არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შეგიძლიათ დაეხმაროთ გარდაცვლილებს?

შეგიძლიათ დაეხმაროთ გარდაცვლილებს?

ბიბლიის თვალსაზრისი

შეგიძლიათ დაეხმაროთ გარდაცვლილებს?

„ეკლესიის დაარსებიდან . . . ყოველთვის აღევლინებოდა ლოცვები [გარდაცვლილთა] მოსახსენიებლად, . . რათა განწმენდილებს ნეტარებისთვის მიეღწიათ და ეხილათ ღმერთი“ („კათოლიკური ეკლესიის კატეხიზმო“).

ყველა ერის წარმომადგენელს აღელვებს, რა მდგომარეობაში არიან გარდაცვლილები. შესაძლოა, თქვენც გამოგიცდიათ მწუხარება და სიცარიელის გრძნობა საყვარელი ადამიანის დაკარგვის გამო. ალბათ გაინტერესებთ, აგრძელებენ თუ არა მიცვალებულები არსებობას, იტანჯებიან თუ მშვიდად განისვენებენ, და შეგიძლიათ თუ არა რამით დაეხმაროთ მათ.

მრავალ მორწმუნეს სჯერა, რომ შეუძლია გარდაცვლილების დახმარება. მაგალითად, ინდუსებს სწამთ, რომ თავიანთი ახლობლის გვამს თუ მდინარე განგის ნაპირზე დაწვავენ და ფერფლს წყალს გაატანენ, მიცვალებულის სული მარადიულ ნეტარებას მიაღწევს. აღმოსავლეთში ბუდისტები წვავენ ქაღალდზე გამოსახულ მანქანებს, სახლებს, ტანსაცმელსა და ფულს, რადგან სწამთ, რომ გარდაცვლილები შეძლებენ ამ ყველაფრის გამოყენებას საიქიოში. აფრიკაში ალკოჰოლურ სასმელებს ღვრიან საფლავზე, რადგან სჯერათ, რომ მიუვათ მიცვალებულებს.

კათოლიკური სწავლების თანახმად ადამიანი, რომელიც სიკვდილის წინ არ ინანიებს „სასიკვდილო ცოდვას“, ღვთის წყალობას კარგავს. ასეთ მდგომარეობას „ეწოდება ჯოჯოხეთი“; ხოლო თუ ვინმეს ღმერთი იწონებს, შეუძლია ზეცაში ღვთის გვერდით ყოფნით მიაღწიოს „უსაზღვრო, სრულყოფილ ბედნიერებას“, მაგრამ ამისათვის ჯერ სრულად უნდა განიწმინდოს. ამ მიზნისთვის გარდაცვლილი შეიძლება მოხვდეს განსაწმენდელში, სადაც „განსაწმენდელ ცეცხლში“ დაისჯება იმ ცოდვებისთვის, რომელთა მიტევებაც შესაძლებელია. მიცვალებულს განსაწმენდელში ყოფნისას შეიძლება დაეხმარონ ეკლესიაში მისთვის წარმოთქმული ლოცვა-ვედრებით და აგრეთვე გარდაცვლილის სახელზე ჩატარებული მესით. ამ მომსახურების საფასურს, ჩვეულებრივ, გარდაცვლილის მეგობრები და ნათესავები იხდიან.

ბუნებრივია, ადამიანს სურს, თავის მიცვალებულს შეუმსუბუქოს ტანჯვა-წამება, რასაც ის ვითომდა განიცდის. მათი დახმარება რომ შესაძლებელი ყოფილიყო, განა ღმერთი ნათლად არ აგვიხსნიდა, როგორ გაგვეკეთებინა ეს? მოდი გავიგოთ, რას გვასწავლის ბიბლია ამ საკითხთან დაკავშირებით.

რა მდგომარეობაში არიან გარდაცვლილები?

ზემოთ აღწერილი ადათ-წესები დაფუძნებულია რწმენაზე, რომ ადამიანს აქვს უკვდავი სული, რომელიც სხეულის სიკვდილის შემდეგ განაგრძობს სიცოცხლეს. მაგრამ ასწავლის ამას ბიბლია? მასში ნათქვამია: „ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან, მკვდრებმა კი არაფერი იციან; არც საზღაური მიეზღვებათ, რადგან მათი ხსოვნა დავიწყებას ეძლევა. ქრება მათი სიყვარული, სიძულვილი და შური; რაც მზის ქვეშ ხდება, აღარაფერში აღარასოდეს ექნებათ წილი. ყველაფერი, რასაც ხელს მოჰკიდებ, აკეთე მთელი შენი ძალით, რადგან არც საქმე, არც ჩანაფიქრი, არც ცოდნა და არც სიბრძნე არ არის სამარეში, სადაც მიდიხარ“ (ეკლესიასტე 9:5, 6, 10).

ღვთისგან შთაგონებული ფსალმუნმომღერალი აღწერს, თუ რა გავლენას ახდენს სიკვდილი ადამიანის ცნობიერებაზე: „ამოსდის სული, თვითონ კი უბრუნდება მიწას, იმ დღეს ქრება მისი ფიქრები“ (ფსალმუნები 146:4).

ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები სანდო და გონივრულია. თქვენი აზრით, დატანჯავდა მოსიყვარულე მამა შვილებს თანდაყოლილი ცოდვილი მიდრეკილებების გამო? (დაბადება 8:21) რა თქმა უნდა, არა. მაშ, ჩვენი ზეციერი მამა რატომ მოიქცევა ასე? ძველ ისრაელში ზოგიერთები, წარმართი ერების მსგავსად, თავიანთ შვილებს ცრუ ღმერთებს სწირავდნენ და ცეცხლში წვავდნენ. იეჰოვამ დაგმო ეს ამაზრზენი ჩვეულება და აღნიშნა, რომ ასეთი რამ ‘არც უბრძანებია და გულშიც კი არ გაუვლია’ (იერემია 7:31).

ადამიანის ცოდვის შედეგი სიკვდილია და არა საიქიოში ტანჯვა. ბიბლიის თანახმად „ცოდვის საზღაური სიკვდილია“ და „მას, ვინც მოკვდა, ცოდვა მოეხსნა“ (რომაელები 5:12; 6:7, 23).

მკვდრები არ იტანჯებიან. მათ თითქოს ღრმა ძილით სძინავთ, უგონო მდგომარეობაში არიან და ვერაფერს გრძნობენ. ამგვარად, ყველაფერი, რასაც ადამიანები მკვდრების დასახმარებლად აკეთებენ, ეწინააღმდეგება ბიბლიურ სწავლებას.

რა იმედი არსებობს გარდაცვლილთათვის?

ზემოაღნიშნულიდან არ უნდა დაასკვნათ, რომ თქვენი გარდაცვლილი ახლობლები მუდამ უგრძნობ მდგომარეობაში დარჩებიან. მათ შესანიშნავი მომავალი ელით.

ვიდრე თავის ძვირფას მეგობარს, ლაზარეს გააცოცხლებდა, იესომ თქვა: „მე მის გასაღვიძებლად მივდივარ“ (იოანე 11:11). მან ისიც თქვა, რომ „ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ და გამოვლენ“ (იოანე 5:28, 29). აღდგენილები გათავისუფლებულნი იქნებიან წარსულში ჩადენილი ცოდვებისგან, ამიტომ არ დაიტანჯებიან მათ გამო. მათ საშუალება ექნებათ, რომ გაიხარონ ცხოვრებით სრულყოფილ პირობებში. მართლაც რომ შესანიშნავი იმედია!

თუ ამ იმედმა მიგიზიდათ, თავად დარწმუნდით მის უტყუარობაში. იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით დაგეხმარებიან ამაში.

გიფიქრიათ?

▪ გრძნობენ რაიმეს მკვდრები? (ფსალმუნები 146:4; ეკლესიასტე 9:5, 6, 10)

▪ დატანჯავდა ღმერთი მკვდრებს ცეცხლოვან ჯოჯოხეთში? (იერემია 7:31)

▪ არსებობს რაიმე იმედი გარდაცვლილთათვის? (იოანე 5:28, 29)