ვისი უნდა გჯეროდეთ?
ვისი უნდა გჯეროდეთ?
„ყოველი სახლი ვიღაცის აშენებულია, ყოველივეს ამშენებელი კი ღმერთია“ (ებრაელები 3:4).
ეთანხმებით ბიბლიის დამწერის ამ ლოგიკურ განაცხადს? ამ სიტყვების დაწერიდან დაახლოებით 2 000 წელი გავიდა. მეცნიერებამ მას შემდეგ საგრძნობლად წაიწია წინ. ფიქრობს ჯერ კიდევ ვინმე, რომ გონივრულად შექმნილი სამყარო შემოქმედის, ღვთის, არსებობაზე მიუთითებს?
განვითარებულ ქვეყნებშიც კი ბევრს სწამს, რომ სამყარო ღმერთმა შექმნა. მაგალითად, შეერთებულ შტატებში 2005 წელს ჟურნალ „ნიუსუიკის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა 80 პროცენტს „სწამს, რომ ღმერთმა შექმნა სამყარო“. ამის მიზეზი განათლების უკმარისობა ხომ არ არის? არიან მეცნიერებს შორის ისეთები, რომელთაც სწამთ ღვთის არსებობის? 1997 წელს გამოცემულ ერთ სამეცნიერო ჟურნალში ნათქვამი იყო, რომ ბიოლოგების, ფიზიკოსებისა და მათემატიკოსების თითქმის 40 პროცენტს სწამს არა მარტო ღვთის არსებობის, არამედ იმისაც, რომ ღმერთი ისმენს და პასუხობს ლოცვებს (Nature).
მიუხედავად ამისა, ყველა მეცნიერი არ იზიარებს მათ აზრს. ნობელის პრემიის ლაურეატმა, პროფესორმა ჰერბერტ ჰაუპტმანმა ახლახან გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე აღნიშნა, რომ რწმენა ზებუნებრივი ძალებისადმი, განსაკუთრებით ღვთისადმი, ეწინააღმდეგება ჭეშმარიტ მეცნიერებას. „ასეთი რწმენა საფრთხეს უქმნის ადამიანთა კეთილდღეობას“, — თქვა მან. ის მეცნიერებიც კი, რომელთაც სწამთ ღვთის არსებობის, არ ასწავლიან სხვებს, რომ გონივრულად შექმნილი მცენარეთა და ცხოველთა სამყარო შემოქმედის არსებობაზე მეტყველებს. რატომ? სმითსონის ინსტიტუტის თანამშრომელს, პალეობიოლოგ დუგლას ერვინს ერთ-ერთ მიზეზად მოჰყავს ის, რომ „მეცნიერება გამორიცხავს სასწაულებს“.
გსურთ, სხვებმა გიკარნახონ, რაზე იფიქროთ და რა გწამდეთ? თუ თავად გამოიკვლევთ ფაქტებს და საკუთარ დასკვნას გამოიტანთ? როდესაც ამ ჟურნალში წაიკითხავთ ბოლოდროინდელი მეცნიერული აღმოჩენების შესახებ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „გონივრულია შემოქმედის არსებობაში ეჭვის შეტანა?“
[ჩანართი 3 გვერდზე]
თავად გამოიკვლიეთ ფაქტები
[ჩარჩო 3 გვერდზე]
არიან იეჰოვას მოწმეები კრეაციონისტები?
იეჰოვას მოწმეებს სწამთ ბიბლიის წიგნ „დაბადებაში“ ჩაწერილი ცნობა შემოქმედების შესახებ. მაგრამ ისინი არ არიან კრეაციონისტები. რატომ? ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ კრეაციონისტების რწმენით მთელი სამყარო, მათ შორის დედამიწა და ყველა ცოცხალი არსება, დაახლოებით 10 000 წლის წინათ ექვსი 24-საათიანი დღის განმავლობაში შეიქმნა. მაგრამ ბიბლია არ ასწავლის ამას *. ამასთანავე, კრეაციონისტები ბევრ სხვა არაბიბლიურ სწავლებასაც უჭერენ მხარს. იეჰოვას მოწმეების სწავლებები კი მხოლოდ ღვთის სიტყვაზეა დაფუძნებული.
ზოგ ქვეყანაში „კრეაციონისტებს“ აიგივებენ ფუნდამენტალისტურ ჯგუფებთან, რომლებიც აქტიურად ერევიან პოლიტიკაში. ეს ჯგუფები ზეწოლას ახდენენ პოლიტიკოსებზე, მოსამართლეებსა და განათლების მუშაკებზე, რათა მათ ისეთი კანონები და სწავლებები მიაღებინონ, რომლებიც მხარს დაუჭერდა კრეაციონისტების მრწამსს.
იეჰოვას მოწმეები არ ერევიან პოლიტიკაში. ისინი პატივს სცემენ მთავრობის მიერ დადგენილ კანონებს (რომაელები 13:1—7). მიუხედავად ამისა, ისინი სერიოზულად ეკიდებიან იესოს სიტყვებს და „არ არიან ქვეყნიერების ნაწილი“ (იოანე 17:14—16). თავიანთი მსახურებით იეჰოვას მოწმეები ადამიანებს შესაძლებლობას აძლევენ, გაიგონ, თუ რა კურთხევები მოჰყვება ღვთის ნორმების თანახმად ცხოვრებას. ისინი მტკიცედ იცავენ ქრისტიანულ ნეიტრალიტეტს იმით, რომ მხარს არ უჭერენ ფუნდამენტალისტურ ჯგუფებს, რომლებიც ცდილობენ შემოიღონ სამოქალაქო კანონები და ამით აიძულონ სხვები, რომ მათ ბიბლიური ნორმების თანახმად იცხოვრონ (იოანე 18:36).
[სქოლიოები]
^ აბზ. 11 იხილეთ ამ ჟურნალის მე-18 გვერდზე მოცემული სტატია «ბიბლიის თვალსაზრისი: ეწინააღმდეგება მეცნიერება „დაბადებაში“ ჩაწერილ ინფორმაციას?»