არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

აქვს მნიშვნელობა, თუ რა გწამთ?

აქვს მნიშვნელობა, თუ რა გწამთ?

აქვს მნიშვნელობა, თუ რა გწამთ?

როგორ ფიქრობთ, აქვს სიცოცხლეს აზრი? ევოლუციის თეორია ჭეშმარიტება რომ ყოფილიყო, გამართლებული იქნებოდა ჟურნალ „საიენტიფიკ ამერიკენში“ აღნიშნული სიტყვები: „ევოლუციის თანამედროვე გაგება გულისხმობს . . . რომ სიცოცხლის აზრი, საბოლოოდ, არარსებობაა“.

ვიმსჯელოთ, თუ რა იგულისხმება ამ ციტატაში. აღნიშნული სიტყვების თანახმად, სიცოცხლის აზრი მხოლოდ ის იქნებოდა, რომ სიკეთე გაგვეკეთებინა და მომავალი თაობისთვის მემკვიდრეობით გადაგვეცა საკუთარი თვისებები. სიკვდილისას კი სამუდამოდ შევწყვეტდით არსებობას. ჩვენი ტვინი, რომელსაც აქვს განსჯის, მსჯელობისა და სიცოცხლის აზრზე ფიქრის უნარი, „ბუნების შეცდომა“ იქნებოდა.

ზემოხსენებული ციტატა მხოლოდ ამას არ გულისხმობს. მრავალი, ვისაც ევოლუციის სჯერა, ამტკიცებს, რომ ან არ არსებობს ღმერთი, ან არ ერევა ადამიანების ცხოვრებაში. ასეთ შემთხვევაში ჩვენი მომავალი დამოკიდებული იქნებოდა პოლიტიკოსებზე, მეცნიერებსა და რელიგიურ წინამძღოლებზე. შედეგად, როგორც წარსული ცხადყოფს, საზოგადოების ძირგამომთხრელი ქაოსი, კონფლიქტები და კორუფცია კვლავ იარსებებდა. ევოლუციის თეორია მართალი რომ ყოფილიყო, გამართლებული იქნებოდა შემდეგი დევიზით ცხოვრება: „ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით“ (1 კორინთელები 15:32).

არ იფიქროთ, რომ იეჰოვას მოწმეები იზიარებენ ზემოთ მოხსენიებულ შეხედულებებს. იეჰოვას მოწმეებს არც ევოლუციის თეორიის სწამთ, რაზეც ეს შეხედულებებია დაფუძნებული. მათ სჯერათ, რომ ჭეშმარიტება ის არის, რასაც ბიბლია ამბობს (იოანე 17:17). ამიტომ სიცოცხლის წარმოშობასთან დაკავშირებით ისინი ეთანხმებიან მის სიტყვებს: „[ღმერთო] შენთან არის სიცოცხლის წყარო“ (ფსალმუნები 36:9). ამ სიტყვებში ბევრი რამ არის ნაგულისხმები.

სიცოცხლეს აქვს აზრი. ჩვენს შემოქმედს აქვს სიყვარულით აღსავსე განზრახვა ყველასთვის, ვინც მისი ნების თანახმად არჩევს ცხოვრებას (ეკლესიასტე 12:13). ის გვპირდება ქაოსისგან, კონფლიქტებისგან და კორუფციისგან თავისუფალ ქვეყნიერებაში ცხოვრებას, სადაც სიკვდილიც კი აღარ იარსებებს (ესაია 2:4; 25:6—8). მთელ მსოფლიოში მილიონობით იეჰოვას მოწმე დაადასტურებს, რომ სიცოცხლეს ყველაზე მეტად მაშინ აქვს აზრი, როცა ვეცნობით ღმერთს და მის ნებას ვასრულებთ! (იოანე 17:3).

ნამდვილად აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რა გწამთ! ეს გავლენას მოახდენს თქვენს როგორც დღევანდელ, ისე მომავალ ბედნიერებაზე. არჩევანი თქვენს ხელშია! რას მიანიჭებთ უპირატესობას: თეორიას, რომელსაც არ შეუძლია შემოქმედების დამადასტურებელი ფაქტების გაბათილება თუ ბიბლიას, რომლის თანახმადაც დედამიწას და მასზე არსებულ სიცოცხლეს დასაბამი მისცა ‘ყოველივეს შემოქმედმა’, იეჰოვა ღმერთმა? (გამოცხადება 4:11).