არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

„ყოველწლიურად საკვების უკმარისობის გამო დაახლოებით 6 მილიონი ბავშვი კვდება ანუ ყოველ 5 წამში — ერთი ბავშვი“ (ჯეიმზ მორისი, მსოფლიო კვების პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი).

ქარიშხალმა „კატრინამ“, რომელიც 2005 წლის აგვისტოში ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ ნაწილს დაატყდა თავს, ოფიციალური მონაცემებით, 1 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა („ვაშინგტონ პოსტი“, აშშ).

2005 წლის ოქტომბერში ჩრდილოეთ პაკისტანსა და ინდოეთში მომხდარმა მიწისძვრამ 74 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა („ბი–ბი–სი ნიუსი“, დიდი ბრიტანეთი).

ერთ-ერთი ცნობის თანახმად, „ყოველწლიურად, ავტოსაგზაო შემთხვევათა შედეგად დაახლოებით 1,2 მილიონი ადამიანი იღუპება“ („სამხრეთ აფრიკის სამედიცინო ჟურნალი“, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა).

ძნელად შესანახი საუნჯე

რომის კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელობა საგონებელშია ჩავარდნილი და ვერ გადაუწყვეტია, როგორ დაიცვას კოლონიური პერიოდის ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც პერუს ეკლესიებს ამშვენებს. გასული ექვსი წლის განმავლობაში 200 ეკლესია გახდა ქურდების სამიზნე. მხოლოდ კუსკოში გასული 15 წლის განმავლობაში დაახლოებით 5 000 ხელოვნების ნიმუში, ძირითადად ზეთის საღებავით შესრულებული ნახატები, მოიპარეს. ზუსტად არავინ იცის, ხელოვნების რამდენი ნიმუში დაიკარგა მთელ ქვეყანაში. ქურდებისთვის ხელის შესაშლელად ზოგმა ეკლესიამ გადამალა ხელოვნების ნიმუშები, მაგრამ ეს საუნჯე არასასურველ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ერთ–ერთ ეკლესიას ზეთის საღებავებით შესრულებული ნახატები მღრღნელებმა გაუფუჭეს.

კრიზისი ფინეთის შრომის ბირჟაზე

ფინეთის სამრეწველო და საყოფაცხოვრებო მომსახურების სფეროებს ძალიან სჭირდება მუშაკები, რომლებსაც პროფესიული მომზადება აქვთ გავლილი; მაგალითად, დურგლები, სანტექნიკები, შემდუღებლები, კალატოზები, მექანიკოსები, მემანქანეები და მედდები. რატომ? ქვეყანაში დიდი ყურადღება ექცევა უმაღლესი განათლების მიღებას, აღნიშნავს ფინეთში გამომავალი ერთ–ერთი გაზეთი (Helsingin Sanomat). „აბსურდულია მთელი მოსახლეობის ექიმებად, ხელოვნების მუშაკებად და მეცნიერებად ქცევა, — აღნიშნავს ჰეიკი როპონენი, ფინეთის საცალო ვაჭრობის ფედერაციის წარმომადგენელი. — პროფესიული მომზადების მიღება ბევრად უნდა ფასობდეს“.

საფრანგეთის სასამართლოს მიერ მიღებული სასურველი დადგენილება

2005 წლის 1 დეკემბერს პარიზის სააპელაციო სასამართლომ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის სახელზე გამოსცა ბრძანებულება, რომელშიც იეჰოვას მოწმეებს ნებას რთავდა, ენახათ დოკუმენტები. 1996 წელს ამ დოკუმენტებში არსებულ შავ სიაში შეიტანეს იეჰოვას მოწმეები, როგორც „სექტის“ წევრები. სია შედგა დახურულ მოსმენაზე და დოკუმენტების შინაარსი „სახელმწიფოსა და საზოგადოების უსაფრთხოების“ დაცვის მიზნით, საიდუმლოდ ინახებოდა. მაგრამ სასამართლომ აღმოაჩინა, რომ იეჰოვას მოწმეთა „საკუთრების დაბეგვრა“ ამ დოკუმენტში „უმნიშვნელო მოვლენად“ იყო შეფასებული. ეს სია არაერთხელ იყო გამოყენებული იმ მიზნით, რომ საფრანგეთში იეჰოვას მოწმეთა მიმართ ცუდი დამოკიდებულება გაემართლებინათ.

„ჩინეთის დიდი მწვანე კედელი“

საძოვრებისა და ტყეების გაქრობამ, გვალვამ და წყლის რესურსების უზომოდ გამოყენებამ ჩინეთში საკმაოდ დიდი ტერიტორიების ეროზია (სადაც ხშირია მტვრიანი ქარიშხლები) გამოიწვია. ამიტომ ჩინეთის ხელისუფლებამ წამოიწყო «უდიდესი ეკოლოგიური ღონისძიება, რომელიც მსოფლიოში ოდესმე ყოფილა, — აღნიშნავს „ნიუ–საიენტისტი“. — ამ ღონისძიების თანახმად, რომელიც „დიდი მწვანე კედლის“ სახელით გახდა ცნობილი, უზარმაზარ ტერიტორიებზე დაირგა ხეები, რაც მტვრიან ქარიშხლებს შეაკავებს“. აგრეთვე ნიადაგის ეროზიის შესაჩერებლად დაითესა ბალახი და დაირგა ბუჩქები. 1978 წლიდან ამ დაგეგმილი ღონისძიების ნახევარი უკვე განხორციელდა; დაგეგმილი იყო 35 მილიონ ჰექტარზე გვალვაგამძლე ხეებისა და მცენარეების გაშენება.