არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღმერთმა ყველა გასაჭირიდან მიხსნა

ღმერთმა ყველა გასაჭირიდან მიხსნა

ღმერთმა ყველა გასაჭირიდან მიხსნა

მოგვითხრო ჟან-კლოდ ფრანსუამ

შვიდი წელი სხვადასხვა ციხეში გავატარე იმის გამო, რომ ბიბლიით განსწავლული სინდისით ვმოქმედებდი. მრავალი განსაცდელის მიუხედავად, თავს კურთხეულ ადამიანად ვთვლი. ნება მიბოძეთ, აგიხსნათ, რატომ.

დავიბადე 1937 წლის 9 იანვარს ალჟირში. ჩემს მშობლებს სულ ხუთი შვილი ჰყავდათ. მაშინ ალჟირი საფრანგეთის კოლონია იყო და მამაჩემი საფრანგეთის ჯარში ოფიცრად მსახურობდა. მას სამსახურის გამო თვეების განმავლობაში უწევდა ეგვიპტეში, ერაყში, ლიბანსა და სირიაში ყოფნა. ამიტომ მამაჩემს ჩვენთვის დრო თითქმის არასდროს რჩებოდა.

მიყვარდა სწავლა და კარგ ნიშნებსაც ვღებულობდი. ყოველთვის მაწუხებდა ისეთი კითხვები, როგორიცაა: რატომ კვდება ადამიანი? და რატომ არსებობს ბოროტება, თუ ღმერთი ყოვლისშემძლე და მოსიყვარულეა? თუმცა ამ კითხვებზე დამაკმაყოფილებელ პასუხებს ვერ ვიღებდი. ასევე ძალიან მაინტერესებდა, როგორ გაჩნდა სიცოცხლე. ჩემთვის დარვინის ევოლუციური მოძღვრება სიცოცხლის წარმოშობის ერთადერთი ლოგიკური ახსნა იყო; ამიტომ ათეისტი გავხდი.

როგორც იქნა პასუხები მივიღე

ჩემმა მეგობარმა ჯორჯმა, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო, 1954 წელს მომცა ბროშურა „ევოლუცია უპირისპირდება ახალ ქვეყნიერებას“ *. ბროშურა დიდი ინტერესით წავიკითხე. მასში აშკარად იყო დანახვებული, რომ ევოლუციური მოძღვრება მცდარი იყო და პალეონტოლოგიური მონაცემები ადასტურებდა „დაბადებაში“ ჩაწერილ ცნობას, რომლის თანახმადაც ღმერთმა ყველა ცოცხალი არსება „მათი გვარისდა მიხედვით“ შექმნა (დაბადება 1:12, 25). მაგრამ კითხვა, რომელიც ბოროტების არსებობას ეხებოდა, მოსვენებას არ მაძლევდა.

ჯორჯი პიონერი ანუ სრული დროით მსახური იყო. ის დიდ დროს უთმობდა ადამიანებთან ბიბლიის შესწავლას, მე კი წაკითხულიც არ მქონდა ეს წიგნი. იქნებ ჯორჯმა იცის ჩემს კითხვებზე პასუხი? ჯორჯი იმ დროს სხვა პიონერებთან ერთად პატარა ბინაში ცხოვრობდა. მე მივედი მასთან და ჩემს მრავალ კითხვაზე პასუხები ბიბლიიდან გავიგე. იმ დროს დავიწყე ბიბლიის რეგულარულად გამოკვლევა. მას შემდეგ გულმოდგინედ და სიამოვნებით ვიკვლევ ამ განძს, ღვთის სიტყვას, რომელიც რწმენას მიძლიერებს (იგავები 2:1—5).

გარდა ამისა, ვესწრებოდი ქრისტიანულ შეხვედრებს, რომლებიც ალჟირის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის სარდაფში ტარდებოდა. იეჰოვას მოწმეები გულთბილად მხვდებოდნენ. დროთა განმავლობაში რეგულარულად დავიწყე შეხვედრებზე სიარული. ერთხელ კრებაზე გამოცხადდა, რომ შეხვედრა სხვა მისამართზე ჩატარდებოდა და მეც წასვლა გადავწყვიტე. როცა იქ მივედი, აღმოჩნდა, რომ მოწმეები კარდაკარ მსახურებაში წასასვლელად შეკრებილიყვნენ (საქმეები 20:20). მიუხედავად ამისა, შეხვედრას დავესწარი და გავიგე, როგორ ქადაგებენ იეჰოვას მოწმეები.

როცა მსახურებაში მესამედ გავედი, მარტომ ვუქადაგე მობინადრეებს. ერთ კაცს ბიბლიიდან ის მუხლი ვერ ვანახე, რომელიც ზეპირად ვუთხარი. მაშინ მან მითხრა: „ახალგაზრდავ, ჯერ შენ თვითონ ისწავლე და მერე სხვას ასწავლე“. შემდეგ კი კარები მიიხურა. შეწუხებულმა, დავჯექი და იმ მუხლს ძებნა დავუწყე. ცოტა ხანში ბიბლიაში მუხლი ვიპოვე და იმ კაცს ვაჩვენე.

1956 წლის 4 მარტს იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად მოვინათლე. ექვსი თვის შემდეგ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. ან სრული დროით პიონერი უნდა გავმხდარიყავი, ან მასწავლებლად უნდა მემუშავა სკოლაში, რომელიც სახლიდან შორს იყო. ამის გამო მსახურებისთვის ნაკლები დრო დამრჩებოდა. მე პიონერად მსახურება ავირჩიე.

ჩემმა გადაწყვეტილებამ მამა განარისხა. მან ყელზე დანა მომადო და მიბრძანა, ყოველ საღამოს სახლში დავბრუნებულიყავი. ასევე მითხრა, რომ სახლში საჭმელს აღარ შევჭამდი, მიუხედვად იმისა, რომ ხარჯების დაფარვას ვაპირებდი. ამიტომ დილით მშიერი გავდიოდი სახლიდან, პიონერებთან ერთად ვსადილობდი და საღამოს სახლში მისვლამდე ბუტერბროდს ვჭამდი.

გადავურჩი დაბომბვასა და სროლებს

იმ პერიოდში ალჟირი დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, რის გამოც საფრანგეთი ბომბავდა ალჟირს და ადგილობრივ მოსახლეობას სასტიკად ავიწროებდა. სულ რაღაც ერთ თვეში ასზე მეტი ბომბი აფეთქდა. აფეთქებდნენ ავტობუსებს, ბარებსა და სტადიონებს. მსახურება ძალიან რთული იყო. ხალხს კარის გაღების ეშინოდა. გახშირდა კომენდანტის საათი, საბუთების შემოწმება და ჩხრეკა.

1956 წლის 30 სექტემბერს, კვირა დღეს, როცა სხვა პიონერებთან ერთად სამეფო დარბაზს ვალაგებდი, რესტორანს ბომბი დაეცა; ბევრი დასახიჩრდა და მოკვდა. საბედნიეროდ, სამეფო დარბაზში არავინ დაშავებულა. დეკემბერში ერთ დასთან ხალხმრავალ ქუჩაზე ვქადაგებდი, როცა ჩვენკენ დიდი სისწრაფით მომავალი მანქანა დავინახეთ. მანქანიდან წვიმასავით წამოვიდა ტყვიები ხალხისკენ. ჩვენ მიწაზე გავწექით. ტყვიებმა ზუზუნით გადაგვიარა თავზე. ამ შემთხვევის შემდეგ ქადაგებისას ძალიან ვფრთხილობდით.

იარაღის აღებაზე უარი ვთქვი

1957 წლის 1 მარტს სამხედრო სამსახურში გამიწვიეს. სინდისი იარაღის ხელში აღების ნებას არ მრთავდა, ამიტომ ღმერთს ლოცვაში ვთხოვდი, ჩემთვის ძალა მოეცა, როცა ხელისუფლების წარმომადგენლების წინაშე წარვდგებოდი. ასევე ვთხოვდი, მამასთან დაპირისპირება აერიდებინა. საბედნიეროდ, სახლიდან საკმაოდ შორს, ქალაქ ლილში (საფრანგეთი), უნდა გამოვცხადებულიყავი.

ექვსი დღის შემდეგ უკვე ლილის ციხესიმაგრეში ვიყავი, რომელიც XVII საუკუნეში მეფე ლუი XIV ააგო. სამხედრო პირებს ბიბლიიდან ავუხსენი ჩემი ნეიტრალური პოზიცია. ამის შემდეგ ციხეში ჩამსვეს. ერთ დილას მცველებმა საკნიდან გამომათრიეს, გამჩხრიკეს და პატარა ბიბლია მიპოვეს. თოვლში პირქვე დამაწვინეს, ბიბლია გვერდზე დამიგდეს და თავზე თოფის კონდახი მომადეს. ასეთ მდგომარეობაში დაახლოებით 30 წუთი ვიყავი. შემდეგ, ჩემდა გასაკვირად, ბიბლია დამიბრუნეს; ის ახლაც ჩემი წიგნების თაროზე დევს. იმ დღეს გამოვლენილი სისასტიკის გამო კუჭის ძლიერი შეტევები წლების მანძილზე მქონდა.

რამდენიმე დღეში ციხის უფროსმა მამაჩემის წერილიდან შემდეგი სიტყვები წამიკითხა: „ის დათმობაზე უნდა წავიდეს. თუ საჭიროა, სულიერად გატეხეთ“. რადგან დათმობაზე არ წავედი, ბნელ საკანში შემაგდეს, სადაც ფიცარზე მეძინა და პატარა საბანი მეფარა. იქ საპირფარეშო არ იყო, ამიტომ ამ საჭიროებისთვის ერთი კუთხე გამოვყავი. ვერ ვბანაობდი, კბილებს ვერ ვიწმენდდი და ვერც ჭურჭელს ვრეცხავდი. ორი კვირის შემდეგ პარიზში ფრენის ციხეში გადამიყვანეს.

მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში ოთხჯერ გამასამართლეს და სასჯელი 14 ციხეში მოვიხადე. ერთი ზამთარი ფონტევროში გავატარე. ეს მონასტერი XII საუკუნეში ააგეს ლუარას ველზე და ციხედ იყენებდნენ. ამ ციხეში ყველაფერი ჩამომართვეს. რადგან დაჟინებით ვითხოვდი, ბიბლია დაებრუნებინათ, მცველებმა ერთი თვით სამარტოო საკანში ჩამსვეს. იქ ჩემმა ძველმა მტერმა, სიცივემ, ახალი ძალებით შემომიტია და ხველების დროს სისხლი ამომქონდა.

შემდეგ გადამიყვანეს შედარებით ნორმალურ ციხეში, შატო დე ტუერკანში, სომუერთან ახლოს. იქ პატიმრები პენსიაზე გასულ სახელმწიფო მოხელეებს ემსახურებოდნენ. პატიმრებს შორის იყო აჰმედ ბენ ბელა, რომელიც მოგვიანებით ალჟირის რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდა. თვეების მანძილზე ვქადაგებდი მასთან. ერთხელ მან მითხრა: „შენ ალჟირელად ითვლები და აქ იმიტომ მოხვდი, რომ ალჟირელებზე ხელი არ აღმართე“. ამის გამო ის დიდ პატივს მცემდა.

შემდგომი გამოცდების დროს მიღებული მხარდაჭერა

ჩემი ჯანმრთელობა გაუარესდა. ტუბერკულოზის დიაგნოზი დამისვეს და სამხრეთ საფრანგეთში გამგზავნეს სანატორიუმში. თვეების განმავლობაში ფეხზე ვერ ვდგებოდი. ექიმმა დაავადებულ ფილტვზე ოპერაციის გაკეთება მირჩია და მეც დავთანხმდი იმ პირობით, რომ სისხლს არ გადამისხამდნენ (საქმეები 15:29). გაბრაზებულმა ექიმმა ოპერაციის გაკეთებაზე უარი მითხრა. ეს ჩემი პატიმრობის მეექვსე წელს მოხდა.

სანატორიუმიდან შუა ზამთარში გამომწერეს. ერთი ხელი ტანსაცმლის გარდა არაფერი მებადა. მაგრამ, როგორც იეჰოვამ ონისიფორე გაუგზავნა მოციქულ პავლეს დასახმარებლად, ისე მე გამომიგზავნა ძმა ადოლფ გარატონი. მან თავის სახლში წამიყვანა, ‘დამეხმარა და გამაძლიერა’ (კოლოსელები 4:11; 2 ტიმოთე 1:16—18). ამ ძმისა და ექიმის წყალობით ჩემი ჯანმრთელობა დღითი დღე უმჯობესდებოდა.

იმ დროს დიდი ხარჯები მქონდა. ფული ძალიან მჭირდებოდა, მაგრამ არ ვიცოდი, სად მეშოვა. ერთ დღეს უცნობმა ქალმა მომაკითხა. „მე ადვოკატი ვარ, — მითხრა მან, — ალჟირის პრეზიდენტმა, ბატონმა ბენ ბელამ ეს თქვენთან გამომატანა“. მან ამანათი გადმომცა, რომელშიც იმაზე მეტი ფული იყო, ვიდრე მჭირდებოდა ჩემი ხარჯების დასაფარავად. მთელი გულით ვმადლობდი იეჰოვას, „ლოცვების მომსმენს“ (ფსალმუნი 65:2).

შესანიშნავი მსახურება მეუღლესთან ერთად

ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, სრული დროით მსახურება განვაახლე. მელონის კრებაში პარიზთან ახლოს გავიცანი 35 წლის ქვრივი ანდრეა მორელი. მისი პირველი ქმარი, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო, ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ჩვენ 1964 წლის 26 სექტემბერს დავქორწინდით. მომდევნო წლის 1 აგვისტოს კი სპეციალურ პიონერებად დავიწყეთ მსახურება. მიუხედავად ანდრეას სუსტი ჯანმრთელობისა, მან 28 წელი სრული დროით იმსახურა.

1967 წელს დავინიშნე სარაიონო ზედამხედველად (მიმომსვლელი ზედამხედველი, რომელიც ინახულებს და ამხნევებს იეჰოვას მოწმეთა კრებებს). ჩვენ საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში ბორდოდან მონაკომდე ვმსახურობდით. მხოლოდ ერთი წელი ვიმსახურეთ პარიზში. ჯანმრთელობის გამო არც ისე ადვილი იყო ამ მსახურების შესრულება, მაგრამ იეჰოვას დახმარებით 20 წელი გავატარეთ ასეთ მსახურებაში, სანამ 1986 წელს სპეციალურ პიონერებად არ დაგვნიშნეს.

ჩემი ცხოვრება დღეს

ამჟამად თითქმის 70 წლის ვარ. არაერთხელ დავრწმუნდი, რომ იეჰოვა ყოველთვის აძლიერებს თავის მსახურებს განსაცდელების დროს. ღმერთი ძალას თავისი სიტყვის მეშვეობითაც გვაძლევს. ამიტომ ვცილობ, ყოველ წელს თავიდან ბოლომდე წავიკითხო ბიბლია (ესაია 40:28—31; რომაელები 15:4; 2 ტიმოთე 3:16).

ჩვენ გვამხნევებს იმის დანახვა, რომ ხალხი ეხმაურება სასიხარულო ცნობას და თავს უძღვნის იეჰოვას. წლების მანძილზე მათგან, ვისაც ბიბლიას ვასწავლიდით, 70 ადამიანი მოინათლა, რამაც უდიდესი სიხარული მოგვიტანა. როცა განვლილ ცხოვრებაზე ვფიქრობ, ფსალმუნმომღერლის აზრს ვიზიარებ: „მოუხმო დაჩაგრულმა იეჰოვას და მანაც მოუსმინა, ყველა გასაჭირიდან დაიხსნა იგი“ (ფსალმუნი 34:6).

[სქოლიოები]

^ აბზ. 7 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ, ამჟამად არ გამოიცემა.

[სურათი 21 გვერდზე]

შატო დე ტუერკანის ციხეში სომუერთან ახლოს.

[სურათები 23 გვერდზე]

ჩემს მეუღლესთან ერთად 1967 წელს და დღეს.