„უწმინდესი მშობლების შთამომავალი“
„უწმინდესი მშობლების შთამომავალი“
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ბრაზილიიდან
მარილზე ამბობენ, რომ „უწმინდესი მშობლების, მზისა და ზღვის, შთამომავალია“. ეს სიტყვები ნამდვილად მართლდება მარილზე, რომელიც მზის მიერ ზღვის წყლის აორთქლების შედეგად წარმოიქმნება.
ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე რიუ-გრანდი-დუ-ნორტის შტატი განთქმულია მარილის წარმოებით. იქაური ცხელი კლიმატი, ნალექების მცირე რაოდენობა და მუდმივად ცხელი ქარები იდეალურ პირობებს ქმნის მარილის წარმოსაქმნელად. სწორედ იქ აწარმოებენ ბრაზილიაში მოხმარებული დაუმუშავებელი თუ დამუშავებული მარილის 95 პროცენტს. ერთ-ერთი მარილსახდელი ქარხანა მდებარეობს პატარა სანაპირო ქალაქ არეია ბრანკაში.
სტუმრად მარილსახდელში
ჩვეულებრივ მარილსახდელები დიდია და ამ მხრივ არც არეია ბრანკას მარილსახდელია გამონაკლისი. არეია ბრანკას მარილსახდელში მოსულ სტუმრებს აოცებთ, რომ მარილის გამოხდას ასეთი ვრცელი ტერიტორია სჭირდება. დაგუბებული წყალი, რომლის ნაპირს თვალს ვერ მიაწვდენ, მზის სხივებს ირეკლავს. ტერიტორიის თითქმის 90 პროცენტს წყლის ასაორთქლებლად იყენებენ, ხოლო ათ პროცენტს — კრისტალიზაციისთვის,
რომლის შედეგადაც მარილი კრისტალურ ფორმას იღებს.ირგვლივ ყველაფერი მარილის თეთრი ფენით არის დაფარული და მასზე მზის სხივები თვალისმომჭრელად ელვარებს. იქ ყოფნისას მზის სათვალე აუცილებელია. თავდაპირველად, მარილის კონცენტრირება ხდება ზღვის წყლის მთელ რიგ გუბურებში გატარებით, რომლებიც ერთმანეთისგან დამბებითა და ხის ჯებირებით არის გამოყოფილი. იქ სულ 67 გუბურაა. ტროპიკული მზისა და ქარის გავლენით წამში 650 ლიტრი წყლის აორთქლება ხდება! მიუხედავად ამისა, დაახლოებით 90—100 დღეა საჭირო იმისათვის, რომ აორთქლების პროცესი დასრულდეს.
აორთქლების შედეგად მიიღება ნატრიუმის ქლორიდი, მაგრამ ზღვის წყალი მცირე რაოდენობით კალციუმის კარბონატს, კალციუმის სულფატს, მაგნიუმის სულფატსა და სხვა მარილებსაც შეიცავს. ეს მარილები ზღვის წყალს სხვადასხვა ეტაპზე გამოეყოფა და გუბურის ფსკერზე ფენებად ილექება.
ამ გუბურებიდან მარილწყალი ჩაედინება 20 გუბურაში, სადაც მისი კრისტალიზაცია ხდება. ზოგ მათგანში ზღვის წყალი თითქმის მთლიანად ორთქლდება და რჩება დიდი რაოდენობით მარილის კრისტალები. შემდეგ უზარმაზარი მანქანის საშუალებით ხდება მარილის კრისტალების დამტვრევა და სატვირთო მანქანებში ჩატვირთვა. ამ მანქანებს მარილი გადააქვთ ელევატორის მსგავს მოწყობილობაში, სადაც ის ირეცხება. ბოლოს მარილს სუფთა წყალს ავლებენ.
საბოლოოდ, მარილს ტვირთავენ ბარჟებში, რომლებსაც იგი არეია ბრანკას ხელოვნური კუნძულის პორტში მიაქვთ. ეს პორტი ხმელეთიდან დაახლოებით 12 კილომეტრით არის დაშორებული. კუნძული მართკუთხა ფორმისაა; მისი სიგრძე დაახლოებით 92 მეტრია, ხოლო სიგანე 166 მეტრი; ის 100 000 ტონა მარილს იტევს. აქედან მარილი კონვეიერით გადააქვთ ტერმინალში; იქ მარილს ტვირთავენ გემებზე და ოკეანის გავლით ბრაზილიის სხვადასხვა ნაწილში მიაქვთ.
მრავალმხრივ სასარგებლო ნივთიერება
მართალია, ჩვენს ორგანიზმს მარილი ძალიან მცირე რაოდენობით სჭირდება, მაგრამ ის ადამიანთა და ცხოველთა არსებობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნივთიერებად ითვლება. მარილი შესაძლოა მხოლოდ საჭმლის შესანელებელი პროდუქტი გვგონია. მაგრამ მას სხვა მიზნითაც იყენებენ; მაგალითად, მას ქიმიურ და საფეიქრო მრეწველობასა და მეტალურგიაში იყენებენ. გარდა ამისა, მარილს იყენებენ საპნის წარმოებაში და ფაიფურის მოსამინანქრებლად. ამბობენ, რომ დღეს მარილს 14 000 დანიშნულებით იყენებენ!
შეიძლება ითქვას, რომ მარილის მარაგი ულევია. მხოლოდ ერთი კუბური კილომეტრი ზღვის წყალი დაახლოებით 120 მილიონ ტონა ნატრიუმის ქლორიდს ანუ სუფრის მარილს შეიცავს. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ წარსულში მისი მოპოვება ძალიან რთული იყო. მაგალითად, ძველ ჩინეთში მარილზე ძვირად მხოლოდ ოქრო ფასობდა. ამ ნივთიერებასა და მის მრავალმხრივ დანიშნულებას ბიბლიაც არაერთხელ მოიხსენიებს.
ზოგჯერ ახალშობილებს მარილს უსვამდნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ მას სამკურნალო ან ანტისეპტიკური თვისებები ჰქონდა (ეზეკიელი 16:4). ბიბლია მარილს გადატანითი მნიშვნელობითაც იყენებს. მაგალითად, იესომ თავის მოწაფეებზე თქვა, რომ ისინი „მიწის მარილი“ არიან. ამით მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ისინი სხვებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ცნობას გადასცემდნენ (მათე 5:13). მარილი სტაბილურობისა და მარადიულობის სიმბოლოდაც გამოიყენებოდა. აქედან გამომდინარე, „მარილის შეთანხმება“ მტკიცე, ურყევ შეთანხმებად ითვლებოდა (რიცხვები 18:19).
არეია ბრანკას მარილსახდელის გაცნობამ უკეთ დაგვანახვა, რომ მარილი მრავალმხრივ სასარგებლო ნივთიერებაა; ისიც გავიგეთ, თუ რატომ ფასობდა მარილი კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში. მართლაც, მადლიერნი უნდა ვიყოთ, რომ „უწმინდესი მშობლების, მზისა და ზღვის, შთამომავალი“ დღეს ასე უხვად მოიპოვება.
[სურათი 16 გვერდზე]
კრისტალიზებული მარილის აღება სპეციალური მანქანით.
[სურათი 16 გვერდზე]
მარილი რაფინირებამდე.
[სურათი 16, 17 გვერდებზე]
ადგილი, სადაც მარილს რეცხავენ, სუფთა წყალს ავლებენ და ინახავენ.