არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გაუძლებს ქორწინება ცხოვრების ნებისმიერ ქარტეხილს?

გაუძლებს ქორწინება ცხოვრების ნებისმიერ ქარტეხილს?

გაუძლებს ქორწინება ცხოვრების ნებისმიერ ქარტეხილს?

„ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“ (მათე 19:6).

სახლი, ერთი შეხედვით, შეიძლება გამძლე ჩანდეს, მაგრამ, თუ მას მყარი საძირკველი არა აქვს, დაინგრევა. ახლახან რამდენიმე ქვეყანას ძლიერმა ქარიშხალმა გადაუარა, რის გამოც ნაგებობების ხარისხი და გამძლეობა გამოიცადა.

მსგავსად ამისა, ცხოვრებისეულმა სირთულეებმა შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას ქორწინების ინსტიტუტს, რომელიც საუკუნეებია, რაც არსებობს. „სამწუხაროდ, ქორწინებას სერიოზულად არ ეკიდება არც ცალკეული ადამიანი და არც საზოგადოება“, — აღნიშნავს სტეფან კუნცი, რომელიც ოჯახთან დაკავშირებულ საკითხებს იკვლევს.

თქვენც ხომ არ ამჩნევთ მსგავს ტენდენციას? ხომ არ ფიქრობთ, რომ ქორწინება გაუფასურდა საზოგადოების თვალში? რა არის ამის მიზეზი? როგორ არის შესაძლებელი ქორწინებაში ბედნიერების შენარჩუნება? თავდაპირველად, განვიხილოთ, თუ რა უქმნის საფრთხეს ქორწინებას.

როცა თავს იჩენს სირთულეები

კაცობრიობის ისტორიის დასაწყისიდან ქორწინებას ყოველთვის თან სდევდა პრობლემები. პირველმა წყვილმა არასწორი თვისებები და შეხედულებები განივითარა. სწორედ ამან გამოიწვია ქორწინებაში ამდენი სირთულე. ადამმა და ევამ შესცოდეს, როდესაც ეგოისტურ სურვილებს აყვნენ და, ამგვარად „შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში“ (რომაელები 5:12). ბიბლიის თანახმად, „მისი [ადამიანის] გულის ყოველი წადილი მუდამ მხოლოდ ბოროტება იყო“ (დაბადება 6:5).

მას შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა. ქორწინებაში წამოჭრილი პრობლემების ერთ–ერთი მიზეზი ეგოისტური სურვილებია. ქორწინების ინსტიტუტს უკვე მოძველებულად მიიჩნევენ, რადგან დღეს მორალთან დაკავშირებით სხვა შეხედულებები არსებობს. ბევრ ქვეყანაში შერბილდა ქორწინებასთან დაკავშირებული კანონები; ამიტომ წყვილები ადვილად ეყრებიან ერთმანეთს, რაც სირცხვილად აღარ ითვლება.

ის, ვისაც მოთმინება აკლია და ადვილ გამოსავალს ეძებს, ნაკლებად ან, შეიძლება, საერთოდ არ ფიქრობს განქორწინების შედეგებზე. ასეთი ადამიანი თავისუფლების მოპოვების მაცდური სურვილით არის შეპყრობილი და დარწმუნებულია, რომ განქორწინება ბედნიერებას მოუტანს.

სხვები კი, როდესაც ქორწინებაში სირთულეებს აწყდებიან, დახმარებისთვის ფსიქოლოგებს, კონსულტანტებს ან ამა თუ იმ სახელმძღვანელოს მიმართავენ. სამწუხაროდ, ზოგი სპეციალისტი წყვილებს განქორწინებას ურჩევს, ნაცვლად იმისა, რომ ოჯახის შენარჩუნებისკენ მოუწოდოს. „როგორც ჩანს, კაცობრიობის ისტორიაში არასდროს წამოჭრილა ქორწინებასთან დაკავშირებული ამდენი პრობლემა. ზოგჯერ წყვილები, მართლაც, სერიოზული პრობლემის წინაშე დგანან. ზოგჯერ კი პრობლემას ეგრეთ წოდებული სპეციალისტები ქმნიან, რომელთა აზრით, ცოლ–ქმარს შორის დადებული ერთგულების ფიცის შესრულება შეუძლებელია“, — ნათქვამია ერთ წიგნში (The Case for Marriage).

იცვლება დამოკიდებულება

დღეს დაქორწინებულ წყვილებს სულ სხვაგვარი შეხედულება აქვთ ქორწინებაზე. ალბათ, შენიშნავდით, რომ წყვილები დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ ერთგულების გამოვლენასა და ურთიერთმხარდაჭერას. ისინი პირველ ადგილზე საკუთარ ინტერესებს აყენებენ, რის გამოც ხშირ შემთხვევაში მეუღლეს გულს ტკენენ. ეგოიზმისკენ ასეთმა მიდრეკილებამ „განსაკუთრებით თავი იჩინა მე–20 საუკუნის 60–იან წლებში და უფრო სერიოზული ხასიათი 70–იან წლებში მიიღო“, — ნათქვამია ერთ ჟურნალში (Journal of Marriage and Family). უწინ ადამიანები სიყვარულის, ერთგულების, ბავშვების ყოლის საფუძველზე ქორწინდებოდნენ, რაც მათ ორმხრივ პასუხისმგებლობას აკისრებდა. დღეს კი ფასეულობები შეიცვალა.

ბოლო დროს ცხოვრების დონის ამაღლების შედეგად, ქორწინებასთან დაკავშირებით სულ სხვა დამოკიდებულება არსებობს. მაგალითად, ბევრ ქვეყანაში ქალის, როგორც დიასახლისის და მამაკაცის, როგორც მარჩენლის ტრადიციული როლი შეიცვალა. მუშაობა ქალმაც დაიწყო. გარდა ამისა, დღეს იზრდება მარტოხელა მშობლების რიცხვი, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა. აგრეთვე ბევრია ისეთი წყვილი, რომლებიც ერთად ცხოვრობენ, თუმცა კანონიერი ცოლ-ქმარი არ არიან (იხილეთ ჩარჩო „ნაკლებად მყარი, ვიდრე კანონიერი ქორწინება“). ასევე ფართო აღიარება ჰპოვა ერთი სქესის ადამიანების ქორწინებამ და ამ კავშირის კანონიერად ცნობამ. ხომ არ იქონია გავლენა ამ თანამედროვე ტენდენციებმა თქვენს თვალსაზრისზე?

იზრდება განქორწინების რიცხვი

რამდენიმე ქვეყნის მაგალითზე განვიხილოთ, თუ რამდენად პოპულარულია განქორწინება. ბოლო დროინდელი მონაცემებით, შეერთებულ შტატებში „1970—1996 წლებში განქორწინებულთა რიცხვი გაოთხმაგდა“. დაახლოებით ხუთიდან ერთი ქორწინება განქორწინებით მთავრდება. ყველაზე მეტად ვინ ხდება ამ პრობლემის მსხვერპლი? როგორც სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, განქორწინებულთა დაახლოებით 60 პროცენტი, რომლებიც დაქორწინებიდან პირველი 10 წლის მანძილზე ეყრებიან ერთმანეთს.

სხვა ქვეყნებშიც მსგავსი მდგომარეობაა. მაგალითად, ინგლისსა და უელსში 2004 წელს განქორწინების რიცხვმა 153 490-ს მიაღწია. ავსტრალიაში ვარაუდობენ, რომ ქორწინების 40 პროცენტი განქორწინებით დამთავრდება. კორეის რესპუბლიკაში სულ რაღაც ერთ წელიწადში, 2002–დან 2003–წლამდე, 21 800 წყვილი განქორწინდა. ამჟამად იქ განქორწინებულთა რიცხვი 167 100–ა. იაპონია, სადაც ყოველი 4 ქორწინებიდან 1 განქორწინებით მთავრდება, ცოტა ხანში ევროპის მაჩვენებელს გაუტოლდება. „წლების წინ ოჯახების ნგრევა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ხდებოდა, დღეს კი განქორწინება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა“, — შენიშნავს ერთი სპეციალისტი, რომელიც ოჯახურ საკითხებს იკვლევს (Japan Red Cross University).

დღემდე მრავალ ქვეყანაში არსებული ტრადიციები ხელს უწყობდა ქორწინების სტაბილურობას. მაგრამ დღეს ტრადიციებსაც არ ძალუძს ქორწინების გადარჩენა. მაგალითად, რომის კათოლიკური ეკლესია ქორწინებას წმინდა კავშირად მიიჩნევს. 1983 წელს კათოლიკურმა ეკლესიამ გაამარტივა ქორწინებასთან დაკავშირებული წესები, რაც განქორწინებას აადვილებს. მას შემდეგ განქორწინების რიცხვმა იმატა.

ნათელია, რომ უწინ არსებული ფასეულობები დაიკარგა. თუმცა ოჯახების რღვევის ყველა მიზეზი არ არის შესამჩნევი. ოჯახების ნგრევის კიდევ ერთი, მთავარი მიზეზი არსებობს, რის შესახებაც ადამიანების უმეტესობამ არაფერი იცის.

ოჯახების ნგრევის ფარული მიზეზი

ბიბლია ამბობს, რომ სატანა ეშმაკი, რომელიც ეგოიზმის განსახიერებაა, უხილავად ახდენს ადამიანებზე საზიანო გავლენას. რატომ? ის ზეციდან დედამიწაზე იქნა გადმოგდებული და ამიტომ მრისხანებს. სწორედ ეს იწვევს ამდენ უბედურებას. სატანის ერთ–ერთი სამიზნე ოჯახია, რომელიც ღმერთმა დააფუძნა (გამოცხადება 12:9, 12).

იესომ თქვა: „უკანონობის გამრავლების გამო მრავალს სიყვარული გაუნელდება“. ის დედამიწაზე სატანის გადმოგდების შემდგომ პერიოდს გულისხმობდა (მათე 24:12). მსგავსი აზრი პავლე მოციქულმაც დაწერა: „ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები, თავდაჯერებულები, ამპარტავნები, ღვთისმგმობელები, მშობლების ურჩები, უმადურები, ორგულები, თბილ გრძნობებს მოკლებულები, მათთან შეუძლებელი იქნება მორიგება, იქნებიან ცილისმწამებლები, თავშეუკავებლები, სასტიკები, კარგის მოძულეები, გამცემები, თავნებები, გაყოყოჩებულები, უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა“ (2 ტიმოთე 3:2—4). ადამიანები ცუდ თვისებებს ყოველთვის ავლენდნენ, მაგრამ ბოლო დროს უკიდურესობამდე მივიდნენ, და ამას ბევრი აღიარებს.

რის გაკეთება შეგვიძლია, რომ ცხოვრების ნებისმიერი ქარტეხილი დავძლიოთ და ქორწინებაში ბედნიერება შევინარჩუნოთ? ამ კითხვას მომდევნო სტატია გასცემს პასუხს.

[ჩანართი 5 გვერდზე]

„როგორც ბევრ არასასურველ ნივთს თმობენ ადვილად, ისე მსგავს დამოკიდებულებას ავლენენ ერთმანეთის მიმართ ურთიერთობების დროს“. სანდრა დევისი (ექსპერტი ოჯახურ საკითხებში).

[ჩარჩო⁄სურათი 4 გვერდზე]

„ნაკლებად მყარი, ვიდრე კანონიერი ქორწინება“

მრავალი წყვილი კანონიერად არ არის დაქორწინებული, მაგრამ ერთად ცხოვრობს. ასეთი კავშირი „ნაკლებად მყარია, ვიდრე კანონიერი ქორწინება“, — აღნიშნულია აშშ-ის დაავადებების კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრების მონაცემებში. ზოგი წყვილი ქორწინებამდე იმ მიზნით ცხოვრობს ერთად, რომ წინასწარ გაერკვნენ, რამდენად შეეწყობიან ერთმანეთს. არის ეს ბედნიერი ქორწინების საწინდარი? ერთი ჟურნალის თანახმად, ფაქტები სულ სხვა რამეს მოწმობს: „ის წყვილები, რომლებიც ქორწინებამდე ერთად ცხოვრობდნენ, არ არიან ბედნიერები . . . მონაცემების თანახმად, მათ მრავალი პრობლემა აქვთ. ასეთი ოჯახების ნგრევის მეტი ალბათობაა“ (Journal of Marriage and Family).

[ჩარჩო⁄სურათი 5 გვერდზე]

სადამდე გასტანს ქორწინება?

დღეს ადამიანები ადრინდელთან შედარებით უფრო დიდხანს ცოცხლობენ. მაგრამ, მეორეს მხრივ, ეს სასიკეთო ცვლილება დამატებით სირთულეს ქმნის ქორწინებაში. თუ წარსულში წყვილის განშორების მიზეზი სიკვდილი იყო, დღეს ამის მიზეზი გაყრაა. განვიხილოთ, როგორი უჩვეულო ტენდენცია დამკვიდრდა დიდი ხნის დაქორწინებულ იაპონელ ქალებს შორის. როგორც გაზეთ „ვაშინგტონ პოსტშია“ აღნიშნული, სპეციალისტები ამ ტენდენციას „პენსიაზე გასული ქმრების სინდრომს“ უწოდებენ. ერთი ქალი, რომელიც უკვე 40 წელია დაქორწინებულია და რომლის ქმარიც პენსიაზე გავიდა, ამბობს: „ზოგჯერ სურვილი მიჩნდება, ქმარს გავეყარო. ჯერ კიდევ მაშინ მიჭირდა მასზე ზრუნვა, როცა მუშაობდა. ახლა კი, როცა პენსიაზე გავიდა, მთელი დღე სახლშია, რაც გაუსაძლისი გახდა ჩემთვის“.