არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჭაობის ფრინველები უდიდესი „მოგზაურები“

ჭაობის ფრინველები უდიდესი „მოგზაურები“

ჭაობის ფრინველები უდიდესი „მოგზაურები“

„გამოიღვიძეთ!“–ისთვის ესპანეთიდან

წარმოიდგინეთ, რომ ზაფხულის ორ თვეს ატარებთ არქტიკის ტუნდრაში, სადაც მზე თითქმის არ ჩადის. მაგრამ ზამთრის მოახლოებისას გეზს სამხრეთ ამერიკისკენ, ავსტრალიისკენ ან სამხრეთ აფრიკისკენ იღებთ. წლის დანარჩენ დროს კი სულ ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიხართ და ყოველ კონტინენტზე ეძებთ სანაპიროებს, სადაც თქვენთვის საყვარელი დელიკატესების პოვნაა შესაძლებელი. ასეთია მსოფლიოში მრავალი ჭაობის ფრინველის ცხოვრების წესი.

ჭაობის ფრინველები — როგორც სახელი მიუთიებს — არიან ფრინველები, რომლებიც თხელ წყლებში იკვებებიან *. სამხრეთ ნახევარსფეროზე ცივ თვეებში ეს ფრინველები თავს იყრიან მდინარის მღვრიე შესართავებთან; სანაპიროებზე, იმ ადგილებში, რომლებიც მოქცევის დროს წყლით არის დაფარული, ხოლო მიქცევის დროს შიშვლდება; და კლდოვან სანაპიროებზე, სადაც ადამიანებს იშვიათად შეხვდებით. უფრო თბილ თვეებში, როდესაც სანაპიროებს ტურისტები აწყდებიან, ჭაობის ფრინველთა უმრავლესობა არქტიკაში ან სუბარქტიკულ ზონებში მიფრინავს, სადაც მოკლე ზაფხულის განმავლობაში ისინი მარტონიც იქნებიან და საკვებიც უხვად ექნებათ თავიანთი პატარებისთვის.

ჭაობის ფრინველები ხასხასა შეფერილობით არ გამოირჩევიან, მაგრამ მათ მოხდენილ ფრენასა და საუცხოოდ მოხატულ ფრთებს უამრავი დამკვირვებელი მოჰყავს აღტაცებაში. „[ამ ფრინველებს] შეუძლიათ ისე დაბლა იფრინონ, რომ ფრთის წვერით წყალს შეეხონ ან 6 კილომეტრზე მაღლა აიჭრან ჰაერში. ისინი ჰაერსა და ქარში მართლაც რომ დაოსტატებული მფრინავები არიან“, — ნათქვამია ერთ წიგნში (Shorebirds—Beautiful Beachcombers).

გუნდურად ცხოვრებით მოტანილი უსაფრთხოება

ჭაობის ფრინველები ხშირად დიდ გუნდებად იკრიბებიან იქ, სადაც საკვები უხვად არის. როგორც ჩანს, ისინი გუნდურად უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ცხოვრობენ. მათზე მონადირე შევარდენები მარტო მყოფ ფრინველს არჩევენ თავიანთ მსხვერპლად, მაგრამ ფრინველთა გუნდის დანახვა მათ ნადირობის სურვილს უკარგავს. აგრეთვე ათასობით ფხიზელი თვალი დროზე შენიშნავს მტერს. დამატებითი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჭაობის მრავალი ფრინველი სხვა სახეობის ფრინველებთან ცხოვრობენ კოლონიებად.

ჭაობის ფრინველთა ფრენა დიდებული სანახაობაა. ასობით ან ათასობით ფრინველი ჰაერში ისეთ სპირალურ მოძრაობას აკეთებს და ბრუნდება, ადის და ჩადის, თითქოს მათ უხილავი ხელი მართავსო. „სასწაულია, როდესაც ათასობით ფრინველს, რომლებიც დიდი სისწრაფით მიფრინავენ, შეუძლიათ მეყსეულად შეიცვალონ მიმართულება და ეს ორგანიზებულად გააკეთონ“, — ნათქვამია ერთ წიგნში (Handbook of the Birds of the World). დასავლური მექვიშიებისთვის ძალიან მგრძნობიარე ფირით გადაღებული სურათების შესწავლის შედეგად ორნითოლოგებმა დაასკვნეს, რომ თავიდან შეიძლება ერთმა ფრინველმა შეიცვალოს მიმართულება, შემდეგ კი სხვები მყისვე მიჰყვებიან მას.

ისინი მთელ მსოფლიოში „მოგზაურობენ“

ჭაობის ზოგი ფრინველი ნამდვილი მსოფლიო „მოგზაურია“. მაგალითად, ისლანდიური და თეთრი მექვიშიები ბარტყების გამოსაჩეკად ჩრდილოეთით თითქმის ყველა სხვა ფრინველზე შორს მიფრინავენ. ჭაობის ფრინველების ნახვა შესაძლებელია მთელი დედამიწის თითქმის ყველა სანაპიროზე და მიმოფრენის დროს ისინი დაახლოებით 32 000 კილომეტრს ფარავენ.

მიგრაციის დროს ჭაობის ზოგ ფრინველს ოკეანის გადალახვა უწევს, თუმცა ეს ფრინველები ვერც ცურავენ და წყალზეც არასოდეს ისვენებენ. ამიტომ მათ უნდა ჰქონდეთ „საწვავის“ უზარმაზარი მარაგი, იმაზე მეტი, რაც აქვს გიგანტურ ავიალაინერს, რომლის მთლიანი მასის 40 პროცენტს საწვავი შეადგენს. საიდან აქვთ ჭაობის ფრინველებს „საწვავის“ ასეთი მარაგი?

«ისინი „საწვავს“ ცხიმის სახით იგროვებენ და სანაპიროზე ყოფნისას იმდენს ჭამენ, რომ რამდენიმე კვირაში წონაში ორჯერ მატულობენ, — აღნიშნავს დეივიდ ატენბორო თავის წიგნში „ფრინველების ცხოვრება“. — „საწვავის“ ეს მარაგი შეიძლება იმაზე მეტი იყოს, ვიდრე სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, რადგან მრავალ ფრინველს ამ დამატებითი „საწვავის“ დაგროვებისა და დიდი მასის გამო ტვინი და შინაგანი ორგანოები ზომაში უპატარავდება».

ერთ–ერთი შთამბეჭდავი „მოგზაური“ არის აზიური მურაფრთიანი მეჭვავია (Pluvialis fulva), რომელიც მიგრაციის დროს ალასკიდან ჰავაის კუნძულებზე მიფრინავს. საოცარია არა მარტო ამ ფრინველის ამტანობა, რომელიც მას 4 500 კილომეტრი მანძილის დასაფარავად სჭირდება, არამედ ისიც, რომ ოკეანეში ჰავაის კუნძულების პოვნა შეუძლია. მურაფრთიანი მეჭვავია „მოგზაურობას“ ოთხ დღეზე ნაკლებს ანდომებს. ერთმა ამ ფრინველთაგანმა ალასკადან ჰავაიში 20–ზე მეტჯერ „იმგზავრა“!

საბოლოოდ ბუდობისთვის არქტიკაში ჩაფრენილ ამ ფრინველებს იქ „ბობოქარი ცხოვრება“ ელით. ორ კვირაში მათ უნდა იპოვონ მეწყვილე, მონიშნონ თავიანთი ტერიტორია და გაიკეთონ ბუდე. შემდეგ მათ დაახლოებით სამი კვირა აქვთ ბარტყების გამოსაჩეკად და სამიც — მათ გასაზრდელად. ივლისის ბოლოსთვის ისინი კვლავ სამხრეთისკენ მიემართებიან.

მიგრაციასთან დაკავშირებული საშიშროებები

შორ მანძილებზე „მოგზაურობისას“ ჭაობის ფრინველები მრავალ საშიშროებას აწყდებიან. ერთ–ერთ დიდ საშიშროებას ადამიანები წარმოადგენენ. მე–19 საუკუნეში ნატურალისტ ჯეიმზ ოდებენის ცნობის თანახმად, მონადირეთა ჯგუფმა მხოლოდ ერთ დღეში 48 000 ამერიკული მურაფრთიანი მეჭვავია დახოცა. დღეისათვის ამ სახეობის მსოფლიო პოპულაცია გარკვეულწილად აღდგენილია, მაგრამ მათი რაოდენობა, როგორც ჩანს, მაინც იმაზე ნაკლებია, რამდენიც იმ ერთ დღეს დახოცეს.

ჭაობის ფრინველებს ადამიანებზე მეტ საფრთხეს უქმნით ჭანჭრობების შემცირება. ჭაობის ფრინველები რთულად იტანენ ასეთ დანაკარგს. „ჭაობის ფრინველებს ათასობით წლის განმავლობაში ჩამოუყალიბდათ ჩვევა, თუ სად გამოეჩეკათ ბარტყები, სად გაფრენილიყვნენ და სად გამოეზამთრებინათ; ამიტომ ადამიანებისთვის ძალიან ადვილია მათი საცხოვრებელი გარემოს შეცვლა ან საერთოდ მოსპობა“, — ნათქვამია ერთ წიგნში (An Identification Guide to the Waders of the World). მილიონობით ჭაობის ფრინველის გადარჩენა დამოკიდებულია იმ რამდენიმე ძირითადი ადგილის შენარჩუნებაზე, სადაც ეს ფრინველები მიგრაციის დროს ჩერდებიან.

ასეთი ადგილებიდან ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესია დელავერის ყურე (აშშ), სადაც გაზაფხულზე ასობით ათასი ისლანდიური მეჭვავია იყრის თავს, რათა ბლომად მიირთვან მახვილკუდას კვერცხები. იქ მიფრენისას ეს მეჭვავიები ძალიან მშივრები არიან, რადგან იქ ამთავრებენ „მთელ მსოფლიოში ფრინველების შეუჩერებლად მიმოფრენის ისტორიიდან ერთ–ერთი უდიდესი მანძილის გავლას“. ორ კვირაში მათ სამხრეთ–აღმოსავლეთ ბრაზილიიდან იქ ჩასაფრენად 8 000 კილომეტრი დაფარეს. ამ გადაფრენის დროს კი სხეულის მასის ნახევარი დაკარგეს.

დელავერის ყურე შეიძლება ხელუხლებელი დარჩეს ბუნების დამცველთა წყალობით, რომლებიც ჭაობის ფრინველთა ამ საყვარელი ადგილის შენარჩუნებას ცდილობენ. შეიძლება ჭაობის ფრინველთა რომელიმე საყვარელი ადგილი თქვენი საცხოვრებელი ადგილის მახლობლადაც მდებარეობს. რთული იქნება ჭაობის ფრინველთა დავიწყება მას შემდეგ, რაც ჰაერში მათ გადაადგილებას დაინახავთ და ამ ფრინველთა საოცარ ხმებს მოისმენთ.

ნატურალისტი არტურ მორისი წერს: „ყველას, ვისაც ჭაობის ფრინველებზე დაკვირვება გვიყვარს, ერთი რამ გვაერთიანებს — თითოეული ჩვენგანი მრავალჯერ მისულა უკაცრიელ სანაპიროებზე ან ჭანჭრობებში და დაკვირვებია მეჭვავიათა გუნდს, რომლებიც ცაში მუქ და ღია ფერის წერტილებად მოჩანან, სპირალურად მოძრაობენ და სინქრონულად მიფრინავენ. და მათი ყურებისას ყოველთვის მოწიწებისა და გაოცების გრძნობა გვეუფლება“.

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 ჭაობის ფრინველები არიან მეჭვავიასებრთა რიგის წარმომადგენლები; ეს რიგი 200–ზე მეტ სახეობას აერთიანებს.

[ჩარჩო⁄სურათები 18 გვერდზე]

დიდი დისტანციების დაფარვაში დახელოვნებული ფრინველები

ისლანდიური მექვიშიები დიდი დისტანციის დაფარვაში, ალბათ, პრიზს აიღებდნენ. ეს ფრინველები, რომლებიც კანადის უკიდურეს ჩრდილოეთში ჩეკენ ბარტყებს, ჩვეულებრივ, დასავლეთ ევროპაში ან სამხრეთ ამერიკის სამხრეთ სანაპიროებზე (ანუ 10 000 კილომეტრის მოშორებით) იზამთრებენ.

[საავტორო უფლება]

KK Hui

დასავლური მექვიშიების თითქმის მილიონი ფრინველისგან შემდგარი გუნდის ნახვა შესაძლებელია ნიდერლანდებსა თუ მავრიტანიაში.

ჩიბუხები, რომლებიც ბუდობის პერიოდში ფართოდ არიან გავრცელებული ციმბირში, „მოგზაურობენ“ ბრიტანეთის კუნძულებზე, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ახლო აღმოსავლეთში, ავსტრალიასა თუ ახალ ზელანდიაში.

თეთრი მექვიშიების ნახვა შესაძლებელია მთელი მსოფლიოს თითქმის ყველა სანაპიროზე. ზოგიერთი მათგანი ბარტყების გამოსაჩეკად ნორთ-პოლში მიფრინავს და 950 კილომეტრს ფარავს.

[სურათები 16, 17 გვერდებზე]

ჭაობის ფრინველები ოკეანეების გადასალახავად ცხიმის დიდ მარაგს იგროვებენ, ვინაიდან მათ არ შეუძლიათ წყალზე დასვენება.

[სურათი 16, 17 გვერდებზე]

თეთრი მექვიშიები უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გუნდურად ცხოვრობენ.

[სურათი 17 გვერდზე]

ზღვის კაჭკაჭი

[სურათი 17 გვერდზე]

ჭოვილების ერთ-ერთი სახეობა საკვებს ჭანჭრობში პოულობს.

[სურათის საავტორო უფლება 16 გვერდზე]

Top and bottom panoramic photos: © Richard Crossley/VIREO