არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბოშები სიხარულისა და მწუხარების ათასი წელი

ბოშები სიხარულისა და მწუხარების ათასი წელი

ბოშები სიხარულისა და მწუხარების ათასი წელი

ეს წვეულება დიდ, ტრადიციულ ქორწილს ჰგავს. საჭმელ-სასმელი უხვად არის, სახლში მუსიკის ჰანგები ისმის. ნათესავები წინ მიიწევენ და ულოცავენ დამორცხვებულ სასიძოსა და ბედნიერებით გაბრწყინებულ საპატარძლოს. მაგრამ ეს ქორწილი არ გეგონოთ, ეს მხოლოდ ქორწილის წინა დღეს გამართული ნიშნობაა, რომელსაც 600 კაცი ესწრება. სიძის ოჯახი პატარძლის ოჯახს ურვადს გადასცემს. მეორე დღეს სასიძო და მისი ოჯახი პატარძალს სასიძოს სახლში წაიყვანენ, სადაც ნამდვილი საქორწილო წვეულება გაიმართება.

წყვილის ნათესავები ბოშურად ანუ აწინკნურად ლაპარაკობენ. ეს ენა ყველა ქვეყანაში უცხო ენად ითვლება. აწინკნური ენა, რომელსაც მრავალი დიალექტი აქვს, უძველეს ტრადიციებსა თუ საქორწილო წეს-ჩვეულებებთან ერთად იმ ხალხის მემკვიდრეობის ნაწილია, რომელიც მთელ მსოფლიოშია გაფანტული. მათ არ გააჩნიათ საკუთარი მიწა-წყალი და არ ჰყავთ მთავრობა. ისინი ბოშები არიან *.

ვინ არიან ბოშები?

ბოშების ენას, კულტურასა და წარმოშობას ათასწლიანი ისტორია აქვს. ის დასაბამს ჩრდილოეთ ინდოეთიდან იღებს. თუ არ ჩავთვლით ბოლო დროს ნასესხებ სიტყვებს, აწინკნური ენა აშკარად ინდური წარმოშობისაა. დღემდე გაუგებარია, რატომ დატოვეს მათ ინდოეთი. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, მათი წინაპრები, შესაძლოა, იყვნენ ხელოსნები და ხალხის გამრთობები, რომლებიც თან დაჰყვებოდნენ ომის გამო სამშობლოდან გადახვეწილ ჯარისკაცთა რაზმებს. როგორც უნდა ყოფილიყო, ბოშები ევროპაში სპარსეთისა და თურქეთის გავლით ახ. წ. 1300 წლამდე მოხვდნენ.

დიდი ხანია, ევროპაში ბოშებზე ორი უკიდურესად განსხვავებული შეხედულებაა გავრცელებული. ერთი მხრივ, რომანებსა და ფილმებში მათ სტუმართმოყვარე, ლაღ და მოხეტიალე ხალხად წარმოაჩენენ, რომლებიც სიხარულსა და მწუხარებას სიმღერითა და ცეკვით გამოხატავენ. მეორე მხრივ, მათ სახელს უტეხენ და უნდობელ, უცნაურ და ეჭვიან ხალხად მიიჩნევენ; მათ საზოგადოებიდან გარიყულ ადამიანებად თვლიან. მოდი თვალი გადავავლოთ ბოშების საინტერესო წარსულს და გავიგოთ, რამ წარმოშვა ასეთი სტერეოტიპები.

დისკრიმინაციის ეპოქა

შუა საუკუნეებში მრავალი ევროპელისთვის მთელი სამყარო მხოლოდ მათი ქალაქითა თუ სოფლით შემოიფარგლებოდა. ამიტომ წარმოიდგინეთ, რა რეაქცია ექნებოდათ მათ, როცა მომთაბარე ბოშებს დაინახავდნენ. ბევრი რამ, რაც ბოშებს უკავშირდებოდა, ალბათ ხალხის ინტერესს იწვევდა. ისინი შაგვრემნები იყვნენ, შავი თვალები და თმები ჰქონდათ. ენით, ჩაცმულობითა და ქცევით ახალმოსულები ძალიან განსხვავდებოდნენ ადგილობრივი მოსახლეობისგან. გარდა ამისა, ბოშებს თავი ხშირად ყველასგან შორს ეჭირათ, როგორც ჩანს იმ ჩვეულების გამო, რომელიც მათ კასტებად დაყოფილი ინდოეთიდან გამოჰყვათ. ათწლეულების განმავლობაში ევროპელთა ცნობისმოყვარეობა უნდობლობამ შეცვალა.

ბოშები გარიყეს საზოგადოებიდან. მათ უფლება არ ჰქონდათ სოფლებში დაბანაკებულიყვნენ და ისიც კი ეკრძალებოდათ, რომ საჭმლის საყიდლად ან წყლის ამოსაღებად შესულიყვნენ. ერთხელ ხმა დაირხა, რომ ისინი ბავშვებს იპარავდნენ და ჭამდნენ. ზოგჯერ ბოშებს კანონით აიძულებდნენ, ღია ცის ქვეშ მოემზადებინათ საჭმელი, რათა ყველა მსურველს შეძლებოდა იმის შემოწმება, რას აკეთებდნენ ქვაბში. ხშირად მათ მთელი დღის საჭმელს ძირს უღვრიდნენ. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რატომ იპარავდა ზოგი ბოშა საჭმელს.

ასეთი დისკრიმინაციის დროს ბოშები ცდილობდნენ, ერთად ყოფილიყვნენ. საუკუნეების განმავლობაში ოჯახი იყო მათი საყრდენი და სიხარულის წყარო. ჩვეულებრივ, ბოშები მზრუნველობას არ აკლებენ თავიანთ შვილებს და შვილებიც ზრუნავენ ხანდაზმულ მშობლებზე. მრავალი ბოშა ერთგულად იცავს ქცევისა და წესიერების ტრადიციულ ნორმებს.

მომთაბარე ცხოვრება

ბოშებს საზოგადოება ხშირ შემთხვევაში გულთბილად არ იღებდა, ამიტომ ისინი მუდმივად იცვლიდნენ საცხოვრებელ ადგილს. მომთაბარე ცხოვრების შედეგად ისინი დახელოვნდნენ ლითონის დამუშავებაში, ვაჭრობასა და ხალხის გართობაში. ამ საქმიანობით ისინი ოჯახებს არჩენდნენ. ზოგი ბოშა ქალი თავს მკითხავად ასაღებდა და ასე შოულობდა ფულს. მომთაბარე ცხოვრების წყალობით მათ შეინარჩუნეს კულტურული თუ ზნეობრივი თვითმყოფადობა, რაც შეეძლოთ დაეკარგათ უცხოებთან (ბოშურად გადიე) ხშირი ურთიერთობით *.

წინასწარ შექმნილი არასწორი შეხედულება მათი დევნის მიზეზი გახდა. ბოშები ევროპის ზოგიერთი ქვეყნიდან განდევნეს, ზოგან კი საუკუნეების განმავლობაში დამონებული ჰყავდათ. მე-19 საუკუნის 60-იან წლებში მათ მონობას წერტილი დაესვა, რის შედეგადაც ბოშათა დიდი ნაწილი დასავლეთ ევროპისა და ამერიკისკენ დაიძრა. მათ ყველგან შეინარჩუნეს თავიანთი ენა, ნიჭი და წეს-ჩვეულებები.

ჩაგვრის მიუხედავად ბოშები გულს აყოლებდნენ სიმღერასა და ცეკვას. ესპანეთში ბოშური თუ სხვა კულტურების შერწყმის შედეგად წარმოიშვა ცეკვა ფლამენკო, აღმოსავლეთ ევროპაში კი ბოშა მუსიკოსებმა ადგილობრივ ხალხურ სიმღერებს თავისებური ელფერი შესძინეს. მთელი გრძნობით შესრულებულმა ბოშურმა მუსიკამ გავლენა მოახდინა კლასიკური მუსიკის ისეთ კომპოზიტორებზე, როგორებიც იყვნენ ბეთჰოვენი, ბრამსი, დვორჟაკი, ჰაიდნი, ლისტი, მოცარტი, რახმანინოვი, რაველი, როსინი, სენ-სანსი და სარასატე.

ბოშების ცხოვრება დღეს

დღესდღეობით დედამიწის თითქმის ყველა კუთხეში ორიდან ხუთ მილიონამდე, ზოგის აზრით კი, უფრო მეტი ბოშა ცხოვრობს. მათი უმრავლესობა ევროპაში მკვიდრობს. მრავალი მათგანი აღარ ეწევა მომთაბარე ცხოვრებას და ზოგიერთები საკმაოდ შეძლებულებიც არიან. მაგრამ უმეტეს ადგილას ბოშები კვლავაც სიღარიბეში არიან და მათ არაფერი გააჩნიათ. ისინი ხშირად სიბინძურეში ცხოვრობენ.

აღმოსავლეთ ევროპაში კომუნიზმის ბატონობის დროს თეორიულად ყველა ადამიანი თანასწორუფლებიანი უნდა ყოფილიყო. მთავრობები ცდილობდნენ სამსახურითა და ბინებით უზრუნველეყოთ ბოშები და ამგვარად შეეზღუდათ მათი მომთაბარეობა, რასაც გარკვეულწილად წარმატება მოჰყვა. ზოგჯერ ასეთი მიდგომა ჯანდაცვისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას უწყობდა ხელს. მაგრამ ამან ვერ მოსპო ის უარყოფითი დამოკიდებულება, რომელიც ბოშებსა და სხვა ერის წარმომადგენლებს შორის საუკუნეების განმავლობაში არსებობდა.

მე-20 საუკუნის 90-იან წლებში აღმოსავლეთ ევროპაში მომხდარი პოლიტიკური ცვლილებები უკეთესობის იმედს იძლეოდა. მაგრამ ამ ცვლილებებმა ძველი პრობლემები განაახლა. სოციალური დახმარების პროგრამების შემცირებამ და ანტიდისკრიმინაციული კანონების უგულებელყოფამ ბოშები ისევ მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩააგდო.

იმედი და უკეთესი ცხოვრება

სწორედ ამ პერიოდში ერთი ყორნისფერთმიანი ბოშა გოგონა, სახელად ანდრეა, აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში სკოლაში დადიოდა. კლასში ის ერთადერთი ბოშა იყო. მიუხედავად მტკიცე ხასიათისა, ის ცრემლების გარეშე ვერ იხსენებს იმ დროს, როცა მას დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ სკოლაში. ანდრეა იხსენებს: „როცა თამაშის დროს გუნდებად ვიყოფოდით, ყველაზე ბოლოს მე მირჩევდნენ. მინდოდა ინდოეთში დავბრუნებულიყავი, სადაც სხვებისგან განსხვავებული აღარ ვიქნებოდი. ერთხელ ჩემს მეგობარს მიაძახეს, შენს ინდოეთში წადიო. ფული რომ მქონდეს, წავიდოდიო, უპასუხა ჩემმა მეგობარმა. შინაურულად თავს ვერსად ვგრძნობდით. ყველგან არასასურველი სტუმრები ვიყავით“. ანდრეა ნიჭიერი მოცეკვავე იყო; ის ოცნებობდა წარმატებაზე და ფიქრობდა, რომ ასე საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი გახდებოდა. მაგრამ ის ჯერ კიდევ მოზარდი იყო, როცა ბევრად უკეთესი რამ იპოვა.

„ერთ დღეს ახალგაზრდა ქალმა, იეჰოვას მოწმემ, სახელად პიროსკამ სახლში მოგვაკითხა, — გვიყვება ანდრეა. — მან ბიბლიიდან მაჩვენა, რომ ღმერთს თითოეული ადამიანი უყვარს და არა უბრალოდ მთელი კაცობრიობა. მან ამიხსნა, რომ თუ მოვისურვებდი, ღმერთთან კარგ ურთიერთობას განვავითარებდი. მაშინ მივხვდი, რომ არსებობდა ვიღაც, ვისთვისაც სულერთი არ ვიყავი. თვითრწმენა შემმატა იმის გაგებამ, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის.

პიროსკამ იეჰოვას მოწმეთა შეხვედრებზე წამიყვანა, სადაც ვნახე, როგორი ერთობა იყო ბოშებსა და სხვა ერის წარმომადგენლებს შორის. მათ შორის მე ნამდვილი მეგობრები შევიძინე. წელიწად-ნახევრის განმავლობაში პიროსკასთან ბიბლიის შესწავლის შემდეგ მეც იეჰოვას მოწმე გავხდი“. დღესდღეობით ანდრეა და მისი მეუღლე სრული დროით მქადაგებლები არიან და სხვებს ასწავლიან, რომ ღმერთს ყველა ეროვნების ადამიანი უყვარს.

„მიმიღეს, როგორც თავისიანი“

ბოშა ჰაირო მოზარდობის წლებს ასე იხსენებს: „ურთიერთობა მქონდა ბიჭებთან, რომლებიც კანონს არაფრად აგდებდნენ, რის გამოც ხშირად უსიამოვნებებს ვხვდებოდი. ერთხელ ამ ბიჭებთან ერთად ვიყავი, პოლიციამ ქურდობის გამო რომ დამაკავა. როცა პოლიციას სახლში მივყავდი, მათზე მეტად დედაჩემის მეშინოდა, რადგან, როგორც ბოშათა მრავალ ოჯახში ასწავლიან, მეც ჩამინერგეს, რომ ქურდობა არასწორი იყო“.

როცა ჰაირო გაიზარდა, ის და მისი ოჯახი იეჰოვას მოწმეებს შეხვდნენ. ჰაიროს გულს ღრმად შეეხო ბიბლიის დაპირება, რომ ღვთის სამეფო გადაჭრის კაცობრიობის პრობლემებს, მათ შორის წინასწარ აკვიატებულ აზრსა და დისკრიმინაციას. ის აღნიშნავს: «ბოშებს არასდროს ჰყოლიათ მთავრობა, რომელიც მათზე იზრუნებდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ბოშები განსაკუთრებით დააფასებენ იმ კურთხევებს, რასაც ღვთის სამეფო მოუტანს ყველა ხალხს. მე უკვე ვხედავ ამ კურთხევებს. სამეფო დარბაზში შესვლისთანავე ისეთივე გრძნობა მეუფლება, როგორიც პეტრეს, რომელმაც თქვა: „ახლა მართლა ვხედავ, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“ (საქმეები 10:34, 35). მათ ისე მიმიღეს, როგორც თავისიანი. ყურებს არ ვუჯერებდი, როცა სხვები პრალას ანუ ბოშურად ძმას მეძახდნენ.

თავიდან ჩემი ოჯახის წევრები დიდ წინააღმდეგობას მიწევდნენ. მათ არ ესმოდათ, თუ რატომ შევუთანხმე ჩემი ცხოვრება ბიბლიურ პრინციპებს. ახლა ჩემი ნათესავები და სხვა ბოშები ხედავენ, რომ ღვთის პრინციპების დაცვა ბედნიერებას მანიჭებს და მრავალ კარგ ნაყოფს იძლევა. მათგან უმრავლესობასაც სურს ცხოვრების ასე გაუმჯობესება». ჰაირო ამჟამად ქრისტიანი უხუცესი და სრული დროით მქადაგებელია. მისი მეუღლე მეგანი, რომელიც ბოშა არ არის, ბოშებსა და სხვა ეროვნების ხალხს ასწავლის, თუ როგორ ეხმარება ბიბლია ადამიანს ბედნიერების მიღწევაში, როგორც ახლა, ისე მომავალში. ის აღნიშნავს: „ჩემი მეუღლის ოჯახმა და სანათესავომ მთელი გულით მიმიღო. მათ სიამოვნებთ, რომ სხვა ერის წარმომადგენელი ინტერესს ავლენს მათ მიმართ“.

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მათ უწოდებენ ჯიფსებს, ხიტანოსებს, ციგოინერებსა და ციგნებს. ეს სახელები დამამცირებლად ითვლება. მათ ენაზე სახელი რომ (მრავლობითში რომა) ნიშნავს კაცს; ისინი ასე უწოდებენ საკუთარ თავს. ბოშურ ენაზე მოლაპარაკე ზოგიერთ ტომს სხვა სახელსაც უწოდებენ, მაგალითად სინტის.

^ აბზ. 12 მართალია, ბოშათა გარკვეული ნაწილი ერთგულად იცავს ტრადიციებს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ისინი ითვისებენ იმ ქვეყნის სარწმუნოებას, სადაც ცხოვრობენ.

[ჩანართი 24 გვერდზე]

ბოშები დედამიწის თითქმის ყველა კუთხეში ცხოვრობენ.

[ჩარჩო⁄სურათები 23 გვერდზე]

ნაციზმის დროს ჰიტლერმა საკონცენტრაციო ბანაკებში დაახლოებით 400 000 ან უფრო მეტი ბოშა გამოასალმა სიცოცხლეს ებრაელებთან, იეჰოვას მოწმეებთან თუ სხვებთან ერთად. 1940 წელს, სანამ ფარდა აეხდებოდა ჰიტლერის გამანადგურებელ საქმიანობას, კინომსახიობმა ჩარლი ჩაპლინმა, რომელიც წარმოშობით ბოშა იყო, გადაიღო ფილმი „დიდი დიქტატორი“, რომელშიც ჰიტლერი და ნაცისტური მოძრაობა გაამასხარავა. სხვა ცნობილ მსახიობებს შორის, რომლებსაც მსგავსი წარმოშობა აქვთ, არიან იულ ბრინერი და რიტა ჰეივორტი (ქვემოთ), მხატვარი პაბლო პიკასო, ჯაზ-მუსიკოსი ჯანგო რაინჰარდტი და მაკედონელი მომღერალი ესმა რეჟეპოვა. ბოშებს შორის შეხვდებით ინჟინრებს, ექიმებს, პროფესორებსა და პარლამენტის წევრებს.

[საავტორო უფლებები]

AFP/Getty Images

Photo by Tony Vaccaro/Getty Images ▸

[ჩარჩო⁄სურათები 26 გვერდზე]

ბოშები, რომლებიც იეჰოვას მოწმეები გახდნენ

მრავალი ბოშა იეჰოვას მოწმე გახდა. ზოგიერთი მათგანი კრებაში უხუცესად ან პიონერად მსახურობს. ხელისუფლების წარმომადგენლები თუ სხვები მათ სამაგალითო ადამიანებად მიიჩნევენ. იეჰოვას მოწმე ერთი ბოშა, რომელიც სლოვაკეთში ცხოვრობს, გვიყვება: „ერთ დღეს მეზობელმა მოგვიკაკუნა კარზე. მან გვითხრა, რომ ოჯახში პრობლემები ჰქონდა და სჯეროდა, რომ ჩვენ შევძლებდით მის დახმარებას. კითხვაზე, თუ რატომ მოგვმართა მაინცდამაინც ჩვენ, მან გვიპასუხა: თუ ღმერთმა, რომელსაც თქვენ სცემთ თაყვანს, ასე გაგიუმჯობესათ ბოშებს ცხოვრება, შესაძლოა ჩვენც რამეთი დაგვეხმაროსო. ჩვენ მივეცით იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული ბიბლიაზე დაფუძნებული წიგნი ოჯახური ცხოვრების შესახებ.

მოგვიანებით იმავე თხოვნით მოგვმართა მისმა ცოლმა. მან არ იცოდა, რომ მისი ქმარი უკვე ნამყოფი იყო ჩვენთან. ქალმა გვითხრა, რომ სამეზობლოში ჩვენს მეტი ვერავინ დაეხმარებოდა მათ. მასაც იგივე წიგნი მივეცით. ცოლმაც, ქმრის მსგავსად, გვთხოვა, რომ ამ ვიზიტის შესახებ მისი მეუღლისთვის არ გვეთქვა. თვე-ნახევრის შემდეგ ამ ცოლ-ქმართან ბიბლიის შესწავლა დავიწყეთ. ბიბლიური ჭეშმარიტებით ცხოვრებამ ხალხს ისე შეუცვალა ჩვენზე წარმოდგენა, რომ ისინი სულიერი დახმარებისთვის მოგვმართავენ“.

[სურათები]

ნარბონი, საფრანგეთი

გრანადა, ესპანეთი

„ბოშები განსაკუთრებით დააფასებენ იმ კურთხევებს, რასაც ღვთის სამეფო მოუტანს ყველა ხალხს“ (ჰაირო).

[სურათი 22 გვერდზე]

პოლონეთი

[საავტორო უფლება]

© Clive Shirley/Panos Pictures

[სურათი 22 გვერდზე]

ბოშები ინგლისში, 1911 წელი.

[საავტორო უფლება]

By courtesy of the University of Liverpool Library

[სურათი 22, 23 გვერდებზე]

სლოვაკეთი

[სურათი 23 გვერდზე]

მაკედონია

[საავტორო უფლება]

© Mikkel Ostergaard/Panos Pictures

[სურათი 24 გვერდზე]

რუმინეთი

[სურათი 24 გვერდზე]

მაკედონია

[სურათი 24, 25 გვერდებზე]

ჩეხეთის რესპუბლიკა

[სურათები 24, 25 გვერდებზე]

ესპანეთი

[სურათი 25 გვერდზე]

ანდრეა ოცნებობდა, ცეკვით მიეღწია წარმატებისთვის და საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი გამხდარიყო.

[სურათის საავტორო უფლებები 24 გვერდზე]

Romania: © Karen Robinson/Panos Pictures; Macedonia: © Mikkel Ostergaard/Panos Pictures; Czech Republic: © Julie Denesha/Panos Pictures