ინტერვიუ ბიოქიმიკოსთან
ინტერვიუ ბიოქიმიკოსთან
ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უნივერსიტეტის პროფესორმა, ბიოქიმიკოსმა მაიკლ ბიჰიმ 1996 წელს გამოსცა წიგნი „დარვინის შავი ყუთი — ბიოქიმია ევოლუციის პირისპირ“. ეს წიგნი მოხსენიებული იყო 1997 წლის 8 მაისის „გამოიღვიძეთ!“-ში დაბეჭდილ სტატიათა სერიაში „როგორ გავჩნდით? შემთხვევით თუ შემოქმედების შედეგად?“ (რუს.) „დარვინის შავი ყუთის“ გამოქვეყნებიდან უკვე ათი წელი გავიდა. ამ ხნის მანძილზე ის მეცნიერები, რომლებიც ევოლუციურ მოძღვრებას იზიარებენ, ცდილობდნენ დაპირისპირებოდნენ მაიკლ ბიჰის არგუმენტებს. კრიტიკოსები აცხადებდნენ, რომ რელიგიურმა შეხედულებებმა (ბიჰი კათოლიკურ ეკლესიას მიეკუთვნება) მას მეცნიერული მსჯელობის უნარი დაუკარგა. სხვები ამბობენ, რომ მისი არგუმენტაცია არამეცნიერულია. ჟურნალმა „გამოიღვიძეთ!“ ინტერვიუ აიღო პროფესორ ბიჰისგან იმის დასადგენად, თუ რატომ გახდა მისი შეხედულებები ასეთი პოლემიკის საგანი.
„გამოიღვიძეთ!“: რატომ თვლით, რომ სიცოცხლის არსებობა შემოქმედებაზე მეტყველებს?
პროფესორი ბიჰი: როდესაც რთულ მოწყობილობას ვხედავთ, ვასკვნით, რომ ის ვიღაცამ შექმნა. ამის მაგალითია მექანიზმები, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ: გაზონსაკრეჭი, ავტომობილი ან თუნდაც უფრო მარტივი საგნები. მე ხშირად მომყავს ხაფანგის მაგალითი. ის აუცილებლად ვიღაცას უნდა შეექმნა, რადგან ცალკეული ნაწილები ისეა აწყობილი, რომ თავის დანიშნულებას ასრულებს და თაგვს იჭერს.
დღეს მეცნიერთათვის საიდუმლოებით აღარაა მოცული ის, თუ როგორ ფუნქციონირებს სიცოცხლე მოლეკულურ დონეზე. ჩვენდა გასაოცრად, მეცნიერები ვხედავთ, რომ სიცოცხლის არსებობა დაკავშირებულია ურთულესი მოლეკულური მექანიზმების ფუნქციონირებასთან. მაგალითად, უჯრედებში არის პატარა მოლეკულური „სატვირთო მანქანები“, რომლებსაც უჯრედის ერთი ადგილიდან მეორეზე „ტვირთი“ გადააქვს. არის ასევე „საგზაო ნიშნები“, რომლებიც ამ „სატვირთო მანქანებს“ მიუთითებს, მარცხნივ გაუხვიონ თუ მარჯვნივ. ზოგ უჯრედს აქვს „ბორტის ძრავა“, რომელიც მას სითხეში გადაადგილების საშუალებას აძლევს. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, მსგავსი რთული სისტემის დანახვისას ადამიანი დაასკვნიდა, რომ ის ვიღაცის შექმნილია. შეუძლებელია ამას სხვაგვარი ახსნა მოეძებნოს, იმის მიუხედავად, რასაც დარვინის თეორია აცხადებს. ვინაიდან ჩვენ ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით ასეთ წესრიგს, გამართლებულად მიგვაჩნია იმაზე ფიქრი, რომ მოლეკულური სისტემების არსებობაც შემოქმედების შედეგია.
„გამოიღვიძეთ!“: როგორ ფიქრობთ, რატომ არ იზიარებს თქვენს დასკვნებს შემოქმედებასთან დაკავშირებით თქვენი კოლეგების უმეტესობა?
პროფესორი ბიჰი: ბევრი მეცნიერი იმიტომ არ იზიარებს ჩემს შეხედულებებს, რომ იდეას შემოქმედების შესახებ ექსტრამეცნიერულად მიიჩნევენ — მათი აზრით,
ეს არ ექვემდებარება ბუნების კანონზომიერებებს. ასეთი დასკვნის გაკეთება რატომღაც ბევრს აშინებს. მაგრამ მე ყოველთვის იმას მასწავლიდნენ, რომ მეცნიერება იმ მიმართულებით უნდა წავიდეს, საითაც მტკიცებებს მიჰყავს. ჩემი აზრით, უკან დახევა იმის აღიარებისგან, რაზეც აშკარად მოწმობს ფაქტები, გამბედაობის ნაკლებობაა. ეს ხდება მხოლოდ იმის გამო, რომ ასეთი დასკვნა არასასურველ ფილოსოფიურ შეხედულებებს შეხვდება.„გამოიღვიძეთ!“: რა პასუხს გასცემთ კრიტიკოსებს, რომლებიც ამბობენ, რომ შემოქმედების შესახებ იდეას ხალხი უმეცრებისკენ მიჰყავს?
პროფესორი ბიჰი: შემოქმედების იდეის არსებობას უცოდინარობა არ განაპირობებს. ამ დასკვნამდე მივდივართ იმის საფუძველზე, რაც ვიცით და არა იმისა, რაც არ ვიცით. როდესაც დარვინმა 150 წლის წინათ გამოაქვეყნა წიგნი „სახეობათა წარმოშობა“, სიცოცხლე უფრო მარტივი ჩანდა. მაშინდელი მეცნიერების აზრით, უჯრედი იმდენად მარტივი იყო, რომ შეიძლებოდა სპონტანურად წარმოშობილიყო წყლიდან. მაგრამ მას შემდეგ მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ უჯრედი საოცრად რთულია და მას 21–ე საუკუნის მექანიზმებიც ვერ შეედრება. ასეთი ფუნქციონალური სირთულე აშკარად მიზანდასახულ შემოქმედებაზე მეტყველებს.
„გამოიღვიძეთ!“: აქვს მეცნიერებას იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ რთული მოლეკულური მექანიზმი, რომლის შესახებაც თქვენ საუბრობთ, შეიძლებოდა ბუნებრივი გადარჩევის გზით წარმოშობილიყო?
პროფესორი ბიჰი: თუ მეცნიერულ ლიტერატურას გადახედავთ, აღმოაჩენთ, რომ ექსპერიმენტალურად თუ დაწვრილებითი მეცნიერული ნიმუშის საფუძველზე სერიოზულად არავის უცდია იმის ახსნა, თუ როგორ განვითარდა ასეთი მოლეკულური მექანიზმი ევოლუციის გზით. და ეს ხდება იმის მიუხედავად, რომ ჩემი წიგნის გამოცემიდან 10 წლის განმავლობაში ისეთმა სამეცნიერო ორგანიზაციებმა, როგორიცაა მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და ამერიკის მეცნიერების განვითარების ასოციაცია, ოფიციალურად სთხოვეს თავიანთ წევრებს, ყველაფერი გაეკეთებინათ შემოქმედების დამადასტურებელი არგუმენტების გასაბათილებლად.
„გამოიღვიძეთ!“: რას უპასუხებთ მათ, ვისაც არგუმენტად ცხოველებისა და მცენარეების „წარუმატებლად“ შექმნილი თავისებურებები მოჰყავს?
პროფესორი ბიჰი: ის, რომ ჩვენ არ ვიცით ორგანიზმის ამა თუ იმ ორგანოს დანიშნულება, თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ ის მნიშვნელოვან როლს არ ასრულებს. მაგალითად, ერთ დროს ეგრეთ წოდებული რუდიმენტული ორგანოები იმის დამამტკიცებელ საბუთად მოჰყავდათ, რომ ადამიანის სხეული და სხვა ორგანიზმები არასრულფასოვნად იყო შექმნილი. ბრმა ნაწლავსა და ნუშისებრ ჯირკვლებს რუდიმენტულ ორგანოებს მიაკუთვნებდნენ და, როგორც წესი, კვეთდნენ. მაგრამ შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ამ ორგანოებს აქვს მნიშვნელობა იმუნური სისტემისთვის, და დღეს მათ აღარ თვლიან რუდიმენტულად.
არც ის უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ ბიოლოგიაში, როგორც ჩანს, ზოგი რამ შემთხვევით ხდება. მაგრამ, თუ ჩემი მანქანა შეჭეჭყილია ან საბურავი დაშვებულია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მანქანა ან საბურავი არავის შეუქმნია. მსგავსად, ზოგი რამ თუ ბიოლოგიაში შემთხვევით ხდება, არ ნიშნავს იმას, რომ სიცოცხლის ურთულესი მოლეკულური მექანიზმიც შემთხვევით წარმოიშვა. ეს არგუმენტი, უბრალოდ, არალოგიკურია.
[ჩანართი 12 გვერდზე]
„ჩემი აზრით, უკან დახევა იმის აღიარებისგან, რაზეც აშკარად მოწმობს ფაქტები, გამბედაობის ნაკლებობაა. ეს ხდება მხოლოდ იმის გამო, რომ ასეთი დასკვნა არასასურველ ფილოსოფიურ შეხედულებებს შეხვდება“.