არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ინფორმაციის გადაცემა

ინფორმაციის გადაცემა

ინფორმაციის გადაცემა

ტელეგრაფის გამოგონებამდე შორ მანძილზე ინფორმაციის გადაცემა ძალიან ნელა ხდებოდა და მოუხერხებელი იყო; იგი დამოკიდებული იყო გადაადგილების საშუალებებსა და გასავლელი ტერიტორიის გეოგრაფიულ თავისებურებებზე. ვნახოთ, რა სირთულეებს ხვდებოდნენ ინკები, რომლებიც სამხრეთ ამერიკაში უზარმაზარ იმპერიას ფლობდნენ.

ამ იმპერიამ აყვავების უმაღლეს მწვერვალს ახ. წ. XV საუკუნის მიწურულსა და XVI საუკუნის დასაწყისში მიაღწია; იმ დროს მის მფლობელობაში შედიოდა თანამედროვე არგენტინის, ბოლივიის, ჩილეს, კოლუმბიის, ეკვადორისა და პერუს ტერიტორიები; ინკების იმპერიის ძველი დედაქალაქი კუსკო დღევანდელი პერუს ტერიტორიაზე მდებარეობდა. მოგზაურობას ართულებდა მთის ქედები, გაუვალი ჯუნგლები და დიდი მანძილები. ამასთანავე, ინკებს ლამას გარდა სხვა საპალნე ცხოველები არ ჰყავდათ; არც ბორბლებიანი სატრანსპორტო საშუალებები ჰქონდათ და არც დამწერლობა. მაშ, როგორ უკავშირდებოდნენ ისინი ერთმანეთს ამ სამეფოს დიდ და მრავალფეროვან ტერიტორიაზე?

ინკებმა თავიანთი ენა, კეჩუა, მთელი იმპერიის სახელმწიფო ენად აქციეს. მათ აგრეთვე მრავალი გზა გაიყვანეს. მათი სამეფო გზა, ანუ მთავარი გზატკეცილი, 5 000 კილომეტრს აჭარბებდა და ანდებზე გადიოდა, ხოლო მისი პარალელური გზა, რომელიც წყნარი ოკეანის სანაპიროს გასდევდა, დაახლოებით 4 000 კილომეტრი იყო. ეს ორი გზა ერთმანეთთან შედარებით პატარა გზებით იყო დაკავშირებული. ინკებმა აგრეთვე მთაგორიან ადგილებში გაიყვანეს საფეხურებიანი მოკირწყლული გზები, ჭანჭრობებზე გააკეთეს პონტონის ხიდები, ხევებზე კი — კიდული ხიდები. ერთი კიდული ხიდი 45-მეტრიანი იყო; მისი ბაგირი ადამიანის სხეულის სისქის იყო და ამ ხიდს 1880 წლამდე, დაახლოებით 500 წლის განმავლობაში იყენებდნენ!

ინკები ინფორმაციას ერთმანეთს ძირითადად ჩასკებად წოდებული მორბენლების საშუალებით გადასცემდნენ; ჩასკები მთავარ გზებზე დარბოდნენ; ისინი გზის გარკვეულ მონაკვეთებზე მორიგეობით იყვნენ გამწესებულნი. თითოეული მორბენალი მომდევნო მორბენლამდე 3-4 კილომეტრს გარბოდა და, როგორც ამბობენ, დღის განმავლობაში ისინი ასობით კილომეტრს ფარავდნენ. მათ ინფორმაცია ზეპირსიტყვიერად გადაჰქონდათ, ხოლო მთავრობის მიერ მოცემული სტატისტიკური მონაცემების გადასაცემად საინტერესო საშუალებას, კიპუს, იყენებდნენ. კიპუ იყო ინფორმაციის დამახსოვრების საკმაოდ რთული საშუალება, რომელიც სხვადასხვა ფერისა და სხვადასხვაგვარად გაკვანძული ზონრებისგან შედგებოდა. ზონარზე გაკეთებული კვანძები ერთეულებს, ათეულებსა და ასეულებს შეესაბამებოდა. მას შემდეგ, რაც ინკები ესპანელებმა დაიპყრეს, კიპუ საჭირო აღარ იყო, და ინკებს დაავიწყდათ, ამ ზონრებში რა რას შეესაბამებოდა.

„მშვენიერია მთებზე ფერხნი მახარობლისა“

დღეს ყველასათვის უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია მიეწოდება კეჩუა ენაზე მოლაპარაკე მილიონობით ადამიანს. ეს არის სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს ანუ მსოფლიო მთავრობის შესახებ, რომელიც მშვიდობას მოუტანს ამ მთავრობის ყველა ქვეშევრდომს (დანიელი 2:44; მათე 24:14). დღესაც რთულია იმ ადგილებში მოგზაურობა, რომელიც ერთ დროს ინკების სამფლობელო იყო, და კეჩუა ენაზე უმეტესწილად დღემდე არ არსებობს დამწერლობა. მაგრამ იეჰოვას მოწმეები, რომელთაგან მრავალმა ისწავლა კეჩუა ენა, სიამოვნებით ავრცელებენ ამ ენის თანამედროვე დიალექტებზე დაბეჭდილ პუბლიკაციებსა და აუდიოჩანაწერებს.

ამ მქადაგებელთა საქმიანობა ღვთის შთაგონებით ჩაწერილ სიტყვებს გვახსენებს: „რა მშვენიერია მთებზე ფერხნი მახარობლისა, მშვიდობის მაუწყებლისა, სიკეთის მახარობლისა, ხსნის მაუწყებლისა“ (ესაია 52:7).