არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

«ჩვენი პლანეტის ყველაზე „მჭიდროდ დასახლებული“ ადგილი ზღვის სიღრმეა. უმკაცრესი პირობების მიუხედავად, წყალში ყველგან ვხვდებით სიცოცხლეს, და ზოგჯერ გასაოცარი მრავალფეროვნებით» („ნიუ საიენტისტი“, დიდი ბრიტანეთი).

ახლახან ქალაქ ჰარისბერგში (პენსილვანიის შტატი, აშშ) ფედერალური სასამართლოს მოსამართლემ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, „არაკონსტიტუციურია საშუალო სკოლებში ევოლუციის თეორიის ალტერნატივად შემოქმედების სწავლება“ („ნიუ–იორკ ტაიმზი“, აშშ).

2005 წელს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, „ამერიკელთა 51 პროცენტი არ იზიარებს ევოლუციის თეორიას“ („ნიუ–იორკ ტაიმზი“, აშშ).

დღეს „მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულ ცხოველად“ ითვლება 175 წლის გიგანტური კუ, ჰარიეტი, რომელიც 150 კილოგრამს იწონის და ბრისბენის (ავსტრალია) ზოოპარკში ცხოვრობს (ავსტრალიის რადიომაუწყებლობის კორპორაცია).

შვედმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, როგორ იცავს თავს სიმინდის ზოგი სახეობა დასავლური ხოჭოებისგან. სიმინდი მიწაში გამოსცემს სუნს. ეს სუნი იზიდავს პატარა ჭიაყელებს, რომლებიც ხოცავენ ხოჭოს მატლებს („ველტი“, გერმანია).

გიგანტური მოლუსკი „კადრში მოხვდა“

იაპონიის სამხრეთით, ბონინის კუნძულების მახლობლად მეცნიერებმა პირველად შეძლეს გიგანტური მოლუსკისთვის სურათის გადაღება. მათ სატყუარად პატარა მოლუსკი და კრევეტის რბილობი გამოიყენეს და ზევით ფოტოკამერები დაკიდეს. დაახლოებით 900 მეტრის სიღრმეზე კადრში მოხვედრილი გიგანტური მოლუსკი სიგრძეში 8 მეტრს აღწევდა.

ბალახი დინოზავრების მენიუში

„მეცნიერები ძალიან გააოცა იმის აღმოჩენამ, რომ დინოზავრები ბალახს ჭამდნენ“, — იუწყება „ასოშიეიტიდ პრესი“. ისინი ამ დასკვნამდე მივიდნენ ინდოეთში აღმოჩენილი ზავროპოდის ნაშთის გამოკვლევისას. რა იყო ამაში გასაოცარი? ადრე ვარაუდობდნენ, რომ „ბალახი დინოზავრების გადაშენებიდან დიდი ხნის გასვლის შემდეგ წარმოიშვა“. ასევე ფიქრობდნენ, რომ ზავროპოდებს „არ ჰქონდათ ისეთი კბილები, რომ ბალახის უხეში ღეროები დაეღეჭათ“. აღნიშნული გამოკვლევის ხელმძღვანელი, პალეობოტანიკოსი კაროლინა სტრონბერგი ამბობს: „ბევრი ადამიანი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ დინოზავრები ბალახს ჭამდნენ“.

როგორ დაფრინავენ ფუტკრები?

„ინჟინრებმა დაამტკიცეს, რომ ფუტკრებს არ შეუძლიათ ფრენა“, — ამას ხუმრობით ამბობდნენ. ერთი შეხედვით, ფუტკრების ფრთები საკმაოდ პატარაა იმისათვის, რომ მათი მეშვეობით შეძლონ თავიანთი „მძიმე“ სხეულის აწევა. ფუტკრების საიდუმლოს გასარკვევად ინჟინრებმა „გადაიღეს ფუტკრების ფრენა წამში 6000 კადრის სიხშირით“, — ნათქვამია „ნიუ საიენტისტში“. მეცნიერების თქმით, ფუტკრები ფრენის „უჩვეულო“ ტექნიკას ფლობენ. „ფუტკარს ფრთა 90 გრადუსით უკან მიაქვს, შემდეგ ქვემოთ მოაქვს და თან ატრიალებს. ის წამში 230–ჯერ აკეთებს ასეთ მოძრაობას . . . ეს მოგვაგონებს საჰაერო ხრახნს, რომელშიც ხრახნული ფრთაც ტრიალებს“, — განმარტავს მკვლევართა ჯგუფის ერთ–ერთი წევრი. მათი აღმოჩენა შეიძლება დაეხმაროს ინჟინრებს ახალი კონსტრუქციის საჰაერო ხრახნებისა და უკეთესი მანევრის მქონე თვითმფრინავების შექმნაში.

მომღერალი თაგვები

«თაგვებს შეუძლიათ იმღერონ . . . „შეუღლების“ წინ მათი სიმღერები არ ჩამოუვარდება ჩიტების ჭიკჭიკს», — იუწყება „ნიუ საიენტისტი“. თაგვები გამოსცემენ ულტრაბგერებს, რომელთა სიხშირეც იმდენად მაღალია, რომ ადამიანის ყური ვერ აღიქვამს. სწორედ ამიტომ იყო უცნობი, რომ თაგვებს სიმღერა შეუძლიათ. სენტ–ლუისში (მისურის შტატი, აშშ) მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მამალი თაგვები «საკმაოდ თანმიმდევრულად გამოსცემენ ბგერებს, რის შედეგადაც „სიმღერა“ გამოსდით». ამის წყალობით თაგვები შედიან ძუძუმწოვრების განსაკუთრებულ ჯგუფში. მათ გარდა, ძუძუმწოვართაგან სიმღერის უნარი ვეშაპებს, დელფინებს, ზოგი სახეობის ღამურებსა და, რაღა თქმა უნდა, ადამიანებს აქვთ.