არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ გვჯერა შემოქმედის არსებობის

რატომ გვჯერა შემოქმედის არსებობის

რატომ გვჯერა შემოქმედის არსებობის

მეცნიერების სხვადასხვა დარგში მომუშავე მრავალ სპეციალისტს სჯერა, რომ სამყაროს უმაღლესი ინტელექტის ხელი ატყვია. მათი აზრით, ალოგიკურია იმის მტკიცება, რომ დედამიწაზე არსებული ურთულესი ცოცხალი ორგანიზმები შემთხვევითობის წყალობით წარმოიქმნა. ამიტომ მრავალ მეცნიერს სწამს შემოქმედის არსებობის.

ამ მეცნიერთაგან ზოგიერთი იეჰოვას მოწმე გახდა. მათი ღრმა რწმენით მატერიალური სამყაროს შემოქმედი ბიბლიის ღმერთია. რატომ მივიდნენ ისინი ამ დასკვნამდე? „გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტი ზოგ მათგანს გაესაუბრა. აი, რას ამბობენ ისინი*:

„წარმოუდგენლად რთული ცოცხალი ორგანიზმები“

ვოლფ–ეკეჰარდ ლიონინგი

მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: 28 წელზე მეტია, რაც მეცნიერულ კვლევებს ვაწარმოებ მცენარეთა გენეტიკური მუტაციების დარგში. აქედან 21 წელი ვმუშაობდი კელნის მაქს პლანკის სახელობის მცენარეთა სელექციის ინსტიტუტში (გერმანია). ამასთანავე, თითქმის 30 წელია, რაც იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანულ კრებაში უხუცესად ვმსახურობ.

გენეტიკისა და ბიოლოგიის ისეთ დარგებში ჩატარებულმა კვლევებმა, როგორიცაა ფიზიოლოგია და მორფოლოგია, დამანახვა, რომ ცოცხალი ორგანიზმები მრავალფეროვანი და, ხშირად, უაღრესად რთულია. ამ სფეროში ჩატარებულმა გამოკვლევებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ სიცოცხლე, ცოცხალ ორგანიზმთა ძირითადი ფორმების უმეტესობაც კი, უმაღლესი ინტელექტის ნაყოფია.

მეცნიერებისთვის უცხო არ არის აზრი იმის თაობაზე, რომ ცოცხალ ორგანიზმებს რთული აგებულება აქვთ. მაგრამ ამ საოცარ ფაქტებს, ჩვეულებრივ, ევოლუციური თეორიის მხარდასაჭერად იყენებენ. ჩემი აზრით, არგუმენტები, რომლებიც შემოქმედების შესახებ ბიბლიური ცნობის საწინააღმდეგოდ მოჰყავთ, გულმოდგინე მეცნიერული გამოკვლევების შედეგად საერთოდ ბათილდება. ასეთ არგუმენტებს ათეული წლების განმავლობაში ვიკვლევდი. მას შემდეგ, რაც გულმოდგინედ შევისწავლე ცოცხალი ორგანიზმები და ის, თუ როგორ არის სამყაროში მოქმედი კანონები სრულყოფილად დარეგულირებული ისე, რომ დედამიწაზე სიცოცხლე შესაძლებელია, დავრწმუნდი შემოქმედის არსებობაში.

„ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს“

ბაირონ ლეონ მიდოსი

მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: ვცხოვრობ შეერთებულ შტატებში; ვმუშაობ აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნულ ცენტრში (ნასა), ლაზერული ფიზიკის დარგში. დღეს ვმუშაობ იმ ტექნოლოგიების განვითარებაზე, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია მსოფლიო კლიმატზე, ამინდსა და სხვა მოვლენებზე დაკვირვება. ამავე დროს, კილმარნოკში (ვირჯინია) იეჰოვას მოწმეთა კრებაში უხუცესად ვმსახურობ.

კვლევის დროს ხშირად მაქვს შეხება ფიზიკურ კანონებთან. ვცდილობ, გავიგო, როგორ და რატომ ხდება ესა თუ ის მოვლენა. ჩემ მიერ ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე დავრწმუნდი, რომ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. ჩემი ღრმა რწმენით, მეცნიერულად გამართლებულია ის აზრი, რომ ყველაფერს საწყისი ღმერთმა მისცა. ბუნების კანონები ძალიან სტაბილურია; ამიტომ გვაქვს საფუძველი, გვჯეროდეს, რომ ისინი შემოქმედის მიერ არის დადგენილი.

თუ ეს ასე ნათელია, მაშ, რატომ სწამს მრავალ მეცნიერს ევოლუციის? შეიძლება დავუშვათ, რომ ევოლუციონისტები მტკიცებებს წინასწარ გამოტანილი საკუთარი დასკვნების მხარდასაჭერად იყენებენ? ასეთი მიდგომა მეცნიერებისთვის უცხო არ არის. მაგრამ, როგორი დამაჯერებელიც უნდა ჩანდეს ესა თუ ის მტკიცება, მას ყოველთვის სწორ დასკვნამდე არ მივყავართ. მაგალითად, ლაზერული ფიზიკის დარგში მომუშავე ადამიანი შეიძლება ამტკიცებდეს, რომ სინათლე, ბგერის მსგავსად, ტალღაა, ვინაიდან ხშირად ისეთივე თვისებები აქვს, როგორიც ტალღას. მაგრამ ამგვარი განაცხადი სინათლის შესახებ სრულ სურათს არ გვიქმნის, რადგან ფაქტები იმასაც ცხადყოფს, რომ სინათლეს აქვს ნაწილაკების თვისებები; ეს ნაწილაკები ფოტონებად არის ცნობილი. მსგავსად ამისა, ის ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ევოლუცია ფაქტია, თავიანთ დასკვნებს არსებული მტკიცებების მხოლოდ გარკვეულ ნაწილზე აფუძნებენ; აგრეთვე მათ მიერ წინასწარ გაკეთებული დასკვნები გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ უდგებიან ამ მტკიცებებს.

მიკვირს, როდესაც ვინმე ევოლუციურ თეორიას ფაქტად იღებს, მაშინ როდესაც თავად ევოლუციონისტები „დაობენ იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლებოდა ყოველივე წარმოშობილიყო. მაგალითად, მიიჩნევდით თუ არა არითმეტიკას საფუძვლიანად დადასტურებულად, თუ ამ დარგში მომუშავე ერთი სპეციალისტი იტყოდა, რომ 2–ს მივუმატოთ 2, ოთხია, ხოლო მეორეს აზრით, ჯამი 3–ის ან 6–ის ტოლია? მეცნიერების დანიშნულება მხოლოდ იმის აღიარება რომ იყოს, რისი დამტკიცებაც შეიძლება, რაც ექსპერიმენტებით დასტურდება და რისი რეპროდუცირებაც შესაძლებელია, მაშინ თეორია იმის შესახებ, რომ ყველა ცოცხალ ორგანიზმს ერთი წინაპარი ჰყავდა, შეუძლებელია მეცნიერულ ფაქტად ჩაითვალოს.

„არაფრისგან შეუძლებელია რამე შეიქმნას“

კენეტ ლოიდ ტანაკა

მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: ვარ გეოლოგი; ამჟამად ვმუშაობ შეერთებული შტატების ფლაგსტაფის (არიზონა) გეოლოგიურ სამსახურში. თითქმის სამი ათწლეულია, რაც მონაწილეობას ვიღებ გეოლოგიის სხვადასხვა დარგის, მათ შორის, პლანეტების გეოლოგიის, მეცნიერულ კვლევებში. ჩემი მეცნიერული კვლევების შესახებ მრავალი სტატია და ჩემ მიერ შედგენილი მარსის გეოლოგიური რუკები სამეცნიერო ჟურნალებში არის გამოქვეყნებული. ამავე დროს, ვარ იეჰოვას მოწმე და ყოველთვიურად ბიბლიური ცნობის ქადაგებას დაახლოებით 70 საათს ვუთმობ.

ევოლუციას მასწავლიდნენ, მაგრამ ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, თუ როგორ შეიძლებოდა ძლიერი შემოქმედის გარეშე წარმოქმნილიყო სამყარო, რომლის შესაქმნელად უზარმაზარი ენერგია იყო საჭირო. არაფრისგან შეუძლებელია რამე შეიქმნას. შემოქმედის არსებობის დასადასტურებლად ბიბლიაშიც ვიპოვე დამაჯერებელი არგუმენტები. ამ წიგნში უამრავი ისეთი მეცნიერული ფაქტია მოცემული, რომლებიც ჩემი კვლევის სფეროს ეხება; მაგალითად, მასში ნათქვამია, რომ დედამიწა სფეროს ფორმისაა და „არაფერზე“ ჰკიდია (იობი 26:7; ესაია 40:22). ეს ფაქტები ბიბლიაში იმაზე დიდი ხნით ადრე ჩაიწერა, ვიდრე ადამიანები ამას აღმოაჩენდნენ.

დავფიქრდეთ, თუ როგორ ვართ შექმნილები. ჩვენ გვაქვს გრძნობათა ორგანოები, თვითშეგნების, აზროვნების და ურთიერთობის დამყარების უნარი. ჩვენ შეგვიძლია განვიცადოთ, დავაფასოთ და გამოვხატოთ სიყვარული. ევოლუცია ვერ ხსნის, თუ როგორ განვითარდა ადამიანში ასეთი შესანიშნავი თვისებები.

საკუთარ თავს დაუსვით კითხვა: „რამდენად სანდოა ის წყაროები, რომლებსაც ევოლუციის მხარდასაჭერად იყენებენ?“ პალეონტოლოგიური მონაცემები არასრული, რთული და დამაბნეველია. ევოლუციონისტებმა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიებშიც კი ვერ დაამტკიცეს ევოლუციის თეორია. მართალია, მეცნიერები, საერთო ჯამში, თარიღების დასადგენად კვლევის უახლეს მეთოდებს იყენებენ, მაგრამ აღმოჩენების შეფასებისას მათზე ხშირად გავლენას ახდენს ეგოისტური მოტივები. როგორც ცნობილია, მეცნიერები საკუთარი იდეების მხარდასაჭერად იყენებენ ისეთ შემთხვევებს, როდესაც თარიღების დადგენა შეუძლებელია ან ურთიერთსაწინააღმდეგოა. ამისკენ მათ უბიძგებთ კარიერა და პირადი ამბიციები.

როგორც მეცნიერსა და ბიბლიის მკვლევარს, ხასიათში მაქვს, ვეძებო სრული ჭეშმარიტება, რომელიც შეესაბამება ყველა ცნობილ ფაქტსა და დაკვირვებას, რათა უზუსტესი ინფორმაცია მქონდეს. ჩემთვის ყველაზე ლოგიკურია, მწამდეს შემოქმედის.

„უჯრედის აგებულება აშკარად ადასტურებს, რომ ის შექმნილია“

პაულა კინჩელოე

მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: რამდენიმე წელია, რაც კვლევებს ვაწარმოებ ისეთ დარგებში, როგორიცაა: უჯრედის ბიოლოგია, მოლეკულური ბიოლოგია და მიკრობიოლოგია. ამჟამად ვმუშაობ ემრის უნივერსიტეტში (ატლანტა, ჯორჯიის შტატი, აშშ). ამავე დროს, რუსულ ენაზე მოლაპარაკე ხალხს უფასოდ ვასწავლი ბიბლიას.

როგორც მოლეკულური ბიოლოგიის დარგის სპეციალისტი, ოთხი წლის განმავლობაში მხოლოდ უჯრედსა და მის კომპონენტებს ვიკვლევდი. რაც უფრო მეტად ვიკვლევდი დნმ–ს, რნმ–ს, პროტეინებს და მეტაბოლიზმის პროცესს, მით უფრო მაოცებდა ის სირთულე, წესრიგი და სიზუსტე, რომელიც უჯრედში არსებობს. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რაც უჯრედის შესახებ ვისწავლე, მაგრამ უფრო მეტად ის მაოცებდა, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ იყო გამოსაკვლევი. უჯრედის აგებულება აშკარად ადასტურებს, რომ ის შექმნილია, რაც ერთ–ერთი მიზეზია იმისა, რომ ღმერთი მწამს.

ბიბლიის შესწავლით გავიგე, თუ ვინ არის შემოქმედი — იეჰოვა ღმერთი. დარწმუნებული ვარ, რომ ის მხოლოდ გონიერი შემოქმედი კი არ არის, არამედ კეთილი და მოსიყვარულე მამა, რომელიც ზრუნავს ჩემზე. ბიბლიაში ახსნილია, რა არის ცხოვრების აზრი და მასში მოცემულია ბედნიერი მომავლის იმედი.

მოსწავლეებმა, რომლებსაც სკოლაში ევოლუციის თეორიას ასწავლიან, შეიძლება არ იცოდნენ, რა ირწმუნონ. ისინი შეიძლება დაბნეულები იყვნენ. თუ მათ ღმერთის სწამთ, სკოლაში ყოფნის ეს პერიოდი შეიძლება მათთვის რწმენის გამოცდა იყოს. მაგრამ მათ შეუძლიათ გაუძლონ ამ გამოცდას, თუ გამოიკვლევენ ბუნების მრავალ საოცრებას და მეტ ცოდნას მიიღებენ შემოქმედისა და მისი თვისებების შესახებ. პირადად მე ასე მოვიქეცი და დავასკვენი, რომ შემოქმედების შესახებ ბიბლიის ცნობა ზუსტია და ჭეშმარიტ მეცნიერებას არ ეწინააღმდეგება.

„დახვეწილი, ადვილად გასაგები კანონები“

ენრიკე ერნანდეს ლემუსი

მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: მე იეჰოვას მოწმე ვარ და სრული დროით ვმსახურობ. პროფესიით ფიზიკოს-თეორეტიკოსი ვარ. ამჟამად მეხიკოს ეროვნულ უნივერსიტეტში ვმუშაობ და ჩემს სამუშაოში შედის ის, რომ თერმოდინამიკის კანონების საფუძველზე ახსნა მოვუძებნო მოვლენას, რომელიც გრავიტაციული თერმოდინამიკური კატასტროფის სახელწოდებით არის ცნობილი და, რომელიც ვარსკვლავთა გაფართოებას იწვევს.

ცოცხალი ორგანიზმები იმდენად რთულია, რომ შეუძლებელია ისინი შემთხვევით წარმოქმნილიყო. მაგალითად, დავფიქრდეთ, რა უზარმაზარ ინფორმაციას შეიცავს დნმ–ს მოლეკულა. იმის მათემატიკური ალბათობა, რომ ერთი ქრომოსომაც კი შემთხვევით წარმოიქმნას, 9 ტრილიონიდან 1-ზე ნაკლებია და ეს იმდენად დაუშვებელია, რომ იგი შეიძლება შეუძლებლად ჩაითვალოს. ვფიქრობ, აზრს მოკლებულია, გვჯეროდეს, რომ, რაღაც ბრმა ძალა, რომელსაც ერთი ქრომოსომის შექმნაც არ შეუძლია, იყოს საოცრად რთული ცოცხალი ორგანიზმების წარმოქმნის მიზეზი.

გარდა ამისა, როდესაც მატერიის საოცრად რთულ თვისებებს ვიკვლევ (მიკროსკოპულ დონეზე შესწავლით, თუ ვარსკვლავთა გიგანტური ნისლეულის სივრცეში გადაადგილებაზე დაკვირვებით), გაოცებული ვრჩები იმით, თუ რა დახვეწილი, ადვილად გასაგები კანონები მართავს მათ. ჩემთვის ეს კანონები უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე უდიდესი მათემატიკოსის ნაშრომები; ეს კანონები დიდი მხატვრის მიერ თავის სურათზე გაკეთებულ ხელმოწერას შეიძლება შევადარო.

ხალხს ხშირად უკვირს, როდესაც ვეუბნები, რომ იეჰოვას მოწმე ვარ. ზოგჯერ მეკითხებიან, როგორ შეიძლება, მე ღმერთი მწამდეს. ხალხის მხრიდან ამგვარი რეაქცია გასაგებია, რადგან რელიგიების უმეტესობა თავის მიმდევრებს არ მოუწოდებს, რომ გამოიკვლიონ, რაზეა დაფუძნებული მათი სწავლება. ბიბლია კი მოგვიწოდებს, „ჭკუა“ გამოვიყენოთ (იგავები 3:21). შემოქმედის არსებობასთან დაკავშირებული ყველა მტკიცება, რომლებიც ბუნებაზე დაკვირვებიდან ჩანს, ასევე ბიბლიური მტკიცებები, არა მარტო ღვთის არსებობაში მარწმუნებს, არამედ იმაშიც, რომ ის ისმენს ჩვენს ლოცვებს.

[სქოლიო]

ამ სტატიაში მოხსენიებული სპეციალისტების აზრს მათი თანამშრომლები შეიძლება არ იზიარებდნენ.

[სურათის საავტორო უფლება 22 გვერდზე]

Mars in background: Courtesy USGS Astrogeology Research Program, http://astrogeology.usgs.gov