არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

„გამოიღვიძეთ!“-ის განახლებული სახე გუშინ საღამოს დავასრულე 2006 წლის იანვრის „გამოიღვიძეთ!“-ის კითხვა. ძალიან მომეწონა, ჟურნალი რომ განახლებული სახით გამოდის. „გამოიღვიძეთ!“ ახლა უფრო დაემსგავსა სასწავლო ჟურნალს, რომელიც ფიქრისკენ აღძრავს მკითხველს. ამ ჟურნალმა დამანახვა, თუ როგორ უწყობს იეჰოვა ხელს ჩვენს სულიერ ზრდას.

ბ. ნ. (კანადა).

მე 16 წლის ვარ. „გამოიღვიძეთ!“-ის ახალი რუბრიკები ძალიან დაგვეხმარება ბიბლიის უკეთ შესწავლაში. ზოგიერთ სტატიას ახლავს კითხვები, რომლებიც მკითხველს წაკითხულზე დაფიქრებაში დაეხმარება. „გამოიღვიძეთ!“ ძალიან მადგება სასკოლო დავალებების მომზადებაში. იმედი მაქვს, რომ მომავალშიც მოგვაწვდით ასეთ ბრწყინვალე და სასარგებლო ინფორმაციას.

ს. ნ. (ნამიბია).

სერიოზულად დაავადებულს რწმენა მაძლიერებს (იანვარი 2006) ჯეისონ სტიუარტის ბიოგრაფიის წაკითხვის შემდეგ ჩემი პრობლემები არაფრად მომეჩვენა. ვხედავ, რომ იეჰოვა აფასებს იმას, რასაც ჩვენი შესაძლებლობების მიხედვით ვაკეთებთ მისთვის. აღფრთოვანებული ვარ ჯეისონის მეუღლის თავგანწირვის სულით და იმით, თუ როგორ არის ის იეჰოვაზე მინდობილი. ეს ისტორია არასოდეს დამავიწყდება და მომავალშიც დამეხმარება ნებისმიერ პრობლემასთან გასამკლავებლად.

ს. რ. ს. (პერუ).

ჯეისონის ამბავის წაკითხვის შემდეგ ავტირდი არა მხოლოდ იმიტომ, რომ მისმა განსაცდელებმა გული ამიჩუყა, არამედ იმიტომაც, რომ მე, როგორც იეჰოვას მოწმეს, სიამაყის გრძნობა დამეუფლა, ასეთი სულიერი ძმა რომ მყავს. ამ სტატიამ დამანახვა, რამდენად მნიშვნელოვანია მზად ვიყოთ განსაცდელებისთვის, ვინაიდან „დრომ და შემთხვევამ“ შეიძლება ყველა ჩვენგანზე იმოქმედოს (ეკლესიასტე 9:11).

ტ. ა. (უნგრეთი).

დედაჩემი აგს-თი დაიღუპა. ჯეისონის შემთხვევამ ძალიან იმოქმედა ჩემზე. მისი მაგალითი მეხმარება, რომ ჩემი შესაძლებლობები კვლავაც მაქსიმალურად გამოვიყენო მსახურებაში. ვლოცულობ, რომ იეჰოვამ მომავალშიც გააძლიეროს ეს ძმა და მისი მეუღლე.

ლ. ს. გ. (პარაგვაი).

სანამ ჯანმრთელი იყო, ჯეისონი დიდ დროს უთმობდა პირად შესწავლას, რამაც სულიერად განამტკიცა ავადმყოფობის დროს. ამან მე ღრმად დამაფიქრა. გადავწყვიტე, მეტი გულმოდგინებით მოვეკიდო ბიბლიის პირად შესწავლას.

ი. მ. (იაპონია).

ახალგაზრდების შეკითხვები — რატომ ვაყენებ საკუთარ თავს ფიზიკურ ზიანს? (იანვარი 2006) ახალგაზრდობაში ძალიან მიჭირდა ნარკოტიკებისა და ალკოჰოლისთვის თავის დანებება, მაგრამ ჩემთვის ყველაზე რთული სხვა რამ იყო — საკუთარ თავს ფიზიკურ ზიანს ვაყენებდი. ძალიან მინდოდა ამ ჩვევის მიტოვება, მაგრამ არ გამომდიოდა. გამუდმებით მიწევდა ბრძოლა, მაგრამ ამ სტატიამ და მისმა მსგავსმა სტატიებმა მოთმინების ძალა მომცა. სიტყვები არ მყოფნის მადლიერებისთვის.

ი. კ. (შეერთებული შტატები).

მოზარდობის წლებიდან საკუთარ თავს ზიანს ვაყენებდი. ახლა 56 წლის ვარ. ეს ჩვევა ოთხი წლის წინ დავძლიე, მაგრამ ზოგჯერ, როცა განსაკუთრებით რთულ პრობლემებს ვხვდები, ისევ მიჩნდება საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების სურვილი. ეს სტატია ღრმად შეეხო ჩემს გულს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემნაირ ადამიანებს ის დაეხმარება, რომ სიცოცხლის ხალისი დაიბრუნონ.

ანონიმურია (ნიდერლანდები).

17 წლის ვარ და მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ სტატიისთვის. საკუთარი თავისთვის ფიზიკური ზიანის მიყენება ჩემი პრობლემაც არის. ახლახან ისევ დავისერე საკუთარი თავი. ამის შემდეგ დედასთან მივედი და ვთხოვე, რომ ჩემთან ერთად ელოცა. ამ პრობლემის მიუხედავად ვგრძნობ, რომ იეჰოვას მაინც ვუყვარვარ. ეს სტატია ძალიან დამეხმარა და მადლობას ვუხდი ღმერთს ამისთვის!

ნ. მ. (ჩეხეთის რესპუბლიკა).

როგორც კი ეს სტატია დავინახე, წამოვიძახე, ასეთი რამ შეუძლებელია-მეთქი. 18 წლის ვარ და მეც ეს პრობლემა მაქვს. ტკივილი ემოციების დაოკებაში მეხმარება. ხშირად მინდა თავი დავიტანჯო და არ ვიცი, როგორ ვებრძოლო ამ სურვილს. ძალიან გამაოცა ამ სტატიის ხილვამ. ცრემლები გადმომცვივდა და იეჰოვას ლოცვაში მადლობა გადავუხადე. ასეთი ნუგეშის პოვნა მხოლოდ იეჰოვას ორგანიზაციაშია შესაძლებელი!

ა. პ. (რუსეთი).

14 წლიდან ემოციურ ტკივილს ფიზიკური ტკივილის მიყენებით ვიმსუბუქებდი. ერთხელ საავადმყოფოშიც კი მოვხვდი ამის გამო. დღიურის წერა ძალიან მეხმარება, რომ საკუთარი თავი ხელში ავიყვანო. ასევე, როცა საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების სურვილი მიჩნდება, ახლო მეგობარს ვურეკავ. განსაკუთრებით ლოცვა მეხმარება. ხოლო როცა თავს ლოცვის ღირსად არ ვთვლი, მეგობრები და ქრისტიანი უხუცესები ლოცულობენ ჩემთან ერთად. ამის დაძლევა იოლი არ არის, მაგრამ ვისწავლე, როგორ გავუმკლავდე ამ პრობლემას; უარს არ ვამბობ დახმარებაზე, რომ საკუთარ თავს ზიანი აღარ მივაყენო.

ნ. ვ. (გერმანია).

სტატიის პირველ გვერდზე ნაჩვენები იყო გოგონა, რომელიც თმებს იგლეჯს, და მოხსენიებული იყო სარა, რომელიც ასე ცდილობდა თავის გვემას. ჩემი ქალიშვილი ტრიქოტილომანიით არის დაავადებული. ასეთ ავადმყოფებს თმების დაგლეჯა სჩვევიათ, რაც დაკავშირებულია აკვიატებული მდგომარეობის ნევროზთან. ეს შინაგანი იმპულსით არის გამოწვეული და არა საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების სურვილით. თუ ვინმე თმებს იგლეჯს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავსაც დაისერავს.

მ. ჰ. (შეერთებული შტატები).

„გამოიღვიძეთ!“-ის პასუხი: ტერმინი ტრიქოტილომანია XIX საუკუნის ბოლოსთვის იქნა შემოღებული და მასში იგულისხმება ქცევის ისეთი დარღვევა, როცა ადამიანი ვერ იოკებს თმების დაგლეჯის სურვილს. ამ სურათით მხოლოდ იმის ჩვენება გვინდოდა, რომ ზოგიერთი თმას თვითგვემის მიზნით იგლეჯს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი, ვინც შინაგანი იმპულსის გამო იგლეჯენ თმას, სტატიაში განხილულ ადამიანთა ჯგუფს მიეკუთვნებიან. როგორც მკითხველმაც აღნიშნა, ზოგჯერ ეს ჩვევა აკვიატებული მდგომარეობის ნევროზით არის გამოწვეული.

ნებისმიერ შემთხვევაში, ზოგიერთი სპეციალისტის აზრით საჭიროა იმის გათვალისწინება, თუ რა იწვევს ტრიქოტილომანიას, რომ პაციენტს ინდივიდუალურად შეურჩიონ მკურნალობა. ამიტომ, გონივრული იქნება, თუ მსგავსი პრობლემებისას მიმართავენ ექიმს, რათა დაუსვან სწორი დიაგნოზი და დაუნიშნონ შესაბამისი მკურნალობა.

როგორ უპასუხებთ? (იანვარი 2006) ძალიან მომეწონა ეს ახალი რუბრიკა! მე და ჩემი მეუღლე ჩვენს შვილიშვილებს ვამეცადინებთ ხოლმე. გარდა იმისა, რომ ბიბლიას ყოველდღე კითხულობენ და „გამოიღვიძეთ!“-ის ბევრ სტატიას სასკოლო დავალებების შესასრულებლად იყენებენ, ეს ახალი რუბრიკაც კარგი დამატებითი სასწავლო მასალა იქნება მათთვის. დიდი მადლობა, რომ ასე ზრუნავთ ახალგაზრდებზე.

ბ. ი. (შეერთებული შტატები).

რუბრიკაში მოყვანილ კითხვებზე პასუხის გაცემა არც თუ ისე იოლია, მაგრამ ძალიან მიხარია, როცა სწორ პასუხს ვპოულობ. ეს გვერდი იმდენად საინტერესო იყო, რომ მთელი საღამო მას ვკითხულობდი. როცა გავიზრდები, მინდა ამ ჟურნალის გამოცემაში მივიღო მონაწილეობა, რომ სხვებსაც დავეხმარო იეჰოვას გაცნობაში.

დ. ჰ. (შეერთებული შტატები).

მე რვა წლის ვარ. ამ გვერდს ოჯახურ შესწავლაზე განვიხილავთ ხოლმე. გვიხარია, პასუხის მოსაძებნად მთელ ჟურნალს რომ ვიკვლევთ. ზოგჯერ ვერ ვპასუხობთ კითხვას „ვინ ვარ?“, მაგრამ მოგვწონს ეს თავსატეხი. კიდევ დაბეჭდეთ ასეთი საინტერესო კითხვები!

კ. ვ. (შეერთებული შტატები).