არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ერთ დროს გზასაცდენილი შვილი ვიყავი

ერთ დროს გზასაცდენილი შვილი ვიყავი

ერთ დროს გზასაცდენილი შვილი ვიყავი

მოგვითხრო მეროს უილიამ სანდეიმ

ღვთის სიყვარულს ბავშვობიდანვე მასწავლიდნენ; მაგრამ 18 წლის ასაკში ყველაფერი მივატოვე და სახლიდან წავედი. 13 წლის განმავლობაში ისე ვცხოვრობდი, როგორც იესოს იგავში აღწერილი გზასაცდენილი შვილი (ლუკა 15:11—24). ნარკოტიკებით ვაჭრობა დავიწყე და კინაღამ ცხოვრება დავინგრიე. ნება მიბოძეთ, მოგითხროთ, რამ მიმიყვანა აქამდე და ბოლოს როგორ დავუბრუნდი ნორმალურ ცხოვრებას.

დავიბადე 1956 წელს ქრისტიანი მშობლების ოჯახში. ცხრა დედმამიშვილიდან მეორე ვიყავი. ნიგერიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ ილეშაში ვცხოვრობდით. მამაჩემი კათოლიკე იყო, მაგრამ 1945 წელს ბიძამისმა მას წიგნი „ღვთის ქნარი“ * მისცა. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ მამამ იეჰოვას მოწმეების ძებნა დაიწყო. ის 1946 წელს მოინათლა, მალე დედამაც მიუძღვნა თავი იეჰოვას.

დღემდე მახსოვს, რამდენად რეალური იყო ჩემთვის იეჰოვა ბავშვობაში და როგორ გულმოდგინედ დავყვებოდი მშობლებს საქადაგოდ. ბიბლიას მამა მასწავლიდა. ზოგჯერ გაკვეთილებს ალის ობარაც მიტარებდა, რომლის ქმარიც მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურობდა. მშობლებს სურდათ, რომ სრული დროით მსახური გავმხდარიყავი. მაგრამ დედამ მირჩია, ჯერ სკოლა დამემთავრებინა.

სკოლაში არაგონივრულად მოვიქეცი და 16 წლისამ მეგობრობა დავიწყე მათთან, ვინც პატივს არ სცემდა ბიბლიურ პრინციპებს. დიდი სისულელე ჩავიდინე! მალე თამბაქოს მოწევა და უზნეო ცხოვრება დავიწყე. მესმოდა, რომ ჩემი ცხოვრების წესი არ შეესაბამებოდა იმ ნორმებს, რომლებსაც ქრისტიანულ შეხვედრებზე ვსწავლობდი. ამიტომ შევწყვიტე კრებებზე სიარული და კარდაკარ ქადაგება. ამას ჩემი მშობლები ძალიან განიცდიდნენ, მაგრამ მათი გრძნობები არ მაღელვებდა.

სახლიდან მივდივარ

18 წლისამ სკოლა მივატოვე, სახლიდან წავედი და საცხოვრებლად მეგობრებთან გადავედი. ზოგჯერ მშობლების სახლში ვიპარებოდი, ვიღებდი საჭმელს, რაც ხელში მომხვდებოდა და გავრბოდი. გულმოკლულმა მამამ სწავლის საფასურის გადახდა შემიწყვიტა იმ იმედით, რომ გონს მოვეგებოდი.

მაგრამ ამ დროისთვის უკვე სტიპენდია დამენიშნა. ჩემი სპონსორი, რომელიც შოტლანდიიდან იყო, არა მარტო სწავლის საფასურს მიხდიდა, არამედ ზოგჯერ საჩუქრებსა და ფულს მიგზავნიდა. ამასობაში, ჩემმა ორმა ძმამაც მიატოვა იეჰოვას ხალხთან ურთიერთობა, რამაც ჩემს მშობლებს ენით აუწერელი ტკივილი მიაყენა. დედა ბევრჯერ ცრემლებით მემუდარებოდა, სახლში დავბრუნებულიყავი. მისი ძალიან მრცხვენოდა, მაგრამ ცხოვრების წესი არ შევიცვალე.

დიდ ქალაქებში

1977 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ ლაგოსში წავედი და მუშაობა დავიწყე. ცოტა ხნის შემდეგ არაკანონიერი გზებით ფული ვიშოვე და ტაქსი ვიყიდე. ნარკოტიკებს მივეძალე და ღამის კლუბებსა და საროსკიპოებში სიარული დავიწყე. მალე ლაგოსში ცხოვრება მომწყინდა და 1981 წელს ლონდონში წავედი. იქიდან ბელგიაში გადავედი, სადაც ფრანგულს ვსწავლობდი და ნახევარ განაკვეთზე რესტორანშიც ვმუშაობდი. მაგრამ, ძირითადად, ავტომობილებისა და ელექტომოწყობილობების ნიგერიაში გადაგზავნით ვიყავი დაკავებული.

მამამ ბელგიაში იეჰოვას მოწმეთა ფილიალს წერილი გაუგზავნა, რომელშიც სთხოვდა, დამკავშირებოდნენ და ბიბლიის შესწავლა შემოეთავაზებინათ. მაგრამ რამდენჯერაც მოწმეებმა მომაკითხეს, იმდენჯერ უარით გავისტუმრე. ეკლესიაში სიარული დავიწყე, სადაც უფასოდ შემეძლო მეჭამა, მესვა და სპორტული თამაშებით გამერთო თავი.

ნარკოტიკებით ვაჭრობა

1982 წელს ნიგერიაში ძვირადღირებული, ბოლო მოდელის ავტომობილი გავაგზავნე და თვითონაც გავემგზავრე იქ, რათა საბაჟოზე პრობლემები არ წარმოქმნილიყო. ნიგერიის საბაჟოზე ნახეს, რომ საბაჟო გადასახადის საბუთი ყალბი იყო, რის გამოც დაახლოებით 40 დღით დამაკავეს. მამამ ფული გადაიხადა და თავდებით გამათავისუფლა. რადგან სასამართლო საქმის დასახურად ფული მჭირდებოდა, ბელგიაში გასაყიდად საქონელი წავიღე, მათ შორის რამდენიმე კილოგრამი მარიხუანა. მას შემდეგ, რაც ბრალდება მომიხსნეს, ნარკოტიკებით ვაჭრობა დავიწყე.

ერთხელაც ნიდერლანდებში დამაკავეს. საემიგრაციო ოფისის თანამშრომლებმა დეპორტირების მიზნით თვითმფრინავში ჩამსვეს და ლაგოსში გამამგზავრეს. გზაში ნარკოტიკებით მოვაჭრეებს შევხვდი და მათთან თანამშრომლობა გადავწყვიტე. 1984 წელს აფრიკის სხვა ქვეყანაში გადავედი. რადგან ამ ქვეყნის ენა, ფრანგული ვიცოდი, მალე პოლიციელებს, ჯარისკაცებსა და საემიგრაციო ოფისის თანამშრომლებს დავუმეგობრდი. მათი დახმარებით ამ ქვეყანაში ათასობით კილოგრამი მარიხუანა შემოვიტანე.

დაპატიმრება

ისევ გავები მახეში. კაპიტანი, რომლის დახმარებითაც მარიხუანა უნდა გამეტანა, აეროპორტში დაგვიანებით მოვიდა, რის გამოც დამაკავეს. პოლიციელებმა მცემეს და ისე მაწამეს, რომ გრძნობა დავკარგე. მათ საავადმყოფოში მიმიყვანეს და ჩემს სიკვდილს ელოდებოდნენ, მაგრამ გადავრჩი. მოგვიანებით გამასამართლეს და ციხეში ჩამსვეს.

როცა ციხიდან გამოვედი, გავიგე, რომ მეგობარს, რომელსაც ჩემს სახლზე მზრუნველობა მივანდე, მთელი ჩემი ქონება გაეყიდა და სადღაც გადაკარგულიყო. თავის შენახვის მიზნით მარიხუანათი ვაჭრობა დავიწყე. მაგრამ ათი დღის შემდეგ ისევ დამაპატიმრეს და სამი თვით ციხეში ჩამსვეს. გათავისუფლების შემდეგ ისე ცუდად ვიყავი, რომ კინაღამ მოვკვდი. ძლივს მოვახერხე ლაგოსში დაბრუნება.

ისევ ჩემს საქმეს ვუბრუნდები

ლაგოსში ჩემს ყოფილ პარტნიორებს შევხვდი; გადავწყვიტეთ, ინდოეთში წავსულიყავით და იქ გვეყიდა დაახლოებით 600 000 დოლარის ღირებულების ჰეროინი. ბომბეიდან (ახლა მუმბაი) შვეიცარიაში წავედით, იქიდან პორტუგალიაში და, ბოლოს, ესპანეთში გადავედით. თითოეულმა დიდი მოგება ვნახეთ და ლაგოსში სხვადასხვა გზით დავბრუნდით. 1984 წლის მიწურულს ნარკოტიკების დიდი პარტია გავყიდე. ვოცნებობდი, მილიონი დოლარი მეშოვა და შემდეგ შეერთებულ შტატებში დავსახლებულიყავი.

1986 წელს მთელი ჩემი ფულით ლაგოსში სუფთა ჰეროინი ვიყიდე. ნარკოტიკები სხვა ქვეყანაში გავიტანე, მაგრამ ის ხარბი ვაჭრის ხელში მოხვდა, რომელსაც ჩემთვის ერთი ცენტიც არ გადაუხდია. მეშინოდა, არ მოვეკალი; ამიტომ მომხდარის შესახებ არავისთვის არაფერი მითქვამს. ლაგოსში გაკოტრებული და ემოციურად განადგურებული დავბრუნდი. პირველად დავფიქრდი ცხოვრებაში სიცოცხლის აზრზე. საკუთარ თავს ვეკითხებოდი, რატომ არ მიმდიოდა ყოველთვის კარგად საქმე.

ღმერთთან დაბრუნება

ერთ საღამოს იეჰოვას მივმართე ლოცვით და დახმარება ვთხოვე. მეორე დილით კარზე ერთმა ხანდაზმულმა მამაკაცმა და მისმა მეუღლემ მომიკაკუნეს. ისინი იეჰოვას მოწმეები იყვნენ. უსიტყვოდ მოვუსმინე და ჟურნალიც დავიტოვე. „ჩემი მშობლები იეჰოვას მოწმეები არიან, — ვუთხარი მათ. — ერთ დროს მეც ვსწავლობდი ბიბლიას, რაშიც ელის ობარა მეხმარებოდა“.

ხანდაზმულმა მამაკაცმა, გვარად ოგბანეფემ, მიპასუხა: „ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ ობარების ოჯახს. ისინი ახლა ლაგოსში, ნიგერიის ფილიალში მსახურობენ“. მათ მირჩიეს, მომენახულებინა ისინი. ცოლ-ქმარ ობარასთან შეხვედრამ ძალიან გამამხნევა. შემდეგ ძმა ოგბანეფემ ჩემთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. გადავწყვიტე, უზნეო ცხოვრება მიმეტოვებინა. ეს ადვილი არ იყო, რადგან ნარკოტიკებს დიდი ხნის განმავლობაში ვიღებდი. მაგრამ მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, ახალი ცხოვრება დამეწყო.

ბევრ ცდუნებასა და გამოცდასთან მიწევდა ბრძოლა. ეგრეთ წოდებული მეგობრები სახლში მაკითხავდნენ და მაცდუნებელ წინადადებებს მთავაზობდნენ. ზოგჯერ ცდუნებას ვერ ვუძლებდი — ისევ ნარკოტიკებს ვუბრუნდებოდი ან უზნეობას ჩავდიოდი. ამ დროს იეჰოვას მივმართავდი ლოცვით. მალე მივხვდი, რომ, რადგან ქვეყნიურმა მეგობრებმა გადამიყვანეს სწორი გზიდან, მათთან ურთიერთობა კარგს არაფერს მომცემდა. სულიერად წინ წავიწიე და მივხვდი, რომ ერთადერთი გამოსავალი ლაგოსიდან წასვლა იყო. მაგრამ სახლში დაბრუნების მრცხვენოდა. მამასა და უფროს ძმას წერილი მივწერე და ვკითხე, შემეძლო თუ არა სახლში დაბრუნება.

მამამ მითხრა, რომ სიხარულით მიმიღებდნენ, ძმა კი დამპირდა, რომ ფულით დამეხმარებოდა. ასე რომ, ათი წლის შემდეგ სახლში დავბრუნდი. ყველამ გულთბილად მიმიღო. „იეჰოვა, დიდი მადლობა!“ — სიხარულით წამოიძახა დედამ. იმ საღამოს, როდესაც მამა სახლში მოვიდა, მითხრა: „გული არ გაიტეხო, იეჰოვა დაგეხმარება“. მთელი ოჯახი ერთად შევიკრიბეთ. მამამ იეჰოვას მიმართა ლოცვით და სთხოვა, რომ მისი ნების შესრულებაში დამხმარებოდა.

დაკარგული წლების ანაზღაურება

ბიბლიის შესწავლა განვაახლე და სულიერად სწრაფად წავიწიე წინ. 1988 წლის 24 აპრილს მოვინათლე. მსახურებაში აქტიურად ჩავები. 1989 წლის 1 ნოემბრიდან პიონერად, სრული დროით მსახურება დავიწყე. 1995 წელს მსახურებაში დახელოვნების სკოლის მეათე კლასში მიმიწვიეს. შემდეგ, 1998 წლის ივლისში მიმომსვლელ ზედამხედველად დამნიშნეს და იეჰოვას მოწმეთა კრებებს ვინახულებდი. ერთი წლის შემდეგ რუთს შევხვდი, ჩვენ დავქორწინდით და ერთად გავაგრძელეთ მიმოსვლითი საქმიანობა.

ჩემი ოჯახის სხვა წევრებმაც კარგ სულიერ წარმატებებს მიაღწიეს. ღვიძლი ძმებიდან ერთ-ერთი, რომელმაც ჩემსავით მიატოვა იეჰოვა, კვლავ დაუბრუნდა ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას და მოინათლა. ძალიან მიხარია, რომ მამა მოესწრო ჭეშმარიტებაში ჩვენს დაბრუნებას. ის სიკვდილამდე, 1993 წლამდე, ერთგულად მსახურობდა კრებაში მომსახურედ. მამა 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. დედა დღემდე აქტიურად მსახურობს ილეშას კრებაში.

სიმდიდრის ძიებაში ევროპის, აზიისა და აფრიკის 16 ქვეყანა მოვიარე. მაგრამ საკუთარ თავს მხოლოდ ტკივილი მივაყენე (1 ტიმოთე 6:9, 10). წარსულის გახსენებისას სინანული მიპყრობს, რადგან ახალგაზრდული წლების უდიდესი ნაწილი ნარკოტიკებსა და უზნეო ცხოვრებას შევალიე. ვნანობ, რომ გული ვატკინე იეჰოვა ღმერთსა და ჩემს ოჯახს. მაგრამ მადლობელი ვარ, რომ ღმერთმა გონს მოსვლის საშუალება მომცა. მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, ბოლომდე იეჰოვას ერთგული დავრჩე და მარადიულად ვემსახურო მას.

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ, მაგრამ დღეს აღარ გამოიცემა.

[სურათი 13 გვერდზე]

მოზარდობის ასაკში.

[სურათი 15 გვერდზე]

მონათვლის დღეს.

[სურათი 15 გვერდზე]

მე და ჩემი მეუღლე რუთი.