არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მან შეიყვარა ჭეშმარიტება

მან შეიყვარა ჭეშმარიტება

მან შეიყვარა ჭეშმარიტება

ახლახან ერთი წერილი იპოვეს, რომელიც ერთმა ქალბატონმა სიკვდილამდე დაწერა. ის 2004 წლის მაისში კიბოთი გარდაიცვალა. როგორც ჩანს, მდგომარეობის გაუარესების გამო მან ვერ შეძლო წერილის დასრულება. მიუხედავად ამისა, ვინც ეს წერილი წაიკითხა, ტირილისგან თავი ვერ შეიკავა. ამ წერილმა მათ ღვთის რწმენა განუმტკიცა.

წერილში ავტორი, სუზანი, წერდა, რომ მოზარდი იყო, როცა პირველად კონექტიკუტში (აშშ) იეჰოვას მოწმეთა ერთ-ერთ უხუცესს ტელეფონით დაუკავშირდა. მან აღნიშნა, თუ რა სირთულეებს აწყდებოდა მოზარდობის პერიოდში. გასული წლის ბოლოს ეს გულის ამაჩუყებელი წერილი სუზანის დედის ხელშიც მოხვდა. მან ამ წერილის ასლი ნიუ-იორკში იეჰოვას მოწმეთა მთავარ სამმართველოს გაუგზავნა.

სუზანი წერილში წერდა, რომ 1973 წელს ტელეფონების წიგნში ზემოთ მოხსენიებული უხუცესის ნომერი მოძებნა. სუზანი წერს: «სწორედ ამ წელს დავიწყე ჟურნალების „საგუშაგო კოშკისა და „გამოიღვიძეთ!“-ის კითხვა და მივხვდი, რომ მათში ჩაწერილი ჭეშმარიტება უნდა ყოფილიყო. მაშინ 14 წლის ვიყავი. რადგან იეჰოვას მოწმეებს არასოდეს შევხვედრივარ, გადავწყვიტე ისინი ტელეფონით მომეძებნა. იმ მოწმის ნომერი შევარჩიე, რომლის ტელეფონის ნომრის პირველი სამი ციფრი ჩემსას ემთხვეოდა. ტელეფონი ძმა გენრიკმა * აიღო. ის გაოცდა, როცა გაიგო, რომ მოწმეებს არასდროს შევხვედრივარ».

სერიოზული პრობლემის პირისპირ

თავის წერილში სუზანი ყვებოდა, რომ ათი წლის ასაკში დედამ საცხოვრებლად დეიდასთან გაგზავნა კონექტიკუტში. სუზანი დეიდასთან დროებით უნდა დარჩენილიყო. მაგრამ სუზანმა დედას, რომელიც მარტო ცხოვრობდა ფლორიდაში, უთხრა, რომ დეიდასთან დარჩენა სურდა. სუზანი წერდა, რომ მისი სიტუაცია ძალიან ჰგავდა „სტოკჰოლმის სინდრომს“ *; ეს არის სიტუაცია, როდესაც მძევალი გამტაცებლებს უმეგობრდება. სუზანს საშინლად ეპყრობოდნენ.

„დეიდაჩემი და მისი მეგობარი კაცი ძალიან ცუდად მექცეოდნენ, — წერს სუზანი. — გარდა ამისა, ჩვენთან იშვიათად თუ მოდიოდა ვინმე. დეიდა სკოლაში არც სადილს მატანდა და არც ნორმალურად მაცმევდა მიუხედავად იმისა, რომ დედა ჩემთვის დიდ თანხას აგზავნიდა. მხოლოდ ერთი წყვილი საცვალი მქონდა, მაშინ როცა დეიდაჩემის ორ ქალიშვილს, რომლებიც რამდენიმე წლით უმცროსები იყვნენ ჩემზე, ყველაფერი ჰქონდათ“. სუზანმა ეს ყველაფერი წერილში იმიტომ აღნიშნა, რომ მკითხველისთვის დაენახვებინა, თუ რა სერიოზულ წინააღმდეგობას შეხვდებოდა დეიდის მხრიდან, როცა ეს უკანასკნელი ბიბლიისადმი მისი ინტერესის შესახებ გაიგებდა.

სუზანი ბიბლიურ შემეცნებას იღებს

„ძმა გენრიკმა მოწიფული ქრისტიანი და, ლორა, გამაცნო, — განაგრძობს თხრობას სუზანი. — უამრავ კითხვაზე რომ ეპასუხა, ლორა ჩემთვის დროს არ იშურებდა. ჩვენ ხშირად კერძო სამრეცხაოში ვხვდებოდით ერთმანეთს“. სუზანი ამბობს, რომ მანამდე დამოუკიდებლად არასდროს მიუღია გადაწყვეტილება. მაგრამ და ლორასთან არაერთი საუბრისა და ბიბლიაზე დაფუძნებული წიგნის „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ჭეშმარიტების“ წაკითხვის შემდეგ მან მიიღო გადაწყვეტილება.

სუზანი განაგრძობს: „პარასკევ საღამოს დეიდას ვუთხარი, რომ იეჰოვას მოწმეებთან მქონდა ურთიერთობა. დეიდამ მაიძულა, მთელი ღამე სამზარეულოში ფეხზე ვმდგარიყავი. ამის შემდეგ უფრო მტკიცედ გადავწყვიტე, იეჰოვას მოწმე გავმხდარიყავი“.

იმ დროიდან ძმა გენრიკი ლიტერატურით ამარაგებდა სუზანს, რათა მას ბიბლიის უკეთ გაგებაში დახმარებოდა. სუზანი ამბობს: «1974 წლის „იეჰოვას მოწმეთა წელიწდეული“ სამუდამოდ დამამახსოვრდა, რადგან მასში მოთხრობილი იყო, თუ რა საშინელებებს უძლებდნენ მოწმეები ნაცისტურ გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე და ომის პერიოდში . . . ეს ის დრო იყო, როცა უხუცესს ვთხოვე ჩემთვის სამეფო სიმღერები ჩაეწერა, რათა მათი სწავლის შესაძლებლობა მქონოდა. ერთ წელიწადში 1966 წელს გამოცემული სიმღერების წიგნიდან „გულში უმღერეთ იეჰოვას“ ას ცხრამეტივე სიმღერა ვისწავლე თანმიმდევრობით.

ძმა გენრიკი ბიბლიაზე დაფუძნებული მოხსენებების, დრამებისა და კონგრესზე წარმოთქმული თემების აუდიოჩანაწერებსაც მიტოვებდა. ის კასეტებს მე-10 ავტომაგისტრალზე, ერთ-ერთ სატელეფონო ჯიხურთან ტოვებდა, მე კი იქიდან ვიღებდი . . . გული მტკიოდა, რომ სულიერად წინ წავიწიე, კრებაზე კი ერთხელაც არ ვიყავი ნამყოფი. ვგრძნობდი, რომ ძალები მეცლებოდა».

სუზანი წერილში აღნიშნავდა, რომ მომდევნო რამდენიმე წელიწადი მისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა. მან თავის ნაცნობ ორ მოწმესთანაც გაწყვიტა ურთიერთობა. მაგრამ, როგორც ის ამბობს, ყველა სიმღერის დაზეპირება მისთვის „წყევლა“ აღმოჩნდა. რატომ? სუზანი ყვება: «ხშირად მახსენდებოდა სიმღერის ტექსტები, მაგალითად, „განცხრომით, ნებივრობით, ფუფუნებით არ ცხოვრობენ იეჰოვას მეომრები“ *. ვიცოდი, რომ ეს სიტყვები ერთ-ერთმა იეჰოვას მოწმემ მეორე მსოფლიო ომის დროს დაწერა საკონცენტრაციო ბანაკში. ამის გამო ტკივილი კიდევ უფრო მიმძაფრდებოდა. თავი ლაჩარი მეგონა და ისეთი გრძნობა მქონდა, რომ იეჰოვამ მიმატოვა».

ნანატრი თავისუფლება

სუზანი განაგრძობს: «ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი მაშინ დადგა, როცა 18 წელი შემისრულდა. წლების მანძილზე ჩვენთან არც ერთი იეჰოვას მოწმე არ მოსულა, რადგან კარზე გაკრული გვქონდა წარწერა: „მოწმეებო, ნუ შეგვაწუხებთ!“ მაგრამ ზუსტად იმ დღეს მეზობელი კრებიდან ერთმა მოწმემ მოგვაკითხა. მასთან ლაპარაკი მოვახერხე, რადგან სახლში მარტო ვიყავი. რაც თავი მახსოვს ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა შაბათს სახლში მარტო მე ვიყავი. ამან დამარწმუნა, რომ იეჰოვას არ მივუტოვებივარ. მაშინვე ძმა გენრიკს დავურეკე და ვუთხარი, რომ მზად ვიყავი სახლიდან წასასვლელად და ვკითხე, ხომ არ შეეძლო ჩემთვის რამე ერჩია. ბოლოს მისი დახმარებით მოვახერხე სხვაგან გადასვლა».

1977 წლის აპრილში სუზანი საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა. შემდეგ ის წერდა: „მომდევნო წელს როგორც იქნა დავიწყე კრების შეხვედრებსა და კონგრესებზე სიარული და სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობა. დედას ისევ დავუკავშირდი. მან არ იცოდა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ასე საშინლად მეპყრობოდნენ, და როცა გაიგო, გაოგნებული დარჩა. დედამ მაშინვე ყველაფერი გამიკეთა, რაც მჭირდებოდა. ის რამდენიმე წელი ალასკაში ცხოვრობდა. მან ბიბლიური ჭეშმარიტებისადმი დიდი ინტერესი გამოავლინა, ამიტომ 1978 წელს ალასკაში მასთან საცხოვრებლად გადავედი. ბოლოს ის იეჰოვას მოწმე გახდა და დღემდე ერთგულად ემსახურება იეჰოვას.

როდესაც კრების შეხვედრებზე დავიწყე სიარული, ძმა გენრიკმა ორგანიზება გაუწია ჯგუფის ექსკურსიას ბრუკლინში (ნიუ-იორკი), იეჰოვას მოწმეთა მთავარ სამმართველოში. მან მეც შემომთავაზა, მათთან ერთად წავსულიყავი. ეს ყველაზე დიდი საჩუქარი იყო, რაც კი ოდესმე მიმიღია, რადგან ამ ექსკურსიის შემდეგ იეჰოვას ორგანიზაციისადმი მადლიერება მთელი ცხოვრება გამყვა. ეს რაც შეეხებოდა ჩემს მაშინდელ ცხოვრებას. მოკლედ ვყვები, რადგან მინდა, სხვა რამის დაწერაც მოვასწრო“.

ეს მხოლოდ ნაწყვეტია სუზანის ექვს გვერდ-ნახევრიანი წერილიდან. წერილის ბოლოს სუზანი წერდა: „გასულ თვეს საავადმყოფოში საშინელი შეტევები მქონდა და არ მეგონა, თუ გადავრჩებოდი . . . იეჰოვას ლოცვაში ვეუბნებოდი, რომ თუ კიდევ ორი კვირა ვიცოცხლებდი და ტკივილები არ შემაწუხებდა, რაღაცის გაკეთებას კიდევ მოვასწრებდი . . . მართალია, დღეები დათვლილი მაქვს, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ჭეშმარიტებაში გატარებული წლები ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო დრო იყო“.

ეს წერილი დაუმთავრებელი და ხელმოუწერელი იყო. წერილი არც არავისთვის გაუგზავნიათ. ამ წერილის მპოვნელებმა არ იცოდნენ, ვისთვის უნდა გაეგზავნათ ის. მაგრამ, როგორც ზემოთ აღინიშნა, წერილი საბოლოოდ სუზანის დედას გაუგზავნეს.

დამატებით ინფორმაცია სუზანის შესახებ

1979 წლის 14 აპრილს, სუზანის მონათვლის შემდეგ, დედამისი ფლორიდაში დაბრუნდა. სუზანი ალასკაში დარჩა, რადგან „ნორთ-პოულის“ კრების წევრებს დაუმეგობრდა. ამის შემდეგ მან მალევე პიონერად მსახურება დაიწყო. ბოლოს ის ფლორიდაში გადავიდა და 1991 წელს ცოლად გაჰყვა ქრისტიან უხუცესს, პიონერ ძმას, რომელიც სუზანის სიკვდილის შემდეგ მალევე გარდაიცვალა.

სუზანი და მისი მეუღლე ყველას ძალიან უყვარდა. სუზანის ავადმყოფობამდე ისინი ერთად მსახურობდნენ სრული დროით. სუზანი პიონერად 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მსახურობდა. მისი დაკრძალვის დროს წარმოთქმული სიტყვა ტრანსლაციით „ნორთ-პოულის“ კრებამაც მოისმინა.

ეს წერილი გვეხმარება, კიდევ უფრო დავაფასოთ მკვდრეთით აღდგომის იმედი და ის სულიერი კურთხევები, რომლებიც იეჰოვას მსახურებას მოაქვს (საქმეები 24:15). ამ ისტორიიდან ჩანს, რომ ღმერთი ახლოსაა ყველასთან, ვინც მას უახლოვდება! (იაკობი 4:7, 8).

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 ძმა გენრიკი და მისი მეუღლე ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ 1993 წელს.

^ აბზ. 6 იხილეთ 2000 წლის 8 იანვრის ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“, გვერდი 7.

^ აბზ. 13 „უმღერეთ იეჰოვას სადიდებელი“, სიმღერა 29, „წინ, მოწმეებო!“

[ჩანართი 23 გვერდზე]

„ჭეშმარიტებაში გატარებული წლები ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო დრო იყო“.

[სურათი 21 გვერდზე]

სუზანი ათი წლის ასაკში.

[სურათი 23 გვერდზე]

სუზანი თავის მეუღლესთან, ჯეიმზ სეიმურთან, ერთად.