არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

გასული წელი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში „ყველაზე თბილი წელი იყო“, მთელ დედამიწაზე კი საშუალო ტემპერატურული მაჩვენებელით ის მხოლოდ ერთი წლის მაჩვენებელს ჩამოუვარდებოდა. გასული ათი წლიდან რვა წელი რეკორდული საშუალო ტემპერატურით გამოირჩეოდა (ბი–ბი–სი, დიდი ბრიტანეთი).

2005 წელს ატლანტიკის ოკეანის აუზში „ქარიშხლების ყველაზე აქტიური და გამანადგურებელი სეზონი იყო“. 14 ქარიშხლიდან 7-ის სიჩქარე საათში 175 კმ–ს აჭარბებდა (აშშ–ს ოკეანოლოგიისა და ატმოსფეროს კვლევის ეროვნული ადმინისტრაცია).

„1850 წელს მონტანაში გლეტჩერის ეროვნულ პარკში 150-ზე მეტი მყინვარი იყო. დღეს მათგან მხოლოდ 27 დარჩა“ („უოლ–სტრიტ ჯორნელი“, აშშ).

„მწარე რეალობაა, რომ არც ერთ ქვეყანას არ სურს საკუთარი ეკონომიკა შესწიროს გლობალური დათბობის პრობლემის მოგვარებას“ (ტონი ბლერი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი).

კათოლიკეები კარდაკარ ივლიან?!

სან–პაულუს არქიეპისკოპოსის კლაუდიუ უმესის სიტყვების თანახმად, ბრაზილიაში ბოლო 14 წლის მანძილზე კათოლიკეების რიცხვი 83-დან 67 პროცენტამდე შემცირდა. არქიეპისკოპოსი ამაში ეკლესიებს ადანაშაულებს, რადგან „მათი მონათლული წევრები მოკლებულნი არიან სახარების საფუძვლიან ქადაგებას, რაც სხვადასხვა მიზეზითაა განპირობებული“. უმესი ამბობს: „ჩვენ არ უნდა შემოვიფარგლოთ მრევლით და მორწმუნე ადამიანებისთვის საქადაგებლად უნდა ვიაროთ კარდაკარ, სკოლებსა და დაწესებულებებში“. „ფოლია ონლაინში“ აღნიშნულია, რომ ამ საქმის შესასრულებლად ორგანიზება უნდა გაეწიოს საერო პირების მისიონერებად მომზადებას. მღვდლების სიმცირე ერთ–ერთი სერიოზული პრობლემაა, რომლის წინაშეც დგანან კათოლიკური ეკლესიები როგორც ბრაზილიაში, ისე ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებში.

იურიდიული აღიარება გერმანიაში

2006 წლის 10 თებერვალს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებით ფედერალურ–ადმინისტრაციულმა სასამართლომ ლაიფციგში (გერმანია) დაადგინა, რომ მთავრობამ იეჰოვას მოწმეების რელიგიური გაერთიანება საჯარო სამართლის იურიდიულ პირად უნდა აღიაროს. ამ გადაწყვეტილებით დასრულდა 15-წლიანი სასამართლო პროცესი, რომლის განმავლობაშიც ეს საქმე განიხილებოდა გერმანიის სხვადასხვა სასამართლოში, მათ შორის ფედერალურ საკონსტიტუციო სასამართლოში. ახლა იეჰოვას მოწმეთა რელიგიური გაერთიანება, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სარგებლობს საგადასახადო შეღავათებით და სხვა უფლებებით, რომლებიც ქვეყნის ძირითად რელიგიებს აქვთ.

ჩინელი ახალგაზრდები — ინტერნეტ თამაშების მანიაკები

„ჩინეთში სულ უფრო და უფრო იზრდება იმ ახალგაზრდების რიცხვი, რომლებიც ინტერნეტ თამაშებით არიან გატაცებულნი“, — აღნიშნავს ჰონკონგის ერთ–ერთი გაზეთი (South China Morning Post). მსგავსი ტენდენცია შეიმჩნევა მეზობელ ქვეყნებშიც, მაგალითად იაპონიაში, კორეის რესპუბლიკასა და ჰონკონგში. ზემოაღნიშნულ გაზეთში ნათქვამია: „ინტერნეტ თამაშების დიდი სურვილი ახალგაზრდების უკურეაქციაა საზოგადოების ზეწოლაზე. ამას განაპირობებს ის, რომ მშობლები მათ ზედმეტ მოთხოვნებს უყენებენ და უნივერსიტეტში მოსაწყობად დიდი კონკურსებია“. გამოთვლების თანახმად, ექვს მილიონამდე ჩინელ ბავშვს სჭირდება დახმარება, რომ დაძლიოს ეს მანია.