არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ანგელოზად იქცევა სიკვდილის შემდეგ ადამიანი?

ანგელოზად იქცევა სიკვდილის შემდეგ ადამიანი?

ბიბლიის თვალსაზრისი

ანგელოზად იქცევა სიკვდილის შემდეგ ადამიანი?

არიერო შვიდი წლის ასაკში დაიღუპა. გულმოკლული მშობლები კუბოში მწოლიარე თავიანთ პატარა გოგონას უყურებდნენ, რომელსაც თეთრი კაბა ეცვა. მღვდელმა ასეთი სიტყვებით ანუგეშა ისინი: „ღმერთს სურდა, კიდევ ერთი ანგელოზი ჰყოლოდა და ამიტომ პატარა არიერო თავისთან წაიყვანა. ახლა მისი სული ყოვლადძლიერის ტახტის გარშემო დაფრინავს“.

ბევრს გულწრფელად სჯერა, რომ მიცვალებულთა სულები ანგელოზებად იქცევიან, თუმცა ოფიციალურად არც ისე ბევრი რელიგია აღიარებს ამ შეხედულებას. სატელევიზიო სერიალებსა თუ ფილმებში ხშირად მიცვალებულთა სულები წარმოდგენილნი არიან ანგელოზებად, რომლებიც ეხმარებიან და იცავენ ცოცხლებს.

ნამდვილად გჯერათ, რომ თქვენი გარდაცვლილი ახლობლები ახლა ანგელოზები არიან? რას ამბობს ბიბლია ამის შესახებ? თავდაპირველად განვიხილოთ, თუ რა არის ნათქვამი ბიბლიაში ანგელოზებზე და მიცვალებულთა მდგომარეობაზე.

ანგელოზები — უნიკალური ქმნილებები

ანგელოზები ღვთის უხილავი, ძლევამოსილი მსახურები არიან, რომლებიც ზეცაში მკვიდრობენ. ისინი ადამიანებისგან დამოუკიდებლად არსებობენ. ანგელოზები ღვთის მიერ შექმნილი სულიერი ქმნილებები არიან. ბიბლიაში ნათქვამია: „ადიდონ [ანგელოზებმა] სახელი უფლისა; რადგან მან ბრძანა და შეიქმნენ“ (ფსალმუნები 148:2, 5).

ბიბლიაში ნაჩვენებია, რომ მილიონობით ღვთის ერთგულ ზეციერ ქმნილებას, მათ შორის სერაფიმებსა და ქერუბიმებს, სხვადასხვა მდგომარეობა უკავია და ისინი მორჩილად ასრულებენ სხვადასხვა მოვალეობას (ფსალმუნები 102:20, 21; ესაია 6:1—7; დანიელი 7:9, 10). იმიტომ კვდებიან ადამიანები, რომ ღმერთმა ანგელოზებად აქციოს ისინი? ეს ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. რატომ?

ბიბლიის თანახმად, ღმერთმა ანგელოზები ადამიანებზე ადრე შექმნა. როდესაც იეჰოვამ ადამიანთა დასასახლებლად დედამიწა შექმნა, ანგელოზები, რომლებიც დილის ვარსკვლავებთან არიან შედარებულნი, ‘გალობდნენ და ყიჟინებდნენ’ (იობი 38:4—7). ასე რომ, ისინი ადამიანების შექმნამდე დიდი ხნით ადრე არსებობდნენ.

უფრო მეტიც, ანგელოზები და ადამიანები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან თავიანთი ბუნებითა და იმ როლით, რომელიც იეჰოვას განზრახვის თანახმად აქვთ დაკისრებული *. ღმერთმა ადამიანი ‘ანგელოზებზე ოდნავ დაბლა დააყენა’ (ებრაელები 2:7). აქედან გამომდინარე, ანგელოზები ზეადამიანური ქმნილებები არიან, რომლებსაც მეტი გონებრივი შესაძლებლობები და ძალა აქვთ. ანგელოზებისთვის „განკუთვნილი სამკვიდრო“ ზეცაა (იუდა 6). რაც შეეხება ადამიანებს, ღვთის თავდაპირველი განზრახვის თანახმად, მათ მარადიულად დედამიწაზე უნდა ეცხოვრათ (დაბადება 1:28; 2:17; ფსალმუნები 36:29). თუ პირველი წყვილი ღმერთს დაემორჩილებოდა, არასოდეს მოკვდებოდნენ. როგორც ვხედავთ, ანგელოზებსა და ადამიანებს თავიდანვე განსხვავებული როლი ეკისრათ ღვთის განზრახვაში.

რა ხდება სიკვდილის შემდეგ?

ჩვენ სხვა მნიშვნელოვანი კითხვებიც უნდა განვიხილოთ. მაგალითად, რა ხდება, როდესაც ადამიანები კვდებიან? განაგრძობენ ისინი არსებობას სხვა ფორმით, მაგალითად, როგორც ანგელოზები ზეცაში? ბიბლია მარტივად და გასაგებად სცემს ამ კითხვებზე პასუხს: „ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან, ხოლო მკვდრებმა არაფერი არ იციან“ (ეკლესიასტე 9:5). ასე რომ, სიკვდილის შემდეგ ადამიანები წყვეტენ არსებობას. მკვდარმა აბსოლუტურად არაფერი იცის და ვერაფერს გრძნობს.

არსებობს რაიმე იმედი გარდაცვლილთათვის? რა თქმა უნდა. ბიბლიაში ნაჩვენებია, რომ გარდაცვლილთა უმეტესობისთვის არსებობს აღდგომის იმედი. მათგან უმრავლესობა აღდგება დედამიწაზე სამოთხეში საცხოვრებლად (ლუკა 23:43; იოანე 5:28).

ადამიანთა მცირე ნაწილს აქვს ზეცაში აღდგომის იმედი. მათი რიცხვი 144 000-ია. მაგრამ ისინი საკმაოდ განსხვავდებიან ანგელოზებისგან. მაგალითად, 144 000-ის წევრები ქრისტეს თანამმართველი მეფეები და მღვდლები იქნებიან. მათ გასამართლების უფლება ექნებათ (1 კორინთელები 6:3; გამოცხადება 20:6). ბავშვობაში კვდებიან ისინი, ვინც 144 000-ს მიეკუთვნება? არა. 144 000-ის წევრები ქრისტეს მიმდევრები არიან, რომლებიც გამოცდას გადიან და ყოველმხრივ იცდებიან (ლუკა 22:28, 29).

დავფიქრდეთ აგრეთვე, რა განსხვავებაა გარდაცვლილებსა და ანგელოზებს შორის. „მკვდრებმა არაფერი არ იციან“, მაშინ როცა ანგელოზებს ყველაფერი კარგად ესმით, ყველაფერს გრძნობენ, გადაწყვეტილებების მიღების უნარი აქვთ და ნების თავისუფლებით სარგებლობენ (დაბადება 6:2, 4; ფსალმუნები 145:4; 2 პეტრე 2:4). გარდაცვლილები ბიბლიაში მოხსენიებულნი არიან როგორც „უსიცოცხლოები“, ანგელოზები კი — როგორც „ძალით ძლიერნი“ (ესაია 26:14, აქ; ფსალმუნები 102:20). ადამის შთამომავლები ცოდვისა და არასრულყოფილების შედეგად კვდებიან, ხოლო ანგელოზები სრულყოფილები არიან და იეჰოვას აბსოლუტური კეთილგანწყობით სარგებლობენ (მათე 18:10).

სატელევიზიო პროგრამებსა თუ ფილმებში შეიძლება მიცვალებულთა სულები ანგელოზებად იყვნენ წარმოდგენილნი, მაგრამ ამ შეხედულებას მხარს არ უჭერს ბიბლია. ამ სტატიაში განხილული ბიბლიური ჭეშმარიტება გვეხმარება, სწორი წარმოდგენა გვქონდეს იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაში არიან ჩვენი გარდაცვლილი ახლობლები. ბიბლია გვარწმუნებს, რომ ერთგული ანგელოზები, ღვთის ძლევამოსილი მსახურები, ადამიანებისგან დამოუკიდებლად, უშუალოდ ღვთის მიერ იყვნენ შექმნილნი. ისინი ადამიანებზე მაღლა დგანან და ყოველთვის მზად არიან იეჰოვას ნების შესასრულებლად. საბედნიეროდ, ღვთის ნებით ანგელოზები იცავენ და ეხმარებიან იმ ადამიანებს, რომლებსაც გულწრფელად უყვართ იეჰოვა და მთელი გულით ემსახურებიან მას (ფსალმუნები 33:8).

გიფიქრიათ?

ანგელოზებად იქცნენ თქვენი გარდაცვლილი ახლობლები და ღმერთს ემსახურებიან ზეცაში? (ეკლესიასტე 9:5, 10).

▪ იმიტომ კვდებიან ბავშვები, რომ ღმერთს უფრო მეტი ანგელოზი ჰყავდეს ზეცაში? (იობი 34:10).

▪ შეუძლიათ გარდაცვლილებს ცოცხლების დაცვა? (ესაია 26:14).

[სქოლიოები]

^ აბზ. 10 სიტყვა „ანგელოზი“, რომელიც სიტყვასიტყვით ნიშნავს „მაცნეს“, ზოგჯერ შეიძლება ფართო გაგებით გამოიყენებოდეს, მაგალითად, სხვადასხვა სულიერ ქმნილებასთან და თვით ღვთის მსახურ ადამიანებთან მიმართებაში. მაგრამ ამ სტატიაში საუბარია სულიერ ქმნილებებზე, რომლებსაც ბიბლიაში ანგელოზები ეწოდებათ.

[ჩანართი 29 გვერდზე]

„ადიდონ [ანგელოზებმა] სახელი უფლისა; რადგან მან ბრძანა და შეიქმნენ“ (ფსალმუნები 148:2, 5).