არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა მიზნები დავისახო ცხოვრებაში?

რა მიზნები დავისახო ცხოვრებაში?

„ახალგაზრდების შეკითხვები“

რა მიზნები დავისახო ცხოვრებაში?

„თავიდან საერთოდ არ ვფიქრობდი მომავალზე. მაგრამ, როცა სკოლას ვამთავრებდი, მივხვდი, რომ უნდა შემებიჯებინა რეალურ ცხოვრებაში, დამეწყო მუშაობა და გავცნობოდი ანგარიშებს“ (ალექსი, 17 წლის).

გიოცნებია ბავშვობაში, თუ ვინ გამოხვიდოდი? ახლა რას ფიქრობ შენი მაშინდელი მიზნების შესახებ? დაბნეული ხომ არა ხარ იმასთან დაკავშირებით, როგორ შეინახავ საკუთარ თავს მოზრდილ ასაკში? თუ დიახ, იცოდე, რომ სხვებსაც აქვთ მსგავსი გრძნობები. „პროფესიის არჩევა ერთ–ერთი უდიდესი სირთულეა, რომლებსაც ახალგაზრდები აწყდებიან“, — ნათქვამია ერთ წიგნში (Career Coaching Your Kids).

მეორე მხრივ, ამჟამად შეიძლება არც კი ფიქრობდე პროფესიის არჩევაზე. შესაძლოა, ახლა დროის კარგად გატარება უფრო გაღელვებს. არაფერია ცუდი იმაში, რომ დრო კარგად გაატარო; ბიბლიაც ამბობს: „გაიხარე, ჭაბუკო“ (ეკლესიასტე 11:9). და მაინც, ახლაა შესაფერისი დრო, რომ იმაზე ფიქრი დაიწყო, რას გააკეთებ მომავალში. „გონიერი აკვირდება თავის ნაბიჯს“, — ამბობს იგავების 14:15. შენ როგორ შეგიძლია ამის გაკეთება?

„იცოდე, რა მიმართულებით მიდიხარ“

წარმოიდგინე, რომ შორეული მოგზაურობა დაგეგმე. ალბათ, უპირველესად, რუკაზე ნახავდი, თუ რომელი გზა იქნებოდა საუკეთესო დანიშნულ ადგილამდე მისასვლელად. ანალოგიურად შეგიძლია მომავლის დაგეგმვაც. „შენ წინაშე დიდი არჩევანია“, — ამბობს ახალგაზრდა მაიკლი, რომელიც იეჰოვას მოწმეთა ერთ–ერთ ფილიალში მსახურობს. შენ რომელზე შეაჩერებდი შენს არჩევანს? მაიკლი განაგრძობს: „შენი არჩევანი დამოკიდებულია შენს მიზნებზე“.

იფიქრე მიზანზე, როგორც ადგილზე, სადაც ჩასვლას აპირებ. შენ ვერ ჩახვალ იქ, თუ უმიზნოდ იხეტიალებ. კარგი იქნებოდა, ასე ვთქვათ, ამოგეღო რუკა და დაგედგინა, რა მიმართულებით წასულიყავი. ასეთი სახით, შენ შეასრულებ იგავების 4:26–ში ჩაწერილ რჩევას: „გათელე სარბიელი შენი ფეხისა“. „თანამედროვე ინგლისური თარგმანი“ ამ მუხლს შემდეგნაირად თარგმნის: „იცოდე, რა მიმართულებით მიდიხარ“.

მომავალში ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევს თაყვანისცემასთან, სამსახურთან, ქორწინებასთან, ოჯახსა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. გონივრული არჩევნის გაკეთება უფრო ადვილი იქნება, თუ თავიდანვე ‘გეცოდინება, რა მიმართულებით მიდიხარ’. და რანაირადაც უნდა დაგეგმო შენი მომავალი, არსებობს ერთი ფაქტორი, რომლის უგულებელყოფაც არ შეგიძლია.

„გახსოვდეს შენი გამჩენი“

თუ გინდა, რომ ნამდვილად ბედნიერი იყო, ყურად უნდა იღო ბრძენი მეფე სოლომონის სიტყვები: „გახსოვდეს შენი გამჩენი შენი სიჭაბუკის დღეებში“ (ეკლესიასტე 12:1). სურვილი, რომ ღმერთს ასიამოვნო, გავლენას უნდა ახდენდეს იმაზე, თუ რა გზას აირჩევ ცხოვრებაში.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ბიბლიაში, გამოცხადების 4:11–ში, ნათქვამია: „შენ ღირსი ხარ, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგან ყველაფერი შენ შექმენი, შენი ნებით არსებობს და შეიქმნა“. დიახ, ყველა ცოცხალი ქმნილება, ზეცაში თუ დედამიწაზე, შემოქმედს უნდა უმადლოდეს. ხარ მადლიერი იმისათვის, რომ მან მოგცა „სიცოცხლე, სუნთქვა და ყოველივე“? (საქმეები 17:25). გრძნობ თავს ვალდებულად, რომ შენც მისცე იეჰოვას რაიმე იმ ყველაფრისთვის მადლიერების გამოსახატავად, რასაც ის გაძლევს?

იეჰოვას მრავალმა ახალგაზრდა მოწმემ, რომელთაც ახსოვთ თავიანთი შემოქმედი, სრული დროით მსახურების დაწყება არჩია. ფაქტია, რომ სრული დროით მსახურება ღირსეული მიზანია, რომელსაც უამრავი კურთხევა მოაქვს (მალაქია 3:10). მაგრამ ასეთი მსახურების დაწყებას წინასწარ დაგეგმვა სჭირდება. მაგალითად, ჰკითხე საკუთარ თავს: „რის უნარი და რა პროფესია მაქვს, რაც სრული დროით მსახურებისას საკუთარი თავის შენახვაში დამეხმარება?“

კელიმ, რომელიც ახლა 27 წლისაა, ადრეულ ასაკშივე დაგეგმა თავისი მომავალი. მან მიზნად დაისახა სრული დროით მსახურება. 17–19 წლის ასაკში მან მუშაობის დაწყებასთან ერთად „თავისი მიზნის განხორციელება“ დაიწყო. „ისეთი სამუშაო უნდა ამერჩია, რაც სრული დროით მსახურებისას საკუთარი თავის შენახვის საშუალებას მომცემდა“, — ამბობს ის.

კელიმ სკოლაში პროფესიული მომზადების პროგრამა გაიარა და სტომატოლოგის ასისტენტი გახდა. მან თავის შტატში გამართულ კონკურსშიც კი გაიმარჯვა. მაგრამ, ამ წარმატების გამო, მას თავისი მთავარი მიზანი არ დავიწყებია. „ყველაზე ძალიან სრული დროით მსახურება მინდოდა, — ამბობს კელი. — სხვა ყველაფერი ჩემთვის მეორეხარისხოვანი იყო“. კელი დღესაც სრული დროით მსახურობს. „ვფიქრობ, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე“, — ამბობს ის.

ითხოვე ხელმძღვანელობა

უცნობ მხარეში მოგზაურობისას, მიუხედავად იმისა, რომ რუკა გაქვს, ალბათ, დაგჭირდება, სხვებსაც მიმართო რჩევისთვის. კარგია, რომ მომავალის დაგეგმვის დროსაც მსგავსად მოიქცე. დაელაპარაკე სხვებსაც. „გეგმები რჩევით განმტკიცდება“, — ამბობს იგავების 20:18 (აქ). ცხადია, ამისათვის უპირველესად მშობლებს უნდა მიმართო. შეგიძლია რჩევისთვის იმ მოწიფულ ქრისტიანებსაც მიმართო, რომლებიც ღვთის სიბრძნეს ირეკლავენ. „მიბაძე შენს კრებაში თუ ახლომახლო კრებებში ასაკით უფროს სამაგალითო ქრისტიანებს, — გვირჩევს რობერტო. — მათ შეიძლება ისეთი რამ გითხრან, რაზეც შენ არც კი გიფიქრია“.

ყველაზე მეტად იეჰოვა ღმერთს სურს, დაგეხმაროს, ცხოვრებაში სწორი არჩევანი გააკეთო, რაც უდიდეს ბედნიერებას მოგიტანს. ამიტომ დახმარება სთხოვე ლოცვაში, რათა ‘ჩასწვდე, რა არის მისი ნება’ შენს მომავალთან დაკავშირებით (ეფესოელები 5:17). მთელი გულით თუ მიენდობი იეჰოვას, „ის გაასწორებს შენს ბილიკებს“ (იგავები 3:5, 6).

სერიიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ სხვა სტატიების ნახვა შეგიძლია შემდეგ ვებ-საიტზე: www.watchtower.org/ypa

დაფიქრდი:

▪ რა შესაძლებლობებსა თუ სპეციალობებს ფლობ?

▪ შეგიძლია შენი შესაძლებლობები იეჰოვას განსადიდებლად გამოიყენო?

▪ ამ სტატიაში მოხსენიებული სრული დროით მსახურების რომელი ფორმა მოგწონს განსაკუთრებით?

[ჩარჩო 23 გვერდზე]

ამაოებას გამოდევნება

ბიბლია ამბობს: „ვისაც გამდიდრება აქვს გადაწყვეტილი, ებმება ცდუნებაში, მახეში, ბევრ უგუნურ და მავნებელ სურვილში, რომელიც ღუპავს და ანადგურებს ადამიანებს“. სიმდიდრისკენ მიმავალი გზა სავსეა მახეებით! საბოლოოდ, სიმდიდრეს გამოდევნებამ ადამიანი შეიძლება ვალებში ჩააგდოს, მრავალი საწუხარი გაუჩინოს და სულიერად დაღუპოს (1 ტიმოთე 6:9, 10).

[ჩარჩო⁄სურათები 24, 25 გვერდებზე]

პიონერული მსახურება პიონერი არის სამაგალითო, მონათლული ქრისტიანი, რომელიც ღმერთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებას ყოველთვე, სულ მცირე, 70 საათს უთმობს. პიონერებს მომზადება და მსახურებაში მონაწილეობა ეხმარებათ, რომ ბიბლიის დახელოვნებული მასწავლებლები იყვნენ.

ბეთელში მსახურება

ბეთელის ოჯახის წევრები იეჰოვას მოწმეთა ფილიალებში მსახურობენ. ისინი მონაწილეობენ ბიბლიური ლიტერატურის მომზადებაში, გამოცემასა და ტრანსპორტირებაში. ბეთელში თითოეული დანიშნულება წმინდა მსახურებაა, რაც დიდი პატივია.

მსახურება იქ, სადაც მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილებაა

ზოგ პიონერს აქვს შესაძლებლობა იქ იმსახუროს, სადაც სამეფოს მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილებაა. სხვები უცხო ენას სწავლობენ და მსახურობენ უცხოენოვან ტერიტორიებზე ან იმ კრებაში, რომელიც ამ ენაზე ტარდება.

საერთაშორისო მსახურები

საერთაშორისო მსახურები მონაწილეობენ პროგრამაში, რომელშიც სხვადასხვა ქვეყანაში სამეფო დარბაზებისა და ფილიალების მშენებლობა შედის. ეს არის წმინდა მსახურება, რომელიც შეიძლება შევადაროთ მათ მსახურებას, რომლებმაც სოლომონის ტაძარი ააგეს (3 მეფეთა 8:13—18).

მსახურებაში დახელოვნების სკოლა

ეს რვაკვირიანი სწავლების კურსი დაუქორწინებელ უხუცესებსა და მომსახურეებს ეხმარება, დახელოვნდნენ ორგანიზაციულ საკითხებსა და მოხსენებებით გამოსვლაში. ზოგი კურსდამთავრებული თავის კრებაში აგრძელებს მსახურებას, ზოგს კი სხვაგან ნიშნავენ.

მისიონერული მსახურება

მისიონერებად ინიშნებიან კარგი ჯანმრთელობისა და ამტანობის მქონე გამოცდილი პიონერები, რომლებიც საზღვარგარეთ მსახურებისთვის სპეციალურ სწავლების კურსს გადიან. მისიონერებს მართლაც საინტერესო და კმაყოფილების მომტანი ცხოვრება აქვთ.

[ჩარჩო⁄სურათი 24 გვერდზე]

რა მიზნებს დავისახავ ცხოვრებაში?

ამ ფილმში, რომელიც გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ, ინტერვიუები აღებულია ბრაზილიაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში მცხოვრები ახალგაზრდებისგან. ის მალე მრავალ ენაზე იქნება ხელმისაწვდომი.

[სურათი 23 გვერდზე]

„შენი არჩევანი დამოკიდებულია შენს მიზნებზე“ (მაიკლი, ბეთელის ოჯახის წევრი).

[სურათი 24 გვერდზე]

„საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე“ (კელი, რომელიც 6 წელია პიონერად მსახურობს).

[სურათი 25 გვერდზე]

„მიბაძე . . . სამაგალითო ქრისტიანებს“ (რობერტო, ბეთელის ოჯახის წევრი).