არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ ვაკონტროლოთ თავი

როგორ ვაკონტროლოთ თავი

როგორ ვაკონტროლოთ თავი

„თუ ტელევიზორს ვრთავდით, ყველაფერს განურჩევლად ვუყურებდით და მანამ არ გამოვრთავდით, სანამ ძილის დრო არ მოვიდოდა“, — აღიარებს კლოდინი. ბევრი ამბობს, რომ თვალს ვერ წყვეტს ეკრანს და თუმცა არ სურს, ამდენი დრო დაუთმოს ტელევიზორს, თავს ვერ ერევა. თქვენც ბევრ დროს უთმობთ ტელევიზორს? გაღელვებთ ის გავლენა, რასაც შეიძლება ტელევიზორი ახდენდეს თქვენს ოჯახზე? ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ, აკონტროლოთ საკუთარი თავი.

1. დააკვირდით, რამდენ დროს უთმობთ ტელევიზორს. „წინდახედული აკვირდება თავის ნაბიჯებს“, — ნათქვამია იგავების 14:15-ში. საჭირო ცვლილებების მოსახდენად გონივრულია იმის განსაზღვრა, რამდენ დროს უთმობთ ტელევიზორს. ჩაიწერეთ, კვირის განმავლობაში რამდენი ხანი უყურებთ ტელევიზორს. შეგიძლიათ ჩამოწეროთ, რომელ გადაცემებს უყურეთ, რა ისწავლეთ, და მოგეწონათ თუ არა ეს გადაცემები. მთავარია, გაარკვიოთ, რამდენ დროს ატარებთ ტელეეკრანის წინ. შედეგებმა შეიძლება გაგაოცოთ. იმის ცოდნა, თუ რა დროს უძღვნით ტელევიზორს, ცვლილებების მოხდენაში დაგეხმარებათ.

2. შეამცირეთ დრო, რომელსაც ტელევიზორს უთმობთ. შეეცადეთ, კვირაში ერთი დღე, მთელი კვირა ან თუნდაც მთელი თვე არ უყუროთ ტელევიზორს. ან შეამცირეთ დრო, რომელსაც ყოველდღიურად ატარებთ ტელევიზორთან. თუ ტელევიზორს ყოველდღე ნახევარი საათით ნაკლებ დროს დაუთმობთ, თვეში 15 საათს დაზოგავთ. დრო სასარგებლო საქმეებს მოახმარეთ, მაგალითად, ესწრაფეთ სულიერ მიზნებს, იკითხეთ კარგი წიგნები და დრო გაატარეთ ოჯახთან და მეგობრებთან. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ მათ, ვინც ნაკლებ დროს უთმობს ტელევიზორს, მისი ყურება უფრო მეტად სიამოვნებთ, ვიდრე მათ, ვინც დიდხანს უზის ტელევიზორს. თუ ტელევიზორს საძინებლიდან გაიტანთ, დრო დაგეზოგებათ. ბავშვები, რომლებსაც თავიანთ ოთახებში უდგათ ტელევიზორი, საათნახევრით მეტ დროს უთმობენ მას, ვიდრე ის ბავშვები, რომლებსაც ოთახში ტელევიზორი არა აქვთ. ამასთანავე, თუ ტელევიზორი ბავშვის ოთახში დგას, მშობლები ვერ აკონტროლებენ, რას უყურებს ის. ცოლ-ქმარი უფრო მეტ დროს დაუთმობს ერთმანეთთან ურთიერთობას, თუ ტელევიზორს თავიანთი საძინებლიდან გაიტანს. ზოგს კი ურჩევნია, საერთოდ არ ჰქონდეს ტელევიზორი.

3. დაგეგმეთ, რას უყურებთ. არის ბევრი ისეთი პროგრამა, რომელთა ყურებაც ნამდვილად ღირს. ნაცვლად იმისა, რომ წამდაუწუმ ცვალოთ არხები და ყველაფერს განურჩევლად უყუროთ, წინასწარ გადახედეთ პროგრამას და აირჩიეთ, რის ყურებას აპირებთ. ტელევიზორი თქვენ მიერ არჩეული გადაცემის დაწყებისას ჩართეთ და დამთავრებისთანავე გამორთეთ. შეგიძლიათ გადაცემა ჩაიწეროთ და სხვა დროს უყუროთ. ეს საშუალებას მოგცემთ თქვენთვის მოსახერხებელ დროს უყუროთ სასურველ გადაცემას და რეკლამის დროს გადაახვიოთ კასეტა.

4. გონივრულად შეარჩიეთ გადაცემები. ბიბლიამ იწინასწარმეტყველა, თუ როგორი ადამიანები იცხოვრებდნენ ჩვენს დროში. მასში ნათქვამია: „ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები, თავდაჯერებულები, ამპარტავნები, ღვთისმგმობელები, მშობლების ურჩები, უმადურები, ორგულები, თბილ გრძნობებს მოკლებულები, მათთან შეუძლებელი იქნება მორიგება, იქნებიან ცილისმწამებლები, თავშეუკავებლები, სასტიკები, კარგის მოძულეები, გამცემები, თავნებები, გაყოყოჩებულები, უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა“. თქვენ ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ მრავალ ტელეგმირს სწორედ ასეთი თვისებები აქვს. „ასეთებს ზურგი აქციე“, — მოგვიწოდებს ბიბლია (2 ტიმოთე 3:1—5). ღვთის სიტყვა ასევე გვაფრთხილებს: „ნუ შეცდებით. ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს“ (1 კორინთელები 15:33). გადაცემები გონივრულად რომ შეარჩიოთ, თვითკონტროლია საჭირო. ხშირად, გადაცემის ან ფილმის დაწყებისთანავე ხომ არ ხვდებით, რომ მისი ყურება მიუღებელია, მაგრამ ინტერესის გამო, თუ რა მოხდება შემდგომ, მაინც ბოლომდე უყურებთ? მრავალი ასე იქცევა. თუ გეყოფათ ნებისყოფა, გამორთავთ ტელევიზორს და სხვა რამით დაკავდებით, შეიძლება აღარც კი დაგაინტერესოთ, როგორ განვითარდება სიუჟეტი.

ტელევიზიის გამოგონებამდე დიდი ხნით ადრე ფსალმუნმომღერალი წერდა: „უვარგისს არაფერს დავიყენებ თვალწინ“ (ფსალმუნები 101:3). კარგი იქნება, ყოველთვის გვახსოვდეს ეს, როდესაც არჩევნის წინაშე ვდგავართ, რას ვუყუროთ და რას — არა. ზოგმა, კლოდინის მსგავსად, გადაწყვიტა, უარი ეთქვა ტელევიზორზე. კლოდინმა თქვა: „ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ასეთ უარყოფით გავლენას ახდენდა ტელევიზორი ჩემზე. ახლა, როცა ტელევიზორის ყურების საშუალება მეძლევა, მაოგნებს, როგორ ვუყურებდი ადრე ზოგიერთ კადრებს. მეგონა, გონივრულად ვირჩევდი გადაცემებს, მაგრამ ვხვდები, რომ ეს ასე არ იყო. ახლა გაცილებით მეტ სიამოვნებას მანიჭებს კარგი გადაცემების ყურება“.

[სურათი 8 გვერდზე]

ჩაიწერეთ, რამდენ დროს ატარებთ ტელევიზორთან.

[სურათი 8 გვერდზე]

ტელევიზორის ყურების ნაცვლად სასარგებლო საქმეებით დაკავდით.

[სურათი 9 გვერდზე]

უყოყმანოდ გამორთეთ ტელევიზორი!