არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

„დაქორწინებულ წყვილთა თითქმის 50 პროცენტი აღიარებს, რომ უმალავს მეუღლეს, სინამდვილეში რამდენ ფულს ხარჯავს“ („უოლ-სტრიტ ჯორნელი“, აშშ).

„საბერძნეთის მიწის 84 პროცენტს გაუდაბნოების საფრთხე ემუქრება, 8 პროცენტი კი უკვე გახრიოკებულია“ (გაზეთი „კატიმერინი“, ინგლისური გამოცემა, საბერძნეთი).

ვანუატუში, კუნძულ ტიგუაზე მდებარე სოფელი ლატაუ კლიმატური პირობების ცვალებადობის გამო შეიძლება პირველ გაუკაცრიელებულ სოფლად იქცეს ანუ უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მან შეიძლება ადგილმდებარეობა შეიცვალოს. ამ სოფელში სახლები „არაერთხელ დატბორა ამოვარდნილმა შტორმმა და გამძვინვარებულმა ტალღებმა“ (ვანუატუ ნიუს, ვანუატუ).

ას წელს გადაცილებულთა რიცხვი იზრდება

„დღეს არცთუ იშვიათად შეხვდებით ას წელს მიღწეულ ადამიანებს“, — ნათქვამია ჟურნალ „ნიუ საიენტისტში“. ას წელს მიღწეულთა რიცხვი მთელ მსოფლიოში დაახლოებით 200 000-ია. გარდა ამისა, როგორც ჟურნალი იუწყება, მათგან 66-მა 110 წელს მიაღწია და ამგვარად ყველაზე ხანდაზმულთა სიაში მოხვდა. როგორც ჟურნალი „ნიუ საიენტისტი“ აღნიშნავს, ზოგჯერ რთულია ასეთი ადამიანების ზუსტი ასაკის დადგენა, მაგრამ „სანდო ჩანაწერების ნაკლებობა იმაზეც მიუთითებს, რომ 110 წელს მიღწეულთა რიცხვი შეიძლება 450-ს აღწევდეს.

ამოცნობილია საიდუმლოებით მოცული მკვლელი

„ძველი ათენის სამარხში ნაპოვნი ადამიანის კბილების დნმ-ით ამოცნობილ იქნა ძველი მკვლელი“, — ნათქვამია კანადაში გამომავალ ჟურნალ „მაკლინზში“. ბერძენმა მწერალმა, თუკიდიდემ თავის წიგნში „პელოპონესის ომის ისტორია“ მოიხსენია ეპიდემია, რომელიც ათენს დაახლოებით ძვ. წ. 430 წელს მოედო, რის გამოც სპარტამ, ათენის მეტოქე ქალაქ-სახელმწიფომ, ომის დროს გამარჯვება მოიპოვა. თუკიდიდეს მიერ აღწერილი ეპიდემიის ნიშნები არ იყო საკმარისი დაავადების ამოსაცნობად. მეცნიერებმა გამოიკვლიეს სამარხში აღმოჩენილი კბილის პულპა, რომელსაც შეუძლია პათოგენური მიკროორგანიზმების შენახვა ასწლეულების მანძილზე. აღმოჩენის შედეგად დადგინდა, რომ ეს საიდუმლოებით მოცული მკვლელი მუცლის ტიფი იყო.

აქლემებზე ამხედრებული რობოტები

სპარსეთის ყურის ქვეყნებში გავრცელებულ სპორტის სახეობას, აქლემებით რბოლას, საფრთხე შეექმნა მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ განაცხადა, რომ ამ რბოლაში ბავშვებს არ უნდა მიეღოთ მონაწილეობა. მაგრამ ექსპერტებმა ისიც აღნიშნეს, რომ აქლემი მხოლოდ იმ შემთხვევაში განავითარებს მაქსიმალურ სისწრაფეს, თუ მისი მხედარი 27 კილოგრამზე ნაკლებს იწონის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ საქმისთვის არც მოზარდები გამოდგებიან. რა იყო გამოსავალი? რობოტები. შვეიცარიელმა გამომგონებლებმა შექმნეს 26-კილოგრამიანი პულტით მართვადი ანდროიდი, რომელსაც აქლემის სპეციალურ უნაგირზე ამაგრებენ. აქლემი რომ არ დაფრთხეს, რობოტს ადამიანის ფორმა და ხმა აქვს. რობოტს შეუძლია აგრეთვე დახრა, წონასწორობის შენარჩუნება, მათრახის მოქნევა და აქლემის მართვა. აქლემის პატრონები ამ გამოგონებას ოპტიმისტურად შეხვდნენ.

2000 წლის შემდეგ აღმოცენებული თესლი

ძველ იუდეაში გავრცელებული ფინიკის პალმა, რომელიც თავისი სილამაზით, კარგი საჩრდილობლითა და სამკურნალო თვისებებით ფასობდა, შუა საუკუნეებში ჯვაროსნებმა გაანადგურეს. მაგრამ დღეს „ებრაელმა მეცნიერებმა შეძლეს ფინიკის პალმის 2000-წლოვანი თესლის აღმოცენება, — იტყობინება „ნიუ-იორკ ტაიმზი“. — თესლი, რომელსაც მეტსახელად მეთუშალახი უწოდეს, მასადასთან (ეს ციხე-სიმაგრე რომაელებმა ახ. წ. 73 წელს დაიპყრეს) ჩატარებული გათხრების დროს აღმოაჩინეს“. თესლი აგრონომმა ელაინ სოლოვეიმ გააღვივა; როგორც მან აღნიშნა, წლები დასჭირდება იმას, რომ ამ ნორჩმა მცენარემ ნაყოფი გამოიღოს და ისიც იმ შემთხვევაში, თუ მდედრობითი სქესის იქნება. ელაინი დასძენს: „ხოლო თუ მამრობითი სქესის აღმოჩნდება, ის მხოლოდ დაკვირვების ობიექტი გახდება“.