არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ეწინააღმდეგება მეცნიერება „დაბადებაში“ ჩაწერილ ინფორმაციას?

ეწინააღმდეგება მეცნიერება „დაბადებაში“ ჩაწერილ ინფორმაციას?

ბიბლიის თვალსაზრისი

ეწინააღმდეგება მეცნიერება „დაბადებაში“ ჩაწერილ ინფორმაციას?

მრავალი ადამიანის აზრით, მეცნიერება ეწინააღმდეგება შემოქმედების შესახებ ბიბლიაში მოცემულ ცნობას. მაგრამ, სინამდვილეში, წინააღმდეგობრიობა შეინიშნება მეცნიერთა და ეგრეთ წოდებულ ქრისტიან ფუნდამენტალისტთა შეხედულებებს შორის და არა ბიბლიაში. ზოგიერთი ასეთი ჯგუფი შეცდომით ამტკიცებს, რომ ბიბლიის თანახმად, ფიზიკური ქმნილებები დაახლოებით 10 000 წლის წინ ექვსი 24–საათიანი დღის განმავლობაში შეიქმნა.

მაგრამ, ბიბლიაში არ არის მოცემული მსგავსი განაცხადი. ეს რომ ასე ყოფილიყო, მაშინ ასობით წლის მანძილზე გაკეთებული აღმოჩენები ეჭვქვეშ დააყენებდა ბიბლიის სიზუსტეს. წმინდა წერილების გულმოდგინე გამოკვლევა ცხადყოფს, რომ იგი არ ეწინააღმდეგება მეცნიერულ ფაქტებს. ამიტომ, იეჰოვას მოწმეების თვალსაზრისი განსხვავდება „ქრისტიან“ ფუნდამენტალისტთა და კრეაციონისტთა თვალსაზრისისაგან. ეს სტატია დაგვანახვებს, თუ რას ასწავლის ბიბლია სინამდვილეში.

როდის იყო „დასაწყისი“?

წიგნი „დაბადება“ უბრალო და გასაგები აზრით იწყება: „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა“ (დაბადება 1:1). ბიბლეისტები ერთხმად ამბობენ, რომ ამ მუხლში აღწერილი შემოქმედებითი საქმიანობა გამიჯნულია იმ შემოქმედებითი დღეებისგან, რომელთა შესახებაც პირველი თავის მესამე მუხლიდან მოყოლებული გვამცნობს „დაბადება“. ეს ძალიან მნიშვნელოვანი აზრია. ბიბლიის შესავალი სიტყვების თანახმად, სამყარო, მათ შორის ჩვენი პლანეტა დედამიწა, შემოქმედებითი დღეების დაწყებამდე განუსაზღვრელი დროით არსებობდა.

გეოლოგების ვარაუდით დედამიწა დაახლოებით 4 მილიარდი წლისაა, ასტრონომების გამოანგარიშებით კი სამყარო შეიძლება 15 მილიარდ წელს ითვლიდეს. ეწინააღმდეგება ეს აღმოჩენები (ან ისინი, რომლებსაც მომავალში გააკეთებენ) დაბადების 1:1–ში ჩაწერილ აზრს? არა. ბიბლია არ აკონკრეტებს ცისა და დედამიწის ზუსტ ასაკს. მეცნიერება არ ეწინააღმდეგება დაბადების 1:1–ს.

რამდენი ხანი გრძელდებოდა შემოქმედებითი დღეები?

რა შეიძლება ითქვას შემოქმედებითი დღეების ხანგრძლივობაზე? პირდაპირი გაგებით 24–საათიანი იყო თითოეული დღე? ზოგიერთის მტკიცებით, ვინაიდან მოგვიანებით მოსემ — რომელმაც „დაბადება“ დაწერა — ექვსი შემოქმედებითი დღის მომდევნო დღე შაბათის ნიმუშად მოიხსენია, თითოეული დღე პირდაპირი გაგებით 24–საათიანი უნდა იყოს (გამოსვლა 20:11). შეიძლება დაბადებაში მოცემული სიტყვებიდან ასეთი დასკვნის გაკეთება? არა.

ებრაული სიტყვა, რომელიც ნათარგმნია „დღედ“ შეიძლება სხვადასხვა დროის ხანგრძლივობაზე მიანიშნებდეს და არა მხოლოდ 24–საათიან პერიოდზე. მაგალითად, როდესაც ღვთის შემოქმედებითი საქმის შესახებ თხრობას ასრულებს, მოსე ექვსივე დღეს ერთ დღედ მოიხსენიებს (დაბადება 2:4). გარდა ამისა, პირველ შემოქმედებით დღეს „უწოდა ღმერთმა სინათლეს დღე და სიბნელეს — ღამე“ (დაბადება 1:5). აქ „დღე“ 24–საათიანი დროის ნაწილს ეწოდა. მართლაც, საფუძველს მოკლებულია იმის მტკიცება, რომ თითოეული შემოქმედებითი დღე 24–საათიანია.

მაშ, რამდენ ხანს გრძელდებოდა შემოქმედებითი დღეები? დაბადების პირველ და მეორე თავში ჩაწერილი სიტყვები ცხადყოფს, რომ ეს დღეები დიდი ხანგრძლივობის იყო.

ქმნილებების შექმნა ეტაპობრივად მოხდა

მოსემ „დაბადება“ ებრაულ ენაზე დაწერა და ყოველივეს ისე წერდა, როგორც ამას დედამიწაზე მყოფი ადამიანი დაინახავდა. ეს ორი ფაქტი და იმის ცოდნა, რომ სამყარო არსებობდა შემოქმედებითი პერიოდის, ანუ „დღეების“, დაწყებამდე საშუალებას იძლევა, მოგვარდეს შემოქმედების შესახებ არსებული დავა. როგორ?

„დაბადებაში“ ჩაწერილი ცნობის გულდასმით გამოკვლევა გვიჩვენებს, რომ პირველ „დღეს“ დაწყებული მოვლენები ერთ ან რამდენიმე დღეს გრძელდებოდა. მაგალითად, პირველი „დღის“ დაწყებამდე მზე უკვე არსებობდა, მაგრამ მის სინათლეს რომ დედამიწის ზედაპირამდე მოეღწია, რაღაც უშლიდა ხელს; ეს რაღაც, შესაძლოა, ღრუბლის სქელი ფენა იყო (იობი 38:9). პირველი „დღის“ განმავლობაში ატმოსფეროში მზის სინათლემ დაიწყო შემოღწევა *.

მეორე „დღეს“ ატმოსფერო უფრო დაიწმინდა და მაღლა სქელ ღრუბლებსა და დაბლა ოკეანეს შორის სივრცე წარმოიქმნა. მეოთხე „დღისთვის“ ატმოსფერო იმდენად იყო დაწმენდილი, რომ „ცის სივრცეში“ მზე და მთვარე გამოჩნდა (დაბადება 1:14—16). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დედამიწის ზედაპირიდან უკვე შესაძლებელი გახდა მზისა და მთვარის დანახვა. ეს ყველაფერი თანდათანობით მოხდა.

„დაბადება“ აგრეთვე მოგვითხრობს, რომ მეხუთე „დღეს“, როდესაც ატმოსფერო განაგრძობდა დაწმენდას, ღმერთმა შექმნა მწერები და ფრინველები. მაგრამ, ბიბლიის თანახმად, „მეექვსე“ დღის განმავლობაში ღმერთი კვლავ განაგრძობდა ‘მიწისგან გარეული ცხოველებისა და ცის ფრინველების შექმნას’ (დაბადება 2:19).

ნათელია, ბიბლიური ენა საშუალებას გვაძლევს, დავასკვნათ, რომ თითოეული „დღის“, ანუ შემოქმედებითი პერიოდის, განმავლობაში ესა თუ ის მნიშვნელოვანი მოვლენა თანდათანობით ხდებოდა და არა მეყსეულად. აგრეთვე, შესაძლოა, ამ მოვლენებიდან ზოგი მომდევნო შემოქმედებითი „დღეების“ განმავლობაშიც გრძელდებოდა.

„მათი გვარისდა მიხედვით“

ნიშნავს თუ არა მცენარეებისა და ცხოველების თანდათანობით წარმოშობა იმას, რომ ღმერთმა მრავალი სახის ცოცხალ ქმნილებათა შესაქმნელად ევოლუციის პროცესი გამოიყენა? არა. ბიბლია არაორაზროვნად ამბობს, რომ ღმერთმა შექმნა მცენარეთა და ცხოველთა ძირითადი „გვარები“ (დაბადება 1:11, 12, 20—25). იყო ეს „გვარები“ ისე შექმნილი, რომ მათ ცვალებად გარემოსთან შეგუების უნარი ჰქონოდათ? რა განსაზღვრავს თითოეული „გვარის“ ფარგლებს? ბიბლია ამის შესახებ არაფერს გვეუბნება. მაგრამ, ის გვეუბნება, რომ ყველა ცოცხალი ქმნილება „მათი გვარისდა მიხედვით“ შეიქმნა (დაბადება 1:21). აქედან გამომდინარე, ვხედავთ ზღვარს, რომლის გადალახვაც „გვარს“ არ შეუძლია. პალეონტოლოგია და თანამედროვე გამოკვლევებიც ცხადყოფს, რომ მცენარეთა და ცხოველთა ძირითადმა ჯგუფებმა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მცირე ცვლილებები განიცადა.

ზოგიერთი ფუნდამენტალისტის განაცხადის საპირისპიროდ, „დაბადებაში“ ნათქვამი არ არის, რომ სამყარო, მათ შორის დედამიწა და ყველა ცოცხალი ქმნილება, შედარებით ახლო წარსულში, დროის მოკლე პერიოდში შეიქმნა. პირიქით, სამყაროს შექმნისა და დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის შესახებ დაბადებაში ჩაწერილი ცნობა შეესაბამება ბოლოდროინდელ მეცნიერულ აღმოჩენებს.

მრავალი მეცნიერი ფილოსოფიური შეხედულების გამო უარყოფს ბიბლიის განაცხადს, რომ ღმერთმა შექმნა ყოველივე. ბიბლიის ძველ წიგნ „დაბადებაში“ მოსემ ჩაწერა, რომ სამყაროს დასაწყისი ჰქონდა და სიცოცხლე ეტაპობრივად, თანდათან, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, წარმოიშვა. საიდან შეეძლო მოსეს დაახლოებით 3 500 წლის წინ სცოდნოდა ასეთი ზუსტი მეცნიერული ფაქტები? არსებობს ამის ერთი ლოგიკური ახსნა. ეს მეცნიერულად ზუსტი ცნობა მოსეს იმ პიროვნებამ გაუმხილა, რომელსაც ცისა და მიწის შექმნის ძალა და სიბრძნე აქვს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ბიბლიის განაცხადს, რომ იგი „ღვთისგან არის შთაგონებული“ (2 ტიმოთე 3:16).

გიფიქრიათ?

▪ როდის შექმნა ღმერთმა სამყარო? (დაბადება 1:1).

▪ ექვსი 24-საათიანი დღის განმავლობაში შეიქმნა დედამიწა? (დაბადება 2:4).

▪ როგორ შეიძლებოდა დედამიწასთან დაკავშირებით მოსეს მიერ ჩაწერილი ცნობა მეცნიერულად ზუსტი ყოფილიყო? (2 ტიმოთე 3:16).

[სქოლიოები]

^ აბზ. 14 პირველი „დღის“ აღწერისას ბიბლიაში გამოყენებულია ებრაული სიტყვა „ორ“, რომელიც ზოგადად სინათლეს ნიშნავს, მაგრამ მეოთხე „დღესთან“ დაკავშირებით გამოყენებულია „მაორი“, რომელიც სინათლის წყაროზე მიუთითებს.

[ჩანართი 19 გვერდზე]

„დაბადებაში“ ნათქვამი არ არის, რომ სამყარო დროის მოკლე პერიოდში, შედარებით ახლო წარსულში, შეიქმნა.

[ჩანართი 20 გვერდზე]

„თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა“ (დაბადება 1:1).

[სურათის საავტორო უფლება 18 გვერდზე]

Universe: IAC/RGO/David Malin Images

[სურათის საავტორო უფლება 20 გვერდზე]

NASA photo