არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ დავეხმარო სხვებს?

როგორ დავეხმარო სხვებს?

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ დავეხმარო სხვებს?

„სკოლას რომ დავამთავრებ, ელექტროტექნიკოსად დავიწყებ მუშაობას. მინდა ჩემი წვლილი შევიტანო სამეფო დარბაზების მშენებლობაში“ (ტრისტანი, 14 წლის).

„ოც დოლარს ვწირავ ახალი საბეჭდი დაზგისთვის. ეს ჩემი ჯიბის ფულია, მაგრამ თქვენ გაძლევთ“ (აბი, 9 წლის).

დღეს, ზოგის აზრით, ახალგაზრდები მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ. მაგრამ ბევრის — მათ შორის ზემოხსენებული მოზარდების — მაგალითი სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს. იეჰოვას მოწმეთა შორის მრავლად არიან ახალგაზრდები, რომლებიც საკუთარ დროს, ენერგიასა და სახსრებს არ იშურებენ სხვების დასახმარებლად (ფსალმუნები 109:3). ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე შემთხვევა.

ჯირა შვიდი წლისაა და ავსტრალიაში ცხოვრობს. ბებიის სიკვდილის შემდეგ პაპამ მას 30 ევრო აჩუქა. როგორ გამოიყენა მან ეს ფული? კრების შეხვედრაზე ჯირამ მთელი ეს თანხა შესაწირავების ყუთში ჩააგდო, მიზეზი კი დედამისს შემდეგი სიტყვებით განუმარტა: „სათამაშოები ისედაც ბევრი მაქვს, ბებია კი ერთი მყავდა. ბებიას ძალიან უყვარდა იეჰოვა და ვიცი, ცოცხალი რომ ყოფილიყო, ეს ძალიან გაუხარდებოდა“.

ხუთი წლის ხანას, რომელიც შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, ძალიან უყვარს ცხენები. მას უნდოდა სათამაშო ცხენი ჰქონოდა, რომელიც 75 დოლარი ღირდა. ფულის დაზოგვა რომ ესწავლებინათ, მშობლები ზოგჯერ ხანას ფულს აძლევდნენ ყულაბაში ჩასაგდებად. მალე ხანას ყულაბაში იმაზე მეტი ფული ჰქონდა, ვიდრე სათამაშო ცხენის საყიდლად იყო საჭირო.

მაგრამ ამ პერიოდში მექსიკის ყურის სანაპიროს ქარიშხალმა „კატრინამ“ გადაუარა. ხანას ძალიან შეეცოდა ქარიშხლის დროს დაზარალებულები და გადაწყვიტა, მოგროვებული თანხა — 100 დოლარზე მეტი — მთლიანად მათ დასახმარებლად გაეღო. ხანამ იეჰოვას მოწმეთა მთავარ სამმართველოში გაგზავნა წერილი, სადაც ეწერა: „მინდა ეს ფული თქვენ მოგცეთ. მე მიყვარს იეჰოვა და ამიტომ მინდა სხვებს დავეხმარო“. ხედავს იეჰოვა ასეთ გულუხვობას? ბიბლიაში ნათქვამია: „ნუ დაივიწყებთ კარგის კეთებასა და გაზიარებას, რადგან ღმერთს სიამოვნებს ასეთი მსხვერპლი“ (ებრაელები 13:16).

2004 წელს ფლორიდაში მომხდარი ქარიშხლების შემდეგ ტიფანიმ, რომელიც ასევე შეერთებული შტატებიდანაა, წერილი მისწერა იეჰოვას მოწმეთა მთავარ სამმართველოს. ის წერდა: „მე და ჩემს ძმას, ტიმოთეს, გვინდა 110 დოლარი შემოგწიროთ. ჩვენი სახლი ძალიან არ დაზიანებულა, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რა მდგომარეობაში იყო სხვა სახლები. გვინდოდა მათ დავხმარებოდით და ფულის შეგროვება დავიწყეთ. ტიმოთე მეზობლებს ეხმარებოდა კედლებიდან პლასტიკატების აძრობაში და 10 დოლარი მისცეს. მე 100 დოლარი მოვაგროვე“. ტიფანი 13 წლისაა, ტიმოთე კი 7-ის. რა კურთხევებს მივიღებთ, თუ სხვების ინტერესებს საკუთარზე წინ დავაყენებთ? იგავების 11:25-ში ვკითხულობთ: „ვინც სხვას ასმევს წყალს, თვითონაც დარწყულებული იქნება“.

4-დან 15 წლამდე რამდენიმე ამერიკელმა ბავშვმა და მოზარდმა გაიგო, რომ აფრიკაში თანამორწმუნეებს სამეფო დარბაზები ესაჭიროებოდათ. მათ გადაწყვიტეს, რამე ეღონათ. „ნამცხვრების გაყიდვით მოვაგროვეთ 106 დოლარი და 54 ცენტი. ხალხს ვეუბნებოდით, რომ ამ ფულით აფრიკაში აშენდებოდა შეხვედრების ადგილები, რომლებიც ბიბლიის შესასწავლად იქნებოდა განკუთვნილი. შედეგად ნამცხვრებს ბევრი ყიდულობდა. ამ საქმეს 9 საათი მოვანდომეთ, მაგრამ დროის დახარჯვა ნამდვილად ღირდა, რადგან ეს იეჰოვასთვის გავაკეთეთ!“

შენც შეგიძლია სხვების დახმარება

ახალგაზრდებმა, რომლებიც ზემოთ მოვიხსენიეთ, საკუთარ თავზე გამოსცადეს იესოს სიტყვების ჭეშმარიტება: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35). ასეთი ბედნიერების განცდა შენც შეგიძლია. როგორ?

ზოგჯერ თანამორწმუნეებს დახმარება სჭირდებათ, მაგალითად სტიქიური უბედურების დროს. ასეთ დროს ეცადე წარმოიდგინო, რას ნიშნავს სახლის დანგრევა, ქონების დაკარგვა ან საყვარელი ადამიანის სიკვდილი. მოციქულმა პავლემ დაწერა, რომ ქრისტიანებს მხოლოდ ‘პირად ინტერესებზე კი არ უნდა ეზრუნათ, არამედ სხვების ინტერესებზეც’ (ფილიპელები 2:4). მაშინაც კი, თუ სტიქიური უბედურების ზონიდან შორს ცხოვრობ, შეგიძლია შესაწირავი გაიღო სამაშველო სამუშაოებისთვის, რომლებსაც იეჰოვას მოწმეები უწევენ ორგანიზებას *.

სხვების დასახმარებლად არსებობს სხვა გზებიც. მაგალითად, თუ იეჰოვას მოწმე ხარ, დაფიქრდი შენი კრების წევრებზე. არიან მათ შორის ხანდაზმულები ან სხვები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ? შეგიძლია მიეხმარო მათ სახლის დალაგებაში? მოციქულმა პავლემ რომაელ ქრისტიანებს მისწერა: „ძმათმოყვარეობაში სათუთი გრძნობები გამოავლინეთ ერთმანეთის მიმართ. პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით“ (რომაელები 12:10). გამოავლინე ინიციატივა, თუ ხედავ, რომ ვინმეს დახმარება ესაჭიროება. მზად იყავი ნებისმიერი საქმის შესასრულებლად და ნურაფერს ჩათვლი სათაკილოდ. გახსოვდეს, რომ სხვების მომსახურებასა და იეჰოვას მსახურებას შორის მჭიდრო კავშირია. ბიბლიაში ნათქვამია: „ღატაკის მწყალობელი უფალს აძლევს სესხს და სამაგიეროს ის მიუზღავს მას“ (იგავები 19:17).

რა თქმა უნდა, ხალხს ყველაზე მეტად იმით დავეხმარებით, თუ ბიბლიურ ცოდნას გავუზიარებთ. იესომ თქვა: „მარადიული სიცოცხლე რომ მიიღონ, უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). დღეს ხალხი განსაკუთრებით საჭიროებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბიბლიური ჭეშმარიტების გაგებას. ამიტომ კვლავაც რეგულარულად და გულმოდგინედ იქადაგე და დარწმუნებული იყავი, რომ ‘შენი შრომა ფუჭი არ არის’ (1 კორინთელები 15:58).

სხვა სტატიების ნახვა რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ შეგიძლია შემდეგ ვებ-გვერდზე: www.watchtower.org/ypa

დაფიქრდი

▪ ვის შეგიძლია გაუწოდო დახმარების ხელი?

▪ რის გაკეთება შეგიძლია სხვების დასახმარებლად?

[სქოლიოები]

^ აბზ. 13 უშუალოდ სამაშველო სამუშაოებისთვის გაღებული შესაწირავები ძალიან დასაფასებელია. მაგრამ უმჯობესია, ასეთი შესაწირავები იეჰოვას მოწმეების მსოფლიო საქმისთვის იქნეს გაღებული, რადგან საჭიროების შემთხვევაში თანხის გამოყოფა ამ ფონდიდან ხდება.

[ჩანართი 25 გვერდზე]

„ნუ დაივიწყებთ კარგის კეთებასა და გაზიარებას, რადგან ღმერთს სიამოვნებს ასეთი მსხვერპლი“ (ებრაელები 13:16).

[ჩარჩო⁄სურათები 24, 25 გვერდებზე]

რატომ უნდა დავეხმაროთ სხვებს?

«ვხედავდი, რომ ჩემი მშობლები დროსა და ენერგიას არ იშურებდნენ იეჰოვას მსახურებისთვის და სხვების დასახმარებლად. ამან აღმძრა, მათთვის მიმებაძა. მამაჩემი მეუბნებოდა: „ყველაფერი, რასაც იეჰოვასთვის გააკეთებ, თუნდაც მცირედი, არასდროს დაგეკარგება. იეჰოვა მარადიულია და შენს საქმეებს არასოდეს დაივიწყებს. მაგრამ, თუ მხოლოდ საკუთარი თავისთვის იცხოვრებ, ამით ვერაფერს მოიგებ. როცა მოკვდები, ყველაფერს დაკარგავ“» (კენტარო, 24 წლის, იაპონია).

„გულწრფელად რომ ვთქვა, დიდად არ მინდოდა შაბათს ხანდაზმულებთან წასვლა და მათი სახლის დალაგება. მერჩივნა გართობა და თანატოლებთან ყოფნა. მაგრამ დავინახე, რომ მათთან ურთიერთობა ძალიან საინტერესო იყო. ერთ დროს ისინიც ხომ ახალგაზრდები იყვნენ. ამის შემდეგ ხანდაზმულების დახმარება ჩემთვის სასიამოვნო გახდა“ (ჯონი, 27 წლის, ინგლისი).

„მქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიმეღო სამეფო დარბაზის დასუფთავებასა და სხვა საქმეებში. ასევე დიდ სიამოვნებას მანიჭებდა თანამორწმუნეების დახმარება. ბედნიერებაა, როცა სხვების სიხარულს ხედავ. ერთხელ ხანდაზმულ დას შპალერის გაკვრაში მივეხმარეთ. მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა! როცა სხვას სიხარულს ანიჭებ, შენც უზომოდ კმაყოფილი ხარ“ (ჰერმანი, 23 წლის, საფრანგეთი).

[სურათი 24 გვერდზე]

ბევრი ბავშვი ფულს სწირავს სტიქიური უბედურების დროს დაზარალებულთათვის.