არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სისხლის ნამდვილი ფასი

სისხლის ნამდვილი ფასი

სისხლის ნამდვილი ფასი

„მსოფლიოში ყველა ადამიანს ერთი და იგივე სიცოცხლის წყარო — სისხლი — აქვს. ის არის მაცოცხლებელი ძალა ყველა ადამიანში, განურჩევლად ფერისა, რასისა თუ რელიგიისა“ (გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი).

ეჭვგარეშეა, ამ სიტყვებში არის გარკვეული ჭეშმარიტება. ყველა ადამიანისთვის სისხლს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ის ძვირფასი სითხეა. ხართ დარწმუნებული, რომ უსაფრთხო და გონივრულია ამ სითხის სამედიცინო მიზნით სხვებისთვის მიცემა?

როგორც დავინახეთ, სისხლის უსაფრთხოების ნორმები სხვადასხვა ქვეყანაში დიდად განსხვავდება ერთმანეთისგან და სისხლით მკურნალობა უფრო სახიფათოა, ვიდრე ეს მრავალს ჰგონია. გარდა ამისა, სხვადასხვა ექიმი სრულიად განსხვავებულად იყენებს სისხლს, ვინაიდან მათი განათლება, გამოცდილება და თვალსაზრისი მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. თუმცა ბევრი ექიმი უფრო და უფრო დიდ სიფრთხილეს იჩენს სისხლის გადასხმასთან დაკავშირებით. საგრძნობლად იზრდება იმ ექიმთა რიცხვი, რომლებიც ამჯობინებენ, სისხლის გარეშე უმკურნალონ პაციენტებს.

ახლა მოდი დავუბრუნდეთ იმ კითხვას, რომელიც ამ სერიის პირველი სტატიის დასაწყისშია დასმული; კერძოდ, რა ხდის სისხლს ასე ძვირფასს? თუ სამედიცინო მიზნით სისხლის გამოყენება სულ უფრო და უფრო საეჭვო ხდება, არსებობს სხვა მიზანი, რომელიც სისხლის საშუალებით მიიღწევა?

ღვთის თვალსაზრისი სისხლზე

ძველად ადამიანთა წინაპარს, ნოეს, ღმერთმა მნიშვნელოვანი კანონი დაუდგინა. მან ადამიანებს ცხოველთა ხორცის ჭამის უფლება მისცა, თუმცა სისხლის ჭამა აუკრძალა (დაბადება 9:4). ღმერთმა მათ ამის მიზეზიც აუხსნა და უთხრა, რომ სისხლი ცოცხალი ქმნილების სული ანუ სიცოცხლეა. მოგვიანებით მან თქვა: „ყოველი ხორციელის სული [ანუ სიცოცხლე] მისი სისხლია“. ჩვენი შემოქმედის თვალში სისხლი წმინდაა. სისხლით წარმოდგენილია ძვირფასი ძღვენი — სიცოცხლე, რომელიც ყველა ცოცხალ ქმნილებას აქვს. ღმერთმა არაერთხელ გაიმეორა ეს პრინციპი (ლევიანები 3:17; 17:10, 11, 14; მეორე რჯული 12:16, 23).

დაახლოებით 2000 წლის წინ, ქრისტიანობის დაფუძნებიდან მალევე, მორწმუნეებს ღმერთმა მისცა მითითება, ‘მორიდებოდნენ სისხლს’. ეს აკრძალვა ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით კი არ მისცა ღმერთმა მათ, არამედ სისხლის სიწმინდის გამო (საქმეები 15:19, 20, 29). ზოგი აცხადებს, რომ ღვთის მიერ მიცემული ეს აკრძალვა მხოლოდ სისხლის ჭამას ეხება, მაგრამ თვითონ სიტყვა „მოერიდეთ“ პირდაპირ აჩვენებს, რომ ეს ასე არ არის. თუ ექიმი გვეუბნება, რომ მოვერიდოთ ალკოჰოლს, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვიფიქრებთ, რომ ვენიდან მივიღოთ ის.

ბიბლია გვიხსნის, თუ რატომ არის სისხლი წმინდა. იესო ქრისტეს მიერ დაღვრილი სისხლი, რომელიც ადამიანურ სიცოცხლეს წარმოადგენდა და კაცობრიობის სასარგებლოდ იქნა გაღებული, არის ქრისტიანული იმედის საძირკველი. მისი წყალობით შესაძლებელია ცოდვების მიტევება და მარადიული ცხოვრების იმედის ქონა. როდესაც ქრისტიანი ერიდება სისხლის გამოყენებას, ის ავლენს რწმენას, რომ მხოლოდ იესო ქრისტეს დაღვრილ სისხლს შეუძლია მისი გამოსყიდვა და მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება (ეფესოელები 1:7).

იეჰოვას მოწმეები ცნობილნი არიან იმით, რომ მტკიცედ იცავენ ბიბლიის ამ მითითებებს. ისინი უარს ამბობენ ყოველგვარ სისხლზე, მათ შორის მთლიანი სისხლისა და სისხლის ოთხი ძირითადი კომპონენტის — წითელი უჯრედების, პლაზმის, თეთრი უჯრედებისა და თრომბოციტების — გადასხმაზე. ამ კომპონენტებისგან გამოყოფილ სხვადასხვა ფრაქციასა და ამ ფრაქციების შემცველ ნივთიერებებთან დაკავშირებით ბიბლიაში არაფერია ნათქვამი. ამიტომ ამ საკითხებთან დაკავშირებით იეჰოვას თითოეულმა მოწმემ პირადად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ნიშნავს მოწმეების ასეთი თვალსაზრისი, რომელიც ბიბლიაზეა დაფუძნებული, რომ ისინი უარს ამბობენ მკურნალობაზე ან ჯანმრელობისა და სიცოცხლის საკითხს ზერელედ ეკიდებიან? სრულიადაც არა! (იხილეთ ჩარჩო „იეჰოვას მოწმეები და ჯანმრთელობა“).

გასულ წლებში ბევრმა ექიმმა აღნიშნა, რომ ბიბლიური ნორმების დაცვამ მოწმეებს სამედიცონო თვალსაზრისითაც მოუტანა სარგებლობა. მაგალითად, ამას წინათ, ერთმა ნეიროქირურგმა სისხლის გადასხმის ალეტრნატიულ საშუალებებთან დაკავშირებით თავისი დადებითი თვალსაზრისი გამოხატა. მან თქვა: „ეს არის ყველაზე უსაფრთხო მეთოდი არა მარტო იეჰოვას მოწმეებისთვის, არამედ ყველასთვის“.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული გადაწყვეტილების მიღება დიდ სტრესთან არის დაკავშირებული და ხშირად რთულია. ყურადღება მიაქციეთ, რა თქვა სისხლის გადასხმის მეთოდებთან დაკავშირებით სასუნთქი ორგანოების ექიმმა დ-რ უილიამ დეივმა: „მნიშვნელოვანია, პატივი ვცეთ ადამიანთა სურვილს . . . და კარგად უნდა დავფიქრდეთ, თუ რას ვაწვდით ჩვენს ორგანიზმს“. ეს სიტყვები დღეს ბევრად უფრო დამაჯერებლად ჟღერს, ვიდრე ოდესმე.

[ჩარჩო⁄სურათები 11 გვერდზე]

რა არის მოდიფიცირებული ჰემოგლობინი?

თითოეულ წითელ უჯრედში დაახლოებით 300 მილიონი ჰემოგლობინის მოლეკულაა. ჰემოგლობინი მომწიფებული წითელი უჯრედების დაახლოებით ერთ მესამედს შეადგენს. თითოეული მოლეკულა შეიცავს ცილა გლობინსა და პიგმენტს, რომელსაც ჰემა ეწოდება; ამ უკანასკნელის შედგენილობაში კი შედის რკინის ატომი. როდესაც სისხლის წითელი უჯრედები ფილტვებს გაივლის, ხდება უჯრედების ჟანგბადით გაჯერება და ჟანგბადის მოლეკულები ჰემოგლობინის მოლეკულებს უერთდება. შემდეგ ჟანგბადის მოლეკულები გადაეცემა სხეულის სხვადასხვა ქსოვილს, რითაც სიცოცხლეს უნარჩუნებს უჯრედებს.

ზოგან დღეს ჰემოგლობინის მიღება ადამიანის ან მსხვილი რქოსანი პირუტყვის სისხლის წითელი უჯრედებიდან ხდება. შემდგომ ნაბიჯზე ამ ჰემოგლობინს ასუფთავებენ, ქიმიურად მოდიფიცირებას უკეთებენ და წმენდენ, შემდეგ კი სითხეში ხსნიან და ინახავენ. ამ პროდუქტს, რომელსაც უმეტეს ქვეყნებში დღესდღეობით არ იყენებენ, მოდიფიცირებული ჰემოგლობინი ეწოდება. ვინაიდან ჰემა აძლევს სისხლს მუქ წითელ ფერს, მოდიფიცირებული ჰემოგლობინის ხსნარი ჰგავს სისხლის წითელი უჯრედების ხსნარს.

სისხლის წითელი უჯრედებისგან განსხვავებით, რომელიც მაცივარში უნდა იქნეს შენახული და რამდენიმე კვირაში ვადა გასდის, მოდიფიცირებული ჰემოგლობინის ხსნარის შენახვა ოთახის ტემპერატურაზეც შეიძლება და მას თვეების განმავლობაში არ გასდის ვადა. ვინაიდან ასეთ ხსნარში არ არის უჯრედის მემბრანა, რომელიც ანტიგენის შემცველია, მოდიფიცირებული ჰემოგლობინის გადასხმის დროს სისხლის შეუთავსებლობის შედეგად გამოწვეული რეაქციები არ ხდება. მაგრამ სისხლის სხვა ფრაქციებთან შედარებით მოდიფიცირებული ჰემოგლობინის გამოყენების საკითხი მეტ დაფიქრებას მოითხოვს კეთილსინდისიერი ქრისტიანისგან, რომელსაც სისხლთან დაკავშირებით ღვთის კანონისადმი მორჩილების გამოვლენა სურს. რატომ? ვინაიდან მოდიფიცირებული ჰემოგლობინი სისხლიდან არის მიღებული, ორი მნიშვნელოვანი რამ უნდა იქნეს გათვალისწინებული. პირველი, მოდიფიცირებულ ჰემოგლობინს აქვს სისხლის ძირითადი კომპონენტის, წითელი უჯრედის, ძირითადი თვისება. მეორე, ჰემოგლობინი, საიდანაც იღებენ მოდიფიცირებულ ჰემოგლობინს, სისხლის წითელი უჯრედის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. ამ და სხვა მსგავსი პრეპარატების გამოყენებასთან დაკავშირებით, ქრისტიანი ძალიან სერიოზული გადაწყვეტილების წინაშე დგას. საჭიროა ქრისტიანი დაფიქრდეს და ლოცვით აწონ-დაწონოს სისხლის სიწმინდესთან დაკავშირებული ბიბლიური პრინციპები. თითოეულმა, ვისაც იეჰოვასთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება სურს, ბიბლიით განსწავლული სინდისით უნდა იხელმძღვანელოს (გალატელები 6:5).

[სურათი]

ჰემოგლობინის მოლეკულა

[ჩარჩო⁄სურათი 12 გვერდზე]

მიმზიდველი ალტერნატივა

«იზრდება იმ საავადმყოფოთა რიცხვი, რომლებიც პაციენტებს უსისხლო ქირურგიას სთავაზობენ და ალტერნატიულ საშუალებებს იყენებენ, — აღნიშნავს „უოლ-სტრიტ ჯორნელი“. — თუ ადრე ეს მეთოდი მხოლოდ იეჰოვას მოწმეთა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად შეიმუშავეს, ახლა ის ფართოდ არის დანერგილი მრავალ საავადმყოფოში და უსისხლო ქირურგიას მრავალს სთავაზობენ». მთელ მსოფლიოში შეინიშნება, რომ მრავალი სარგებლობა მოაქვს (განსაკუთრებით პაციენტებისთვის) მკურნალობის ისეთი მეთოდების გამოყენებას, როდესაც სისხლის გამოყენება მინიმუმამდეა დაყვანილი. დღეს ათასობით ექიმი სისხლის გადასხმის გარეშე მკურნალობს პაციენტებს.

[ჩარჩო⁄სურათი 12 გვერდზე]

იეჰოვას მოწმეები და ჯანმრთელობა

იეჰოვას მოწმეები, რომელთა შორის ექიმები და მედდებიც არიან, მთელ მსოფლიოში ცნობილნი არიან იმით, რომ უარს ამბობენ როგორც მთლიანი სისხლის, ისე მისი ძირითადი კომპონენტების გადასხმაზე. დაფუძნებულია მათი პოზიცია ადამიანურ დოქტრინებზე ან მრწამსზე, რომ ავადმყოფობა შეიძლება რწმენით განიკურნოს? სულაც არა!

მოწმეები ძალიან აფასებენ სიცოცხლეს და მას ღვთის საჩუქრად მიიჩნევენ; ამიტომ მაქსიმალურად ცდილობენ, იცხოვრონ ბიბლიის თანახმად, რადგან სწამთ, რომ ის „ღვთისგან არის შთაგონებული“ (2 ტიმოთე 3:16, 17; გამოცხადება 4:11). ეს წიგნი ღვთის თაყვანისმცემლებს მოუწოდებს, მოერიდონ ისეთ საქციელსა და ჩვევებს, რომლებიც ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საზიანოა; მაგალითად, უზომოდ ჭამა, თამბაქოს მოწევა ან ღეჭვა, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება (იგავები 23:20; 2 კორინთელები 7:1).

ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ჩვენი სხეულისა თუ საცხოვრებელი ადგილის სუფთად შენახვითა და ფიზიკური ვარჯიშით, ბიბლიური პრინციპების თანახმად ვიქცევით (მათე 7:12; 1 ტიმოთე 4:8). იეჰოვას მოწმეები ავად გახდომისას გონიერებას ავლენენ და მზად არიან, დღეს არსებული მკურნალობის მეთოდებიდან უმრავლესობაზე დათანხმდნენ (ფილიპელები 4:5). ისინი ასრულებენ ბიბლიურ მითითებას, ‘თავი შეიკავონ სისხლისგან’ და მოითხოვენ უსისხლო მკურნალობას (საქმეები 15:29). ხშირად მათი არჩევანი უკეთეს მკურნალობამდე მიმყვანია.