ბავშვის რწმენა
ბავშვის რწმენა
დასტინის დედა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიას სწავლობდა. შესწავლას ზოგჯერ დასტინიც ესწრებოდა. მაშინ ის 11 წლის იყო. დასტინი განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩეოდა და ბევრ აზრიან კითხვას სვამდა. მალე მან მისიონერს, რომელიც დედამისს ბიბლიას ასწავლიდა, სთხოვა, მასთან ცალკე ჩაეტარებინა შესწავლა. ის ნასწავლს თანაკლასელებს უყვებოდა.
დასტინმა სამეფო დარბაზში შეხვედრებზე დასწრება დაიწყო. როცა მასალა აუდიტორიასთან განიხილებოდა, ის კითხვებზეც პასუხობდა. როდესაც დასტინი თავის უმცროს და–ძმებთან ერთად მივიდა მამის სანახავად, რომელსაც სხვა ოჯახი ჰყავდა, მამამისმა კატეგორიულად მოითხოვა, რომ მათ ეკლესიაში ევლოთ. დასტინმა მამას აუხსნა, რატომ ერჩივნა სამეფო დარბაზში სიარული, რის შემდეგაც მისგან თანხმობა მიიღო.
ერთ საღამოს, სამეფო დარბაზში შეხვედრის დამთავრების შემდეგ, დასტინის დედამ შეამჩნია, რომ ბავშვი მის გვერდით აღარ იყო. ის თეოკრატიული სამსახურის სკოლის ზედამხედველთან მისულიყო, რათა სკოლაში ჩაწერილიყო. დასტინი მოუთმენლად ელოდა თავის პირველ დავალებას. ამავე პერიოდში მას ბარძაყში ძლიერი ტკივილები დაეწყო. გამოსაკვლევად ის სხვადასხვა ექიმთან მიიყვანეს. იმ დროისთვის, როცა სამეფო დარბაზში მოხსენებით გამოსვლის დღე დადგა, დასტინი უკვე ყავარჯნებით დადიოდა. აშკარა იყო, რომ მას ძალიან აწუხებდა ტკივილი, მაგრამ სცენაზე მაინც ყავარჯნების გარეშე ავიდა.
მალე დასტინს ევინგის სარკომის, ძვლის კიბოს იშვიათი ფორმის, დიაგნოზი დაუსვეს. მომდევნო წელი
მან სან–დიეგოს (კალიფორნიის შტატი) ბავშვთა საავადმყოფოში გაატარა. დაავადების პროგრესირების გამო მას ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია დაუნიშნეს. ცოტა ხანში საჭირო გახდა მარჯვენა ფეხის ამპუტაცია და მენჯის ძვლის ამოღება. ყველაფრის მიუხედავად, მას არ შესუსტებია ძლიერი რწმენა და იეჰოვასადმი სიყვარული. როცა წაკითხვის თავი აღარ ჰქონდა, მას უკითხავდა დედამისი, რომელიც გვერდიდან არ შორდებოდა.დასტინის მდგომარეობა დღითი დღე უარესდებოდა, მაგრამ ის არასდროს გამოთქვამდა უკმაყოფილებას. იგი თავისი ინვალიდის სავარძლით სულ მოძრაობდა და ამხნევებდა სხვა პაციენტებსა და მათ მშობლებს, მათ შორის ერთ იეჰოვას მოწმე პაციენტს. საავადმყოფოს მედპერსონალი ხედავდა, რომ დასტინი და იეჰოვას მეორე მოწმე განსხვავებულები იყვნენ — აშკარა იყო, რომ რწმენა მათ ძალებს მატებდათ.
დასტინს მონათვლის სურვილი ჰქონდა. უხუცესებმა მასთან განიხილეს იეჰოვას მოწმედ მონათვლის მსურველთათვის გათვალისწინებული კითხვები. განხილვების დროს დასტინი დივანზე იწვა, რადგან წამოჯდომაც კი არ შეეძლო. 2004 წლის 16 ოქტომბერს, 12 წლის ასაკში, დასტინი სარაიონო კონგრესზე მოინათლა.
მონათვლის მოხსენების დაწყებამდე დასტინი ინვალიდის სავარძლით მიიყვანეს მონათვლის მსურველთათვის განკუთვნილ ადგილზე. როდესაც მონათვლის მსურველებს ფეხზე ადგომა სთხოვეს, საუკეთესო კოსტიუმში გამოწყობილი დასტინი ცალ ფეხზე წამოდგა, ისე რომ ხელებით სავარძელს დაეყრდნო. მან ხმამაღლა და გარკვევით უპასუხა მონათვლის მსურველებისთვის დასმულ კითხვებს. დასტინის ნათლობას მთელი მისი ოჯახი ესწრებოდა მამისა და დედინაცვლის ჩათვლით. მათ შორის საავადმყოფოს თანამშრომლები და იმ ბავშვების მშობლები, რომლებიც მასთან ერთად იწვნენ საავადმყოფოში.
მონათვლის მომდევნო დღეს დასტინი საავადმყოფოში დააბრუნეს. მას სიმსივნე უკვე მთელ სხეულზე ჰქონდა მოდებული. როდესაც ძალიან დასუსტდა, დასტინმა დედას ჰკითხა, ხომ არ კვდებოდა. დედამ უთხრა: „რატომ მეკითხები? გეშინია სიკვდილის?“
„არა, — მიუგო მან. — თვალებს დავხუჭავ და, როცა აღვდგები, ისეთი გრძნობა მექნება, თითქოს თვალები ერთი წამის წინ დავხუჭე. ტკივილი აღარასოდეს შემაწუხებს. მე მხოლოდ თქვენზე ვნერვიულობ“.
დასტინი მომდევნო თვეს დაიღუპა. მის დაკრძალვას ესწრებოდნენ ექიმები, ექთნები, საავადმყოფოს თანამშრომელთა ოჯახები, მასწავლებლები, მეზობლები და, რაღა თქმა უნდა, დასტინის ოჯახის წევრები. დასტინს სურდა, რომ დაკრძალვაზე მისი რწმენის შესახებ მოხსენება წაკითხულიყო. შესანიშნავი და რწმენის განმამტკიცებელი მოხსენება წარმოთქვა თეოკრატიული სამსახურის სკოლის მასწავლებელმა. სწორედ მან მისცა დასტინს ერთადერთი დავალება, რომლითაც ის აუდიტორიის წინაშე წარდგა. დაკრძალვის მოხსენებას იმდენი ხალხი ესწრებოდა, რომ ბევრი ფეხზე იდგა.
დაკრძალვაზე ყველას მისცეს ბარათი, რომელზედაც ეწერა დასტინის ორი საყვარელი ბიბლიური მუხლი: მათე 24:14 და 2 ტიმოთე 4:7. დასტინის რწმენა და ერთგულება ამხნევებდა ყველას, ვინც მას იცნობდა. ჩვენ მოუთმენლად ველით აღდგომისას მასთან შეხვედრას. (მოგვითხრო იეჰოვას მოწმემ, რომელიც დასტინს ბიბლიას ასწავლიდა)
[ჩანართი 27 გვერდზე]
„ღირსეულ ბრძოლაში ვიბრძოდი, სარბიელი ბოლომდე გავირბინე და რწმენა შევინარჩუნე“ (2 ტიმოთე 4:7).
[სურათი 26 გვერდზე]
ზევით: დასტინი ავადმყოფობამდე.
[სურათი 26 გვერდზე]
ქვევით: დასტინის ნათლობა. ის ამ დროს 12 წლის იყო.