არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ცხოვრება, რომელიც იესომ ჩვენთვის გახადა შესაძლებელი

ცხოვრება, რომელიც იესომ ჩვენთვის გახადა შესაძლებელი

ცხოვრება, რომელიც იესომ ჩვენთვის გახადა შესაძლებელი

„აი, სიმართლისთვის იმეფებს მეფე“. იესოს მეფობასთან დაკავშირებით ღვთის შთაგონებით წარმოთქმული ეს დაპირება ბიბლიის მთავარი თემაა. ბიბლიაში ისიც არის ნათქვამი, რომ „ის დაიხსნის ღარიბს, შველას რომ ითხოვს, დაჩაგრულს და მას, ვისაც შემწე არა ჰყავს. ის შეიბრალებს საწყალსა და ღარიბს, იხსნის ღარიბთა სულებს  . . . ძვირფასი იქნება მათი სისხლი მის თვალში“ (ესაია 32:1; ფსალმუნი 72:12—14).

განა უარყოფს ვინმე, რომ ადამიანებს ზუსტად ასეთი სამართლიანი მმართველი ესაჭიროება? იესო თავის მიმდევრებს მოუწოდებდა, ყოველთვის ხსომებოდათ ღვთის სამეფო. იესომ ასწავლა მათ ელოცათ: „მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათე 6:9, 10).

რა ადასტურებს, რომ ღვთის სამეფო ახლოსაა

როგორ გავიგოთ, როდის მოვა ღვთის სამეფო, რომლის შესახებაც ვლოცულობთ? ეს საკითხი იესოს პირველ მიმდევრებსაც აინტერესებდათ და ჰკითხეს მას: „რა იქნება შენი [როგორც მეფის] მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი?“ იესომ უპასუხა: „ერი ერის წინააღმდეგ აღსდგება  . . . იქნება საკვების უკმარისობა და მიწისძვრები ხან ერთ და ხან მეორე ადგილას. ეს ყველაფერი მშობიარობის ტკივილების დასაწყისია“. გარდა ამისა, მან თქვა: „უკანონობის გამრავლების გამო მრავალს სიყვარული გაუნელდება“ (მათე 24:3—12).

სხვა ბიბლიურ წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: „ბოლო დღეებში მძიმე, ძნელად ასატანი დრო დადგება. ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები, თავდაჯერებულები, ამპარტავნები, ღვთისმგმობელები, მშობლების ურჩები, უმადურები, ორგულები, თბილ გრძნობებს მოკლებულები, მათთან შეუძლებელი იქნება მორიგება, იქნებიან ცილისმწამებლები, თავშეუკავებლები, სასტიკები, კარგის მოძულეები, გამცემები, თავნებები, გაყოყოჩებულები, უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა. ისინი გარეგნულად ღვთის ერთგულები არიან, მაგრამ ღვთისადმი ერთგულება გავლენას არ ახდენს მათზე“ (2 ტიმოთე 3:1—5).

ალბათ დაეთანხმებით იმ აზრს, რომ „ბოლო დღეების“ აღწერილობა ზუსტად შეესაბამება დღევანდელობას. მრავალი ფაქტი ადასტურებს იმას, რომ ახლა უნდა შესრულდეს შემდეგი ბიბლიური წინასწარმეტყველება: „ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც არასოდეს დაიქცევა. ეს სამეფო სხვა ხალხს არ გადაეცემა. ის დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა ამ სამეფოს, თავად კი მარადიულად იდგება“ (დანიელი 2:44).

სამეფო, რომლის მმართველიც „მშვიდობის მთავარია“, მოსპობს ყველაფერს, რაც საფრთხეს უქმნის მათ მშვიდობას, ვინც გადაიტანს ამ ქვეყნიერების აღსასრულს (ესაია 9:6). ბიბლია გვპირდება: „გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც, ღვთის ნების შემსრულებელი კი სამარადისოდ რჩება“ (1 იოანე 2:17). მას შემდეგ, რაც ეს ქვეყნიერება წარსულს ჩაჰბარდება, ღვთის ნების შემსრულებლები გაიხარებენ მარადიული სიცოცხლით, რომელიც ჩვენი პირველი მშობლების, ადამისა და ევას, დაუმორჩილებლობის გამო დავკარგეთ.

ასეთი ცხოვრება მალე გვექნება

„ხელახლა შექმნისას, — თქვა იესომ, — კაცის ძე თავის დიდებულ ტახტზე დაჯდება“ (მათე 19:28). რას ნიშნავს „ხელახლა შექმნა“? სხვა თარგმანში ეს ფრაზა ასეა გადმოტანილი: „ყოველივეს განახლებისას“ („ახალი საერთაშორისო თარგმანი“). ამ მუხლის პარალელურ ადგილას ნათქვამია, რომ ეს „მომავალში“ მოხდება (ლუკა 18:30). იმ დროს იესო, როგორც მშვიდობის მთავარი, ღვთისგან ბოძებულ ძალაუფლებას გამოიყენებს და მარადიული სიცოცხლით დააჯილდოებს ყველას, ვინც მისი გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენას ავლენს (იოანე 5:21).

ღვთის ახალ ქვეყნიერებაში ადამიანებს ისეთივე ცხოვრება ექნებათ, როგორიც სამოთხეში დედამიწაზე ადამსა და ევას ჰქონდათ. გაიხსენეთ, რომ ღვთის მითითებით მათ უნდა ჰყოლოდათ შვილები, ‘აევსოთ დედამიწა და დაპატრონებოდნენ მას’. მათ დავალებული ჰქონდათ, ედემის ბაღი მთელ დედამიწაზე განევრცოთ (დაბადება 1:28). „ხელახლა შექმნისას“ დედამიწა აივსება ადამიანებით, რომლებიც ამ ქვეყნიერების აღსასრულს გადაიტანენ; დედამიწაზე აგრეთვე იცხოვრებენ მათი შვილები და მკვდრეთით აღდგენილები. ეს ადამიანები მიიღებენ დავალებას, მთელი დედამიწა სამოთხედ აქციონ, რაც ღვთის თავდაპირველი განზრახვა იყო.

განვიხილოთ, ბიბლიის თანახმად, რა კურთხევები იქნება სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში (2 პეტრე 3:13).

ზოგს შეიძლება გაუჭირდეს იმის დაჯერება, რომ ამ სურათებზე აღბეჭდილი ცხოვრება ოდესმე იქნება, მაგრამ მომავალში ეს რეალობად იქცევა. ლოცვაში იესომ აღნიშნა, თუ რა მოეთხოვებათ ადამიანებს, რომლებსაც ამ კურთხევების მიღება სურთ: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). გისურვებთ, თქვენც იყოთ იმ თავმდაბალ ადამიანებს შორის, რომლებსაც სიცოცხლის მომცემი ცოდნის მიღება სწყურიათ.

[ჩანართი 7 გვერდზე]

„დაერქმევა მას . . . მშვიდობის მთავარი. მისი ხელმწიფობა განივრცობა და მშვიდობას ბოლო არ ექნება“ (ესაია 9:6, 7).

[სურათები 8, 9 გვერდებზე]

ყველას ექნება საცხოვრებელი და სამუშაო

„ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ მათში . . . არ დარგავენ სხვის შესაჭმელად“ (ესაია 65:21, 22).

ყველას უხვად ექნება საკვები

„დედამიწა მოგვცემს თავის ნაყოფს“. „უხვად იქნება მარცვლეული დედამიწაზე“ (ფსალმუნები 67:6; 72:16).

ცხოველებიც მშვიდობიანები იქნებიან

„მგელი ბატკნის გვერდით დაისვენებს ხოლმე, ჯიქი თიკნის გვერდით დაწვება . . . და პატარა ბიჭი წაუძღვება მათ“ (ესაია 11:6).

ომი აღარ იქნება; მშვიდობა დაისადგურებს

„ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარ ისწავლიან ომს“. „მისი ხელმწიფობა განივრცობა და მშვიდობას ბოლო არ ექნება“ (ესაია 2:4; 9:7).

მკვდრები აღდგებიან

„მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის [იესოს] ხმას მოისმენენ და გამოვლენ“ (იოანე 5:28, 29).

ავადმყოფობა და სიკვდილი აღარ იარსებებს

„არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“. „აღარ იქნება სიკვდილი . . . რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (ესაია 33:24; გამოცხადება 21:3, 4).