არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რომელია ყველაზე ძვირფასი სითხე?

რომელია ყველაზე ძვირფასი სითხე?

რომელია ყველაზე ძვირფასი სითხე?

„სისხლი ჯანმრთელობისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ნავთობი სატრანსპორტო საშუალებებისთვის“ (არტურ კაპლანი, პენსილვანიის უნივერსიტეტთან არსებული ბიოეთიკური ცენტრის დირექტორი).

ნავთობი — არის ის ყველაზე ძვირფასი სითხე? დღეს, როდესაც მისი ფასი დღითი დღე მატულობს, მრავალი ასე ფიქრობს. მაგრამ სინამდვილეში თითოეულ ჩვენგანში არის რამდენიმე ლიტრი ბევრად უფრო ძვირფასი სითხე. დაფიქრდით შემდეგ ფაქტზე: მაშინ როდესაც, საწვავზე ადამიანთა მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ყოველწლიურად მილიარდობით ბარელ ნავთობს ქაჩავენ დედამიწის წიაღიდან, დაავადებულთა დასახმარებლად დაახლოებით 90 მილიონ ერთეულ სისხლს იღებენ დონორებისგან *. სისხლის ასე საოცარ რაოდენობას დაახლოებით 8 მილიონი ადამიანისგან იღებენ.

ნავთობის მსგავსად, სისხლის მარაგიც შეზღუდულია. მთელ მსოფლიოში სამედიცინო საზოგადოებები აცხადებენ, რომ სისხლის მარაგი ძალიან ცოტა აქვთ (იხილეთ ჩარჩო „სავალალო მაჩვენებლები“). რა ხდის სისხლს ასე ძვირფასს?

უნიკალური „ორგანო“

ძალიან რთული აგებულების გამო სისხლს ხშირად ორგანოდ მოიხსენიებენ. „ორგანიზმის მრავალი ორგანოდან ერთ–ერთი არის სისხლი, რომელიც საოცარი და უნიკალურია“, — უთხრა დ–რ ბრუს ლენსმა „გამოიღვიძეთ!“–ის კორესპონდენტს. სისხლი მართლაც უნიკალურია! ერთ სახელმძღვანელოში სისხლზე ნათქვამია, რომ ის არის „ერთადერთი თხევადი ორგანო“. იგივე წიგნი სისხლს „ცოცხალ სატრანსპორტო სისტემას“ უწოდებს. რას ნიშნავს ეს?

„სისხლის მიმოქცევის სისტემა ჰგავს ვენეციის არხთა სისტემას, — ამბობს მეცნიერი ლი ანდერსონი. — მისი საშუალებით ხდება მრავალი სასარგებლო რამის ტრანსპორტირება, მაგრამ მას ნარჩენებიც გადააქვს“. სისხლის მიმოქცევის 100 000–კილომეტრიან სისტემაში მოძრაობის დროს სისხლი ჩვენი სხეულის ყველა ქსოვილთან მიდის; ის გაივლის გულს, თირკმელებს, ღვიძლსა და ფილტვებს — სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს, რომელთა ფუნქციონირებაც სისხლზეა დამოკიდებული.

სისხლი უჯრედებს აწვდის მრავალ „სასარგებლო რამეს“ — ჟანგბადს, საკვებს და დამცავ ნივთიერებებს, მაგრამ ამავე დროს უჯრედებიდან გამოაქვს „ნარჩენები“ — ნახშირორჟანგი, დაზიანებული და მკვდარი უჯრედების ნაწილები და ნივთიერებათა ცვლის სხვა პროდუქტები. ამ უკანასკნელთა მოშორებაში სისხლის როლის ცოდნა გვეხმარება, გავიგოთ, თუ რატომ არის საშიში სხეულიდან გამოსულ სისხლთან კონტაქტი. და ვერავინ ვერასოდეს შეძლებს მოგვცეს იმის გარანტია, რომ სისხლში არსებული ყველა „ნარჩენი“ დანახული და მოშორებული იქნება მანამ, სანამ ამ სისხლს ვინმესთვის გამოიყენებენ.

ეჭვგარეშეა, სისხლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებს. ამიტომაც დაინერგა მედიცინაში იმ პაციენტებისთვის სისხლის გადასხმა, რომლებმაც სისხლი დაკარგეს. მრავალი ექიმი იტყოდა, რომ სწორედ ამიტომ არის სისხლი ასე ძვირფასი. მაგრამ მედიცინაში ცვლილებები ხდება. შეიძლება ითქვას, რომ ახლა რაღაც რადიკალურად იცვლება. მრავალი ექიმი და ქირურგი ისე აღარ უყურებს სისხლის გადასხმა, როგორც ადრე. რატომ?

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 თითოეული ერთეული 450 მილილიტრის ტოლია.

[ჩარჩო⁄სურათი 4 გვერდზე]

სავალალო მაჩვენებლები

მედიცინის მუშაკების შეფასებით, მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად 200 მილიონზე მეტი ერთეული დონორის სისხლია საჭირო. მსოფლიო მოსახლეობის 82 პროცენტი განვითარებად ქვეყნებზე მოდის, მაგრამ ეს ქვეყნები დონორის სისხლის 40 პროცენტზე ნაკლების მომწოდებელია. განვითარებადი ქვეყნების მრავალ საავადმყოფოში სისხლის გარეშე უწევთ მკურნალობა. კენიაში გამომავალ გაზეთ „ნეიშენში“ აღნიშნულია, რომ „ყოველდღე იმ პროცედურების თითქმის ნახევარი, რომლის დროსაც სისხლის გადასხმაა საჭირო, სისხლის უქონლობის გამო ან საერთოდ არ კეთდება, ან სამომავლოდ იდება“.

სისხლის დეფიციტს მდიდარი ქვეყნებიც განიცდის. მოსახლეობაში ხანდაზმულთა რაოდენობის მატებისა და მედიცინაში წინსვლის შედეგად, ოპერაციათა რიცხვი იზრდება. გარდა ამისა, დღეს სულ უფრო და უფრო მეტი დონორისგან არ იღებენ სისხლს იმის გამო, რომ ამ ადამიანთა ცხოვრების წესი მათ სისხლს საშიშს ხდის ან ისინი ბევრს მოგზაურობენ და არსებობს იმის საშიშროება, რომ მათი სისხლი დაინფიცირებულია.

სავალალო მდგომარეობა, როგორც ჩანს, შეინიშნება სისხლის შემნახველ ცენტრებშიც. ზოგჯერ უსაფრთხო სისხლის დონორებად იყვანენ მოზარდებს, რომელთა ცხოვრების წესიც შედარებით ნორმალურია. მაგალითად, ზიმბაბვეში დონორის სისხლის 70 პროცენტი სკოლის მოსწავლეებისგან არის აღებული. სისხლის ამღები ცენტრები სამუშაო საათებს ახანგრძლივებენ და ზოგ ქვეყანაში დონორთა მისაზიდად ან შესანარჩუნებლად კომპენსაციასაც კი იძლევიან. მაგალითად, ჩეხეთის რესპუბლიკაში არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეებს გარკვეული რაოდენობის სისხლის სანაცვლოდ რამდენიმე ლიტრ ლუდს სთავაზობენ! არც ისე დიდი ხნის წინ ინდოეთის ერთ მხარეში პასუხისმგებელმა პირებმა წამოიწყეს ღონისძიება, რომ დონორების საპოვნელად კარდაკარ ევლოთ და ამგვარად გამოენახათ ასე საჭირო სისხლი.