არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიცოცხლე სიკვდილის ველზე

სიცოცხლე სიკვდილის ველზე

სიცოცხლე სიკვდილის ველზე

საკრამენტოსთან ახლოს (კალიფორნია, აშშ) 1848 წელს ოქრო აღმოაჩინეს. სწრაფად გამდიდრების მიზნით მომდევნო წელს ამ მხარეს დაახლოებით 80 000 ოქროს მაძიებელი მიაწყდა. 1849 წლის 25 დეკემბერს დაახლოებით ასი ფურგონისგან შემდგარი ჯგუფი დასავლეთისკენ დაიძრა სოლტ-ლეიკ-სიტიდან და ჩავიდა ველზე, რომელიც დღეს სიკვდილის ველის სახელით არის ცნობილი. ისინი იმედოვნებდნენ, რომ მალე მიაღწევდნენ დანიშნულების ადგილს ამ უდაბური ღრმულის გავლით, რომელიც კალიფორნიისა და ნევადას საზღვართან იყო.

წლის იმ პერიოდში გრილოდა, მაგრამ უდაბურ ველზე გავლა მაინცდამაინც უსაფრთხო არ იყო. ხალხი პატარ-პატარა ჯგუფებად დაიყო და სხვადასხვა მიმართულებით წავიდა. ერთმა ჯგუფმა, რომელშიც ქალებიც იყვნენ და ბავშვებიც, გზა ვერ გაიგნო ველის დასავლეთით მდებარე მთებში. ისინი დაიქანცნენ და საკვებიც გამოელიათ. მათ ერთ წყაროსთან დაბანაკება გადაწყვიტეს. დღეს ეს წყარო „ფერნის ქრიკის“ სახელით არის ცნობილი. შემდეგ ისინი დაიძრნენ და მიადგნენ წყლის ორმოს, რომელსაც მოგვიანებით „ბენეტის ჭა“ შეარქვეს. ოცი წლის ახალგაზრდები, უილიამ მენლი და ჯონ როჯერზი, დახმარების საძებნელად გაემართნენ, დანარჩენები კი ველზე დარჩნენ.

მენლისა და როჯერზს იმედი ჰქონდათ, რომ ლოს-ანჯელესში რამდენიმე დღეში ჩავიდოდნენ. მაგრამ არ იცოდნენ, რომ ეს ქალაქი მათგან სამხრეთ-დასავლეთით 300 კილომეტრით იყო დაშორებული. მათ თითქმის ორი კვირა დასჭირდათ, რომ ფეხით მისულიყვნენ ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე სან-ფერნანდოს ველამდე. საკვები მოიმარაგეს თუ არა, ისინი უკან დაბრუნდნენ.

მას შემდეგ, რაც ბანაკი დატოვეს, ოცდახუთი დღე გავიდა და უკან დაბრუნებულებმა იქ სიცოცხლის კვალი ვერ ნახეს. მენლიმ ჰაერში გაისროლა და ფურგონის ქვემოდან კაცი გამოვარდა. მოგვიანებით მენლი წერდა: «კაცმა ხელები ასწია და ორჯერ დაიყვირა: „დაბრუნდნენ!“». ნელ-ნელა სხვებიც გამოვიდნენ, მაგრამ გაოგნებისგან ხმას ვერ იღებდნენ. მენლისა და როჯერზის წყალობით ერთი კაცის გარდა სიკვდილს ყველა გადაურჩა. ამ კაცმა იმ იმედით დატოვა ბანაკი, რომ გზას მარტო გაიგნებდა. როგორც ამბობენ, როცა მთელი ჯგუფი გამოვიდა ველიდან, ერთმა ქალმა უკან მიიხედა და წამოიძახა: „მშვიდობით, სიკვდილის ველო!“ მას შემდეგ ამ ადგილს „სიკვდილის ველი“ ჰქვია.

სრულიად განსხვავებული ადგილი

სიკვდილის ველის სიგრძე 225 კილომეტრია, სიგანე კი 8—24 კილომეტრამდე. ის ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე მშრალი, დაბალი და ცხელი წერტილია. მონაცემების თანახმად, ჰაერის ტემპერატურა „ფერნის ქრიკთან“ 57 გრადუსს აღწევს, ხოლო მიწის ტემპერატურა — 94 გრადუსს, რაც ზღვის დონეზე წყლის დუღილის ტემპერატურას ექვსი გრადუსით ჩამორჩება! *

ყოველწლიურად აქ ნალექი საშუალოდ ხუთ სანტიმეტრზე ნაკლებია, მაგრამ ზოგჯერ წვიმა წლების განმავლობაში არ მოდის. დასავლეთ ნახევარსფეროში ყველაზე დაბალი ადგილი ახლოსაა სიკვდილის ველზე მდებარე პატარა მლაშე ტბასთან — „ბედუოთერთან“. ის ზღვის დონიდან 86 მეტრით დაბლაა. მისგან 140 კილომეტრის მოშორებით დგას მთა უიტნი. ის სიმაღლით 4 418 მეტრს აღწევს და შეერთებულ შტატებში ყველაზე მაღალი ადგილია, თუ არ ჩავთვლით ალასკის მთებს.

1850 წელს სიკვდილის ველზე „სოლტ სპრინგთან“ აღმოაჩინეს ოქროს პატარა საბადო. გარდა ამისა, მკვლევარებმა იმ ტერიტორიაზე იპოვეს ვერცხლი, სპილენძი და ტყვია. ცოტა ხანში ველის სხვადასხვა მხარეს ისეთი სამთო მრეწველობის ქალაქები მომრავლდა, როგორებიცაა „ბულფროგი“, „გრინუოთერი“, „რიოლიტი“ და „სკიდუ“. როგორც კი მადანი გამოილია, ეს ერთ დროს აყვავებული ქალაქები გაუკაცრიელდა. 1880 წელს სიკვდილის ველზე აღმოაჩინეს ბორაკი, თეთრი კრისტალური ნაერთი, რომელსაც საპნის და სხვა ნაწარმის დასამზადებლად იყენებენ. ველის ისტორიის სამთო მრეწველობაში ამ დროს აღმავლობის პერიოდი დაიწყო. 1888 წლამდე 270 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქ მოჰავიში ბორაკის გადასატანად იყენებდნენ ორ ხუთმეტრიან საზიდარს, რომლებშიც თვრამეტი ვირი და ორი ცხენი იყო შებმული. გზა მეტად დამქანცველი იყო. ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით იმდენად ცხელოდა, რომ ტვირთის გადატანა შეუძლებელი იყო.

1933 წელს სიკვდილის ველი ნაკრძალად გამოცხადდა. დროთა განმავლობაში მისი საზღვრები გააფართოვეს და დღეს მას 1,3 მლნ. ჰექტარი უკავია. 1994 წელს სიკვდილის ველი ეროვნულ პარკად გამოცხადდა. ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეროვნული პარკია.

სიცოცხლე სიკვდილის ველზე

გასაკვირი არ არის, თუ ვინმე ფიქრობს, რომ სიკვდილის ველზე სიცოცხლე არ არის. სინამდვილეში, იქ ასობით სახეობის ცხოველს ნახავთ, რომელთა უმეტესობაც სიცხის გამო მხოლოდ ღამით გამოდის. დროდადრო ახლომახლო მთებიდან ველზე კანადის ცხვარი ჩამოდის. ის იმ მხარეში ყველაზე დიდი ძუძუმწოვარა ცხოველია. სხვა ცხოველთა შორის არის მაჩვი, სხვადასხვა სახეობის ღამურა, ფოცხვერი, კოიოტი, ამერიკული კორსაკი, კენგურუს ვირთაგვა, პუმა, მაჩვზღარბა, ბოცვერი, სკუნსი და გარეული ვირი. ასევე ქვეწარმავლებიდან ბინადრობს სხვადასხვა სახეობის ხვლიკი, გველი და კუ. შეხვდებით ასობით სახეობის ფრინველს, მაგალითად ისეთებს, როგორიცაა მელოტა, ქორი, ყანჩა, მწყერი, ყორანი, მექვიშია და ორბი.

მათგან ყველაზე გამძლეა კენგურუს ვირთაგვა. მას შეუძლია მთელი ცხოვრების მანძილზე წყალი არ დალიოს. ერთი ნაშრომის თანახმად, „ის სითხეს მცენარეთა მშრალ თესლებში არსებული სახამებლისა და ცხიმების გადამუშავების შედეგად იღებს“. მის თირკმელებში წარმოქმნილი შარდის კონცენტრაცია ხუთჯერ აღემატება ადამიანისას. ეს პატარა მიწისქვეშა ბინადარი სიცხეს ერიდება და საკვების მოსაპოვებლად ღამით გამოდის.

სიკვდილის ველზე ათასობით სახეობის მცენარე ხარობს. ამერიკელ ინდიელთა ერთ-ერთი ტომი, შოშონები, რომლებიც იქ ათასზე მეტი წლის განმავლობაში ცხოვრობენ, ველის მცენარეებს საკვებად და ჭურჭლის დასამზადებლად იყენებენ. როგორც ისინი ამბობენ, თუ მცენარეებში კარგად ერკვევით, სიკვდილის ველზე მშიერი არ დარჩებით.

ყვავილებით მორთული უდაბნო

დროდადრო სიკვდილის ველზე ყვავილების შესანიშნავი სანახაობა იშლება. ნიადაგში გაფანტული უთვალავი თესლი ზოგჯერ ათობით წელი ელოდება შესაფერის კლიმატურ პირობებს, რომ აღმოცენდეს. ეროვნულ პარკში მომუშავე ბოტანიკოსი ტიმ კროსანტი ამბობს: „ზოგჯერ წლები ისე გადის, რომ ველზე ერთ ყვავილსაც ვერ ნახავთ“.

2004-2005 წლის ზამთარში სიკვდილის ველზე არნახული წვიმები მოვიდა; იქ ჩვეულებრივზე სამჯერ მეტი ნალექი დაფიქსირდა. შედეგად აღმოცენდა ორმოცდაათზე მეტი სახეობის მინდვრის ყვავილი, როგორიცაა: დეზურა, იასამანი, ჯადვარი, ყაყაჩო, ფურისულა, მზესუმზირა და ვერბენა. ერთმა მნახველმა აღნიშნა, რომ ველის სურნელი მას ყვავილების მაღაზიას აგონებდა. ცხადია, ყვავილები უამრავ ფუტკარსა და მწერს იზიდავს. ასე რომ, ამ დროს სიკვდილის ველზე უთვალავი მწერის ზუზუნს გაიგებთ.

თუ ოდესმე მოისურვებთ ამ საუცხოო ადგილის ნახვას, უპირველესად დარწმუნდით, რომ წყალი საკმარისად გაქვთ და ტრანსპორტიც საიმედოა. თუ ყვავილობის დროს ეწვევით სიკვდილის ველს, ფოტოაპარატის წაღება არ დაგავიწყდეთ. ოჯახის წევრები და მეგობრები განცვიფრდებიან იმის დანახვით, რომ სიკვდილის ველი სავსეა სიცოცხლით.

[სქოლიოები]

^ აბზ. 7 ჰაერის უმაღლესი ტემპერატურა, 58 გრადუსი, დაფიქსირდა 1922 წელს ლიბიაში. ზაფხულში სიკვდილის ველზე ტემპერატურის საშუალო მაჩვენებელი იმდენად მაღალია, რომ მას დედამიწაზე ყველაზე ცხელ ადგილად მიიჩნევენ.

[ჩანართი 15 გვერდზე]

ყველაზე მშრალი, დაბალი და ცხელი წერტილი ჩრდილოეთ ამერიკაში.

[ჩარჩო⁄სურათები 17 გვერდზე]

უდაბნოს თევზი

სიკვდილის ველის წყლებში საოცრად პატარა თევზის, Cyprinodon-ის, ოთხი სახეობა ბინადრობს. ეს ექვსსანტიმეტრიანი ვერცხლისფერი თევზები ნაკადულებისა და ტბების ფსკერზე იზამთრებენ; გაზაფხულზე, როდესაც წყალი თბება, ისინი აქტიურდებიან და გამრავლებას იწყებენ. მამალი თევზები გარდამავალ ცისფერ ფერს ღებულობენ და თავგამოდებით იცავენ თავიანთ ტერიტორიას სხვა მამალი თევზებისგან. ზაფხულის ხვატისგან ნაკადულებსა და ტბებში წყლის რაოდენობა საგრძნობლად მცირდება და ეს თევზები ერთიანად კვდებიან. დარჩენილ თევზებს მლაშე და 44°C-მდე გაცხელებულ წყალში უწევთ ცხოვრება.

[საავტორო უფლებები]

Top fish: © Neil Mishalov--www.mishalov.com; bottom fish: Donald W. Sada, Desert Research Institute

[რუკები 14 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ამერიკის შეერთებული შტატები

კალიფორნია

სიკვდილის ველი (ეროვნული პარკი)

[სურათის საავტორო უფლება 15 გვერდზე]

Mules: Courtesy of The Bancroft Library/University of California, Berkeley

[სურათის საავტორო უფლებები 16 გვერდზე]

Burros: ©Joseph C. Dovala/age fotostock; top panorama: © Neil Mishalov--www.mishalov.com; flowers: Photo by David McNew/Getty Images