არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ მიდგენენ ამდენ წესებს?

რატომ მიდგენენ ამდენ წესებს?

ახალგაზრდების შეკითხვები

რატომ მიდგენენ ამდენ წესებს?

„ნერვები მეშლებოდა, როცა მშობლები სახლში დაბრუნების დროს მინიშნავდნენ! ძალიან ვღიზიანდებოდი, როდესაც ვხედავდი, რომ სხვებს შეეძლოთ სახლში გვიან დაბრუნება, მე კი — არა“ (ალენი).

„საშინელებაა, როდესაც მშობლები რეგულარულად გიმოწმებენ, ვის ელაპარაკები მობილური ტელეფონით და რამდენ ხანს. ისე მამოწმებენ, თითქოს პატარა ბავშვი ვიყო“ (ელიზაბეტი).

შენც ხომ არ გამძიმებს მშობლების მიერ დადგენილი შეზღუდვები? ოდესმე გიცდია სახლიდან გაპარვა ან მშობლების მოტყუება? თუ ასეა, ალბათ, შენც ისე გრძნობ თავს, როგორც ერთი მოზარდი გოგონა, რომლის მშობლებიც მეტისმეტად მომთხოვნები არიან. ეს გოგონა ამბობს: „კარგი იქნება, მშობლები ამოსუნთქვის საშუალებას თუ მომცემენ!“

მშობლები შეიძლება გიდგენენ წესებს, როგორ უნდა მოიქცე და როგორ — არა. ისინი შეიძლება გთხოვენ, მოამზადო საშინაო დავალება, მიეხმარო მათ საოჯახო საქმეებში და საღამოს სახლში დროზე დაბრუნდე; მათ აგრეთვე შეიძლება დაგიდგინონ, თუ რამდენ ხანს უნდა ილაპარაკო ტელეფონით და რამდენი ხანი დაუთმო კომპიუტერსა თუ ტელევიზორს. მშობლებმა შეიძლება ისიც შეამოწმონ, როგორ იქცევი სკოლაში და ვისთან მეგობრობ.

ბევრი ახალგაზრდა ხშირად უგულებელყოფს მშობლების მიერ დადგენილ წესებს. ერთი გამოკვლევის დროს გამოკითხულ მოზარდთა ორმა მესამედმა აღნიშნა, რომ ძირითადად მშობლების მიერ დადგენილი წესების დარღვევის გამო ისჯებოდნენ.

ახალგაზრდათა უმრავლესობა აღიარებს, რომ სრული ქაოსის თავიდან ასარიდებლად, გარკვეული შეზღუდვებია საჭირო. თუ ეს შეზღუდვები ნამდვილად საჭიროა, რატომ არის ზოგი მათგანი ასე გამაღიზიანებელი? და თუ ფიქრობ, რომ მშობლების მიერ დადგენილი წესები გასაქანს არ გაძლევს, როგორ შეგიძლია გარკვეული თავისუფლების მოპოვება?

ბავშვი აღარა ვარ!“

„როგორ გავაგებინო მშობლებს, რომ ბავშვი აღარა ვარ და მეტი თავისუფლება მჭირდება?“ — ამბობს თინეიჯერი ემილი. შენც ასე ხომ არ ფიქრობ? ემილის მსგავსად შეიძლება შენც ღიზიანდები, როცა მშობლები პატარა ბავშვივით გექცევიან. მაგრამ, ალბათ, შენი მშობლები სულ სხვაგვარად ფიქრობენ. მშობლებს მიაჩნიათ, რომ მათ მიერ დადგენილი წესები აუცილებელია იმისათვის, რომ დაგიცვან და მომავალში პასუხისმგებლობებისთვის მოგამზადონ.

მაშინაც კი, როცა გარკვეული თავისუფლება გაქვს, შეიძლება გეჩვენება, რომ ასაკის მატებასთან ერთად მშობლები მეტ თავისუფლებას არ გაძლევენ. ეს განსაკუთრებით მაშინ გტკენს გულს, თუ ფიქრობ, რომ შენი და-ძმები ნაკლებად შეზღუდულები არიან. ერთი მოზარდი, სახელად მარსი, ამბობს: „უკვე 17 წლის ვარ და მშობლები დღემდე მთხოვენ, გარეთ გვიანობამდე არ დავრჩე. მე თუ რამეს დავაშავებდი, მაშინვე მსჯიდნენ, მაგრამ ჩემს ძმას ჩემს ასაკში შეეძლო სახლში მაშინ მოსულიყო, როცა მოუნდებოდა, და ამის გამო არავინ სჯიდა“. მეთიუ, როდესაც მოზარდობის ასაკს იხსენებს, აღნიშნავს, რომ მის უმცროს დას და მამიდაშვილებს „ცუდი საქციელისთვის არასდროს სჯიდნენ“.

არავითარი წესები?

გასაგებია, რომ ძალიან გინდა, რაც შეიძლება მალე დადგეს ის დრო, როდესაც მშობლები არ გიკარნახებენ, რა გააკეთო და რა — არა. მაგრამ უკეთესი იქნება ეს შენთვის? ალბათ, იცნობ შენს თანატოლებს, რომლებიც სახლში მაშინ ბრუნდებიან, როცა მოესურვებათ; იმას იცვამენ, რაც მოსწონთ, და მეგობრებთან ერთად დადიან, სადაც უნდათ და როცა უნდათ. შეიძლება მათი მშობლები, უბრალოდ, ძალიან დაკავებულები არიან და ვერ ხედავენ, რას აკეთებენ მათი შვილები. ასეა თუ ისეა, შვილების აღზრდისადმი ასეთ მიდგომას არასოდეს მოაქვს კარგი შედეგები (იგავები 29:15). სიყვარულის ნაკლებობა, რაც დღეს აშკარად შეინიშნება მთელ მსოფლიოში, ეგოიზმით არის გამოწვეული; ეგოისტი ადამიანების უმეტესობა ისეთ ოჯახში აღიზარდა, სადაც მშობლები სრულ თავისუფლებას აძლევდნენ (2 ტიმოთე 3:1—5).

დადგება დრო, როცა სხვა თვალით შეხედავ მშობლების მიერ დადგენილ წესებს. განვიხილოთ ერთი გამოკითხვის შედეგები; ინტერვიუ აიღეს ახალგაზრდა ქალებისგან, რომლებსაც მშობლები წესებს თითქმის არ უდგენდნენ ან მათი მეთვალყურეობის გარეშე იზრდებოდნენ. დღეს არც ერთი მათგანი არ არის კმაყოფილი იმით, რომ მშობლები მათ მიმართ აღმზრდელობით ზომებს არ მიმართავდნენ. მათ დაინახეს, რომ მშობლების ამგვარი დამოკიდებულება მზრუნველობის ნაკლებობაზე ან იმაზე მიუთითებდა, რომ მათ არ იცოდნენ, სწორად როგორ აღეზარდათ შვილები.

ნაცვლად იმისა, რომ გშურდეს იმ ახალგაზრდების, რომლებსაც მშობლები ყველაფრის ნებას რთავენ, ეცადე, მშობლების მიერ დადგენილ წესებში მათი სიყვარული და მზრუნველობა დაინახო. ზომიერების ფარგლებში საზღვრების დადგენით მშობლები იეჰოვა ღმერთს ბაძავენ. ღმერთმა თავის ხალხს უთხრა: „წვდომის უნარს მოგცემ და გასწავლი გზას, რომლითაც უნდა იარო; რჩევას მოგცემ და თვალი მეჭირება შენზე“ (ფსალმუნი 32:8).

თუმცა დღეს შეიძლება გეჩვენება, რომ მშობლები ძალიან ბევრ, მკაცრ წესებს გიდგენენ. თუ ასეა, დაფიქრდი ქვემოთ განხილულ იმ პრაქტიკულ ნაბიჯებზე, რომელთა დახმარებითაც მშობლებთან ცხოვრება შენთვის ნამდვილად სასიამოვნო იქნება.

კარგ ურთიერთობას სარგებლობა მოაქვს

თუ მეტი თავისუფლება გსურს ან არ გინდა, რომ შეზღუდვების გამო გაღიზიანდე, კარგი ურთიერთობა იქონიე მშობლებთან. ზოგმა შეიძლება თქვას: „ბევრჯერ ვცადე მშობლებთან საუბარი, მაგრამ არაფერი გამომივიდა“. თუ შენც ასე ფიქრობ, ჰკითხე საკუთარ თავს: „როგორ გამოვნახო მშობლებთან საერთო ენა?“ ურთიერთობა კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ მიიღო ის, რაც გსურს ან უკეთ გაიგო, რატომ გეუბნებიან უარს. თუ გსურს, ისეთი უფლებებით სარგებლობდე, როგორითაც ზრდასრული ადამიანი, გონივრულია მშობლებთან ისეთი ურთიერთობა გქონდეს, როგორიც მოწიფულ ადამიანს შეეფერება.

ისწავლე ემოციების მოთოკვა. ბიბლიაში ნათქვამია: „სულელი თავის სულს გარეთ ღვრის, ბრძენი კი ბოლომდე სიმშვიდეს ინარჩუნებს“ (იგავები 29:11). კარგი ურთიერთობა წუწუნს გამორიცხავს. წუწუნს შეიძლება მორიგი დარიგებები მოჰყვეს. ასე რომ, მოერიდე ბუზღუნს, ბავშვურ ბუტიაობასა და ჯუჯღუნს. როდესაც მშობლები რაღაცაში გზღუდავენ, შეიძლება სურვილი გაგიჩნდეს, გაიჯახუნო კარი ან სახლში წინ და უკან იარო. მაგრამ თუ ასე მოიქცევი, შეიძლება მშობლებმა უფრო შეგზღუდონ.

ეცადე მდგომარეობას მშობლების თვალით შეხედო. ასე მოიქცა ახალგაზრდა ქრისტიანი, სახელად ტრეისი, რომელიც უმამოდ იზრდება. ის ამბობს: „საკუთარ თავს ვეკითხები, რატომ მიდგენს დედა ამა თუ იმ წესს? შემდეგ ვხვდები, რომ დედა ამას იმ მიზნით აკეთებს, რომ კარგი ადამიანი გავხდე“ (იგავები 3:1, 2). ამგვარი მიდგომა დაგეხმარება, უკეთესად აუხსნა მშობლებს შენი თვალსაზრისი. დავუშვათ, მშობლები არ გიშვებენ რომელიმე წვეულებაზე. შეკამათების ნაცვლად, უკეთესია, მშობელს ჰკითხო: „მოწიფული, სანდო მეგობარი რომ გამომყვეს, გამიშვებ“? შეიძლება მშობლებმა თხოვნა ყოველთვის არ შეგისრულონ, მაგრამ, თუ მათ გაუგებ, მათთვის უფრო მისაღებ წინადადებას წამოაყენებ.

მოიპოვე მშობლების ნდობა. მშობლების ნდობის მოპოვება ბანკში ფულის შეტანას შეიძლება შევადაროთ. ბანკიდან მხოლოდ იმის გამოტანა შეგიძლია, რაც ანგარიშზე გაქვს. თუ შეტანილზე მეტ თანხას დახარჯავ, ჯარიმას გადაიხდი, და თუ ამას არაერთხელ გააკეთებ, ანგარიშს საერთოდ დაგიხურავენ. მეტი თავისუფლების მიღება ანგარიშიდან ფულის მოხსნის მსგავსია; მას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგცემენ, თუ პასუხისმგებლობის მქონე ადამიანის რეპუტაციას შეიქმნი.

მეტისმეტს ნუ მოელი. მშობლებს ევალებათ ზომიერების ფარგლებში აკონტროლონ შვილების მოქმედება. ბიბლია ყურადღებას ამახვილებს „მამის მცნებასა“ და „დედის კანონზე“ (იგავები 6:20). არ იფიქრო, რომ მშობლების მიერ დადგენილი წესები ცხოვრებას დაგინგრევს. პირიქით, თუ მშობლებს ემორჩილები, იეჰოვა გპირდება, რომ საბოლოოდ „ხელი მოგემართება“! (ეფესოელები 6:1—3).

რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ სხვა სტატიების ნახვა შეგიძლია შემდეგ მისამართზე www.watchtower.org/ype

დაფიქრდი

▪ ყველაზე მეტად რომელი წესის მიღება გიჭირს?

▪ პირადად შენ რომელი რჩევა დაგეხმარება ამ სტატიიდან მშობლების მიერ დადგენილი წესების მიღებაში?

▪ როგორ შეგიძლია მოიპოვო მშობლების ნდობა?

[ჩარჩო⁄სურათები 11 გვერდზე]

როდესაც დადგენილი წესი ირღვევა

შეიძლება მსგავსი სიტუაცია შენთვისაც ნაცნობია: საღამოს სახლში მისვლა დააგვიანე, დაკისრებული დავალება არ შეასრულე ან ტელეფონით ბევრი ილაპარაკე. ახლა კი, მშობლების წინაშე პასუხი უნდა აგო! როგორ უნდა მოიქცე, რომ სიტუაცია არ გაართულო?

ილაპარაკე სიმართლე. ნუ ეცდები მშობლების მოტყუებას; იყავი გულწრფელი და აღიარე დანაშაული (იგავები 28:13). ტყუილების შეთხზვით საერთოდ დაკარგავ მშობლების ნდობას. თავის მართლებას ნუ დაიწყებ. ყოველთვის გახსოვდეს, რომ „მშვიდი პასუხი სიბრაზეს აცხრობს“ (იგავები 15:1).

მოიბოდიშე. თუ ნანობ, რომ მშობლები ანერვიულე, იმედი გაუცრუე ან შენი საქციელის გამო ზედმეტი საქმე გაუჩინე, ისინი მკაცრად არ დაგსჯიან (1 სამუელი 25:24). უნდა ჩანდეს, რომ გულწრფელად ინანიებ.

მზად იყავი, პასუხი აგო შენს საქციელზე. შეიძლება ბუზღუნი დაიწყო, განსაკუთრებით მაშინ, თუ ფიქრობ, რომ უსამართლოდ დაგსაჯეს (იგავები 20:3). მაგრამ, თუ მზად ხარ, პასუხი აგო შენს საქციელზე, ეს მოწიფულობის ნიშანია (გალატელები 6:7). ამ დროს საუკეთესო გამოსავალი ის იქნება, თუ კვლავ ეცდები მშობლების ნდობის მოპოვებას.

[სურათი 12 გვერდზე]

ეცადე, გაუგო მშობლებს.