არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კალიფსო ტრინიდადის უნიკალური ხალხური სიმღერა

კალიფსო ტრინიდადის უნიკალური ხალხური სიმღერა

კალიფსო ტრინიდადის უნიკალური ხალხური სიმღერა

„გამოიღვიძეთ“!-ისთვის ტრინიდადიდან

რა გახსენდებათ ტრინიდადის და ტობაგოს რესპუბლიკის ხსენებაზე? მრავალს მაშინვე იქაური მეტალის დოლების თანხლებით შესრულებული კალიფსოს საუცხოო ჰანგები აგონდება. კალიფსოს ენერგიული რიტმი და გამორჩეული სტილი პოპულარული გახდა და საკმაოდ გასცდა მისი წარმოშობის ადგილს, კარიბის ზღვის სამხრეთ სანაპიროს *.

ერთი წიგნის თანახმად, სახელი კალიფსო შეიძლება მიუთითებდეს „ნებისმიერ სიმღერაზე, რომელსაც 1898 წლიდან დილეტანტი თუ პროფესიონალი მომღერლები ტრინიდადში გამართული კარნავალების დროს ქუჩებში ან სახელდახელოდ მოწყობილ სცენებზე ასრულებდნენ“ („Calypso Calaloo“). კალიფსო შეიძლება სათავეს იღებდეს ტრინიდადში ჩაყვანილი აფრიკელი მონების ტრადიციებიდან. აფრიკული სიმღერების, ცეკვების, დოლების თანხლებით შესრულებული მუსიკის ერთმანეთთან შერწყმისა და ფრანგული, ინგლისური და სხვა კულტურების გავლენით საბოლოოდ შეიქმნა კალიფსო.

ბოლომდე არ არის ცნობილი, საიდან წარმოიშვა სახელწოდება „კალიფსო“. ზოგიერთის აზრით, ის წარმოიშვა დასავლეთ აფრიკული სიტყვიდან „კაისო“, რომელსაც მაშინ წარმოთქვამდნენ, როცა წარმოდგენა ძალიან მოეწონებოდათ. მე-19 საუკუნის 30-იან წლებში ტრინიდადსა და ტობაგოში მონობის გაუქმების წინა პერიოდშიც კი იკრიბებოდა ხალხი ყოველწლიურ კარნავალებზე, რათა მოესმინათ, როგორ განადიდებდნენ შაირებში „ჩანტუელესები“ (მომღერლები) საკუთარ ღირსებას და როგორ დასცინოდნენ ერთმანეთს. მეტი შთაბეჭდილების მოსახდენად კალისფოს თითოეული შემსრულებელი ზედმეტ სახელს ირქმევდა და საკუთარ სტილს ირჩევდა.

კალიფსოს სტილი და გავლენა

კალიფსოს მომღერლებს თავიანთი მახვილგონიერების გამო პატივს სცემენ. გარდა ამისა, კალიფსოს მრავალ მომღერალს საოცარი უნარი აქვს, ყოველგვარი მომზადების გარეშე შეთხზას ლექსები, ჩართოს მათში მოხდენილი შედარებები და მოარგოს სიმღერის კონტექსტს. ძველად კალისფოს მომღერლები, ძირითადად, აფრიკულ-ტრინიდადული წარმოშობის ან დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები იყვნენ, მაგრამ დღეს კალიფსოს შეიძლება ნებისმიერი რასისა და სოციალური ფენის წარმომადგენლები ასრულებდნენ.

ტრინიდადის და ტობაგოს რესპუბლიკის ყოფილი კულტურის მინისტრი, ისტორიკოსი დ-რ ჰოლის ლივერპულიც ასრულებს კალიფსოს. მან ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტს კალიფსოს ადრინდელი შემსრულებლების შესახებ უთხრა: „მათ სიმღერებში ყოველთვის ჭარბობდა იუმორი, რადგან ხალხი მათთან ძირითადად გასართობად, ჭორებისა და ახალი ამბების მოსასმენად მიდიოდა. მაღალი ფენის წარმომადგენლები მათთან იმისათვის მიდიოდნენ, რომ გაეგოთ, რით იყო უბრალო ხალხი დაკავებული, ხოლო მთავრობის წარმომადგენლებს აინტერესებდათ, როგორი იყო მათი პოლიტიკური რეიტინგი“.

ხშირად კალიფსოს მომღერლების დაცინვის ობიექტი მთავრობისა და მაღალი ფენის წარმომადგენლები ხდებოდნენ. ამიტომ, კალიფსოს მომღერლებს ხალხი გმირებად მიიჩნევდა, მაგრამ მთავრობის წარმომადგენლებს ისინი თავსატეხს უჩენდნენ. მომღერლები ზოგჯერ ისეთ გესლიან სიტყვებს იყენებდნენ, რომ მთავრობის წარმომადგენლები იძულებულები გახდნენ, დაედგინათ გარკვეული შეზღუდვები. მომღერლებმა მაინც იპოვეს გამოსავალი — სიმღერის ტექსტები ორაზროვანი გახადეს, რაშიც საკმაოდ დახელოვნდნენ. კალიფსოს დღემდე ახასიათებს ორაზროვნება.

კალიფსოს შემსრულებლებს ენაში სიახლეებიც შეჰქონდათ. ფაქტობრივად, მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ვესტინდოელთა ლექსიკის გამდიდრებაში. გასაკვირი არ არის, რომ ბევრი, თვით პოლიტიკოსებიც, აზრის ხაზგასასმელად კალიფსოს შემსრულებლების სიტყვებს ციტირებენ.

თანამედროვე კალიფსო

ბოლო დროს ბევრი ახალი სტილის კალიფსო შეიქმნა და ბევრი მიქსიც გაკეთდა, რათა ის სხვადასხვა მუსიკალური გემოვნების ადამიანისთვის ყოფილიყო მოსაწონი. ისევე როგორც სხვა სიმღერები, არც კალიფსოს ზოგი ტექსტის შინაარსი გამოირჩევა მაღალი ზნეობით. ამიტომ გონიერების გამოვლენა გვმართებს, როდესაც ვირჩევთ, როგორი შინაარსის ტექსტს მოვუსმენთ (ეფესოელები 5:3, 4). დაფიქრდით, კალიფსოს ისეთ ორაზროვან ტექსტს ხომ არ უსმენთ, რომ შვილებისთვის ან მისთვის, ვისთვისაც უცნობია კალიფსო, შეგრცხვებოდათ მისი მნიშვნელობის ახსნა?

ტრინიდადსა და ტობაგოს თუ ეწვევით, გაგაოცებთ ამ კუნძულების საუცხოო სანაპიროებისა და რიფების ხილვა; აგრეთვე ის, თუ როგორ არის ერთმანეთთან შერწყმული სხვადასხვა რასა და კულტურა. უეჭველად მოიხიბლებით დოლების თანხლებით შესრულებული კალიფსოთი — ენერგიული, გამორჩეული რიტმის მქონე სიმღერებით, რომლებიც მთელ მსოფლიოში ყველას — ახალგაზრდასა თუ ხანდაზმულს — ატყვევებს.

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 ხშირად მეტალის დოლების თანხლებით ასრულებენ კალიფსოს, მაგრამ კალიფსოს შემსრულებელი, ჩვეულებრივ, გიტარის, საყვირის, საქსაფონისა და დაფის თანხლებით ასრულებს ამ სიმღერებს.

[სურათები 24, 25 გვერდებზე]

მეტალის დოლები.