად გრინვიჩის (ინგლისი) სამეფო ობსერვატორიაში მოაწყვეს მისი ზოგიერთი საოცარი გამოგონებისა და აღმოჩენის ექსპოზიცია. ვინ იყო რობერტ ჰუკი და რატომ იყო მისი სახელი ასე დიდხანს დავიწყებული?
ჰუკის მემკვიდრეობა
რობერტ ჰუკი უდიდესი მეცნიერი და გამომგონებელი იყო. მის გამოგონებათა შორისაა: კარდანული შეერთება, რომელიც დღეს ავტომობილებში გამოიყენება; ირისის დიაფრაგმა, რომელიც არეგულირებს ხვრელის ზომას ფოტო– და ვიდეოკამერებში; და ქანქარიან საათებში მექანიზმის მაკონტროლებელი ზამბარა. მან ჩამოაყალიბა კანონი, რომელიც მისი სახელით, „ჰუკის კანონით“, გახდა ცნობილი და შეიმუშავა განტოლება, რაც დღემდე გამოიყენება ზამბარის დრეკადობის აღსაწერად. მან აგრეთვე ააგო საჰაერო ტუმბო, რომელიც დიდად დაეხმარა, ინგლისელ ქიმიკოსსა და ფიზიკოსს, რობერტ ბოილს თავის გამოგონებებში.
რობერტ ჰუკის უდიდეს აღმოჩენად ითვლება რთული კონსტრუქციის მქონე მიკროსკოპის სქემის შემუშავება. ამის საფუძველზე მოგვიანებით ცნობილმა ინსტრუქტორმა ქრისტეფორ კოკმა
მიკროსკოპი შექმნა. მიკროსკოპის მეშვეობით ჰუკმა პირველმა შეისწავლა კორპის უჯრედული აგებულების მკაფიო სურათი. ტერმინი „უჯრედი“ ჰუკმა შემოიღო. მოგვიანებით ამ ტერმინის გამოყენება დაიწყეს ცოცხალი ორგანიზმების აგებულების აღწერისას.1665 წელს ჰუკმა გამოაქვეყნა ნაშრომი „მიკროგრაფია“ (პატარა ნახატები). ამ ნაშრომმა მას უდიდესი აღიარება მოუტანა ადრეულ ასაკში. მასში ჰუკმა შეიტანა დიდი სიზუსტით და ლამაზად შესრულებული მწერების ნახატები, რომლებსაც მიკროსკობით აკვირდებოდა. მის ყველაზე ცნობილ ნახატად ითვლება „რწყილი“. 30–დან 45–სანტიმეტრამდე გადიდებულ ნახატზე კარგად ჩანს რწყილის ბრჭყალები, ეკლები და ჯავშანი. იმის გაგებამ, რომ ეს პაწაწინა არსებები არცთუ იშვიათად არიან ადამიანის სხეულის „ბინადარნი“, გააოგნა იმდროინდელი შეძლებული საზოგადოება. როგორც ამბობენ, ქალბატონებს ამ სურათის დანახვაზე გული მისდიოდათ!
ნემსის წვერთან შედარების საფუძველზე ჰუკმა დაწერა: „მიკროსკოპით იმის დანახვა შეიძლება, რომ მწერების ბეწვი, ჯაგარი და ბრჭყალები, ასევე ეკლები, კაუჭები და ფოთლების ძარღვები მრავალათასჯერ უფრო ბასრია, ვიდრე ნემსის წვერი. ჰუკის აზრით, ეს ყოველივე შემოქმედის ყოვლისშემძლეობაზე მიუთითებდა. ენციკლოპედია „ბრიტანიკაში“ ნათქვამია: „მიკროსკოპის გამოგონებამ ფარდა ახადა სამყაროს, რომელშიც გამოჩნდა ცოცხალი ორგანიზმების საოცრად რთული აგებულება“.
რობერტ ჰუკმა მიკროსკოპის მეშვეობით პირველმა შეისწავლა გაქვავებული ნაშთები, რის შედეგადაც დაასკვნა, რომ ისინი დიდი ხნის წინათ მკვდარ ორგანიზმთა ნარჩენები იყო. „მიკროგრაფიაში“ ასევე შესული იყო უამრავი საინტერესო მეცნიერული დაკვირვება. ჰუკის თანამედროვე მწერალმა, სემუელ პიპსმა, „მიკროგრაფიის“ შესახებ დაწერა: „ეს ყველაზე საინტერესო და ორიგინალური წიგნია, რაც კი ოდესმე წამიკითხავს“. ოქსფორდის უნივერსიტეტის თანამშრომელმა, ისტორიკოსმა ალენ ჩეპმენმა, ამ ნაშრომს „თანამედროვე წიგნების დედაბოძი“ უწოდა.
ლონდონის აღდგენა
1666 წელს, ლონდონში გაჩენილი დიდი ხანძრის შემდეგ, ჰუკს დაეკისრა ქალაქში აღდგენითი სამუშაოების ორგანიზება. ის თანამშრომლობდა თავის მეგობარ, არქიტექტორ
კრისტეფორე რენთან, რომელიც სამეფო კარზე ხელმძღვანელობდა აღდგენით სამუშაოებს. ჰუკი მრავალი პროექტის ავტორი იყო. მათ შორისაა ლონდონში გაჩენილი ხანძრის მემორიალური მონუმენტი, რომელიც 62 მეტრი სიმაღლისაა. ჰუკმა გადაწყვიტა, ეს მონუმენტი, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქვის უსაძირკვლო სვეტი, თავისი გრავიტაციული თეორიების დასამტკიცებლად გამოეყენებინა.მართალია გრინვიჩის სამეფო ობსერვატორიის აღდგენა რენს დაევალა, მაგრამ ჰუკმა უდიდესი წვლილი შეიტანა საპროექტო სამუშაოების შესრულებაში. მისი კიდევ ერთი პროექტია „მონტეგიუ ჰაუსი“, ბრიტანეთის მუზეუმის პირველი შენობა.
ჰუკი შესანიშნავი ასტრონომიც იყო. მან პირველმა ააგო სარკული ტელესკოპი, რომელსაც შოტლანდიელი მათემატიკოსისა და ასტრონომის, ჯეიმზ გრეგორის პატივსაცემად, მისი სახელი უწოდა. ჰუკი აკვირდებოდა, თუ როგორ მოძრაობდა პლანეტა იუპიტერი თავისი ღერძის გარშემო. მის მიერ შედგენილი მარსის მოძრაობის ესკიზები ორი საუკუნის შემდეგ იქნა გამოყენებული ამ პლანეტის მოძრაობის სიჩქარის გამოსათვლელად.
რატომ მიეცა ჰუკის სახელი დავიწყებას?
1687 წელს, ჰუკის ნაშრომის „მიკროგრაფიის“ გამოცემიდან 22 წლის შემდეგ, ისააკ ნიუტონმა გამოაქვეყნა ნაშრომი „ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური საწყისები“. ამ ნაშრომში ნიუტონმა აღწერა მოძრაობის კანონები, მათ შორის მსოფლიო მიზიდულობის კანონი. მაგრამ, როგორც ალენ ჩეპმენი აღნიშნავს, „ნიუტონზე ადრე ჰუკმა გამოთქვა იდეა გრავიტაციული თეორიის შესახებ“. გარდა ამისა, სწორედ ჰუკის ნაშრომებმა უბიძგა ნიუტონს, გამოეკვლია სინათლის ბუნება.
სამწუხაროდ, ოპტიკისა და გრავიტაციის გარშემო გამართული კამათის გამო ამ ორ მეცნიერს შორის ურთიერთობა გამწვავდა. ნიუტონმა ჰუკის სახელი „მათემატიკური საწყისების“ სქოლიოებიდანაც კი გააქრო. ერთი წყაროს თანახმად, ნიუტონი იმასაც კი ცდილობდა, რომ ისტორიიდან ამოეშალა ჰუკის სახელი. გარდა ამისა, სამეფო საზოგადოების პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ, ნიუტონმა გააქრო ჰუკის ინსტრუმენტები, მათ შორის ბევრი ხელით ნაკეთი ხელსაწყო, უმრავი ნაშრომი და მისი ერთადერთი პორტრეტი. მოვლენების ასეთი განვითარების შედეგად, რობერტ ჰუკის სახელი ორ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე დავიწყებას მიეცა.
როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, 1675 წლის 5 თებერვალს ნიუტონმა ჰუკისადმი მიწერილ წერილში აღნიშნა: „თუ რაიმეს მივაღწიე მეცნიერებაში, ეს მხოლოდ იმ გენიოსთა დამსახურებაა, რომელთა აღმოჩენებზეც ჩემს ნაშრომებს ვაფუძნებდი“. როგორც არქიტექტორი, ასტრონომი, ბუნებისმეტყველი და გამომგონებელი, რობერტ ჰუკი ნამდვილად თავისი დროის გენიოსი იყო.
[სქოლიოები]
^ აბზ. 3 ლეონარდო და ვინჩი იყო იტალიელი მხატვარი, სკულპტორი, ინჟინერი და გამომგონებელი. ის ცხოვრობდა და მოღვაწეობდა 1452—1519 წლებში.
[სურათები 26 გვერდზე]
ჰუკის ნახატები: თოვლის ფიფქები და ყინულის ფიგურები.
[სურათი 26 გვერდზე]
ჰუკის მიკროსკოპის ნახატი.
[სურათი 27 გვერდზე]
ჰუკმა შემოიღო ტერმინი „უჯრედი“ კორპის უჯრედული აგებულების მკაფიო სურათის აღსაწერად.
[სურათი 27 გვერდზე]
ჰუკის ნაშრომი „მიკროგრაფია“. მასში შესულია მწერების ნახატები, რომლებსაც ჰუკი მიკროსკოპის მეშვეობით აკვირდებოდა.
[სურათები 27 გვერდზე]
რწყილის მიახლოებითი ზომა.
ჰუკის მიერ დახატული რწყილის დანახვაზე ქალბატონებს გული მისდიოდათ.
[სურათი 28 გვერდზე]
„მონტეგიუ ჰაუსი“ ჰუკის მიერ დაპროექტებული ერთ-ერთი შენობა იყო.
[სურათი 28 გვერდზე]
ჰუკის ნახატი, რომლითაც ახსნილია დრეკადობის კანონი.
[სურათი 28 გვერდზე]
ლონდონის მემორიალური მონუმენტი მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქვის სვეტია, რომელსაც საძირკველი არა აქვს.
[სურათი 28 გვერდზე]
სამეფო ობსერვატორია
[სურათის საავტორო უფლება 26 გვერდზე]
Spring, microscope, and snowflakes: Images courtesy of the Posner Memorial Collection, Carnegie Mellon University Libraries
[სურათის საავტორო უფლება 27 გვერდზე]
Images courtesy of the Posner Memorial Collection, Carnegie Mellon University Libraries
[სურათის საავტორო უფლებები 28 გვერდზე]
Spring diagram: Image courtesy of the Posner Memorial Collection, Carnegie Mellon University Libraries; London’s Memorial Tower: Matt Bridger/DHD Multimedia Gallery; Royal Observatory: © National Maritime Museum, London