ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი
ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი
ვის მიიჩნევთ ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებულ ადამიანად? ნოეს, რომელიც წარღვნას გადაურჩა და დღეს მცხოვრებთა წინაპარი გახდა? (დაბადება 7:1, 21, 22; 9:18, 19); თუ ძველი მსოფლიოს მმართველს ნაბუქოდონოსორს, რომელმაც დიდებული ქალაქი, დიდი ბაბილონი, ააშენა? (დანიელი 4:28—30); იქნებ ალექსანდრე დიდს, რომლის ძლევამოსილი საქმეების შესახებ ბიბლიაშიც კი არის ნაწინასწარმეტყველები? (დანიელი 8:5—8, 21, 22); ან ცნობილ რომაელ მმართველს, იულიუს კეისარს?
იულიუს კეისრის სიკვდილიდან დაახლოებით 45 წლის შემდეგ ბეთლემში დაიბადა ბავშვი, რომელსაც სახელად იესო დაარქვეს. გახდა იესო ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი? დაახლოებით ასი წლის წინ ნაშრომში, „მსოფლიო ისტორიკოსების ისტორია“, აღნიშნული იყო: „[იესოს] მოღვაწეობის შედეგები საერო თვალსაზრისითაც კი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა რომელიმე პიროვნების. მსოფლიოს წამყვანი ცივილიზაციებისთვის ახალი ერა იესოს დაბადებიდან იწყება“.
იესო ქრისტესადმი ინტერესი დღემდე არ განელებულა. რამდენიმე წლის წინ შეერთებული შტატების ცნობილ საინფორმაციო ჟურნალებში — „ტაიმში“, „ნიუსუიკში“ და „იუნაიტიდ სტეიტს ნიუზ ენდ უორლდ რიპორტში“ — ერთდროულად გამოქვეყნდა სტატიები იესო ქრისტეს შესახებ, გარეკანზე კი მისი სურათები დაიბეჭდა. შეიძლება ითქვას, რომ იესოსადმი ინტერესი უფრო და უფრო იზრდება. 2004 წლის გაზეთ „ტორონტო სტარში“ აღნიშნული იყო, რომ „იესოს გავლენა კვლავაც იგრძნობა კინოფილმებში, მუსიკასა და მოდაში. ის ერთ-ერთ ცნობილ გმირად იქცა“.
უცნაურია, მაგრამ არც ისე შორეულ წარსულში ზოგი საკამათოს ხდიდა იესოს არსებობას. მათ შორის იყო ცნობილი მასწავლებელი ბრუნო ბაუერი (1809—1882). მისი ერთ-ერთი მოწაფე იყო კარლ მარქსი. არც ისე დიდი ხნის წინათ რობერტ ვან ვორსტმა იესოს შესახებ თავის წიგნში დაწერა: „მარქსმა იესოს წარმოშობის შესახებ ბაუერის მითიური წარმოდგენების საფუძველზე თავისი იდეოლოგია ჩამოაყალიბა, მოგვიანებით კი მისი იდეოლოგია საბჭოთა ლიტერატურისა და კომუნისტური პროპაგანდის საშუალებით ფართოდ გავრცელდა“ („Jesus Outside the New Testament“).
მიუხედავად ამისა, დღეს ცოტა თუ უარყოფს იესოს არსებობას. უმრავლესობას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ იესო ნამდვილად არსებობდა და ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება იყო. „უოლ-სტრიტ ჯორნელის“ 2002 წლის დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებული იყო სტატია, სათაურით „მეცნიერება ვერ უგულებელყოფს იესოს არსებობას“. სტატიის ავტორი დასკვნაში აღნიშნავს: „ზოგიერთი ათეისტის გარდა მეცნიერთა უმეტესობამ იესო ნაზარეთელი უკვე აღიარა ისტორიულ პიროვნებად“.
მაგრამ იესო მხოლოდ ისტორიული პიროვნება არ ყოფილა. ჟურნალი „ტაიმი“ იუწყებოდა: „მსჯელობის უჩვეულოდ და ძალიან რთულად წარმართვაა საჭირო იმ ფაქტის უგულებელსაყოფად, რომ იესო ნაზარეველი უძლიერესი პიროვნება იყო არა მარტო ბოლო ორი ათასწლეულის, არამედ კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში“. სტატიაში შემდეგ ნათქვამია: „არსებობს საფუძვლიანი არგუმენტები იმის დასამტკიცებლად, რომ ადამიანებზე არავის მოუხდენია ისეთი ძლიერი და ხანგრძლივი გავლენა, როგორც იესოს“.
და მაინც, იბადება კითხვები: ვინ იყო სინამდვილეში იესო? საიდან მოვიდა ის? რა იყო დედამიწაზე მისი მოსვლის მიზანი? და რატომ უნდა გავიგოთ უფრო მეტი მის შესახებ?