არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ტაუერის ხიდი ლონდონის კარიბჭე

ტაუერის ხიდი ლონდონის კარიბჭე

ტაუერის ხიდი ლონდონის კარიბჭე

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის დიდი ბრიტანეთიდან

მას ისინიც კი სცნობენ, ვისაც ინგლისში არ უმოგზაურია. ის ყოველწლიურად ათასობით ტურისტს იზიდავს. ყოველდღე ლონდონელები ისე გაივლიან ხოლმე მასზე, რომ შესაძლოა თვალიც არ შეავლონ და არც კი დაფიქრდნენ მის წარმოშობაზე. ტაუერის ხიდი ლონდონის ერთ-ერთი ცნობილი ღირშესანიშნაობაა.

ტაუერის ხიდი არ უნდა აგვერიოს მეზობლად მდებარე ლონდონის ხიდში. ტაუერის ხიდი ახლომდებარე ლონდონის ტაუერთან არის დაკავშირებული. 1872 წელს ინგლისის პარლამენტმა განიხილა კანონპროექტი ტემზაზე ახალი ხიდის მშენებლობის შესახებ. ტაუერის მმართველის წინააღმდეგობის მიუხედავად პარლამენტმა გადაწყვიტა, განეხორციელებინა ეს ჩანაფიქრი იმ პირობით, რომ ხიდის არქიტექტურული სახე ტაუერის არქიტექტურას შეერწყმოდა. დღევანდელი ტაუერის ხიდი ამ სახელმწიფო პროექტის შედეგად აშენდა.

XVIII—XIX საუკუნეებში მრავალი ხიდი აკავშირებდა ტემზის ორივე ნაპირს; მათ შორის ყველაზე ცნობილი ძველი ლონდონის ხიდი იყო. 1750 წლისთვის ხიდს მორყეული ჰქონდა საძირკვლები, რაც აფერხებდა გემების გადაადგილებას. ამ ხიდის ქვეშ ხალხმრავალი ნავსადგური გადაჭედილი იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შემოსული გემებით. ნავმისადგომი იმდენად იყო გადატვირთული, რომ როგორც ამბობენ, მრავალი კილომეტრის გავლა შეიძლებოდა ჩამომდგარი ხომალდების გემბანებზე.

ლონდონის კორპორაციის მოთხოვნით ქალაქის არქიტექტორმა ჰორას ჯოუნზმა წამოაყენა წინადადება, აეშენებინათ გოტიკური სტილის გასახსნელი ხიდი ლონდონის ხიდის შემდეგ, მდინარის დინების მიმართულებით. ეს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მისცემდა გემებს, რომლებიც ტემზის გავლით დასავლეთით, ნავსადგურისკენ მიემართებოდნენ. ბევრის აზრით ეს დიდი სიახლე იქნებოდა.

განსხვავებული მექანიზმი

ჯოუნზი ბევრს მოგზაურობდა. ნიდერლანდებში ნანახმა პატარა გასახსნელმა ხიდებმა, რომლებიც არხებს ერთმანეთთან აკავშირებდა, აღძრა ის, რომ წონასწორობის პრინციპის გამოყენებით წამწეებიანი ხიდი აეშენებინა. ახალი მეთოდებით აგებულ ხიდს რკინის კარკასი აქვს და ქვით არის მოპირკეთებული. ტაუერის ხიდის ყველასთვის კარგად ცნობილი ფორმა ჯოუნზის ინჟინრებისა და არქიტექტორების დამსახურებაა.

ტაუერის ხიდის ორი კოშკი მთავარი გზის მაღლა 34 მეტრზე და წყლის ყველაზე მაღალი დონის მაჩვენებლიდან 42 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ორი გადასასვლელით არის დაკავშირებული. ხიდი შუაზე იყოფა და ორივე ნაწილი მოძრაობს. ხიდის თითოეული მოძრავი ნაწილი 1 200 ტონას იწონის და 86-გრადუსიანი კუთხით ადის მაღლა. 10 000-ტონიანი გემებიც კი თავისუფლად გადიან მის ქვემოთ.

რა ამოძრავებს წამწეებს?

წამწეებს ჰიდრავლიკის ძალით ამოძრავებდნენ, მგზავრები ლიფტით აჰყავდათ გადასასვლელებამდე და მოძრაობის გასაკონტროლებლად სიგნალებს იყენებდნენ. ხიდს წყლით ამუშავებდნენ. ამგვარად, შესაძლებელი იყო საჭიროზე ორჯერ მეტი ენერგიის გამომუშავება.

ხიდის სამხრეთ კიდეზე დამონტაჟებული, ქვანახშირზე მომუშავე ოთხი ბოილერის მიერ გამომუშავებული ორთქლის წნევა კვადრატულ სანტიმეტრზე 5—6 კილოგრამ ძალას აღწევდა და ორ მძლავრ ტუმბოს ამუშავებდა. თავის მხრივ, ეს ტუმბოები 60 კგძ/სმ 2 წნევით წყალს უშვებდა. წამწეების ასაწევად საჭირო ენერგიის შესანარჩუნებლად ექვს დიდ რეზერვუარში ინახებოდა წყალი დიდი წნევის ქვეშ. ამგვარად, ენერგიით მარაგდებოდა წამწეების მამოძრავებელი რვა მექანიზმი. ჩართვის შემდეგ სხვადასხვა მექანიზმის მეშვეობით თითოეული წამწე 50-სანტიმეტრიანი დიამეტრის მქონე ღერძზე მოძრაობს და მაღლა იწევა. წამწეების ბოლომდე აწევას მხოლოდ ერთი წუთი სჭირდება.

ვეწვიოთ თანამედროვე ტაუერის ხიდს

დღეს ორთქლის ნაცვლად ელექტროენერგიას იყენებენ. მაგრამ როგორც წინათ, დღესაც ტაუერის ხიდის გახსნისას გზაზე მოძრაობა წყდება. ქვეითად მოსიარულეებს, ტურისტებს თუ სხვა მნახველებს აოცებთ ხიდის მექანიზმი.

ისმის გამაფრთხილებელი სიგნალი, ეშვება შლაგბაუმი, უკანასკნელი ავტომობილი ტოვებს ხიდს და კონტროლიორები ნიშანს იძლევიან — ხიდი თავისუფალია. წამწეების შემაერთებელი ოთხი საკეტი უხმოდ იხსნება და წამწეები ზემოთ ადის. ყველას მზერა მდინარისკენ არის მიპყრობილი. ყველა თვალს ადევნებს საბუქსირე გემების, კატერებისა თუ სამგზავრო გემების სვლას. რამდენიმე წუთის შემდეგ სიგნალების ხმა იცვლება. წამწეები ეშვება და შლაგბაუმები იხსნება. მოტოციკლისტები გაჩერებული მანქანების წინ იჭრებიან და პირველები კვეთენ ხიდს. ტაუერის ხიდი უძრავად დგას, სანამ მომდევნო სიგნალის ხმა არ გაისმება.

ცნობისმოყვარე დამთვალიერებელი მხოლოდ ხიდის გახსნა-დაკეტვის ყურებას არ დასჯერდება. ის სხვებთან ერთად ჩრდილოეთ კოშკზე ლიფტით ადის, რომ უკეთ გაიგოს ხიდის ისტორია, რომელიც ანიმაციური მეთოდების გამოყენებით არის წარმოდგენილი გამოფენაზე სახელწოდებით „ტაუერის ხიდის ისტორია“. მხატვართა ტილოებზე საინჟინრო მიღწევები და საზეიმოდ გახსნის ცერემონიის სცენებია აღბეჭდილი. ხაოიანი და ყავისფერი ფოტოები და სტენდები ნათელს ჰფენს ტაუერის ხიდის საოცარ აგებულებას.

მაღლა გაკეთებული გადასასვლელები მნახველებს საშუალებას აძლევს, დატკბნენ ლონდონის ხედებით. დასავლეთით წმინდა პავლეს საკათედრო ტაძარი და საქმიან უბანში განლაგებული ბანკის შენობები ჩანს, უფრო მოშორებით კი — ფოსტის შენობა. დამთვალიერებელი შეიძლება ფიქრობს, რომ აღმოსავლეთით ნავსადგურს დაინახავს, მაგრამ ამჟამად ის ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან მოშორებით, მდინარის დინების დაყოლებაზეა გადატანილი. ყოფილი ნავსადგური კი მოდერნიზაციის შედეგად თანამედროვე შენობებით არის დამშვენებული. შთამბეჭდავი, მომხიბვლელი და საინტერესო — ეს სიტყვები კარგად აღწერს ხედს, რომელიც ლონდონის ამ ცნობილი ღირსშესანიშნავი ადგილიდან იშლება.

როცა ლონდონს ეწვევით, კარგს იზამთ, თუ დაათვალიერებთ ამ ისტორიულ ნაგებობას. ეს შთამბეჭდავი საინჟინრო მიღწევა თქვენზე წარუშლელ კვალს დატოვებს.

[სურათი 16 გვერდზე]

ორთქლზე მომუშავე ერთ-ერთი ტუმბო, რომელიც ერთ დროს მექანიზმებს ამუშავებდა.

[საავტორო უფლება]

Copyright Tower Bridge Exhibition

[სურათი 16, 17 გვერდებზე]

ხიდის ორივე წამწის ბოლომდე აწევას ერთ წუთზე ნაკლები სჭირდება.

[საავტორო უფლება]

©Alan Copson/Agency Jon Arnold Images/age fotostock

[სურათის საავტორო უფლება 15 გვერდზე]

© Brian Lawrence/SuperStock