არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კვების მოშლილობა ხომ არ მაქვს?

კვების მოშლილობა ხომ არ მაქვს?

ახალგაზრდების შეკითხვები

კვების მოშლილობა ხომ არ მაქვს?

«ზოგჯერ, ჭამის წინ, ვნერვიულობ და ვკანკალებ. გასუქების მეშინია. ჩემს თავს ვეუბნები: „ორი კილო უნდა დაიკლო“» (მელისა) *.

„მინდა, ვიყო მიმზიდველი, ამიტომ ძალიან მეშინია გასუქების. არ მინდა, ვინმემ გაიგოს, რომ ყოველი ჭამის შემდეგ გულს ვირევ. ეს ძალიან მეუხერხულება“ (ამბერი).

„ჩემს თავს ვეუბნები: . . . დღეს უკეთესად მოვიქცევი . . . მაგრამ მოგვიანებით ღორმუცელასავით ვჭამ. თავს დამნაშავედ ვგრძნობ და სიკვდილს ვნატრობ ხოლმე“ (ჯენიფერი).

უცნაური არაფერია იმაში, თუ გსურს, კარგად გამოიყურებოდე. როცა აღელვებული და გულდამძიმებული ხარ, ნუგეშს ნატრულობ. ესეც სავსებით ნორმალურია. მაგრამ, თუ იმას განიცდი, რასაც ზემოთ მოხსენიებული გოგონები, შესაძლოა, შენც რაღაც პრობლემა გქონდეს. თუ ეს ასეა, გამონაკლისი არა ხარ. სინამდვილეში, მილიონობით ახალგაზრდას, უმეტესწილად გოგონებს, კვების მოშლილობა აქვს *.

მოდი უფრო დაწვრილებით განვიხილოთ, რა არის ანორექსია, ბულიმია და გადამეტებული ჭამა. ყოველ მათგანს განსხვავებული სიმპტომები ახასიათებს, მაგრამ სამივე შემთხვევაში ადამიანს არანორმალური დამოკიდებულება უჩნდება საჭმლის მიმართ. თუ შენი სიმპტომები ქვემოთ აღწერილს შეესაბამება, გულს ნუ გაიტეხ, გამოსავალი არსებობს. ამ პრობლემის დაძლევა შესაძლებელია!

ზოგადი მიმოხილვა

ანორექსია. რაც უნდა გამხდარი იყოს გოგონა, რომელსაც ანორექსია აქვს, სარკეში ჩახედვისას თავს ყოველთვის მსუქნად აღიქვამს. ის გასახდომად უკიდურეს ზომებსაც კი მიმართავს. „თავს ვაიძულებდი, ყოველთვის თვალყური მედევნებინა, რამდენ კალორიას ვიღებდი, — აღნიშნავს ერთი გოგონა, რომელსაც ანორექსია აქვს. — წინასწარ ვსაზღვრავდი, რა უნდა მეჭამა კვირის განმავლობაში. ზოგჯერ საჭმელს არ ვჭამდი. როცა მეგონა, რომ ბევრი კალორია მივიღე, ვარჯიშით თავს ვიქანცავდი. დღეში ექვსჯერ ვსვამდი საფაღარათო საშუალებას“.

მალე თავს იჩენს ანორექსიის სიმპტომები. ჩვეული სიმპტომი წონის დაკარგვაა, მაგრამ ამასთანავე დაავადებულ ადამიანს შეიძლება დასცვივდეს თმა, გამოუშრეს კანი, მუდმივად დაღლილობას გრძნობდეს და მისმა ძვლებმა სიმტკიცე დაკარგოს. მენსტრუაცია შეიძლება არარეგულარული გაუხდეს ან რამდენიმე თვე შეუწყდეს.

ნუ ჩათვლით, რომ ამ სიმპტომებში საგანგაშო არაფერია: ანორექსია საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს. ერთმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ, საბოლოო ჯამში, დაავადებულთა 10 პროცენტი იღუპება კვების მოშლილობის გამო, რაც ძირითადად რომელიმე ორგანოს ფუნქციის მოშლით ან არასწორ კვებასთან დაკავშირებული სხვა პრობლემებით არის გამოწვეული.

ბულიმია. ბულიმიით დაავადებული გოგონა ხარბად ჭამს საჭმელს. მას შეუძლია ორ საათში 15 000 კალორია მიიღოს. შემდეგ ის გულს ირევს ან საფაღარათო და შარდმდენ საშუალებებს სვამს, რომ გათავისუფლდეს მიღებული საჭმლისგან.

ხშირ შემთხვევაში ასეთი ადამიანები ჩუმად ჭამენ. „თუ სკოლის შემდეგ სხვებზე ადრე მივიდოდი სახლში, ყოველთვის ღორმუცელასავით ვჭამდი, — ამბობს ერთი გოგონა. — ვფრთხილობდი, რომ თავი არ გამეყიდა“. თუმცა ყოველი ჭამის შემდეგ, მას დანაშაულის გრძნობა უჩნდებოდა. „საკუთარ თავზე ვბრაზობდი, — ამბობს ის. — მაგრამ ვიცოდი, ადვილად გამოვასწორებდი ყველაფერს. ავდიოდი მეორე სართულზე და გულს ვირევდი. ეს შვებას მგვრიდა და ვგრძნობდი, რომ შემეძლო საკუთარი თავის გაკონტროლება“.

კუჭის ამოსუფთავება, ერთი შეხედვით უვნებელი ჩანს. მაგრამ საფაღარათო საშუალებების გადაჭარბებულმა მიღებამ შეიძლება დააზიანოს ნაწლავები და გამოიწვიოს ანთება და ინფექცია. ხშირმა ღებინებამ შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოება, კბილებისა და საყლაპავი მილის დაზიანება, თვით გულის უკმარისობაც კი.

გადამეტებული ჭამა. ბულიმიით დაავადებულის მსგავსად, ამ მოშლილობის მქონე ადამიანიც ბევრს ჭამს. განსხვავება ის არის, რომ გულს არ ირევს. ასეთი ადამიანი წონაში მატულობს. ზოგიერთი უზომოდ ჭამის შემდეგ შიმშილობას იწყებს ან ბევრს ვარჯიშობს. თუ ადამიანი ასეთი მეთოდებით წონის შენარჩუნებას ახერხებს, ოჯახის წევრები და მეგობრები ვერც კი ხვდებიან, რომ მას ეს პრობლემა აქვს.

ანორექსიისა და ბულიმიის მქონე ადამიანების მსგავსად, ასეთებსაც არაჯანსაღი დამოკიდებულება აქვთ საკვების მიმართ. ერთი გოგონა საკუთარ თავზე და ასეთივე პრობლემის მქონე ადამიანებზე ამბობს: „საჭმელი ჩვენი ახლო მეგობარივით არის, შეიძლება ითქვას, ის ჩვენი ერთადერთი მეგობარია“. სხვა გოგონა კი ამბობს: „ჭამის დროს სხვა არაფერი მახსოვს. ამ დროს საჭმელი ჩემთვის ყველაფერია, ის მამშვიდებს, ჭამის შემდეგ კი თავს დამნაშავედ ვგრძნობ და გულგატეხილი ვარ“.

თუნდაც ჭამის შემდეგ არანაირ მეთოდს არ მიმართავდე, გადამეტებული ჭამა საზიანოა. მან შესაძლოა გამოიწვიოს დიაბეტი, მაღალი წნევა, გულის თუ სხვა სახის დაავადებები. გარდა ამისა, შეიძლება ადამიანი ემოციურადაც გაანადგუროს.

შენც ხომ არ გემართება იგივე?

უმეტესობას, ვისაც გახდომა უნდა ან ფორმის შესანარჩუნებლად ვარჯიშობს, კვების მოშლილობა არ აწუხებს. მიუხედავად ამისა, ზემოთ განხილულიდან გამომდინარე შეიძლება გაინტერესებდეს, შენც ხომ არ გივითარდება ასეთი მოშლილობა. დაფიქრდი შემდეგ კითხვებზე:

▪ ხომ არ მრცხვენია ან უხერხულ მდგომარეობაში ხომ არ მაგდებს ჭამასთან დაკავშირებული ჩემი ჩვევები?

▪ ვმალავ სხვებისგან, რამდენს ვჭამ?

▪ ყველაზე მნიშვნელოვანია საჭმელი ჩემთვის?

▪ დღეში რამდენჯერმე ვიწონები სასწორზე?

▪ მზად ვარ, წონაში დასაკლებად რისკზეც კი წავიდე?

▪ ხომ არ ვცდილობ ხელოვნურად გამოვიწვიო ღებინება და გამოვიყენო საფაღარათო და შარდმდენი საშუალებები?

▪ ახდენს სხვებთან ურთიერთობაზე გავლენას ჩემი დამოკიდებულება საჭმლის მიმართ? მაგალითად, განმარტოებას ხომ არ ვამჯობინებ, რომ უზომოდ ვჭამო ან ჩუმად ხომ არ ვცდილობ კუჭის გათავისუფლებას საჭმლისგან?

თუ ამ კითხვებზე გაცემული პასუხებიდან დაასკვენი, რომ პრობლემა გაქვს, დაფიქრდი:

▪ მომწონს სინამდვილეში ასეთი ცხოვრება?

რა შეგიძლია გააკეთო?

დაუყოვნებლივ იმოქმედე!

პირველ რიგში უნდა აღიარო, რომ პრობლემა გაქვს. დანიელა ამბობს: „ფიქრის შემდეგ მივხვდი, რომ მეც ისეთივე გრძნობები და ჩვევები მქონდა, რაც ანორექსიის მქონე გოგონებს. მეშინოდა სიმართლისთვის თვალის გასწორება და აღიარება, რომ მეც მათ მსგავსად ვიქცეოდი“.

შენი გასაჭირის შესახებ იეჰოვას ესაუბრე ლოცვით *. სთხოვე მას გამჭრიახობა, დაგანახვოს, რა არის შენი პრობლემის მიზეზი, რომ დასძლიო ის. შეგიძლია დავითის მსგავსად ილოცო: „გამომიკვლიე, ღმერთო, და შეიცანი ჩემი გული. შემამოწმე და გაიგე ჩემი მშფოთვარე ფიქრები; ნახე, ისეთი რამ ხომ არ არის ჩემში, რაც სატკივარს გამოიწვევდა, და წამიძეხი მარადიულობის გზაზე“ (ფსალმუნები 139:23, 24).

მეორე მხრივ, შეიძლება გრძნობ, რომ მაინცდამაინც არ გინდა ამ პრობლემის დაძლევა. ისე ხარ მასზე დამოკიდებული, რომ უკვე დაუძლეველ ჩვევად გექცა. შენ შეგიძლია ამ საკითხზეც ესაუბრო იეჰოვას ლოცვაში. დანიელა ასე მოიქცა. ის ამბობს: „თავიდან არც კი მინდოდა, ამ მდგომარეობიდან გამოვსულიყავი. ვლოცულობდი, რომ ამის სურვილი გამჩენოდა“.

შემდეგი ნაბიჯი ის არის, რომ დაელაპარაკო მშობელს ან სხვა უფროსი ასაკის ადამიანს, რომელსაც შეუძლია შენი დახმარება. ისინი თანაგრძნობას გამოავლენენ და არ დაგადანაშაულებენ. პირიქით, შეეცდებიან, მიბაძონ იეჰოვას, რომლის შესახებაც ბიბლიაში ნათქვამია: „არც აბუჩად აუგდია და არც შეზიზღებია ჩაგრული გაჭირვების გამო; არ დაუმალავს სახე მისგან და როცა შველას სთხოვდა, უსმენდა მას“ (ფსალმუნები 22:24).

უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი მდგომარეობიდან გამოსვლა არც ისე ადვილია. ზოგჯერ ექიმის ჩარევაც კი შეიძლება გახდეს საჭირო *. მნიშვნელოვანია მოქმედება. ბულიმიით დატანჯულმა ერთმა გოგონამ, გადაწყვიტა, ემოქმედა. ის ამბობს: „ერთხელაც მივხვდი, რომ ძალით გულის არევა ჩვევად მექცა. არ მეგონა, თუ შევძლებდი ამ ჩვევის დაძლევას. ბოლოს და ბოლოს მე გავაკეთე ის, რაც ყველაზე მეტად მიჭირდა — მე ვითხოვე დახმარება“.

შენც შეგიძლია იგივეს გაკეთება!

სხვა სტატიები რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ იხილეთ ვებ-საიტზე www.watchtower.org/ype

დაფიქრდი:

▪ ხომ არ ფიქრობ, რომ შენც გაწუხებს კვების მოშლილობა? თუ ასეა, ვის შეგიძლია მიმართო დახმარებისთვის?

▪ როგორ შეგიძლია დაეხმარო მეგობარს, რომელსაც კვების მოშლილობა აქვს?

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 ზოგი სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 6 ვინაიდან კვების მოშლილობით უმეტესწილად გოგონები იტანჯებიან, ძირითადად მათზე ვისაუბრებთ. მიუხედავად ამისა, აქ მოცემული პრინციპები მამაკაცებსაც დაეხმარებათ.

^ აბზ. 32 როცა გულდამძიმებული ხარ, შემდეგ ბიბლიურ მუხლებზე დაფიქრება დაგარწმუნებს, რომ იეჰოვა ზრუნავს შენზე: გამოსვლა 3:7; ფსალმუნები 9:9; 34:18; 51:17; 55:22; ესაია 57:15; 2 კორინთელები 4:7; ფილიპელები 4:6, 7; 1 პეტრე 5:7; 1 იოანე 5:14.

^ აბზ. 35 ქრისტიანის მიერ არჩეული მკურნალობის მეთოდი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ბიბლიურ პრინციპებს.

[ჩარჩო 19 გვერდზე]

„მგონი, რაღაც გჭირს . . .“

თუ ოჯახის წევრი ან მეგობარი ასეთ სიტყვებს გეუბნება, მაშინვე თავის მართლებას ნუ დაიწყებ. დავუშვათ შენმა მეგობარმა შენიშნა, რომ ზურგზე კაბა გარღვეული გაქვს. განა მადლობას არ ეტყვი, რომ გაგაფრთხილა?! ბიბლიაში ნათქვამია: „ზოგი მეგობარი ძმაზე ახლობელია“ (იგავები 18:24). ადამიანი, რომელსაც შენი პრობლემა აწუხებს, ზუსტად ასეთ მეგობრად შეგიძლია მიიჩნიო!

[ჩარჩო⁄სურათი 19 გვერდზე]

„გახდომა მინდოდა“

„წონაში დავიწყე კლება. სიბრძნის კბილი მქონდა ამოსაღები, ამიტომაც ვერ ვჭამდი. ამის გამო ანორექსია დამეწყო. მხოლოდ ჩემს გარეგნობაზე და ფიგურაზე ვფიქრობდი. თავი ყოველთვის მსუქნად მეჩვენებოდა. საშინლად დავიკელი წონაში. სერიოზულად შემერყა ჯანმრთელობა. აღარ მეზრდება ფრჩხილები. ჩემი ბიოლოგიური საათი მწყობრიდან გამოვიდა. ოთხჯერ მომეშალა მუცელი. ნაადრევად დამეწყო მენოპაუზა. დამერღვა ნივთიერებათა ცვლა. მაქვს კოლიტი. ყველაფერი იმის გამო დამემართა, რომ გახდომა მინდოდა“ (ნიკოლი).

[ჩარჩო 20 გვერდზე]

თუ კვლავ განმეორდა

შეიძლება დასძლიო შენი პრობლემა, მაგრამ კვირების ან თვეების შემდეგ მან შესაძლოა კვლავაც იჩინოს თავი. ასეთ შემთხვევაში ნუ დაყრი ფარ-ხმალს. ბიბლია ამბობს, რომ მართალი შეიძლება „შვიდჯერაც დაეცეს“ (იგავები 24:16). თუ ზოგჯერ თავს ვერ მოერევი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წარმატებას ვერ მიაღწევ. ეს იმის მაჩვენებელია, რომ უფრო მეტი ძალისხმევა გჭირდება. ასევე უნდა შეეცადო, წინასწარ განსაზღვრო, რა იწვევს ამ პრობლემას, და კვლავაც დაელაპარაკო თანამგრძნობ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ შენი დახმარება.

[ჩარჩო⁄სურათი 20 გვერდზე]

უფრო მეტი გაიგე შენი პრობლემის შესახებ

თუ კვების მოშლილობა გაქვს, კარგი იქნება, უფრო მეტი გაიგო შენი პრობლემის შესახებ. რაც უფრო მეტი გეცოდინება შენს პრობლემაზე, მით უფრო ადვილად დასძლევ მას. უდავოა, შენც იპოვი შენთვის საინტერესო ინფორმაციას „გამოიღვიძეთ!“-ის შემდეგ ნომრებში: 1999 წლის 22 იანვარი, გვ. 3—12 (რუს.), 1999 წლის 8 მაისი, გვ. 13—15.

[ჩარჩო 21 გვერდზე]

მშობლების საყურადღებოდ

რა შეგიძლიათ გააკეთოთ, თუ თქვენს ქალიშვილს კვების მოშლილობა აქვს? პირველ რიგში, გულდასმით გამოიკვლიეთ ეს და მე-20 გვერდზე მითითებული სტატიები. შეეცადეთ, გაიგოთ, რატომ იქცევა ასე თქვენი გოგონა.

ფაქტები ცხადყოფს, რომ ბევრს, ვისაც კვების მოშლილობა აქვს, ღირსების გრძნობა აქვს დაქვეითებული, ბუნებით მაქსიმალისტია და არარეალურ მოთხოვნებს უყენებს საკუთარ თავს. დარწმუნდით, რომ თავად არ უწყობთ ხელს ასეთი გრძნობების განვითარებას. დაეხმარეთ თქვენს გოგონას ღირსების გრძნობის განვითარებაში (ესაია 50:4). თქვენი კეთილგონიერებით დაეხმარეთ თქვენს ქალიშვილს მაქსიმალიზმის დაძლევაში (ფილიპელები 4:5).

გარდა ამისა, დაფიქრდით იმაზე, თქვენ როგორი დამოკიდებულება გაქვთ საკვებისა და წონისადმი. თქვენდა უნებურად ზედმეტ ყურადღებას ხომ არ ამახვილებთ ამ საკითხზე სიტყვითა თუ მოქმედებით? გახსოვდეთ, რომ ახალგაზრდები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ გარეგნობას. მოზარდის ტანის სწრაფად აყრამ და წონის მომატებამ ან დამცინავმა გამონათქვამებმა ბავშვობის დროინდელ სიმსუქნეზე შეიძლება მგრძნობიარე ახალგაზრდაზე უარყოფითად იმოქმედოს.

ილოცეთ ამის შესახებ და გულწრფელად დაელაპარაკეთ თქვენს გოგონას.

▪ დაფიქრდით, რას და როდის იტყვით.

▪ აჩვენეთ, რომ ზრუნავთ მასზე და მისი დახმარება გსურთ.

▪ არ გაგიკვირდეთ, თუ ის თავის მართლებას დაიწყებს.

▪ მოთმინებით მოუსმინეთ.

რაც ყველაზე მთავარია, მხარში ამოუდექით თქვენს ქალიშვილს. მთელი ოჯახი დაეხმარეთ მას.

[სურათი 21 გვერდზე]

ილოცე, რომ ამ პრობლემის დაძლევის სურვილი გაგიჩნდეს.