არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კვაკერების „წმინდა ექსპერიმენტი“

კვაკერების „წმინდა ექსპერიმენტი“

კვაკერების „წმინდა ექსპერიმენტი“

ბარბადოსიდან (ვესტინდოეთი) გამოსული გემი „სუოლოუ“ 1656 წლის ივლისში მიადგა ბოსტონის სანაპიროს (მასაჩუსეტსი). რიჩარდ ბელინგამმა, მასაჩუსეტსის კოლონიის გამგებლის მოადგილემ, მერი ფიშერისა და ენ ოსტინის გემზე დაკავების ბრძანება გასცა. ჩხრეკის დროს მათ ბარგში აღმოაჩინეს ასი წიგნი; როგორც ამბობენ, ეს წიგნები შეიცავდა „სულიერად გამხრწნელ, მწვალებლურ და ღვთისმგმობელ სწავლებებს“.

წიგნები სავაჭრო მოედანზე დაწვეს, ქალები კი დააპატიმრეს, გააშიშვლეს და ცდილობდნენ გაერკვიათ, ჯადოქრები ხომ არ იყვნენ. მათი საკნის სარკმელი დალუქეს და ხუთი კვირის განმავლობაში ისინი სიბნელეში ამყოფეს. ვინც მათ დაელაპარაკებოდა, ხუთი ფუნტით აჯარიმებდნენ. ბოლოს მერი ფიშერი და ენ ოსტინი ბარბადოსში დააბრუნეს.

იმდროინდელი მემატიანე მოსამართლეებს ეკითხებოდა: „რატომ შეგეშინდათ ამ ქალების, თითქოს დიდძალი ჯარი მოსდგომოდა თქვენს საზღვრებს?“ სინამდვილეში, ეს ორი „საშიში“ ქალი პირველი მისიონერი კვაკერები იყვნენ ჩრდილოეთ ამერიკაში. ვინ იყვნენ კვაკერები და რატომ მიიჩნევდნენ მათ „საშიშ“ ადამიანებად?

მეგობართა საზოგადოება

კვაკერები, იგივე მეგობართა რელიგიური საზოგადოება, XVII საუკუნეში ინგლისში აღმოცენდა. ეს საზოგადოება დააარსა ჯორჯ ფოქსმა (1624—1691 წწ.), რომელიც ლესტერშირში ფეიქრის ოჯახში დაიბადა. როგორც ამბობენ, ფოქსმა მოისმინა ზებუნებრივი ხმა და დაასკვნა, რომ შეძლებდა ღმერთთან უშუალო კონტაქტის დამყარებას და შუამდგომლის გარეშე მითითებების მიღებას. წიგნ „ამერიკელთა რელიგიის ისტორიაში“ ნათქვამია, რომ „მეგობართა საზოგადოება სავარაუდოდ 1652 წელს დაარსდა“ („A Religious History of the American People“).

რატომ ეწოდათ მათ კვაკერები (მოკანკალენი)? ერთ ნაშრომში აღნიშნულია, რომ „ღვთისგან გამოცხადების მიღებამდე, ისინი ცახცახებდნენ“. სხვა ნაშრომის თანახმად, „ისინი ღვთის სიდიადისა და სიწმინდის წინაშე კანკალებდნენ“. მათი მიზანი იყო, ეპოვათ ჭეშმარიტება და აღედგინათ ქრისტიანობის თავდაპირველი სახე.

ისინი ამბობდნენ, რომ ხელმძღვანელობისთვის მიმართავდნენ წმინდა სულს, ბიბლიის წინასწარმეტყველებს, ქრისტეს მოციქულებსა და ეგრეთ წოდებულ სულიერი ჭეშმარიტების ხმას ანუ გამოცხადებას. ამიტომ მათ შეკრებებზე სიჩუმე სუფევდა და თითოეული მათგანი ღვთის ხელმძღვანელობას ელოდა. ვინც გამოცხადებას მიიღებდა, სხვებისთვის უნდა მოეყოლა *.

კვაკერები სამართლიანობის, ურყევი პატიოსნებისა და უბრალო ცხოვრების მომხრენი იყვნენ. ისინი გმობდნენ ძალადობას. მათი აზრით, ყველა ქრისტიანს, მათ შორის ქალებს, მონაწილეობა უნდა მიეღოთ ღვთის მსახურებაში. იმის გამო, რომ კვაკერებმა უარყვეს ტრადიციული რელიგია თავისი ცერემონიებითა და რიტუალებით და ხელმძღვანელობისთვის სამღვდელოების ნაცვლად გამოცხადებას მიმართეს, მათ საშიში და საეჭვო ადამიანების სახელი დაიმკვიდრეს. ყველაზე მეტად ხალხს აშინებდა მათი მისიონერული სულისკვეთება, რაც რისხვას, ბრბოს თავდასხმებსა და მთავრობის მხრიდან ჩარევას იწვევდა.

ინგლისში კვაკერებს დევნიდნენ და აპატიმრებდნენ, ახალ ინგლისში კი მათ ქვეყნიდან აძევებდნენ და კლავდნენ კიდეც. მაგალითად, 1659—1661 წლებში ბოსტონში ჩამოახრჩვეს მისიონერები მერი დაიერი, უილიამ ლედრი, უილიამ რობინსონი და მარმადიუკ სტეფენსონი. სხვები შებორკეს, დადაღეს ან გაშოლტეს. ზოგს ყურები მოაჭრეს. უილიამ ბრენდს შიშველ ზურგზე გაფისული თოკით 117-ჯერ დაარტყეს. ასეთი სისასტიკის მიუხედავად, კვაკერები რიცხობრივად იზრდებოდნენ.

უილიამ პენი და „წმინდა ექსპერიმენტი“

1681 წლიდან მოყოლებული კვაკერების მდგომარეობა ჩრდილოეთ ამერიკაში რადიკალურად შეიცვალა. ახალგაზრდა ინგლისელმა უილიამ პენმა (1644—1718 წწ.), მეგობართა საზოგადოების ახალმა წევრმა, კვაკერების იდეოლოგიაზე შექმნა კოლონია, რომელსაც თავად კვაკერები მართავდნენ. ამით დაიწყო სახელმწიფო მართვის ეგრეთ წოდებული წმინდა ექსპერიმენტი. ბრიტანელი ადმირალის შვილი, პენი, რომელიც პაციფისტი იყო, ქადაგებისა და თავისი ნაშრომების გამოქვეყნებისთვის დააპატიმრეს.

ინგლისის მეფეს, ჩარლზს, პენის მამის ვალი ჰქონდა, ამიტომ ჩრდილოეთ ამერიკაში მან პენს მიწის დიდი ნაკვეთი გადასცა. ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, პენს თითქმის შეუზღუდავი ძალაუფლება ექნებოდა ახალშენზე. ამ ახალშენს ადმირალ პენის პატივსაცემად პენსილვანია უწოდეს, რაც პენის ტყეს ნიშნავს. იქ ყველა რელიგია თავისუფლებით ისარგებლებდა.

პენმა ამერიკაში თავისი მამიდაშვილი უილიამ მაკემი დანიშნა წარმომადგენლად, რათა კოლონიაში მყოფი ევროპელების კეთილგანწყობა მოეპოვებინა და ამერიკელი ინდიელებისგან მიწა ეყიდა. პენმა 1682 წელს მდინარე დელავერით იმოგზაურა, რათა თავისი კოლონია პირველად ენახა. მან შაკმაქსონში (ახლანდელი კენსინგტონი, ფილადელფია) ადგილობრივ მკვიდრებთან დადო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ორივე მხარის ინტერესები იქნებოდა დაცული. მან შექმნა გეგმა ახალი დასახლებისთვის, რომელიც შაკმაქსონიდან დაახლოებით ერთი კილომეტრით იქნებოდა დაშორებული და მას ფილადელფია უწოდა, რაც ძმურ სიყვარულს ნიშნავს. ამ ქალაქში ახალმოსახლეთა რიცხვი სწრაფად იზრდებოდა.

პენი ინგლისში დაბრუნდა და ხალხს ახალ კოლონიაში გადასვლისკენ მოუწოდებდა. ის წერდა, რომ იქ იყო შესანიშნავი მინდვრები და ტყეები, წყალუხვი მდინარე, ძვირფასბეწვიანი გარეული ცხოველები. პენი ჰპირდებოდა, რომ ახალი მთავრობა სხვადასხვა რელიგიისადმი შემწყნარებლობას გამოავლენდა და ხელს შეუწყობდა მათ მშვიდობიან თანაცხოვრებას. იწვევდნენ ყველას — ვაჭრებს, ღარიბებს და იდეალისტებს, რომლებიც თავიანთ წვლილს შეიტანდნენ კარგი მთავრობის შექმნაში.

ევროპაში არსებული სოციალური და პოლიტიკური პრობლემებისგან თავის დასაღწევად ინგლისსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში მცხოვრები კვაკერები ამ მოწვევას გამოეხმაურნენ. მენონიტებმაც და სხვა მსგავსმა ჯგუფებმაც მიატოვეს ევროპაში რაინის მიდამოები და ახალ კოლონიაში გადავიდნენ. ახალმოსახლეთა უმეტესობა კვაკერი იყო. პენმა განაცხადა, რომ ამ კოლონიას დიდი მომავალი ჰქონდა. 1683 წელს მან დაწერა: „ორი საკანონმდებლო კრება ჩატარდა . . . სულ ცოტა სამოცდაათი კანონი ისე მიიღეს, რომ წინააღმდეგი არავინ ყოფილა“. თუმცა მათი ოპტიმიზმი მალე გაქრა.

ექსპერიმენტმა არ გაამართლა

პენის კოლონიის კანონმდებლობით თითოეული მკვიდრი სინდისის თავისუფლებით სარგებლობდა. მაგრამ, როცა კანონისა და წესრიგის დასაცავად საჭირო გახდა ძალის გამოყენება, პაციფისტი კვაკერები პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ; რაც დრო გადიოდა, პრობლემა სულ უფრო სერიოზულ ხასიათს იძენდა. პენმა გვერდი აუარა ამ პრობლემას იმით, რომ ხელისუფლებაში ისეთი ხალხიც დანიშნა, რომლებიც კვაკერები არ იყვნენ და, როგორც თავად განაცხადა, „საჭიროების შემთხვევაში მკაცრ ზომებს მიიღებდნენ“. 1689 წელს საფრანგეთთან ომის საშიშროებამ კვაკერების რწმენა კიდევ ერთი გამოცდის წინაშე დააყენა.

ამას დაემატა ისიც, რომ ახალმოსახლეებმა, რომელთა უმეტესობაც კვაკერი არ იყო, ამერიკელ ინდიელთა მიწების მიტაცება დაიწყეს. ვინაიდან კვაკერები უმცირესობაში აღმოჩნდნენ, მათსა და ამერიკელ ინდიელთა შორის ურთიერთობა საგრძნობლად დაიძაბა.

როცა გამგებელმა და მისმა საბჭომ 1756 წელს ომი გამოუცხადა დელავერისა და შონის ტომებს, ამან კვაკერების პოლიტიკურ გავლენას საბოლოო დარტყმა მიაყენა. კვაკერები მთავრობიდან გაიწვიეს და მათ მმართველობას წერტილი დაუსვეს. დაახლოებით 75 წლის შემდეგ პენის სახელმწიფო მართვის „წმინდა ექსპერიმენტმა“ კრახი განიცადა.

გარდა ამისა, რაც დრო გადიოდა, კვაკერები მდიდრდებოდნენ, მათი რელიგიური ენთუზიაზმი კი სუსტდებოდა. კვაკერმა სემუელ ფოთერგილმა თქვა: „რადგან მათი მისწრაფებები და ინტერესები ამ წუთისოფლისკენ გადაიხარა, [ახალმოსახლე კვაკერები] ვეღარ გადასცემდნენ თავიანთ შვილებს იმ პრინციპებს, რომლებსაც ერთ დროს იცავდნენ“. დროთა განმავლობაში კვაკერები სექტებად დაიყვნენ.

პენსა და მის თანამოაზრეებს შეიძლება კეთილშობილური აღძვრები ჰქონდათ და დროებით წარმატებასაც მიაღწიეს. მაგრამ მათ არასწორად ესმოდათ იესოს სწავლება ან უგულებელყოფდნენ იმას, რომ იესო და მისი მოწაფეები არ იყვნენ „ქვეყნიერების ნაწილი“ (იოანე 17:16). ამიტომ, კეთილი განზრახვების მიუხედავად, რელიგიისა და პოლიტიკის შერწყმის ნებისმიერი მცდელობა კურთხეული არ იქნება ღვთისა და მისი ძისგან (იაკობი 4:4; 1 იოანე 5:19). ასეთი მცდელობა წარმატებას ვერასდროს მიაღწევს (ფსალმუნი 127:1).

[სქოლიოები]

^ აბზ. 8 დღეს კვაკერების შეკრებებს უფრო ორგანიზებულად უძღვებიან საეკლესიო მსახურები, რომლებიც ხელფასს იღებენ.

[ჩარჩო 12 გვერდზე]

„ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის“

რატომ თქვა იესომ იოანეს 18:36-ში ჩაწერილი ეს სიტყვები? პასუხი რომ გავიგოთ, ჯერ განვიხილოთ, რა არის ღვთის სამეფო. ღვთის სამეფო — იესოს ქადაგების მთავარი თემა — არის მსოფლიო მმართველობა, რომელსაც სათავეში იესო ქრისტე უდგას (ესაია 9:6, 7; ლუკა 4:43). ეს სამეფო არ იმმართველებს ადამიანთა მთავრობების მეშვეობით. ის დაამხობს ყველა მთავრობას და ერთადერთი მთავრობა იქნება მთელ დედამიწაზე (დანიელი 2:44; 7:13, 14). სწორედ ეს მოიხსენია იესომ ლოცვის ნიმუშში. მან თქვა: „მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათე 6:9, 10). ამ სამეფოს მორჩილი ქვეშევრდომები მშვიდობიან პირობებში სრულყოფილი ჯანმრთელობითა და მარადიული სიცოცხლით გაიხარებენ სამოთხეში. ასეთი პირობების შექმნას ვერ შეძლებდა ვერც ერთი გულწრფელი ადამიანი, მათ შორის უილიამ პენი (ლუკა 23:43; გამოცხადება 21:3, 4).

[სურათი 10 გვერდზე]

კვაკერთა კრება ფილადელფიაში, XIX საუკუნე.

[სურათი 10 გვერდზე]

კვაკერი მერი დაიერი მიჰყავთ დასასჯელად, მასაჩუსეტსის კოლონია.

[სურათი 11 გვერდზე]

კვაკერები ტოვებენ ინგლისს, XVII საუკუნე.

[სურათი 11 გვერდზე]

უილიამ პენი ხელშეკრულებას დებს ამერიკელ ინდიელებთან, 1682 წელი.

[სურათის საავტორო უფლება 10 გვერდზე]

Both pictures: © North Wind Picture Archives

[სურათის საავტორო უფლებები 11 გვერდზე]

Boats: © North Wind Picture Archives; treaty: Brown Brothers