არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

„მასმედიით ნანახ ძალადობასა და მოზარდების აგრესიას შორის ისეთივე მჭიდრო კავშირი არსებობს, როგორც მოწევასა და ფილტვების კიბოს შორის“ (ავსტრალიის სამედიცინო ჟურნალი).

ზოგიერთი აღმოჩენის თანახმად, ხილიჭამია ღამურები, რომლებსაც აფრიკის ზოგიერთ ნაწილში საკვებად იყენებენ, „შესაძლოა ებოლას ვირუსის ბუნებრივი მატარებლები იყვნენ“ („MACLEANS“, კანადა).

მექსიკის გენერალური პროკურატურის მონაცემების თანახმად გასული რვა წლის განმავლობაში მექსიკაში, სულ მცირე, 130 000 ბავშვი გაიტაცეს გაყიდვის, სექსუალური და შრომითი ექსპლუატაციის ან მათი ორგანოებით ვაჭრობის მიზნით („MILENIO“, მექსიკა).

თორმეტი წელიწადი ციხეში — რატომ?

იეჰოვას სამი მოწმე 12 წლის წინ დააპატიმრეს სავაში (ერიტრეა, აღმოსავლეთი აფრიკა). ისინი დღესაც ციხეში არიან. მათთვის არც ბრალდება წაუყენებიათ და არც გაუსამართლებიათ. მათთან არ უშვებენ მნახველებს, ოჯახის წევრებსაც კი. რატომ დააპატიმრეს ისინი? მათ უარი თქვეს სამხედრო სამსახურზე. ერიტრეის კანონი არ ითვალისწინებს რაიმე შეღავათს მათთვის, ვინც სინდისის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე. დაპატიმრებულ ახალგაზრდებს სამხედრო ბანაკში სვამენ, სადაც ხშირად მათ სასტიკად სცემენ და აწამებენ.

უქმნის საფრთხეს ინტერნეტი ცხოველთა სამყაროს?

„დააჩქარებს ინტერნეტი აფრიკული სპილოს გადაშენების პროცესს?“ — ასეთი კითხვა იყო დასმული გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმზში“. ცხოველთა ზოგი დამცველი დადებითად პასუხობს ამ კითხვაზე და აცხადებს, რომ სხვა სახეობებიც მსგავსი საშიშროების წინაშე დგანან. როგორც ამბობენ, ინტერნეტის მოხმარების ზრდასთან ერთად გახშირდა ინტერნეტით უკანონო ვაჭრობა. ინგლისურენოვანი ვებ-საიტების სამთვიანმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ გასაყიდად შემოთავაზებული იყო „ცხოველთა სამყაროს 6 000-ზე მეტი ცოცხალი ინდივიდი თუ მათგან აღებული დამუშავებული ან დაუმუშავებელი მასალა, რომელთა გაყიდვაც არაკანონიერად ითვლება“. მათ შორის იყო კუს ბაკნები, სპილოს ძვლისგან დამზადებული ფიგურები და შავი ლეოპარდიც კი.

ეკოლოგიურად სუფთა ცენტრალური გათბობა

„ახლა უკვე შესაძლებელია, რომ ცენტრალური გათბობისთვის გამოვიყენოთ ზეთისხილის კურკები“, — იუწყება ესპანური გაზეთი „პაის“-ი. ასეთი მეთოდის გამოყენებით მადრიდში 300 სახლს უზრუნველყოფენ გათბობითა და ცხელი წყლით. ზეთისხილის კურკები, რომლებსაც საწვავად იყენებენ, გაცილებით იაფია. ის ნავთობზე 60 პროცენტით იაფია, ხოლო ქვანახშირზე — 20 პროცენტით. ასეთი საწვავი არ აბინძურებს გარემოს, რადგან მისი წვის დროს იმავე რაოდენობით ნახშირორჟანგი გამოიყოფა, რაც ბუნებრივი ლპობის პროცესში. ამ საწვავის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ ადვილად ხელმისაწვდომია. კურკები ზეთისხილიდან ზეთის გამოხდის შემდეგ რჩება. ესპანეთი მსოფლიოში პირველ ადგილზე დგას ზეითუნის ზეთის წარმოებაში.

ოთხი ათასი წლის წინანდელი მაკარონი

მეცნიერები აცხადებენ, რომ აღმოაჩინეს ის, რასაც ისინი „მსოფლიოს უძველეს მაკარონს“ უწოდებენ, — ნათქვამია „ნიუ-იორკ ტაიმზში“. ეს იყო 50-სანტიმეტრიანი თხელი, ყვითელი ცომის ნაჭრები; ის დამზადებული იყო ჩინეთში გავრცელებული ფეტვის ერთ-ერთი სახეობისგან. მაკარონი აღმოაჩინეს დალუქულ თიხის ჭურჭელში, რომელიც 3-მეტრიანი დანალექი ქანების სიღრმიდან ამოიღეს ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე ხუანხესთან. როგორც ერთი ჟურნალი იუწყება, ეს ადგილი, როგორც ჩანს, დაახლოებით 4 000 წლის წინათ მომხდარი მიწისძვრისა და „გამანადგურებელი წყალდიდობის“ შედეგად მოისპო („Nature“). დღესდღეობით მსჯელობენ, სად დამზადდა ეს მაკარონი, იტალიაში თუ აღმოსავლეთის რომელიმე ქვეყანაში. ჟურნალ „ტაიმზი“-ს თანახმად ერთ-ერთი მკვლევარი, ჩინეთის მეცნიერული აკადემიის წევრი, ჰოიუან ლუ კი აცხადებს: „ამ გამოკვლევამ დაადასტურა, რომ ჩინეთში უძველესი დროიდან ამზადებდნენ მაკარონს“.