რა უნდა გვექნა ვირების გარეშე?
რა უნდა გვექნა ვირების გარეშე?
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ეთიოპიიდან
მჭიდროდ დასახლებულ ქვეყნებს შორის ეთიოპია მეთექვსმეტე ადგილზე დგას. მისი დედაქალაქის, ადის-აბებას ქუჩებში გადაადგილების ძირითადი საშუალება ვირია. მძღოლების უმეტესობამ იცის, რომ ვირებს გზა უნდა დაუთმონ, რადგან ვირი არავის ერიდება და დაჟინებით მიიწევს წინ. ვირებს არ აშინებთ გადატვირთული მოძრაობა და შეუძლიათ საკმაოდ მძიმე ტვირთის ტარება. ისინი უკან არასოდეს იყურებიან. ამიტომ, თუ არ გინდათ, რომ ნახშირით, საქონლის გამხმარი ნაკელით ან სხვა რამით დატვირთული ვირი გაგეხახუნოთ, გზიდან ჩამოეცალეთ!
ეთიოპიაში დაახლოებით ხუთ მილიონ ადამიანს ჰყავს ვირი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყოველ 12 მოსახლეზე საშუალოდ 1 ვირი მოდის. მილიონობით ეთიოპი მთიანეთში ცხოვრობს. ეს მთები ერთმანეთისგან ღრმა ხეობებით არის გამოყოფილი. ქვეყნის ცენტრალური პლატო დასერილია უამრავი პატარა მდინარით. ამ ადგილებში ხიდების აშენება და თუნდაც მოუკირწყლავი გზების გაყვანა მსგავსი გეოგრაფიული მდებარეობის ნებისმიერი ქვეყნის ბიუჯეტს დიდ ტვირთად დააწვებოდა. ასე რომ, ამტანი და ძლიერი ფეხების მქონე ვირი იდეალური გადასაადგილებელი საშუალებაა.
ვირი ეთიოპიის ყველანაირ კლიმატს — მშრალს, ცხელსა თუ მთის მკაცრ ჰავას — ეგუება. მთის ფერდობებზე, ვიწრო ბილიკებზე, ტალახიან და ოღრო-ჩოღრო გზებსა თუ მდინარის ქვიან ფსკერზე სასიარულოდ ვირი სწორედ რომ შესაფერისი პირუტყვია. მას შეუძლია ისეთ ადგილებშიც კი გაიაროს, სადაც ცხენი ან აქლემი ვერ გაივლის. მილიონობით ადამიანისთვის ვირი ტვირთის გადასაზიდი ძირითადი საშუალებაა, განსაკუთრებით იმ ქალაქებში, სადაც ხალხი ტრანსპორტისთვის მიუდგომელ ადგილას ცხოვრობს.
ვირებს შეუძლიათ გზა გაიკვალონ ვიწრო მოსახვევებსა და ორღობეებში. მათ არ სჭირდებათ ძვირადღირებული საბურავები; მოლიპულ ზედაპირზე ნაკლებად უცურდებათ ფეხი. ვირი ეზიდება ყველანაირი ფორმისა და ზომის ტვირთს და თითქმის ნებისმიერ ადგილას შეუძლია მისი მიტანა. მაშინ როცა, საცობის დროს გაბრაზებული მძღოლები გამუდმებით
ასიგნალებენ, ვირები თავისუფლად მიიკვლევენ გზას. არც ერთი პოლიციელი არ დააჯარიმებს ვირს მოძრაობის წესების დარღვევისთვის. ვირის გაჩერება ნებისმიერ ადგილას შეიძლება; მას არ სჭირდება ავტოსადგომი. ვირის ყიდვა 50 დოლარად შეიძლება, მაშინ როდესაც სატრანსპორტო საშუალებები ბევრად ძვირი ღირს.ვირები დედაქალაქში
დილაობით ათასობით ვირი დადის ადის-აბებას ქუჩებში, რომლის მოსახლეობაც 3 მილიონს აღემატება; დედაქალაქამდე რომ ჩამოვიდეს, ხშირად ეს ცხოველი 25 კილომეტრზე მეტ მანძილს გადის. ვირებს ჯაფა განსაკუთრებით ოთხშაბათობითა და შაბათობით ადგება, რადგან ამ დღეებში დიდი ბაზრობები იმართება. მგზავრობას შეიძლება სამი საათი მოანდომოს, ამიტომ სახლიდან გასვლა გარიჟრაჟამდეა საჭირო. ზოგჯერ პატრონი გვერდით მიჰყვება მას, მაგრამ უფრო ხშირად უკან, რათა პირუტყვს ფეხი ააჩქარებინოს.
ჩვეულებრივ, ვირი მარცვლეულით დატვირთულ ტომრებს, ბოსტნეულს, შეშას, ცემენტსა და ნახშირს ეზიდება; აგრეთვე ზეთის ბიდონებსა და სასმელებით სავსე ყუთებს. ზოგ ვირს 90 კილოგრამამდე ან უფრო მძიმე ტვირთის ტარება შეუძლია. მას ერთად შეკრული ევკალიპტისა და ბამბუკის გრძელი ჯოხების გათრევაც შეუძლია. ყველაზე საინტერესო სანახავი ვირი მაშინ არის, როცა ნამჯის დიდ გროვას ან თივის ზვინს მოათრევს და თვითონ თითქმის არ ჩანს.
დილაადრიან საპალნე აკიდებული ვირი საკმაოდ ჩქარი ნაბიჯით მიდის ბაზრისკენ. ვაჭრობის დამთავრების შემდეგ მას უკვე აღარსად ეჩქარება, ამიტომ, ნელი ნაბიჯებით მიემართება სახლისკენ და დროდადრო ბალახის მოსაძოვადაც ჩერდება. კვირის იმ დღეებში, როცა პატრონს ვირი ბაზარში არ მიჰყავს, მას წყალს ან შეშას აზიდინებს. ამ პირუტყვის თხოვება ან გაქირავებაც შეიძლება. არსებობს აგრეთვე სპეციალური სადგომი ვირებისთვის, სადაც შეიძლება მათი დაქირავება დიდი ტვირთის გადასატანად. ზოგან ვირებს მსუბუქ ორთვალას გამოაბამენ; ზოგჯერ კი დიდ საზიდარში ორი ვირი ერთადაა შებმული.
დასაფასებელი ცხოველი
ვირი ადვილად მოსავლელი პირუტყვია. ისინი თავად ეძებენ საკვებს და თითქმის ყველაფერს ჭამენ. ცხოველს უყვარდება თავისი პატრონი, როდესაც ეს უკანასკნელი კარგად ეპყრობა მას. ვირი უფრო ჭკვიანი ცხოველია, ვიდრე ცხენი. ისინი გზასაც ჩინებულად იმახსოვრებენ. ვირს შეუძლია 8 კილომეტრზე მეტი მანძილის სიშორიდან პატრონის თანხლების გარეშე მოზიდოს წყალი, ოღონდ საჭიროა, ეს ტვირთი ვინმემ აჰკიდოს და ჩამოხსნას. ვირს შეიძლება ყელზე შებმული ჰქონდეს ზარი, რათა ადამიანებმა გაიგონ, რომ ცხოველი მოდის და საპალნე ჩამოხსნან.
მართალია, ვირებს დიდი ჯაფა ადგებათ, მაგრამ ისინი ზომაზე მეტ ტვირთს არ აიკიდებენ და, როცა მოისურვებენ, მაშინ ისვენებენ. ვირმა შეიძლება ჩაიმუხლოს, თუ მას ტვირთი მოუხერხებლად ჰკიდია და ტკივილს აყენებს. ზოგჯერ პატრონი ვერ იგებს, რაშია საქმე და ლანძღავს და ურტყამს პირუტყვს. ამან შეიძლება ბიბლიაში ჩაწერილი ერთი შემთხვევა გაგახსენოთ (რიცხვები 22:20—31).
ვირები იმსახურებენ პატრონის ყურადღებასა და მზრუნველობას. სამწუხაროდ, ზოგჯერ ვირი შეიძლება ორმოში ჩავარდეს და ფეხები მოიმტვრიოს და ეს მაშინ ხდება, როცა ვირს საპალნე კარგად არა აქვს ზურგზე დამაგრებული და ის ადვილად მოძრაობს. წყლულებმა, სხვადასხვა პარაზიტმა, კიდურების დაინფიცირებამ, პნევმონიამ თუ სხვა პრობლემებმა შეიძლება ამ გამრჯე ცხოველს ძალა გამოაცალოს. ამიტომ ადის-აბებას მახლობლად, დებრე ცაიტში, გაიხსნა ვირების თანამედროვე კლინიკა. ეს კლინიკა აღჭურვილია კომპიუტერებით, პალატებით, ცხოველის კლინიკაში გადასაყვანი სპეციალური მანქანებითა და კარგი საოპერაციოთიც კი. ამ კლინიკაში 2002 წელს დაახლოებით 40 000 ვირს აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება.
პატრიარქი აბრაამი ვირით გაუდგა მთა მორიასკენ მიმავალ მთაგორიან გზას (დაბადება 22:3). ისრაელის ისტორია ცხადყოფს, რომ სახედარი დიდი დამხმარე ძალა იყო ოჯახში. როდესაც იესო იერუსალიმში ზარ-ზეიმით შევიდა, ვირზე იყო ამხედრებული (მათე 21:1—9).
სახედარი ეთიოპიაში ძველი დროიდან ჰყავთ მოშენებული. ეს პირუტყვი დღესაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ხალხის ცხოვრებაში. თუმცა, სატვირთო თუ მსუბუქი მანქანების მოდელები მუდმივად იცვლება, ვირი დღემდე უცვლელია. ეს ცხოველი ნამდვილად დასაფასებელია!
[სურათის საავტორო უფლება 26 გვერდზე]
‘The Donkey Sanctuary’, Sidmouth, Devon, UK