არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ტელევიზორი „შენიღბული მრჩეველი“

ტელევიზორი „შენიღბული მრჩეველი“

ტელევიზორი „შენიღბული მრჩეველი“

ტელევიზორი შეიძლება კარგი „მასწავლებელი“ იყოს. მისი საშუალებით ვეცნობით ქვეყნებსა და ხალხებს, რომელთაც სხვაგვარად, შესაძლოა, ვერასდროს ვნახავდით. ჩვენ „ვმოგზაურობთ“ ტროპიკულ ჯუნგლებში და პოლუსებზე, მთათა მწვერვალებსა და ოკეანის სიღრმეებში; ვეცნობით ატომთა გასაოცარ სამყაროს და ვიჭრებით კოსმოსში; ვიგებთ, რა ხდება დედამიწის სხვა კუთხეში; თვალს ვადევნებთ კულტურასა და პოლიტიკურ მოვლენებს — იმას, რაც მოხდა და რაც ხდება; ტელევიზია აშუქებს ადამიანთა ტრაგედიასა თუ წარმატებას; ის გვართობს, გვასწავლის და შთაგვაგონებს კიდეც.

მაგრამ, გადაცემების უმეტესობას ვერც სასარგებლოს ვუწოდებთ და ვერც საგანმანათლებლოს. ალბათ, ყველაზე მეტად ტელევიზიას ისინი აკრიტიკებენ, ვინც არ იწონებს ტელეეკრანზე ფართოდ და დაუფარავად წარმოდგენილ ძალადობასა და სექსს. მაგალითად, შეერთებულ შტატებში ჩატარებულმა ერთმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ სამი სატელევიზიო პროგრამიდან დაახლოებით ორში, ყოველ ერთ საათში, საშუალოდ 6 ძალადობის სცენა ჩნდება. სანამ სრულწლოვანებას მიაღწევს, ახალგაზრდას ძალადობისა და მკვლელობის ათასობით სცენა ექნება ნანახი. ტელეეკრანზე ასევე მრავლად არის წარმოდგენილი სექსუალური შინაარსის მასალა. სატელევიზიო პროგრამების ორ მესამედში საუბარი მიდის სექსზე და 35 პროცენტი შეიცავს სექსუალურ სცენებს. ასეთ პროგრამებში სექსი ძირითადად წარმოდგენილია, როგორც უსაფრთხო და შემთხვევითი კავშირი, რომელიც უმეტესწილად დაუქორწინებელ წყვილებს აქვთ *.

მსოფლიოში ყველაზე დიდი მოთხოვნილება სექსისა და ძალადობის ამსახველ გადაცემებზეა. ამერიკული მძაფრსიუჟეტიანი ფილმები, რომლებიც ტელეეკრანებზე გადის, უცხოურ ბაზარზე ადვილად ხვდება. ასეთი ფილმები არც განსაკუთრებული სამსახიობო შესრულებით და არც კარგი სცენარით გამოირჩევა; მათი სიუჟეტი მარტივია. ძირითადად, რითაც ეს ფილმები მაყურებლის ყურადღებას იპყრობს, არის ბრძოლა, მკვლელობა, სპეცეფექტები და სექსი. მაყურებლის ინტერესის შენარჩუნება მწარმოებლების მხრიდან გარკვეული ცვლილებების შეტანას მოითხოვს. მაყურებელს მალე ბეზრდება ერთფეროვნება, და იმას, რაც ერთ დროს სენსაციურად მიაჩნდა, ახლა ჩვეულებრივ რამედ თვლის. პროდიუსერები ცდილობენ, უფრო გაამძაფრონ სიუჟეტი და დაძაბონ მაყურებელი; შესაბამისად იზრდება ძალადობის ამსახველი კადრები, იხვეწება გრაფიკა, ჩნდება მეტი სექსუალური და სადისტური სცენები.

დებატები ტელევიზიის ზეგავლენაზე

რა გავლენას ახდენს მაყურებელზე ძალადობისა და სექსის უწყვეტი ნაკადი, რომელსაც ისინი ტელევიზორში უყურებენ? კრიტიკოსების აზრით, ტელევიზიის გავლენით ადამიანები აგრესიულები ხდებიან და რეალურ ცხოვრებაში ძალადობის მსხვერპლის მიმართ სიბრალულის გრძნობა უქვეითდებათ. ისინი აგრეთვე ამტკიცებენ, რომ სექსის ასეთი სახით წარმოჩენა გარყვნილებასა და ზნეობრივი ნორმების დაცემას უწყობს ხელს.

ნუთუ მართლა ასეთი საზიანო ზეგავლენა აქვს ტელევიზიას?! ამ კითხვაზე ათწლეულებია, რაც გაცხარებული დებატები მიმდინარეობს. ასობით გამოკვლევა და ათასობით წიგნი თუ სტატია მიეძღვნა ამ საკითხს. ყველაზე რთული იმის დამტკიცებაა, ახდენს თუ არა ტელევიზია გავლენას ადამიანზე: მაგალითად, ხდება თუ არა ადამიანი აგრესიული, თუ ადრეული ასაკიდან ტელევიზორში ძალადობას უყურებს. კავშირი მიზეზსა და შედეგს შორის ყოველთვის იოლი დასადგენი არ არის. მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: დავუშვათ, პირველად იღებთ რაიმე წამალს და რამდენიმე საათში ტანზე გაყრით. ამ შემთხვევაში ალბათ დაასკვნით, რომ ალერგია აშკარად წამალმა გამოიწვია. თუმცა, ზოგჯერ, ალერგია დროთა განმავლობაში იჩენს თავს. ასეთ დროს რთულია, ალერგია კონკრეტულ წამალს მიაწეროთ, რადგან მას მრავალი რამ იწვევს.

მსგავსადვე, რთულია იმის დამტკიცება, რომ დამნაშავეობა და ანტისაზოგადოებრივი ქმედებები ტელევიზიით ნანახი ძალადობის შედეგია. მაგრამ, მრავალი გამოკვლევა გვიჩვენებს, რომ მათ შორის რაღაც კავშირი მაინც არსებობს. ზოგიერთი დამნაშავე აღიარებს, რომ მის აზროვნებასა და საქციელზე გავლენა ტელევიზორში ნანახმა იქონია. თუმცა ადამიანებზე ბევრი სხვა რამეც ახდენს გავლენას. ძალადობის ამსახველი კომპიუტერული თამაშები, მეგობრების წრე, ოჯახი, საცხოვრებელი პირობები — ამ ყოველივემ შეიძლება ხელი შეუწყოს აგრესიას.

აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რატომ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. ერთ-ერთი კანადელი ფსიქოლოგი წერდა: „არ არსებობს არანაირი მეცნიერული მტკიცება იმისა, რომ ძალადობის ყურება იწვევს ძალადობას საზოგადოებაში ან ძალადობისადმი გულგრილს ხდის მას“. ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მასმედიისა და საზოგადოების კომიტეტმა აღნიშნა: „ეჭვს არ ბადებს ის ფაქტი, რომ მისთვის, ვინც ხშირად უყურებს ძალადობას ტელევიზიით, უფრო მისაღები ხდება აგრესიული აზროვნება და ქცევა“.

ამაზე ღირს დაფიქრება

როგორც აღვნიშნეთ, სპეციალისტები დაობენ იმის თაობაზე, ნამდვილად იწვევს თუ არა აგრესიის ყურება აგრესიას. და მაინც, მრავალი აღიარებს, რომ ტელევიზია გავლენას არ ახდენს ჩვენს აზროვნებასა და ქცევაზე. მოდი დავფიქრდეთ: ერთმა სურათმაც კი შეიძლება განგვარისხოს, აგვაცრემლოს ან სიხარული მოგვგვაროს; მუსიკაც დიდ გავლენას ახდენს ჩვენს გრძნობებზე; სიტყვებს, თუნდაც დაბეჭდილი სახით, შეუძლია დაგვაფიქროს, გამოიწვიოს გარკვეული გრძნობები და აღგვძრას მოქმედებისკენ. ახლა წარმოიდგინეთ, რამხელა ძალა აქვს ერთმანეთში ოსტატურად შერწყმულ კადრებს, მუსიკასა და სიტყვებს! გასაკვირი არ არის, რომ ტელევიზია ასე იზიდავს ადამიანს. თანაც ის ყველასთვის ხელმისაწვდომია. ერთი მწერალი ამბობს: „მას შემდეგ, რაც ადამიანმა თავისი აზრების წერილობით გადმოცემა ისწავლა . . . ინფორმაციის გადამცემ სხვა არც ერთ საშუალებას არ ჰქონია ასეთი დიდი ზეგავლენა ცივილიზაციაზე“.

საწარმოები ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს ხარჯავენ რეკლამაზე, რადგან იციან, რომ მაყურებელზე გავლენას ახდენს ნანახი და მოსმენილი. ისინი რეკლამისთვის ფულს იმიტომ კი არ ხარჯავენ, რომ ის ან გაამართლებს ან არა, არამედ იმიტომ, რომ დარწმუნებულნი არიან მის წარმატებაში. რეკლამა ხელს უწყობს პროდუქციის გასაღებას. მაგალითად, 2004 წელს კომპანია „კოკა-კოლამ“ 2,2 მილიარდი დოლარი დახარჯა, რათა მსოფლიო ბაზარზე თავისი პროდუქციისთვის რეკლამა გაეწია, იქნებოდა ეს პრესის, რადიოსა თუ ტელევიზიის საშუალებით. ღირდა ასეთი ხარჯების გაღება? კომპანიამ იმ წელს დაახლოებით 22 მილიარდი დოლარის მოგება ნახა. მათ, ვინც რეკლამას უწევს თავის პროდუქციას, კარგად ესმით, რომ ერთი რეკლამა გავლენას ვერ მოახდენს ადამიანზე. მათ იციან, რომ წლების განმავლობაში ერთი და იგივე აზრის მუდმივი ჩაგონება გავლენას მოახდენს ხალხზე.

თუ 30-წამიანი რეკლამა ასე მოქმედებს ჩვენს აზროვნებასა და საქციელზე, ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რომ ტელევიზორთან საათობით ჯდომა გავლენას მოახდენს ჩვენზე. „ჩვეულ და უწყინარ გართობას ამოფარებული ტელევიზია შენიღბულ მრჩევლად გვევლინება“, — ამბობს ერთი პუბლიკაციის ავტორი („Television—An International History“). სხვა წიგნში აღნიშნულია: „ტელევიზია ცვლის ჩვენს აზროვნებას“ („A Pictorial History of Television“). კარგი იქნება, თუ დავფიქრდებით: ჩემთვის სასურველ აზროვნებას მიყალიბებს ის, რასაც ვუყურებ?

ამაზე განსაკუთრებით ღვთის მსახურები უნდა დაფიქრდნენ. იმ მასალის უმეტესობა, რაც ტელევიზიით გადაიცემა, ეწინააღმდეგება ბიბლიაში მოცემულ პრინციპებსა და მაღალზნეობრივ ნორმებს. ცხოვრების ისეთი წესი და საქციელი, რასაც ბიბლია გმობს, ისეა წარმოდგენილი, როგორც მისაღები, ჩვეულებრივი და მოდურიც კი. ამავე დროს ტელევიზიით ქრისტიანულ ღირებულებებსა და მათ, ვინც აფასებს ამ ღირებულებებს, ხშირად არაფრად აგდებენ, დასცინიან ან აბუჩად იგდებენ. ერთი წიგნის ავტორმა თავისი გულისტკივილი ასე გამოხატა: „ის, რაც არანორმალურია, ნორმალურად იქცა იმ დროს, როცა ნორმალურს არანორმალურად წარმოაჩენენ“. ეს „შენიღბული მრჩეველი“ სულ უფრო ხშირად ჩაგვჩურჩულებს: ‘კარგი ცუდია და ცუდი — კარგი’ (ესაია 5:20).

უნდა დავფიქრდეთ, რას ვუყურებთ, რადგან ეს ზეგავლენას ახდენს ჩვენს აზროვნებაზე. ბიბლიაში ნათქვამია: „ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება, სულელებთან საქმის დამჭერი კი ხიფათს გადაეყრება“ (იგავები 13:20). ბიბლიის მკვლევარი, ადამ კლარკი აღნიშნავს: «ვინმესთან სიარული ნიშნავს, რომ გვიყვარს და თბილი გრძნობები გვაკავშირებს მასთან. შეუძლებელია არ მიბაძო მას, ვინც გიყვარს. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ: „მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინა ხარ შენ“. მითხარი, ვის წრეში ტრიალებს ადამიანი, და ადვილად მივხვდები, როგორია ის». როგორც აღნიშნული იყო, ადამიანთა უმრავლესობა დიდ დროს ატარებს ისეთი ტელეგმირების წრეში, რომლებსაც ბრძენებს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ და რომელთა სახლში მოწვევა აზრადაც არ მოუვიდოდა გულწრფელ ქრისტიანს.

თუ ექიმი ძლიერ წამალს დაგინიშნავთ, ალბათ გულდასმით შეამოწმებთ, რა დადებითი ეფექტი აქვს მას და რა გვერდითი მოვლენები ახლავს. წამლის მიღება არასწორი დანიშნულებით ან თუნდაც სწორი დანიშნულებით, მაგრამ გადამეტებული დოზით, ავნებს ჯანმრთელობას. იმავეს თქმა შეიძლება ტელევიზორის ყურებაზეც. ამიტომ გონივრულია, დავფიქრდეთ, რას ვუყურებთ.

ღვთისგან შთაგონებული მოციქული პავლე მოუწოდებდა ქრისტიანებს, რომ ეფიქრათ იმაზე, რაც ჭეშმარიტია, რაც სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს, რაც მართალი, წმინდა, სიყვარულის ღირსი, მოსაწონი, ზნეობრივი და საქებარია (ფილიპელები 4:6—8). თუ ყურად იღებთ ამ რჩევას, ნამდვილად ბედნიერები იქნებით.

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 შეერთებული შტატების მონაცემები ემთხვევა სხვა ქვეყნების სტატისტიკურ მონაცემებს, ვინაიდან ამერიკის ტელეკომპანიების გადაცემები და ფილმები მთელი მსოფლიოს ეკრანებზე გადის.

[ჩანართი 5 გვერდზე]

„ტელევიზიის მეშვეობით თქვენივე ოთახში ისეთი ხალხი გართობთ, რომლებსაც სახლში არც კი შემოუშვებდით“ (დეივიდ ფროსტი, ბრიტანელი დიქტორი).

[ჩარჩო 5 გვერდზე]

რას ამბობს ბიბლია სექსსა და ძალადობაზე?

რით განსხვავდება ტელევიზიით გადმოცემული ძალადობა და სექსი ბიბლიაში მოხსენიებული ძალადობისა და სექსისგან? ბიბლიაში მათი მოხსენიება ჩვენს დასწავლებას ემსახურება და არა გართობას (რომაელები 15:4). ღვთის სიტყვაში ისტორიული ფაქტებია ჩაწერილი. ეს გვეხმარება, გავიგოთ ღვთის თვალსაზრისი ამა თუ იმ საკითხზე და ვისწავლოთ სხვების შეცდომებზე.

უმეტეს ქვეყნებში, სადაც სარეკლამო რგოლებს უშვებენ, სექსსა და ძალადობას არა სასწავლებლად, არამედ ფულის მოგების მიზნით აჩვენებენ. რეკლამის დამკვეთებს სურთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიიზიდონ; ამას კი სექსისა და ძალადობის ჩვენებით აღწევენ, რადგან მაყურებელი თვალს ვერ წყვეტს ასეთ სცენებს. შედეგად ისინი უყურებენ რეკლამას და ყიდულობენ რეკლამირებულ საქონელს. ახალი ამბების მომზადებისას ითვალისწინებენ პრინციპს: „რაც უფრო შემზარავია ამბავი, მით მეტია წარმატების შანსი“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სენსაციური ამბები — კრიმინალური ფაქტები, სტიქიური უბედურებები და ომები — ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს.

მართალია, ბიბლიაში აღწერილია ძალადობა, მაგრამ ღვთის სიტყვა ადამიანებს მშვიდობიანი ცხოვრებისკენ მოუწოდებს; ურჩევს, შური არ იძიონ და პრობლემები მშვიდობიანი გზით მოაგვარონ. ის ყოველთვის ზნეობრივი სიწმინდის დამცველია. იმ აზრს, რომ იყო მშვიდობიანი და ზნეობრივად წმინდა, სატელევიზიო გადაცემათა უმეტესობაში ვერ მოისმენთ (ესაია 2:2—4; 1 კორინთელები 13:4—8; ეფესოელები 4:32).

[ჩარჩო⁄სურათი 7 გვერდზე]

ტელევიზორი და ბავშვები

„ათწლეულების განმავლობაში ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ მეცნიერები და ჯანდაცვის მუშაკები მივიდნენ ერთობლივ დასკვნამდე: ძალადობის ყურება საზიანოა ბავშვებისთვის“, — ნათქვამია ერთი ორგანიზაციის ვებ-საიტზე (The Henry J. Kaiser Family Foundation).

„[ჩვენ ვეთანხმებით] ამერიკის პედიატრიის აკადემიას, რომ ორ წლამდე ასაკის ბავშვებმა ტელევიზორს არ უნდა უყურონ. ამ ასაკში ბავშვების ტვინში დიდი ცვლილებები ხდება, ამიტომ მათ ესაჭიროებათ თამაში და ურთიერთობა, რომელიც ხელს უწყობს მათ გონებრივ თუ ფიზიკურ განვითარებას და გარკვეული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას“ (The National Institute on Media and the Family).

[სურათი 6, 7 გვერდებზე]

მიყალიბებს ჩემთვის სასურველ აზროვნებას ის, რასაც ვუყურებ?