არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სისხლის გადასხმა უსაფრთხოა?

სისხლის გადასხმა უსაფრთხოა?

სისხლის გადასხმა უსაფრთხოა?

„სისხლის გადასხმა გარკვეულწილად ჰგავს ტროპიკულ ტყეში სიარულს, სადაც აშკარად ჩანს ბილიკები, მაგრამ მაინც სიფრთხილეა საჭირო, რადგან მახლობლად შეიძლება ახალი და შენიღბული საშიშროება იმალებოდეს“ (იენ ფრანკლინი, სისხლის გადასხმის მეცნიერებათა პროფესორი).

მას შემდეგ, რაც XX საუკუნის 80–იან წლებში მსოფლიოში შიდს-ის ეპიდემიამ გარკვეული სინათლე მოჰფინა სისხლში არსებულ საშიშროებებს, გააქტიურდა „შენიღბული საშიშროებების“ აღმოფხვრაზე მუშაობა. მიუხედავად ამისა, უზარმაზარი დაბრკოლებები მაინც რჩება. 2005 წლის ივნისში ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღიარა: „სისხლის გადასხმის უსაფრთხოების ალბათობა . . . სხვადასხვა ქვეყანაში ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან“. რატომ?

მრავალ ქვეყანაში არ არსებობს სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფს სისხლისა და მისგან წარმოებული პროდუქტების შეგროვების, შემოწმებისა და ტრანსპორტირების უსაფრთხოებას. ზოგჯერ სისხლი ძალიან ცუდ პირობებში ინახება; მაგალითად, მათ ინახავენ სახლის თუ სამგზავრო მაცივრებში, რაც ძალიან საშიშია! უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე პაციენტებს შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დიდი პრობლემები გაუჩინოს სისხლმა, რომელიც ასობით და ზოგჯერ ათასობით კილომეტრის მოშორებით მცხოვრები ადამიანისგან არის აღებული.

უსაფრთხო სისხლი — უფრო და უფრო მიუღწეველი მიზანი

ზოგი ქვეყნის მედმუშაკები აცხადებენ, რომ სისხლი არასდროს ყოფილა ისე უსაფრთხო, როგორც დღეს. და მაინც, კვლავაც არსებობს მიზეზები, რომელთა გამოც სიფრთხილეა საჭირო. შეერთებული შტატების სისხლის სამი სააგენტოს მიერ მომზადებული „საინფორმაციო პროსპექტი“ პირველ გვერდზე იუწყებოდა: „გაფრთხილება: მთლიანი სისხლი და სისხლის კომპონენტები ადამიანისგან არის აღებული, ამიტომ ისინი შეიძლება შეიცავდეს ინფექციას, მაგალითად ვირუსს . . . დონორის გულმოდგინედ შერჩევა და ლაბორატორიული ანალიზის ჩატარება საშიშროებას არ სპობს“.

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო კავშირის უფროსი ოფიცერი პიტერ კაროლენი არც თუ უსაფუძვლოდ ამბობს: „სისხლის უსაფრთხოების აბსოლუტური გარანტიის მოცემა შეუძლებელია, — შემდეგ კი დასძენს, — ყოველთვის იარსებებს რაღაც ინფექცია, რომლის ამოცნობაც ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგად იმ მომენტისთვის შეუძლებელი იქნება“.

რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, თუ გამოჩნდება ახალი ინფექცია — მაგალითად, შიდს-ის მსგავსი — რომელიც სისხლში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ისე არსებობს, რომ ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგად მისი გამოვლინება შეუძლებელია, მაგრამ თავისუფლად გადაეცემა სისხლის გადასხმით? 2005 წლის აპრილში პრაღაში (ჩეხეთის რესპუბლიკა) ჩატარებულ სამედიცინო კონფერენციაზე შეერთებული შტატების ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტის დოქტორმა ჰარვეი კლაინმა ამ პროსპექტს „გამომაფხიზლებელი“ უწოდა. შემდეგ კი აღნიშნა: „სისხლის კომპონენტების მომწოდებლებმა საეჭვოა, რომ ახლა უკეთ შეძლონ სისხლის გადასხმით გავრცელებული ეპიდემიის აცილება, ვიდრე მაშინ, როდესაც შიდს-ი გამოჩნდა“.

შეცდომები და სისხლის გადასხმით გამოწვეული რეაქციები

რა სერიოზული საშიშროებებია დაკავშირებული სისხლის გადასხმასთან განვითარებულ ქვეყნებში? შეცდომები და იმუნოლოგიური რეაქციები. გაზეთი „გლოუბ ენდ მეილი“ 2001 წელს კანადაში ჩატარებული გამოკვლევის შესახებ იუწყებოდა, რომ ათასობით სისხლის გადასხმას შეიძლება სიკვდილი მოჰყოლოდა იმის გამო, რომ „სისხლი დაავადებული დონორისგან აიღეს; შენახულ სისხლს არასწორი წარწერა გაუკეთეს და პაციენტს სათანადო სისხლი არ გადაუსხეს“. 1995—2001 წლებში ასეთ შეცდომებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სულ მცირე, 441 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ადამიანს, რომელსაც დონორის სისხლს უსხამენ, ისეთივე საშიშროება ემუქრება, როგორიც იმას, ვისაც ორგანოს უნერგავენ. ჩვეულებრივ, იმუნური სისტემა ებრძვის უცხო ქსოვილს. ზოგჯერ სისხლის გადასხმა იმუნური სისტემის გააქტივებას უშლის ხელს. მსგავსი იმუნოსუპრესიის შედეგად პაციენტის ორგანიზმი ისე ვეღარ ებრძვის ინფექციებს და შეიძლება დაავადდეს იმ ვირუსით, რომელიც მის ორგანიზმში ოპერაციამდე უკვე იყო, მაგრამ დაავადებას არ იწვევდა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ზემოთ მოხსენიებული პროფესორი ფრანკლინი ექიმებს მოუწოდებს: „სანამ ავადმყოფს სისხლს გადაუსხამდეთ, დაფიქრდით ერთხელ, ორჯერ და სამჯერ“.

სპეციალისტების აზრი

ასეთი ცოდნით შეიარაღებული მედიცინის სულ უფრო და უფრო მეტი მუშაკი ეჭვის თვალით უყურებს სისხლის გადასხმას. ერთ–ერთ ნაშრომში ნათქვამია: „ზოგი ექიმის აზრით, ალოგენური სისხლი [სხვა ადამიანის სისხლი] საშიში პრეპარატია და სხვა პრეპარატების მსგავსად თუ შევაფასებთ, მისი გამოყენება უნდა აიკრძალოს“ (Dailey’s Notes on Blood).

2004 წლის მიწურულს აი, რა თქვა პროფესორმა ბრუს სპისმა იმ პაციენტებისთვის სისხლის მთავარი კომპონენტების გადასხმის თაობაზე, რომელთათვისაც გულის ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ: „ძალიან ცოტაა ან საერთოდ არ არსებობს [სამედიცინო] სტატიები, რომლებშიც აღნიშნულია, რომ სისხლის გადასხმა ავადმყოფის გამოჯანმრთელებას უწყობს ხელს“. პროფესორი სპისი აგრეთვე წერს, რომ სისხლის გადასხმა „სარგებლობის მოტანის ნაცვლად, ზიანს უფრო აყენებს პაციენტებს და თითქმის ნებისმიერი გადასხმის შემდეგ მოსალოდნელია ორგანიზმისთვის ზიანის მიყენება“; ამ დროს იზრდება „პნევმონიის, დაინფიცირების, გულის შეტევისა და ინსულტის რისკი“.

მრავალს აოცებს იმის გაგება, რომ სისხლის გამოყენებასთან დაკავშირებით სტანდარტები ერთნაირი არ არის. დ–რ გაბრიელ პედრასამ არც ისე დიდი ხნის წინათ ჩილელ კოლეგებს შეახსენა, რომ „არ არსებობს მყარი ნორმები სისხლის გადასხმასთან დაკავშირებით . . . რთულია ისეთი ნორმების დადგენა და მიყოლა, რომლებიც ყველგან ეფექტური იქნება“. გასაკვირი არ არის, რომ ედინბურგისა და შოტლანდიის სისხლის გადასხმის სამსახურების დირექტორი ბრაიან მაკლელანდი ექიმებს თხოვნით მიმართავს: „გახსოვდეთ, რომ სისხლის გადასხმა არის სისხლის ტრანსპლანტაცია და, ამიტომ, გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად უნდა დაფიქრდეთ“. ის ექიმებს ურჩევს, საკუთარ თავს დაუსვან კითხვა: „ამ პაციენტის ადგილას მე რომ ვიყო ან ჩემი შვილი იყოს, დავთანხმდებოდი სისხლის გადასხმაზე?“

ჯანდაცვის მუშაკთაგან არც თუ ისე ცოტამ გამოთქვა ისეთივე აზრი, როგორიც ერთმა ჰემატოლოგმა უთხრა „გამოიღვიძეთ!“–ის კორესპონდენტს: „ჩვენ, სისხლის გადასხმის სფეროში მომუშავე მედიკოსები, არ ვისურვებდით, ჩვენთვის გადაესხათ სისხლი ან სხვებისთვის მიგვეცა ჩვენი სისხლი“. თუ ასე ფიქრობენ ადამიანები, რომლებსაც კარგი სამედიცინო მომზადება აქვთ გავლილი, რა უნდა იფიქროს პაციენტმა?

შეიცვლება რამე?

„თუ სისხლის გადასხმა ასე საშიშია, — შეიძლება ფიქრობთ თქვენ, — რატომ მიმართავენ მას ასე ხშირად და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არსებობს ალტერნატიული საშუალებები?“ ერთ–ერთი მიზეზი ის არის, რომ მრავალი ექიმი, უბრალოდ, ფეხს ითრევს და არ უნდა მკურნალობის მეთოდების შეცვლა ან არ იცის, თუ რა თანამედროვე ალტერნატივები არსებობს. ჟურნალ „სისხლის გადასხმაში“ ნათქვამია: „ექიმები სისხლის გადასხმის შესახებ გადაწყვეტილებას ძველი მეთოდების, ტრადიციებისა და გამოცდილების საფუძველზე იღებენ“.

დიდი მნიშვნელობა აქვს ქირურგის გამოცდილებასაც. ინგლისელი დ–რ ბევერლი ჰანტი წერს, რომ „სხვადასხვა ქირურგის მიერ ჩატარებული ოპერაციების დროს პაციენტები სხვადასხვა რაოდენობით კარგავენ სისხლს; და უფრო და უფრო მეტი ყურადღება ექცევა იმას, რომ ქირურგებს ასწავლონ ოპერაციის დროს ჰემოსტაზური [სისხლდენის შემაჩერებელი] მეთოდების გამოყენება“. სხვები ამბობენ, რომ სისხლის გადასხმის ალტერნატიული საშუალებები ძალიან ძვირი ჯდება, თუმცა მიღებული ცნობები საპირისპიროზე მეტყველებს. მაგრამ მრავალი მედიკოსი დაეთანხმება მთავარი ექიმის, დ–რ მაიკლ როუზის სიტყვებს: „უსისხლო მკურნალობით ნებისმიერი პაციენტი საუკეთესო ქირურგიულ მომსახურებას იღებს“ *.

განა თქვენც საუკეთესო სამედიცინო მომსახურებას არ ისურვებდით? თუ დიახ, თქვენ რაღაც საერთო გაქვთ იმ ადამიანებთან, რომლებმაც ეს ჟურნალი მოგიტანეს. გთხოვთ, განაგრძოთ კითხვა და გაეცნოთ სისხლის გადასხმასთან დაკავშირებით მათ მნიშვნელოვან თვალსაზრისს.

[სქოლიოები]

^ აბზ. 19 იხილეთ ჩარჩო „სისხლის გადასხმის ალტერნატიული საშუალებები“, გვერდი 8.

[ჩანართი 6 გვერდზე]

„სანამ ავადმყოფს სისხლს გადაუსხამდეთ, დაფიქრდით ერთხელ, ორჯერ და სამჯერ“ (პროფესორი იენ ფრანკლინი).

[ჩანართი 6 გვერდზე]

„ამ პაციენტის ადგილას მე რომ ვიყო ან ჩემი შვილი იყოს, დავთანხმდებოდი სისხლის გადასხმაზე?“ (ბრაიან მაკლელანდი).

[ჩარჩო⁄სურათი 7 გვერდზე]

სისხლის გადასხმის შემდეგ ფილტვის მწვავე დაზიანების სინდრომით გამოწვეული სიკვდილი

სისხლის გადასხმით გამოწვეული ფილტვის მწვავე დაზიანების სინდრომი პირველად XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში აღმოაჩინეს; ეს არის სიცოცხლისთვის საშიში იმუნური რეაქცია, რომელიც სისხლის გადასხმის შედეგად ვითარდება. მიღებული ცნობების თანახმად, ამ დაავადების შედეგად ყოველწლიურად ასობით ადამიანი იღუპება. მაგრამ სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი ბევრად მაღალია, ვინაიდან ჯანდაცვის მრავალი მუშაკისთვის ამ დაავადების სიმპტომები უცნობია. თუმცა ბოლომდე ნათელი არ არის, თუ რა იწვევს ასეთ რეაქციას, ჟურნალ „ნიუ-საიენტისტის“ თანახმად, სისხლი, რომელიც ამგვარ რეაქციას იწვევს „როგორც ჩანს, ძირითადად, აღებულია დონორებისგან, რომელთაც ადრე სხვადასხვა ჯგუფის სისხლი გადაესხათ . . . ანუ ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ადრე არაერთხელ გაუკეთდათ სისხლის გადასხმა“. ერთი ცნობის თანახმად, შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთში სისხლის გადასხმით გამოწვეული გართულებების შედეგად სიკვდილიანობის სიაში ამ დაავადებას ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია, რის გამოც იგი „უფრო მეტ პრობლემას უქმნის სისხლის ბანკებს, ვიდრე საყოველთაოდ ცნობილი აივ-ით გამოწვეული შიდს-ი და მსგავსი დაავადებები“.

[ჩარჩო⁄დიაგრამა 8, 9 გვერდებზე]

რისგან შედგება სისხლი

დონორებისგან, ჩვეულებრივ, მთლიან სისხლს იღებენ. მაგრამ უმეტესწილად ისინი მხოლოდ პლაზმას აბარებენ. ზოგ ქვეყანაში მთლიან სისხლს ასხამენ, მაგრამ უფრო ხშირად, სანამ ლაბორატორიულად შეამოწმებენ და პაციენტისთვის გამოიყენებენ, მისგან ძირითად კომპონენტებს გამოყოფენ. ვნახოთ, რომელი ოთხი ძირითადი კომპონენტისგან შედგება სისხლი, რა ფუნქციებს ასრულებენ ისინი და რამდენი პროცენტია მათი შემცველობა.

პლაზმა მთლიანი სისხლის 52—62 პროცენტს შეადგენს. ის არის ჩალისფერი სითხე, რომელშიც გახსნილია სისხლის უჯრედები, ცილები და სხვა ნივთიერებები.

პლაზმის 91,5 პროცენტს წყალი შეადგენს, 7 პროცენტს კი — ცილები (ცილების დაახლოებით 4 პროცენტი არის ალბუმინი, 3 პროცენტი გლობულინები და 1 პროცენტზე ნაკლები ფიბრინოგენი). პლაზმის დარჩენილ 1,5 პროცენტს შეადგენს სხვა ნივთიერებები: საკვები ნივთიერებები, ჰორმონები, აირები, ელექტროლიტები, ვიტამინები და ნივთიერებათა ცვლის შედეგად წარმოქმნილი აზოტოვანი ნაერთები.

სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტები) შემცველობა მთლიან სისხლში 1 პროცენტზე ნაკლებია. ისინი ებრძვიან და ანადგურებენ ზიანის მომტან უცხო სხეულებს.

სისხლის ფირფიტები (თრომბოციტები) მთლიან სისხლში 1 პროცენტზე ნაკლებია. ისინი წარმოქმნიან თრომბებს, რომლებიც ხელს უშლის ჭრილობიდან სისხლის გამოსვლას.

სისხლის წითელი უჯრედები (ერითროციტები) მთლიანი სისხლის 38—48 პროცენტს შეადგენს. ეს უჯრედები ქსოვილებს ჟანგბადს აწვდის და მათგან ნახშირორჟანგი გამოაქვს, რითაც მათ სიცოცხლეს უნარჩუნებს.

სისხლის ფრაქციებს იღებენ როგორც პლაზმიდან, ისე სისხლის ძირითადი კომპონენტებიდან. მაგალითად, ჰემოგლობინი არის სისხლის წითელი უჯრედისგან გამოყოფილი ფრაქცია.

[დიაგრამა]

პლაზმა

წყალი 91,5%

ცილები 7%

ალბუმინი

გლობულინები

ფიბრინოგენი

სხვა ნივთიერებები 1,5%

საკვები ნივთიერებები

ჰორმონები

აირები

ელექტროლიტები

ვიტამინები

ნივთიერებათა ცვლის შედეგად წარმოქმნილი აზოტოვანი ნაერთები

[საავტორო უფლება]

Page 9: Blood components in circles: This project has been funded in whole or in part with federal funds from the National Cancer Institute, National Institutes of Health, under contract N01-CO-12400. The content of this publication does not necessarily reflect the views or policies of the Department of Health and Human Services, nor does mention of trade names, commercial products, or organizations imply endorsement by the U.S. Government

[ჩარჩო⁄სურათი 8, 9 გვერდებზე]

სისხლის გადასხმის ალტერნატიული საშუალებები

გასული ექვსი წლის განმავლობაში იეჰოვას მოწმეთა საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტებმა მთელ მსოფლიოში მედიცინის მუშაკებს შორის დაახლოებით 25 ენაზე გაავრცელეს ათი ათასობით ვიდეოფილმი „სისხლის გადასხმის ალტერნატივები — მარტივი, უსაფრთხო, ეფექტური“ *. ფილმში ნაჩვენებია, თუ როგორ მსჯელობენ მსოფლიოში ცნობილი ექიმები სისხლის გადასხმის გარეშე პაციენტთა მკურნალობის თანამედროვე ეფექტურ საშუალებებზე. ხალხი დადებითად ეხმაურება ამ ფილმს. მაგალითად, 2001 წლის მიწურულს ამ ფილმის ყურების შემდეგ დიდ ბრიტანეთში სისხლის ეროვნულმა სამსახურმა წერილი და ამ ვიდეოფილმის თითო ეგზემპლარი გაუგზავნა ბრიტანეთში არსებულ სისხლის ყველა ბანკის უფროსებსა და კვალიფიციურ ჰემატოლოგებს. მათ მოუწოდებდნენ, ენახათ ეს ფილმი, ვინაიდან „უფრო და უფრო მკვიდრდება აზრი, რომ კარგი მკურნალობა სისხლის გადასხმისგან თავის მაქსიმალურად შეკავებას ნიშნავს“. წერილში ნათქვამი იყო, რომ „[ამ ვიდეოფილმში მოცემული] მასალა ფასდაუდებელია და ჩვენი სამსახური მას ძალიან უჭერს მხარს“.

[სქოლიოები]

^ აბზ. 57 თუ გსურთ ნახოთ DVD „სისხლის გადასხმის ალტერნატივები — მარტივი, უსაფრთხო, ეფექტური“ (ხელმისაწვდომია სხვადასხვა ენაზე) დაუკავშირდით იეჰოვას მოწმეებს.

[ჩარჩო⁄სურათი 9 გვერდზე]

სისხლის ფრაქციებად დაყოფა სისხლის ინგრედიენტების სამკურნალოდ გამოყენება

მეცნიერებისა და ტექნოლოგიის წინსვლამ შესაძლებელი გახადა სისხლში შემავალი ნივთიერებების გამოვლენა და გამოყოფა. მაგალითად, ზღვის წყლიდან, რომელიც 96,5 პროცენტ წყალს შეიცავს, იღებენ ისეთ ნივთიერებებს, როგორიცაა მაგნიუმი, ბრომი და, რა თქმა უნდა, მარილი. მსგავსად ამისა, სისხლის პლაზმა, რომელიც მთლიანი სისხლის მოცულობის ნახევარზე მეტს შეადგენს, 90 პროცენტზე მეტ წყალს შეიცავს; მისგან შეიძლება ფრაქციების გამოყოფა და ისეთი ცილების მიღება, როგორიცაა: ალბუმინი, ფიბრინოგენი და სხვადასხვა გლობულინი.

ექიმმა შეიძლება გირჩიოთ, რომ მკურნალობის დროს მიიღოთ პლაზმის კონცენტრირებული ფრაქცია. ამის მაგალითია ცილებით მდიდარი კრიოპრეციპიტატი, რომელიც პლაზმის ჯერ გაყინვით და შემდეგ კი გალღობით მიიღება. პლაზმის ეს უხსნადი ფრაქცია მდიდარია შედედების ფაქტორებით და მას, ჩვეულებრივ, პაციენტებს სისხლდენის შესაჩერებლად უნიშნავენ. მკურნალობის სხვა მეთოდების დროს შეიძლება ექიმებმა პაციენტებს ურჩიონ, გამოიყენონ საშუალებები, რომლებიც შეიცავს სისხლის ფრაქციებს, იქნება ეს მცირე თუ მნიშვნელოვანი რაოდენობით *. პლაზმის ზოგიერთ ცილას ავადმყოფს უნიშნავენ ინიექციების სახით, რათა ინფექციებით დაუძლურებულ ორგანიზმს იმუნიტეტის გაძლიერებაში დაეხმარონ. სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენებული სისხლის თითქმის ყველა ფრაქცია შეიცავს სისხლის პლაზმაში არსებულ ცილებს.

„საიენს ნიუსის“ თანახმად, „მეცნიერებმა მხოლოდ ასობით ცილა აღმოაჩინეს, მაშინ როდესაც ვარაუდობენ, რომ ადამიანის სისხლის მიმოქცევის სისტემაში ათასობით ცილა ცირკულირებს“. სისხლთან დაკავშირებით ცოდნის მატებასთან ერთად, მომავალში გამოჩნდება ნივთიერებები, რომელთა გამოყოფაც ამ ცილებიდან იქნება შესაძლებელი.

[სქოლიოები]

^ აბზ. 63 ზოგი სამკურნალო საშუალება ცხოველის სისხლისგან მიღებულ ფრაქციებსაც შეიცავს.

[სურათი 7 გვერდზე]

მედიცინის ზოგი მუშაკი დიდი სიფრთხილით ეკიდება სისხლის გამოყენებას.