არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ტელევიზორი დროის ქურდი?

ტელევიზორი დროის ქურდი?

ტელევიზორი დროის ქურდი?

ვინმეს რომ მილიონი დოლარი შემოეთავაზებინა თქვენთვის, იტყოდით უარს ტელევიზორის ყურებაზე ერთხელ და სამუდამოდ? რამდენიმე წლის წინ ჩატარებული გამოკითხვისას ყოველმა მეოთხე ამერიკელმა ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხი გასცა. სხვა დროს ჩატარებული გამოკითხვისას რესპოდენტებს ეკითხებოდნენ, რას ისურვებდნენ ყველაზე მეტად. უმრავლესობამ მშვიდობა და ბედნიერება დაასახელა. მაგრამ ეს მათი უმთავრესი სურვილი არ იყო. პირველ რიგში მათ დიდეკრანიანი ტელევიზორი სურდათ!

ტელევიზია მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. 1931 წელს, როცა ტელევიზია ჯერ კიდევ ფეხს იდგამდა, ამერიკის რადიოკორპორაციის თავმჯდომარემ აღნიშნა: „გონივრულია მოველოდეთ, რომ ტელევიზიის განვითარებასთან ერთად მაყურებელთა რაოდენობა გაიზრდება და მთელი მსოფლიოს მოსახლეობას მოიცავს“. იმ დროს ეს სიტყვები ზოგს შეიძლება ძალიან ხმამაღალ ნათქვამად მიეჩნია, მაგრამ დღეს ისინი მართლდება. ვარაუდობენ, რომ მთელ მსოფლიოში ტელევიზორების რიცხვი დაახლოებით 1, 5 მილიარდია, ხოლო მაყურებლებისა — გაცილებით მეტი. გინდა არ გინდა, ხალხის ცხოვრებაში ტელევიზორი დიდ როლს ასრულებს.

მრავალი ძალიან დიდ დროს უთმობს ტელევიზორს. მსოფლიო მასშტაბით ახლახან ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ადამიანები ტელევიზორს ყოველდღიურად, სულ მცირე, სამ საათს უყურებენ. ჩრდილოეთ ამერიკაში ეს დრო ოთხნახევარ საათს შეადგენს, ხოლო იაპონიაში, სადაც ყველაზე მეტ დროს უთმობენ ტელევიზორს — ხუთ საათს. საბოლოო ჯამში, საკმაოდ დიდი დრო გამოდის. თუ დღეში ოთხ საათს ვუყურებთ ტელევიზორს, იმ დროისთვის, როცა სამოც წელს მივაღწევთ, ეკრანის წინ ათი წელი გვექნება გატარებული. არავინ ისურვებდა, რომ მისი საფლავის ქვაზე დაეწერათ: „აქ განისვენებს ჩვენი საყვარელი მეგობარი, რომელმაც სიცოცხლის მეექვსედი ტელევიზორის ყურებას შეალია“.

სიამოვნებთ ადამიანებს საათობით ტელევიზორის წინ ჯდომა? ყოველთვის არა. მრავალი ხვდება, რომ ძალიან ბევრ დროს უთმობს ტელევიზორს, და თავს დამნაშავედაც გრძნობს იმის გამო, რომ ეს დრო უფრო ნაყოფიერად არ გამოიყენა. ზოგი აღიარებს, რომ ნამდვილი „ტელემანია“. მართალია, ტელევიზორი ისეთ დამოკიდებულებას არ იწვევს, როგორსაც ნარკოტიკები, მაგრამ მათ შორის გარკვეული მსგავსება მაინც არსებობს. ნარკომანები ბევრ დროს უთმობენ ნარკოტიკებს. თუმცა მათ სურთ ამ დროის შემცირება ან ამ ჩვევის დაძლევა, მაგრამ ამას ვერ აღწევენ. ნარკოტიკებს ისინი მნიშვნელოვან საზოგადოებრივ თუ ოჯახურ საქმეებს ანაცვალებენ და იტანჯებიან, როცა მათ თავს ანებებენ. იგივე სიმპტომები შეიძლება ახასიათებდეთ მათ, ვინც ტელევიზორს დიდ დროს უთმობს.

„ბევრი თაფლის ჭამა კარგი არ არის“, — თქვა ბრძენმა მეფე სოლომონმა (იგავები 25:27). ეს პრინციპი ტელევიზორის ყურებასაც შეგვიძლია მივუსადაგოთ. მართალია, ტელევიზიით ბევრი კარგი რამის ნახვა შეიძლება, მაგრამ გადამეტებული ყურება გვართმევს დროს, რომელიც ოჯახისთვის უნდა დაგვეთმო, ხელს გვიშლის კითხვაში, აქვეითებს ბავშვების აკადემიურ მოსწრებას და ხელს უწყობს გასუქებას. თუ ტელევიზორის ყურებას დიდ დროს უთმობთ, კარგი იქნება დაფიქრდეთ, რას იღებთ სანაცვლოდ? ჩვენი დრო ძალიან ძვირფასია და არ ღირს მისი ფუჭად ხარჯვა. ასევე უნდა დავფიქრდეთ, თუ რას ვუყურებთ. ამ საკითხს მომდევნო სტატიაში განვიხილავთ.