არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დაიცავით თავი ავტომანქანის გამტაცებლებისგან!

დაიცავით თავი ავტომანქანის გამტაცებლებისგან!

დაიცავით თავი ავტომანქანის გამტაცებლებისგან!

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან

მანქანების გატაცება ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოს მრავალ ქალაქში — კარაჩისა თუ ლისაბონში, ნაირობისა თუ რიო-დე-ჟანეიროში. შეერთებული შტატების სასამართლო სტატისტიკის ბიუროს მონაცემების თანახმად 1993 წლიდან 2002 წლამდე აშშ-ში ყოველწლიურად მანქანების გატაცების 38 000 შემთხვევა დაფიქსირდა.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, რომლის მოსახლეობაც რაოდენობრივად შეერთებული შტატების მოსახლეობის მეექვსედს შეადგენს, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია. წელიწადში მანქანის გატაცების 14 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. მას შემდეგ, რაც განვიხილავთ რამდენიმე შემთხვევას, თავადაც მიხვდებით, რატომ ეშინია მრავალს მანქანის გატაცების. ქვემოთ მოცემულია რეალური შემთხვევები, რომლებიც თავს გადახდათ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის უდიდესი ქალაქის, იოჰანესბურგის, მაცხოვრებლებს. მათი შემთხვევები დაგეხმარებათ იმის განსაზღვრაში, როგორ მოიქცეთ, თუ თქვენს მანქანასაც გაიტაცებენ, ან როგორ შეამციროთ საფრთხე, რომ თქვენც არ დაზარალდეთ.

რეალური შემთხვევები

▪ „მე და ჩემი მეგობარი სიუზანი მთელი წელი ერთად ვმსახურობდით. ერთხელ ბიბლიის შესწავლაზე მივდიოდით, ჩაის დასალევად გზის პირას, ხის ქვეშ გავჩერდით. ოთხშაბათი დღე იყო. სიუზანი მანქანიდან გადავიდა, რათა საბარგულიდან კალათა ამოეღო. როგორც კი სიუზანმა ჭიქა მომაწოდა, საიდანღაც ორი მამაკაცი გამოჩნდა. ერთ-ერთმა მას კეფაზე პისტოლეტი მიადო. გაოგნებულმა მანქანიდან გადმოსვლა ვცადე, მაგრამ მეორე მამაკაცმა ისევ მანქანაში შემაგდო. ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ორ ქალს ორი კაცი მანქანით მიგვაქროლებდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ისინი ან გაგვაუპატიურებდნენ, ან დაგვხოცავდნენ“ (ანიკა, ახალგაზრდა ქალი).

▪ „დილის შვიდ საათზე მანქანით მივდიოდი სამსახურში. შევჩერდი გზაჯვარედინთან, სადაც სამსახურის ძიებაში მრავალი ადამიანი ირეოდა. ყურადღება არაფრისთვის მიმიქცევია, სანამ ვიღაცამ მანქანის ფანჯარაში პისტოლეტი არ შემოყო, კეფაზე არ მომადო და არ მითხრა, გადმოდი მანქანიდან, თორემ გესვრიო. სწორედ ამ დროს საგზაო პოლიციის ვერტმფრენმა გადაიფრინა ჩვენს თავზე. მძარცველს ეს პოლიციის ვერტმფრენი ეგონა, ამიტომ სასხლეტს თითი გამოჰკრა და გაიქცა. ტყვია კისერში მომხვდა და ზურგის ტვინი დამიზიანა. ამის გამო კისრის ქვემოთ პარალიზებული ვარ. ვერ ვამოძრავებ ხელ-ფეხს და დაკარგული მაქვს მგრძნობელობა“ (ბარი, მოზარდი ვაჟის მამა).

▪ «მე და ჩემი ცოლი, ლინდსი, სასადილოდ უნდა წავსულიყავით. მე მას მანქანაში ველოდებოდი. მანქანის კარები დაკეტილი იყო, სიცხის გამო მხოლოდ ფანჯრები მქონდა ოდნავ ჩამოწეული. საჭესთან ვიჯექი და დავინახე, რომ კუთხიდან ორი მამაკაცი გამოვიდა. მანქანამდე დაახლოებით რვა ნაბიჯი ჰქონდათ დარჩენილი, როცა ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ერთი მანქანას მარჯვნიდან მოუახლოვდა, მეორე კი — მარცხნიდან. უცბად ისინი მანქანის კარებებს მოსცვივდნენ, ორივე მხრიდან პისტოლეტები დამიმიზნეს და ყვირილით მიბრძანეს, მანქანა დამექოქა. როცა მანქანა დავქოქე, დამიყვირეს, რომ უკან გადავსულიყავი. ერთი საჭეს მიუჯდა, მეორემ კი მაიძულა, თავი დაბლა დამეხარა. „ერთი მიზეზი მაინც დამისახელე, რატომ არ უნდა მოგკლა“, — მითხრა მან. „მე იეჰოვას მოწმე ვარ“, — ვუპასუხე. ის მეუბნებოდა, რომ მომკლავდა, მე კი ვლოცულობდი და ჩემს საყვარელ მეუღლეზე ვფიქრობდი, თუ რა დღეში ჩავარდებოდა, როცა ვერც მე მნახავდა და ვერც მანქანას» (ალანი, სარაიონო ზედამხედველი).

ამ შემთხვევებიდან ჩანს, რამდენად სწრაფად და მოულოდნელად შეიძლება გაიტაცონ მანქანა. აქედან იმის დანახვაც შეიძლება, როგორი სიტუაციებით სარგებლობენ გამტაცებლები. მრავალ ადგილას უკვე აღარ არის უსაფრთხო გზაზე გაჩერებულ მანქანაში დასვენება ან ვინმეს ლოდინი. ასევე სახიფათო შეიძლება იყოს გზაჯვარედინი და სახლთან მისასვლელი გზა.

როგორ მოვიქცეთ ავტომანქანის გატაცების შემდეგ

საბედნიეროდ, ანიკასა და სიუზანის შემთხვევა კარგად დასრულდა. როცა ისინი მანქანით გაიტაცეს, გამტაცებლებს მათ აუხსნეს, როგორ ასწავლიდნენ ხალხს ბიბლიას. მათი სიტყვები, როგორც ჩანს, ამ მამაკაცების გულს შეეხო. ანიკა გვიყვება: „მათ ბოდიში მოგვიხადეს თავიანთი საქციელის გამო და აგვიხსნეს, რომ ცხოვრება აიძულებთ, მანქანების გატაცებითა და ქურდობით ირჩინონ თავი. ჩვენ ავუხსენით, რატომ უშვებს ღმერთი სიღარიბესა და ტანჯვას“. ბიბლიურმა ცნობამ იმდენად იმოქმედა მათზე, რომ ანიკასა და სიუზანს ფული და მაჯის საათები უკან დაუბრუნეს და უთხრეს, რომ არაფერს დაუშავებდნენ. „ერთ-ერთმა მათგანმა ისიც კი გვასწავლა, მომავალში როგორ დაგვეცვა თავი მანქანის გამტაცებლებისგან“, — იხსენებს სიუზანი. „გვთხოვეს, რომ არასოდეს გაგვეჩერებინა გზის პირას მანქანა ჩაის დასალევად“, — დასძენს ანიკა. გამტაცებლებმა მანქანა გააჩერეს და გადავიდნენ. მათ სიამოვნებით აიღეს ბიბლიური ლიტერატურა, სიუზანმა და ანიკამ კი მშვიდობიანად განაგრძეს გზა.

ალანს, მიმომსვლელ ზედამხედველს, მანქანიდან გადმოსვლა უბრძანეს, როცა გამტაცებლებმა მანქანა მიყრუებულ ადგილას გააჩერეს. მართალია, მან მანქანა დაკარგა, მაგრამ ბედნიერი იყო, რომ უვნებელი დარჩა. „იოლად გადავრჩი, — იხსენებს ალანი, — რადგან წინააღმდეგობა არ გამიწევია და პანიკაში არ ჩავვარდნილვარ. თუმცა, უფრო მეტი დაკვირვებულობა მჭირდებოდა. ამ შემთხვევამ დამანახვა, რომ ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ, ჩვენ ხომ სატანის ქვეყნიერების ბოლო დღეების მიწურულს ვცხოვრობთ“. მეორე დღეს, ალანი და ლინდსი იმავე ტერიტორიას დაუბრუნდნენ და ქადაგება განაგრძეს იმ კრებასთან ერთად, რომელსაც ინახულებდნენ. ალანი იხსენებს: «ჩვენ ვლოცულობდით და მთელი დღე აქეთ-იქით ვიყურებოდით. ამ ყოველივეს გადატანა ადვილი არ იყო, მაგრამ იეჰოვამ მოგვცა „ძალა, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“» (2 კორინთელები 4:1, 7).

ყველაზე მეტად ბარი დაზარალდა. ის უკვე 11 წელია, რაც ინვალიდის სავარძელს არის მიჯაჭვული. საბედნიეროდ, ბარიმ დადებითი განწყობა შეინარჩუნა და ამ შემთხვევის შემდეგ ცხოვრებაზე ხელი არ ჩაუქნევია. მას არ შერყევია იმის რწმენა, რომ იეჰოვა ღმერთი სამართლიან ახალ ქვეყნიერებას დაამყარებს (2 პეტრე 3:13). ის კვლავაც რეგულარულად ესწრება ქრისტიანულ შეხვედრებს და ხელიდან არ უშვებს შესაძლებლობას, რომ სხვებს თავისი რწმენის შესახებ ესაუბროს. ის აღნიშნავს: „იეჰოვას მსახურება ყოველთვის დიდ სიხარულს მანიჭებს. მართალია, ინვალიდის სავარძელში ვზივარ და ბევრს ვერაფერს ვაკეთებ, მაგრამ ხშირად ვფიქრობ იმაზე, რაც იეჰოვამ ჩემთვის გააკეთა. ეს კი მოთმინებაში მეხმარება. მალე ამ ბოროტ ქვეყნიერებას ბოლო მოეღება. ძალიან ბედნიერი ვიქნები, როცა კვლავ შევძლებ სიარულს“ (ესაია 35:6; 2 ტიმოთე 3:1—5).

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მთავრობამ სათანადო ზომებს მიმართა, რამაც შეამცირა მანქანების გატაცების შემთხვევები. და მაინც, მანქანის გატაცების ფაქტები კვლავაც მატულობს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. ჭეშმარიტი ქრისტიანები მოელიან ღვთის სამეფოს, ერთადერთ მთავრობას, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ ბოლოს მოუღებს დამნაშავეობასა და ძალადობას (ფსალმუნები 37:9—11; მათე 6:10).

[ჩარჩო⁄სურათი 14 გვერდზე]

როგორ შევამციროთ ავტომანქანის გატაცების რისკი

▪ თუ იმ ტერიტორიაზე მგზავრობთ, სადაც ავტომანქანებს ხშირად იტაცებენ, ჩაკეტილი გქონდეთ მანქანის კარები და ფანჯრები.

▪ გზაჯვარედინთან სიჩქარის შენელებისას უფრთხილდით საეჭვო პირებს, რომლებიც უსაქმოდ დახეტიალობენ გზის გასწვრივ.

▪ თუ სათანადო მანძილით იქნებით დაშორებული თქვენ წინ მიმავალი ავტომანქანისგან, საფრთხის შემთხვევაში ადვილად შეძლებთ თავის დაღწევას.

▪ თუ უკნიდან ავტომანქანამ დაგარტყათ, სიფრთხილე გამოიჩინეთ, სანამ დაზიანებული ადგილის შესამოწმებლად მანქანიდან გადმოხვალთ. ეს შეიძლება განზრახ იყოს მოწყობილი. თუ მსგავსი რამ სახიფათო ტერიტორიაზე ხდება, უმჯობესი იქნება, გზა გააგრძელოთ და პოლიციის უახლოეს განყოფილებაში მიხვიდეთ.

▪ უფრთხილდით თქვენი სახლის წინ მოხეტიალე უცხო პირებს. თუ საშიშროებას შეამჩნევთ, უმჯობესი იქნება, გზა განაგრძოთ და მოგვიანებით დაბრუნდეთ სახლში, ან პოლიციის უახლოეს განყოფილებას მიაკითხოთ.

▪ თუ ისეთ ადგილზე შეაჩერეთ მანქანა, სადაც ხშირია მანქანების გატაცების შემთხვევები ან სადაც ხალხი კანტიკუნტად მოძრაობს, ყურადღებით იყავით იმის მიმართ, რაც თქვენ ირგვლივ ხდება. თუ საფრთხეს შენიშნავთ, დაძარით ავტომანქანა და სხვა ადგილას გადადით.

[სურათი 14 გვერდზე]

ბარი ინვალიდის სავარძელს არის მიჯაჭვული, მაგრამ ის მაინც ინარჩუნებს დადებით განწყობას.