არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

მთელ მსოფლიოში ყოველდღიურად ინტერნეტით თაღლითობის 5,7 მილიონი მცდელობა შეინიშნება („MAGAZINE“, ესპანეთი).

„ბოლო რვა წლის განმავლობაში იაპონიაში ყოველ წელს 30 000-ზე მეტი ადამიანი იკლავს თავს“. იაპონია ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც ყველაზე მეტი თვითმკვლელობა ხდება („MAINICHI DAILY NEWS“, იაპონია).

„ბოლო 500 წლის განმავლობაში ადამიანის მიზეზით ცხოველთა და მცენარეთა 844 სახეობა გადაშენდა“ („IUCN“, შვეიცარია).

სამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით, ბრიტანელი ქალებისა და მამაკაცების 6 პროცენტი ჰომოსექსუალისტია. 2005 წელს მიღებული კანონით «ერთი სქესის ადამიანებს შეუძლიათ „დაქორწინდნენ“» და იმავე უფლებებით ისარგებლონ, რითაც ტრადიციული ორიენტაციის წყვილები სარგებლობენ („THE DAILY TELEGRAPH“, დიდი ბრიტანეთი).

მყინვარები ადრინდელზე სწრაფად მოძრაობენ

გაზეთ „საიენსის“ თანახმად, „გრენლანდიის ყინულოვან საფარზე იზრდება რამდენიმე უზარმაზარი მყინვარის მოძრაობის სიჩქარე“. თანამგზავრიდან დაკვირვების შედეგად გაირკვა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გრენლანდიის ზოგიერთი მყინვარის სიჩქარე დაახლოებით ორჯერ გაიზარდა და წელიწადში 12 კილომეტრს მიაღწია. ბოლო ათი წლის განმავლობაში ყინულის მასის ყოველწლიური დანაკარგი 90 კუბური კილომეტრიდან 220 კუბურ კილომეტრამდე გაიზარდა. მეცნიერების აზრით, „მომავალში წყლის დონე იმაზე მეტად აიწევს, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ“.

ეკლესიებმა დარვინის დაბადების დღე იზეიმეს

2006 წლის თებერვალში ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 450-მა „ქრისტიანულმა“ ეკლესიამ ჩარლზ დარვინის 197-ე წლისთავი იზეიმა. წარმოდგენილი „პროგრამისა და ქადაგების მიზანი იყო, დაემტკიცებინათ, რომ დარვინის ევოლუციური თეორია და ქრისტიანული რწმენა ერთმანეთს არ გამორიცხავს და ქრისტიანებს არ მოუწევთ არჩევნის გაკეთება რელიგიასა და მეცნიერებას შორის“. „ჩიკაგო ტრიბიუნის“ თანახმად, ბიოლოგმა და ვისკონსინი-ოშკოშის უნივერსიტეტის ლიტერატურისა და მეცნიერების ფაკულტეტის დეკანმა, მაიკლ ციმერმანმა, რომელმაც ორგანიზება გაუწია ამ ზეიმს, თქვა: „შეგიძლიათ ორივე ერთად აირჩიოთ“.

უხეშად მოპყრობა სამსახურში

„სამსახურში გამოვლენილი უხეშობა ორგანიზაციას დროის, შრომის უნარიანობის დაქვეითებისა და ნიჭიერი კადრების დაკარგვის ფასად უჯდება“, — იუწყება გაზეთი „უოლ-სტრიტ ჯორნელი“. დაახლოებით 3 000 ადამიანის გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ მათგან 90 პროცენტს „სამსახურში უხეშად ეპყრობოდნენ“. აქედან 50-მა პროცენტმა განაცხადა, რომ „ინციდენტზე ფიქრი მათ სამუშაო დროს აკარგვინებდა“. უხეშმა მოპყრობამ გამოკითხულთა 25 პროცენტის შრომის უნარიანობა დააქვეითა, ხოლო რვიდან ერთმა ამ მიზეზით სამსახური დატოვა. ამავე გაზეთში სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი მენეჯმენტის დარგში, კრისტინ პორათი აღნიშნავს: „შრომის უნარიანობის დაქვეითება, სამსახურის გაცდენა და ქურდობაც კი შეიძლება იმის მაჩვენებელი იყოს, რომ დაწესებულებაში არსებობს უხეშად მოპყრობის პრობლემა“.

ოკეანეში მოტივტივე ნაგავი

2006 წლის დასაწყისში ოკეანეში მოტივტივე ნარჩენების უზარმაზარი მასა „სამხრეთისკენ, ჰავაის წყლებისკენ დაიძრა და დიდი რაოდენობით სათევზაო აღჭურვილობა და პლასტმასის ნარჩენები ნაპირზე გამორიყა“, — იუწყება ჰონოლულუში გამომავალი ერთი გაზეთი („The Honolulu Advertiser“). წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში მოტივტივე ნაგავი დინებას მიაქვს იქ, სადაც წყალი ნაკლებად ღელავს. მაგრამ ზოგჯერ გარკვეული კლიმატური პირობების გამო ნარჩენები ჰავაისთან გროვდება. 2005 წელს წყლიდან ამოიღეს 2 000-ზე მეტი ნარჩენი და 100-ზე მეტი ბადე. ეს ნაგავი საფრთხეს უქმნის ზღვის ბინადრებს. ალგალიტას საზღვაო კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებელი ჩარლზ მორი ამბობს: „ოკეანეში ეკოლოგიურად სუფთა თევზს ვეღარ იპოვით. თევზებმა პლასტმასის ჭამა დაიწყეს“.