არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბელიზის ბარიერული რიფი მსოფლიო მემკვიდრეობა

ბელიზის ბარიერული რიფი მსოფლიო მემკვიდრეობა

ბელიზის ბარიერული რიფი მსოფლიო მემკვიდრეობა

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის მექსიკიდან

„კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დეგრადაცია ან დაკარგვა აღატაკებს მსოფლიოს . . . მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს უდიდესი მნიშვნელობის მქონე, კულტურული და ბუნებრივი, მემკვიდრეობის დასაცავად“ (იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის კონვენცია).

ბელიზის ბარიერული რიფის ნაკრძალი 1996 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა და პერუს მაჩუ-პიქჩუს, ამერიკის შეერთებული შტატების დიდი კანიონისა და მსოფლიოს სხვა მშვენიერებათა გვერდით დაიმკვიდრა ადგილი. რამ აქცია ეს ნაკრძალი „უდიდესი მნიშვნელობის მქონე“ ადგილად?

მოსაფრთხილებელი მემკვიდრეობა

ბელიზის ბარიერული რიფი ავსტრალიის დიდი ბარიერული რიფის შემდეგ სიდიდით მეორე ადგილზე დგას მსოფლიოში, სიგრძით კი — პირველ ადგილზე დასავლეთ ნახევარსფეროში. ეს ნაკრძალი იუკატანის ნახევარკუნძულის გასწვრივ 300 კილომეტრზეა გადაჭიმული და ბელიზის (სახელმწიფო ცენტრალურ ამერიკაში) სანაპიროს უდიდეს ნაწილს იკავებს. ამ ნაკრძალში რიფების კოლონის გარდა ერთიანდება დაახლოებით 450 პატარა კუნძული, სამი ატოლი და რგოლისებრ მარჯნის რიფებში მოქცეული არაერთი თვალწარმტაცი ლაგუნა. შვიდ ნაწილად დაყოფილ წყალქვეშა ნაკრძალს, რომლის ფართობიც 960 კვადრატული კილომეტრია, საგულდაგულოდ იცავს მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის კონვენცია.

მარჯნის რიფები, მართლაც, მოსაფრთხილებელია, რადგან ამ ადგილას წყალქვეშა მცენარეთა და ცხოველთა 25 პროცენტი ბინადრობს. მარჯნის რიფები ბიომრავალფეროვნებით მეორე ადგილზეა, პირველი ადგილი კი ტენიან ტროპიკულ ტყეებს უკავია; თუმცა, მეცნიერთა პროგნოზით, თუ არ შეწყდება ზღვების დაბინძურება, ციანიდის გამოყენებით თევზის ჭერა და ტურისტების მიერ რიფების დაზიანება, 20—40 წელიწადში მსოფლიოში არსებული მარჯნის რიფების 70 პროცენტი განადგურდება.

ბელიზის ბარიერული რიფის ნაკრძალში კირქვული ჩონჩხის მქონე 70 სახეობის მარჯანი, 36 სახეობის რბილსხეულიანი მარჯანი და 500 სახეობის თევზია. აქ ზღვის ის ცხოველები ბინადრობენ, რომლებსაც გადაშენების საფრთხე ემუქრებათ; მაგალითად, ზღვის კუები — თავკომბალა კუ, მწვანე კუ, ყვითელი კუ, ასევე ლამანტინი და ამერიკული ნიანგი. ამ ნაკრძალის ბინადართა გასაოცარი მრავალფეროვნების შესახებ მარჯნის რიფების მკვლევარმა ჯულიან რობინსონმა თქვა: „ბელიზის ბარიერული რიფის ნაკრძალი მკვლევარებსა და ტურისტებს არაერთ უნიკალურ სანახაობას სთავაზობს ... მსგავსი ადგილი თითო-ოროლაა შემორჩენილი, რომლებიც მშვენიერი პეიზაჟებით, ზღვის ფლორითა და ფაუნით ატკბობს კაცის თვალს; თუმცა ამ ნაკრძალსაც განადგურების საფრთხე ემუქრება“.

ბელიზის ბარიერულ რიფს ყველაზე დიდ საშიშროებას უქმნის მარჯნის გაუფერულება — ფერად-ფერადი მარჯნების გათეთრება (იხილეთ ჩარჩო 26-ე გვერდზე). „ნეშენალ ჯიოგრეფიკ ნიუსი“ იუწყება, რომ გრიგალი „მიტჩის“ ამოვარდნას მარჯნის რიფების დიდი ნაწილის გაუფერულება მოჰყვა, რის შედეგადაც 1997—1998 წლებში 48 პროცენტით შემცირდა ცოცხალი მარჯნების რაოდენობა. რა იყო ამის მიზეზი? პასუხს დღესაც ეძებენ, თუმცა მეცნიერი მელანი მეკფილდი შენიშნავს: „მარჯნის გაუფერულების მიზეზი ოკეანის წყლის ტემპერატურის აწევაა ... მარჯანს ულტრაიისფერი სხივებიც აუფერულებს, მაგრამ, როცა ტემპერატურის ცვალებადობა და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება ერთდროულად ხდება, მარჯანი სრულიად კარგავს ფერს“. მიუხედავად ამისა, ბელიზის ბარიერული რიფის განახლების პროცესი, როგორც ჩანს, მაინც გრძელდება *.

წყალქვეშა სამოთხე

ბელიზის ნაკრძალის კამკამა წყალს, რომლის საშუალო ტემპერატურა 26 გრადუსია, აღტაცებაში მოჰყავს მყვინთავები და აკვალანგისტები. ამ ნაკრძალის 90 პროცენტი ჯერ კიდევ შესასწავლია. მას ადვილად მიუდგებით ამბერგრის კუნძულზე მდებარე ქალაქ სან-პედროდან, საიდანაც ის მხოლოდ რამდენიმე ასეული მეტრითაა დაშორებული. სან-პედროდან სამხრეთ-აღმოსავლეთით ექვს კილომეტრში, წყალმარჩხ ადგილზე, მდებარეობს რვა კვადრატული კილომეტრი ფართობის კიდევ ერთი წყალქვეშა ნაკრძალი ჰოლ-ჩანი, რიფებს შორის გამჭოლი ჭრილით.

მყვინთავებისთვის ყველაზე საინტერესო და განსაცვიფრებელი ადგილი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული ლურჯი ხვრელია. ის ბელიზიდან დაახლოებით 100 კილომეტრით არის დაშორებული და მდებარეობს რიფზე „შუქურა“. ეს ხვრელი 1970 წელს ექსპედიციის დროს აღმოაჩინა ფრანგმა ოკეანოგრაფმა ჟაკ ივ კუსტომ; საექსპედიციო გემს „კალიფსო“ ერქვა. ფირუზისფერ ზღვაში გამოკვეთილი ლურჯი ხვრელი ცოცხალი მარჯნებით მორკალული მუქი ლურჯი ფერის კირქვის კარსტული ჩაღრმავებაა. მისი დიამეტრი დაახლოებით 300 მეტრია, ხოლო სიღრმე 120 მეტრზე მეტი. ერთ დროს, ზღვის დონის აწევამდე, აქ მშრალი კავერნა (ქანში გაჩენილი სიცარიელე) იყო, რომლის თაღიც დროთა განმავლობაში ჩაინგრა. ამ მიწისქვეშა გამოქვაბულის 35 მეტრიანი ციცაბო კედლებიდან სვეტებად ეშვება უზარმაზარი სტალაქტიტები, რომელთა შორისაც მხოლოდ ზვიგენები ბინადრობენ. წყალი იმდენად გამჭვირვალეა, რომ 60 მეტრშიც კი შეიძლება მოწიწების მომგვრელი წყალქვეშა სამოთხის დანახვა. წნევის მკვეთრი ცვალებადობის გამო აკვალანგისტებს ხვრელიდან ნელ-ნელა მართებთ ამოსვლა, გამოუცდელებმა კი თავი უნდა შეიკავონ ამ ადგილების დათვალიერებისგან; თუმცა რიფების ზონაში კამკამა წყალი იდეალური ადგილია სასუნთქი მილით ცურვისთვის.

ლურჯ ხვრელთან ახლოს მდებარეობს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული შვიდი წყალქვეშა ნაკრძალიდან კიდევ ერთი საოცრება — ნახევარმთვარის კუნძული. იქ იდეალური პირობებია იშვიათი წითელფეხება ზღვის ფრინველისთვის (Sula sula); ამ ადგილას თავს იყრის 98 სახეობის სხვა ფრინველიც. საოცარი სანახავია ნახევარმთვარის კუნძულის წყალქვეშა რიფის 1 000 მეტრი სიღრმის რბილსხეულიანი მარჯნებით მოქარგული კედლები.

ბელიზის ბარიერული რიფის გაცნობა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ ეს საგანძური მომავალ თაობებს უნდა შემოვუნახოთ. მისი დაკარგვა ნამდვილად „გააღატაკებს მსოფლიოს“.

[სქოლიო]

^ აბზ. 9 ადამიანი ალბათ ვერ შეძლებს გლობალური დათბობის შეჩერებას, რასაც წყლის ტემპერატურის მატება მოჰყვება, თუმცა ის ფაქტი, რომ ეს ნაკრძალი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული, აღძრავს ბელიზელებს, ძალ-ღონე არ დაიშურონ მის დასაცავად.

[ჩარჩო/სურათი 26 გვერდზე]

მარჯნის გაუფერულება

რიფი პოლიპებად წოდებული ცოცხალი ორგანიზმების ნაგებობაა. პოლიპები ცხოველური საკვებით იკვებებიან. მათ მკვრივი გარეგანი კირქვული ჩონჩხი აქვთ. ცოცხალი მარჯანი მკვდარი მარჯნის ჩონჩხზე შენდება. მიკროსკოპული წყალმცენარეები (ზოოქსანტელები) მარჯნის რიფების ქსოვილებზე ანუ პოლიპებზე ცხოვრობენ. ზოოქსანტელები პოლიპებისთვის საჭირო ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს გამოყოფს და პოლიპების მიერ გამომუშავებულ ნახშირორჟანგს შთანთქავს. პოლიპები, რომლებიც მგრძნობიარენი არიან წყლის ტემპერატურის ცვალებადობაზე, ტემპერატურის მომატებისას წყალმცენარეების გაძევებას იწყებენ; ამ დროს ხდება პიგმენტის, ქლოროფილის დაკარგვა, რის შედეგადაც მარჯანი უფერულდება; დასუსტებული მარჯანი ადვილად ავადდება და კვდება, თუმცა მარჯნის რიფები სიცოცხლისუნარიანები არიან. მოფრთხილების შემთხვევაში მათ თვითგანახლების უნარი აქვთ.

[საავტორო უფლება]

Background: Copyright © 2006 Tony Rath Photography - www.trphoto.com

[რუკა 23 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

მექსიკა

ბელიზი

კარიბის ზღვა

წყნარი ოკეანე

[სურათი 23 გვერდზე]

ბელიზის 296 კილომეტრი სიგრძის რიფი; თანამგზავრიდან გადაღებული სურათი.

[სურათი 24 გვერდზე]

საიდუმლო შეხვედრის კუნძული

[საავტორო უფლება]

©kevinschafer.com

[სურათი 24 გვერდზე]

ზღვის კუ

[სურათი 24, 25 გვერდებზე]

ლურჯი ხვრელი რიფზე „შუქურა“, რომელიც მშრალი კავერნის ადგილას გაჩნდა.

[საავტორო უფლება]

©kevinschafer.com

[სურათი 25 გვერდზე]

ბელიზის ბარიერულ რიფში 500 სახეობის თევზი ბინადრობს.

[საავტორო უფლება]

Inset: © Paul Gallaher/Index Stock Imagery

[საავტორო უფლებები დაცულია 23 გვერდზე]

Satellite view: NASA/The Visible Earth (http://visibleearth.nasa.gov/): divers: © Paul Duda/Photo Researchers, Inc.

[საავტორო უფლება დაცულია 24 გვერდზე]

Copyright © Brandon Cole